ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 19
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 6 ღვთის დიდებას ამცნობს ზეცა
მიჰბაძეთ ანგელოზებს!
„ადიდეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 103:20).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია ანგელოზებისგან.
1, 2. ა) რით განსხვავდებიან ანგელოზები ადამიანებისგან? ბ) რა საერთო აქვთ ანგელოზებს და ადამიანებს?
ᲩᲕᲔᲜ იეჰოვას მსახურები ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, რომელშიც ანგელოზებიც შედიან (დან. 7:9, 10). როცა ანგელოზებზე ვფიქრობთ, შეიძლება გონებაში პირველი ის მოგვივიდეს, რომ ისინი ჩვენზე აღმატებულები არიან. ისინი ხომ უკვე მაშინ არსებობდნენ, როცა იეჰოვამ ფიზიკური სამყარო შექმნა (იობ. 38:4, 7). თანაც, ძლევამოსილები და ჩვენგან, არასრულყოფილი ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრად მართლები და წმინდები არიან (ლუკ. 9:26).
2 თუმცა ანგელოზებთან ბევრი საერთოც გვაქვს. მაგალითად, ჩვენც შეგვიძლია იეჰოვას მსგავსი თვისებები გამოვავლინოთ. გარდა ამისა, ჩვენც ნების თავისუფლებით ვართ შექმნილი, ყველანი ინდივიდუალურები ვართ და სხვადასხვა პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენსავით მათაც აქვთ სახელები და ისინიც ღვთის თაყვანისცემის მოთხოვნილებით არიან შექმნილი (1 პეტ. 1:12).
3. რას ვსწავლობთ ანგელოზებისგან?
3 ანგელოზებთან მართლაც ბევრი საერთო გვაქვს. ამიტომ მათი მაგალითის განხილვა ბევრ რამეს გვასწავლის და წამახალისებელიც იქნება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, საიდან ჩანს, რომ ანგელოზები თავმდაბლები არიან, უყვართ ადამიანები, ავლენენ მოთმინებას და ცდილობენ კრების სიწმინდის შენარჩუნებას. იმასაც დავინახავთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.
ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘ ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ
4. ა) საიდან ჩანს ანგელოზების თავმდაბლობა? ბ) რა უბიძგებთ ანგელოზებს თავმდაბლობისკენ? (ფსალმუნი 89:7).
4 საიდან ჩანს, რომ ანგელოზები თავმდაბლები არიან? მიუხედავად იმისა, რომ მათ არც გამოცდილება, არც ძალა და არც სიბრძნე აკლიათ, ყოველთვის იეჰოვას ემორჩილებიან (ფსალმ. 103:20). ისინი სიხარულით ასრულებენ თავიანთ დავალებებს და არასდროს ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას. უმეტეს შემთხვევაში ისიც კი არ ვიცით, რომელმა ანგელოზმა რა გააკეთაa (დაბ. 32:24, 29; 2 მეფ. 19:35). ისინი არც საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენენ იმ მიზნით, რომ ყურადღება მიიქციონ და არც არასდროს ტრაბახობენ. ანგელოზები კუთვნილ დიდებას ყოველთვის იეჰოვას მიაგებენ. რა უბიძგებთ მათ თავმდაბლობისკენ? იეჰოვას სიყვარული და მისადმი ღრმა პატივისცემა (წაიკითხეთ ფსალმუნის 89:7).
5. საიდან გამოჩნდა ანგელოზის თავმდაბლობა, რომელმაც იოანეს რჩევა მისცა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
5 იმის უკეთ დასანახვებლად, თუ როგორ ავლენენ ანგელოზები თავმდაბლობას, გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. პირველი საუკუნის მიწურულს მოციქულ იოანეს ერთმა ანგელოზმა, რომლის სახელიც ბიბლიაში არაა ჩაწერილი, შთამბეჭდავი ხილვა ახილვინა (გამოცხ. 1:1). მოციქული იმდენად აღფრთოვანდა ნანახით, რომ მის თაყვანსაცემად დაემხო. თუმცა ანგელოზმა მაშინვე შეაჩერა ის და უთხრა: „ნუ იზამ ამას! ღმერთს ეცი თაყვანი! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები“ (გამოცხ. 19:10). ანგელოზის ეს სიტყვები უდიდეს თავმდაბლობაზე მოწმობდა. მას არ სურდა, ღვთის კუთვნილი დიდება მიეღო, ამიტომ იოანეს ყურადღება მაშინვე იეჰოვასკენ მიმართა. მან იოანეს ისიც უთხრა, რომ მისნაირი მონა იყო. რამხელა თავმდაბლობაზე მიანიშნებდა ეს! ის ხომ იოანეზე გაცილებით დიდხანს ემსახურებოდა იეჰოვას და ბევრად დიდ ძალასაც ფლობდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხანში შესული მოციქული არ გაუკიცხავს და არც უხეშად მიუცია რჩევა. პირიქით, ძალიან რბილად დაელაპარაკა. როგორც ჩანს, ანგელოზი მიხვდა, რომ მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა და ამიტომაც დაემხო მის წინაშე.
იოანესთან საუბრის დროს ანგელოზმა თავმდაბლობა გამოიჩინა (იხილეთ აბზაცი 5).
6. როგორ მივბაძოთ ანგელოზებს?
6 როგორ მივბაძოთ ანგელოზებს? ჩვენც გვინდა, ბოლომდე დავიხარჯოთ იეჰოვას მსახურებაში, თუმცა რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, არასდროს ვეცდებით საკუთარი თავის წარმოჩენას და არასდროს ვიტრაბახებთ (1 კორ. 4:7). ჩვენ არც სხვებს გადავამეტებთ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე დიდი ხანია, ვემსახურებით იეჰოვას ან სხვადასხვა საპასუხისმგებლო დავალებას ვასრულებთ. პირიქით, რაც მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, მით მეტად უნდა დავიმდაბლოთ თავი და ანგელოზების მსგავსად მზად ვიყოთ სხვების მოსამსახურებლად (ლუკ. 9:48).
7. როგორ შეგვიძლია თავმდაბლობის გამოვლენა მაშინ, როცა სხვებს რჩევას ვაძლევთ?
7 თავმდაბლობა მაშინაც გვმართებს, როცა ვინმეს რჩევას ვაძლევთ, იქნებიან ეს თანაქრისტიანები თუ შვილები. მართალია, ზოგჯერ შეიძლება პირდაპირი რჩევის მიცემა მოგვიწიოს, მაგრამ თუ გვინდა, ადამიანმა თავი დათრგუნულად არ იგრძნოს, ანგელოზის მსგავსად ეს რბილად უნდა გავაკეთოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რჩევა ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული და ჩვენს საუბარში თანაგრძნობა და პატივისცემა ჩანდეს. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ არ ვიფიქრებთ, რომ მათზე რაიმეთი მაღლა ვდგავართ (კოლ. 4:6).
ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲗ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ
8. ა) საიდან ჩანს, რომ ანგელოზებს ადამიანები უყვართ? (ლუკა 15:10). ბ) რა როლს ასრულებენ ანგელოზები სამქადაგებლო საქმეში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 ანგელოზები დაინტერესებული არიან ჩვენით. მეტიც, მათ უყვართ ადამიანები. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა შემცოდველი ინანიებს და იეჰოვას უბრუნდება, ისინი ხარობენ. მათ ისიც ძალიან ახარებთ, როცა ადამიანი იეჰოვას ეცნობა და ცხოვრებაში ცვლილებებს ახდენს (წაიკითხეთ ლუკას 15:10). გარდა ამისა, ანგელოზები აქტიურად არიან ჩართული სამქადაგებლო საქმეში (გამოცხ. 14:6). მართალია, ისინი უშუალოდ არავის უქადაგებენ, მაგრამ შეიძლება ჩვენ მიგვიყვანონ მათთან, ვისაც იეჰოვას გაცნობა სურთ. თუმცა ამას ყოველთვის გადაჭრით ვერ ვიტყვით, რადგან გულმართალი ადამიანების მოძებნაში იეჰოვა შეიძლება თავისი წმინდა სულითაც დაგვეხმაროს (საქ. 16:6, 7). მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული უნდა ვიყოთ: ანგელოზები მხარს გვიჭერენ ქადაგების დროს! (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვამ შეისმინა მათი ლოცვები“).b
ცოლ-ქმარი, რომელმაც სტენდით მსახურება დაასრულა, სახლისკენ მიმავალ გზაზე ერთ დამწუხრებულ გოგონას ამჩნევს. და ხვდება, რომ შეიძლება ანგელოზი უბიძგებდეს მასთან სასაუბროდ, ვისაც სულიერი დახმარება სჭირდება და სურვილი უჩნდება, ამ გოგოს გამოელაპარაკოს და ანუგეშოს (იხილეთ აბზაცი 8).
9. როგორ მივბაძოთ ანგელოზებს?
9 როგორ მივბაძოთ ანგელოზებს? როცა კრებაში ვინმეს აღდგენის შესახებ განცხადებას ვისმენთ, ჩვენც ისე უნდა გავიხაროთ, როგორც ანგელოზები ხარობენ. კარგი იქნება, თუ ვაგრძნობინებთ მას, რომ გვიყვარს და გვიხარია კრებაში მისი დაბრუნება (ლუკ. 15:4–7; 2 კორ. 2:6–8). ანგელოზებს მაშინაც ვბაძავთ, როცა მაქსიმალურად ვიხარჯებით სამქადაგებლო საქმეში (ეკლ. 11:6). გარდა ამისა, ჩვენც ისევე გვინდა ამოვუდგეთ მხარში ერთმანეთს, როგორც ანგელოზები გვიდგანან მხარში. მაგალითად, შეგვიძლია შედარებით გამოუცდელ მაუწყებლებთან დავგეგმოთ მსახურება და ამ საქმეში მათაც შევუწყოთ ხელი, ვინც ასაკშია ან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს.
10. რას ვსწავლობთ ერთი დისგან, სარასგან?
10 მაშინაც კი, თუ იმდენს ვერ ვაკეთებთ მსახურებაში, რამდენიც გვსურს, მაინც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ანგელოზებთან. ეს კარგად ჩანს ინდოეთში მცხოვრები ერთი დის, სარას,c მაგალითიდან. ის 20 წელი პიონერად მსახურობდა, როცა ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდა. ცხადია, თავიდან სარა ემოციურად ძალიან დაითრგუნა. თუმცა და-ძმების მხარდაჭერისა და ბიბლიის რეგულარული კითხვის წყალობით მან დაიბრუნა სიხარული. რაკი მდგომარეობა ზღუდავდა და წერილების დასაწერად წამოჯდომაც კი არ შეეძლო, გადაწყვიტა, ტელეფონით ექადაგა. მან ყველას ჩამოურეკა, ვისაც ადრე ინახულებდა. თავის მხრივ, მათაც მისცეს სარას თავიანთი ნაცნობების ნომრები, რომლებიც შეიძლება ბიბლიური საკითხებით დაინტერესებულიყვნენ. წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე თვეში სარამ 70 ბიბლიის შესწავლა დაიწყო! ის ამდენ შესწავლას თავად ვერ აუვიდოდა, ამიტომ თანაქრისტიანებს სთხოვა დახმარება. ბევრი, ვინც მაშინ შესწავლა დაიწყო, დღეს კრების შეხვედრებს ესწრება. ეჭვგარეშეა, ანგელოზებს ძალიან ახარებთ ასეთ გულმოდგინე და-ძმებთან თანამშრომლობა.
ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘ ᲛᲝᲛᲗᲛᲔᲜᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ
11. საიდან ჩანს, რომ ანგელოზები მომთმენები არიან?
11 ანგელოზები მოთმინების შეუდარებელ მაგალითს გვაძლევენ. ისინი ათასობით წელია, უსამართლობას და ბოროტებას იტანენ. მაგალითად, იმის მომსწრენი გახდნენ, თუ როგორ აუმხედრდნენ იეჰოვას სატანა და სხვა ანგელოზები, რომლებიც მათთან ერთად ემსახურებოდნენ ღმერთს (დაბ. 3:1; 6:1, 2; იუდ. 6). დემონები მათ უშუალო წინააღმდეგობასაც უწევდნენ, როგორც ეს ბიბლიაში მოთხრობილი ერთ-ერთი შემთხვევიდან ჩანს (დან. 10:13). გარდა ამისა, საუკუნეების განმავლობაში ხედავდნენ, რომ მხოლოდ ერთეულები ირჩევდნენ იეჰოვას მსახურებას, რის გამოც ბოროტება იკიდებდა ფეხს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი არ კარგავდნენ სიხარულს და მთელი გულმოდგინებით აგრძელებდნენ იეჰოვას მსახურებას. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა თავის დროზე ყოველგვარ უსამართლობას წერტილს დაუსვამს.
12. როგორ მივბაძოთ ანგელოზებს?
12 როგორ მივბაძოთ ანგელოზებს? შეიძლება ჩვენც გავხდეთ უსამართლობის მოწმენი. თუმცა, ანგელოზების არ იყოს, დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა თავის დროზე ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ამიტომ ჩვენც ვაგრძელებთ იეჰოვას მოსაწონად მოქცევას (გალ. 6:9). იეჰოვაც გვპირდება, რომ მხარში ამოგვიდგება (1 კორ. 10:13). თუმცა საჭიროა, რომ მას წმინდა სული ვთხოვოთ, რომელიც ჩვენში მოთმინებას და სიხარულს წარმოშობს (გალ. 5:22; კოლ. 1:11). ანგელოზების მსგავსად შეიძლება წინააღმდეგობასაც შევხვდეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ჩვენ ბოლომდე უნდა მივენდოთ იეჰოვას და არ უნდა შევშინდეთ. გჯეროდეთ, ის თქვენ გვერდით იქნება და განგამტკიცებთ (ებრ. 13:6).
ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲔᲑᲘ ᲘᲪᲐᲕᲔᲜ ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲬᲛᲘᲜᲓᲔᲡ
13. რა განსაკუთრებული დავალება აქვთ ანგელოზებს? (მათე 13:47–49).
13 „ბოლო დღეებში“ მილიონობით ადამიანი ინტერესდება სასიხარულო ცნობით. ზოგი ყველანაირად ცდილობს, იეჰოვას მოსაწონი მსახური გახდეს, ზოგი კი – არა. სწორედ ამ პროცესში არიან ჩართული ანგელოზები, რომელთაც ღვთისგან აქვთ მიღებული დავალება, რომ ბოროტები მართლებისგან გამოაცალკეონ და კრების სიწმინდე დაიცვან (წაიკითხეთ მათეს 13:47–49). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო კრება დატოვა, არ მიეცემა უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არც იმის გარანტიას იძლევა, რომ კრებაში პრობლემები არასდროს იქნება. და მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ანგელოზები ძალ-ღონეს არ იშურებენ კრების სიწმინდის დასაცავად.
14, 15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ანგელოზებს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
14 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ანგელოზებს? კრების სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ეს რომ შევძლოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, დავიცვათ საკუთარი გული. ამიტომ ყურადღებით ვარჩევთ სამეგობრო წრეს და ყველაფერს ვერიდებით, რაც გამხრწნელ ზეგავლენას მოახდენდა ჩვენზე (ფსალმ. 101:3). ჩვენ თანაქრისტიანებსაც ვეხმარებით, რომ უერთგულონ იეჰოვას. მაგალითად, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, სიყვარული აღგვძრავს, უხუცესებთან მისვლა ვურჩიოთ. ხოლო თუ არ გადადგამს ამ ნაბიჯს, თავად ჩავაყენებთ უხუცესებს საქმის კურსში. ასე იმიტომ ვიქცევით, რომ გვინდა, სულიერად მოსუსტებულმა თანაქრისტიანმა მალევე მიიღოს დახმარება (იაკ. 5:14, 15).
15 სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი შეიძლება კრებაში არ დატოვონ, რის გამოც მათთან აღარ გვაქვს ურთიერთობა (1 კორ. 5:9–13).d ამგვარად კრების სიწმინდესაც ვუწყობთ ხელს და შემცოდველებსაც ვუმტკიცებთ სიყვარულს, რადგან ჩვენმა მტკიცე პოზიციამ შეიძლება ისინი მონანიებისკენ აღძრას. და თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ იეჰოვასა და ანგელოზებთან ერთად გავიხარებთ (ლუკ. 15:7).
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავიგეთ, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? (იხილეთ აბზაცი 14)e
16. რაში გინდათ, მიჰბაძოთ ანგელოზებს?
16 ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, რომ იეჰოვამ ზეციურ სამყოფელში შეგვახედა და ანგელოზებთან თანამშრომლობის პატივი გვარგუნა. ისინი მრავალმხრივ არიან ჩვენთვის სამაგალითო. ჩვენც გვინდა, მათსავით თავმდაბლები და მომთმენები ვიყოთ, გვიყვარდეს ადამიანები და კრების ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს შევუწყოთ ხელი. თუ ასე მოვიქცევით, მარადიულად გავიხარებთ იეჰოვას ოჯახში ყოფნით.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას
a იეჰოვას მილიონობით ანგელოზი ემსახურება, თუმცა ბიბლიიდან მხოლოდ ორი მათგანის სახელს ვიგებთ, კერძოდ მიქაელისა და გაბრიელის (დან. 12:1; ლუკ. 1:19).
b სხვა შემთხვევების სანახავად „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ მოძებნეთ „ანგელოზები“ და შემდეგ ნახეთ ქვესათაური „ანგელოზების ხელმძღვანელობა (მაგალითები)“.
c სახელი შეცვლილია.
d როგორც ხელმძღვანელი საბჭოს 2024 წლის მე-2 ანგარიშიდან გავიგეთ, თუ ის, ვინც აღარაა იეჰოვას მოწმე, კრების შეხვედრას დაესწრება, მაუწყებლებმა ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ, მოკლედ მიესალმონ თუ არა მას.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთი და თავის მეგობარს ურჩევს, რომ უხუცესებს დაელაპარაკოს. ის არ ითვალისწინებს მის რჩევას, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ და თავად აყენებს უხუცესებს საქმის კურსში.