ადამიანებს ძალა არ შესწევთ, ბოლო მოუღონ ომებს.
ვინ დაასრულებს ომებს
ბიბლიის თანახმად, ომებსა და კონფლიქტებს ადამიანი კი არა, ღმერთი დაასრულებს (ფსალმუნი 46:9).
ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲡ ᲓᲐᲣᲡᲕᲐᲛᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐᲡ
ბიბლიაში მოხსენიებულია ომი, რომლის დროსაც ღმერთი ადამიანთა მმართველობას წერტილს დაუსვამს. ამ ომს „არმაგედონი“a ეწოდება (გამოცხადება 16:16). ამ ომში „მთელი მსოფლიოს მეფეები“ შეიკრიბებიან ყოვლისშემძლე ღმერთთან შესაბრძოლებლად (გამოცხადება 16:14). ეს იქნება უკანასკნელი ომი ჩვენს პლანეტაზე.
არმაგედონის შემდეგ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ღვთის სამეფო ანუ ზეციერი ხელისუფლება იმმართველებს, თანაც მარადიულად (დანიელი 2:44). ამ სამეფოს მეფედ ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე, აირჩია (ესაია 9:6, 7; მათე 28:18). სწორედ ეს სამეფოb ჰქონდა იესოს მხედველობაში, როცა თავის მიმდევრებს მოუწოდა, ღმერთისთვის ლოცვაში ეთხოვათ, მოსულიყო მისი სუფევა ანუ სამეფო (მათე 6:9, 10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მთელ კაცობრიობაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება იმმართველებს, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე იდგება.
ადამიანებისგან განსხვავებით იესო ქრისტე ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენებს. ის სამართლიანი და მიუკერძოებელია, ამიტომ არავის ექნება იმის შიში, რომ კანის ფერის, ეროვნებისა თუ წარმომავლობის გამო უსამართლობის მსხვერპლი გახდება (ესაია 11:3, 4). იმ დროს აღარც საკუთარი უფლებებისთვის მოუწევს ვინმეს ბრძოლა, რადგან თითოეულ მათგანზე იესო ქრისტე იზრუნებს. აი, რა არის ბიბლიაში მასზე ნაწინასწარმეტყველები: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. . . ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:12–14).
ღვთის სამეფო იმაზეც იზრუნებს, რომ ყველანაირი საბრძოლო იარაღი განადგურდეს (მიქა 4:3). ის იმ ბოროტ ადამიანებსაც გაანადგურებს, რომლებიც არ წყვეტენ ომს და სხვებს ზიანს აყენებენ (ფსალმუნი 37:9, 10). ადამიანები დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს (ეზეკიელი 34:28).
ღვთის ხელისუფლება იდეალურ საცხოვრებელ გარემოს შექმნის. ის ძირეულ ცვლილებებს მოახდენს. მაგალითად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის სიღარიბეს, შიმშილს და უსახლკარობის პრობლემას, რაც ხშირად ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი ხდება. ყველას ექნება კარგი საცხოვრებელი პირობები და უხვი ნოყიერი საკვები (ფსალმუნი 72:16; ესაია 65:21–23).
გარდა ამისა, ღვთის სამეფო ყველა იმ ზიანს აღმოფხვრის, რაც ომმა კაცობრიობას მიაყენა. ის მხოლოდ ფიზიკურ ჭრილობებს კი არ მოუშუშებს ადამიანებს, არამედ იმაზეც იზრუნებს, რომ აღარავინ დაიტანჯოს ომით გამოწვეული ფსიქიკური თუ ემოციური ტრავმებისგან. ამ ყველაფერთან ერთად ის გარდაცვლილებს სიცოცხლეს დაუბრუნებს (ესაია 25:8; 26:19; 35:5, 6). ოჯახები კვლავ გაერთიანდებიან და მტკივნეული მოგონებები წარსულს ჩაჰბარდება, რადგან იმ დროზე ბიბლიაში ნათქვამია: „წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲐᲦᲛᲝᲤᲮᲕᲠᲘᲡ ᲪᲝᲓᲕᲐᲡ
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ერთადერთ ღმერთს, იეჰოვასc, სცემენ თაყვანს, რომელსაც ბიბლია „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთს“ უწოდებს (2 კორინთელები 13:11). ადამიანები მშვიდობიან თანაცხოვრებას ისწავლიან (ესაია 2:3, 4; 11:9). ამასთანავე, ყველა, ვინც გაითვალისწინებს იმას, რასაც ღმერთი გვასწავლის, გასრულყოფილდება და გათავისუფლდება ცოდვისგან (რომაელები 8:20, 21).
ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲒᲐᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲡ ᲡᲐᲢᲐᲜᲐᲡ ᲓᲐ ᲓᲔᲛᲝᲜᲔᲑᲡ
ღვთის სამეფო მოსპობს სატანასა და დემონებს, რომლებიც კაცობრიობას ომისკენ აქეზებენ (გამოცხადება 20:1–3, 10). შედეგად, ადამიანებს მათი გავლენის ქვეშ აღარ მოუწევთ ცხოვრება და ყველგან მშვიდობა დაისადგურებს (ფსალმუნი 72:7).
ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ღმერთი შეასრულებს დაპირებულს და წერტილს დაუსვამს ომებსა და დაპირისპირებებს. მას ამის სურვილიც აქვს და საამისოდ ძალაც შესწევს.
ღმერთი განუზომელ სიბრძნესა და ძალას ფლობს, ამიტომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. მას ნამდვილად არ გაუჭირდება, რომ ბოლო მოუღოს ომებსა და ძალადობას (იობი 9:4; 42:2).
ღვთისთვის რთული ასატანია, როცა ხედავს, რომ უამრავი ადამიანი იტანჯება (ესაია 63:9). გარდა ამისა, ღმერთს სძულს ძალადობის მოყვარული ადამიანები (ფსალმუნი 11:5).
ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის ნათქვამს. შეუძლებელია, რომ მან იცრუოს (ესაია 55:10, 11; ტიტე 1:2).
ღმერთი დედამიწაზე ნამდვილ, უსასრულო მშვიდობას დაამყარებს.
ღმერთი წერტილს დაუსვამს ომებს.
a წაიკითხეთ სტატია „რა არის არმაგედონი?“ ვებსაიტზე jw.org.
b უყურეთ jw.org-ზე განთავსებულ ვიდეოს „რა არის ღვთის სამეფო?“.
c იეჰოვა ღმერთის სახელია (ფსალმუნი 83:18). ბიბლიის უმეტეს ქართულ თარგმანში ღვთის სახელი შეცვლილია სიტყვით „უფალი“.