საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 მაისი გვ. 20-25
  • ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი იესოსთვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი იესოსთვის
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „ᲕᲐᲛᲪᲜᲔ ᲛᲐᲗ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ“
  • „ᲡᲐᲮᲔᲚᲘ, . . ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲘᲑᲝᲫᲔ“
  • „ᲛᲐᲛᲐ, ᲒᲐᲜᲐᲓᲘᲓᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ!“
  • „ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ ᲕᲬᲘᲠᲐᲕ“
  • „ᲓᲐᲕᲐᲡᲠᲣᲚᲔ ᲡᲐᲥᲛᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲓᲐᲛᲐᲕᲐᲚᲔ“
  • ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი ჩვენთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • „ადიდეთ იეჰოვას სახელი!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • როგორ გვაცნობს იეჰოვასა და იესოს პიროვნებას გამოსასყიდი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • „აირჩიეთ, ვის ემსახურებით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 მაისი გვ. 20-25

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 22

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!

ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი იესოსთვის

„ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (ᲘᲝᲐᲜ. 17:26).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ ამცნო იესომ თავის მოწაფეებს ღვთის სახელი და რა გააკეთა მის განსაწმენდად და დასაცავად.

1, 2. ა) რა გააკეთა იესომ სიკვდილის წინა საღამოს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ᲐᲮ. Წ. 33 წლის 14 ნისანი, ხუთშაბათი საღამოა. იესომ და მისმა ერთგულმა მოციქულებმა ეს-ესაა დაასრულეს განსაკუთრებული ვახშამი. მან იცის, რომ მალე მას გასცემენ, ბრალს დასდებენ, გაასამართლებენ, აწამებენ და მოკლავენ. ვიდრე იქაურობას დატოვებენ, იესო ამხნევებს მოციქულებს და მრავლისმეტყველ ლოცვასაც წარმოთქვამს. ეს ლოცვა მოციქულმა იოანემ თავისი სახარების მე-17 თავში შემოგვინახა.

2 იესოს ლოცვიდან კარგად გამოჩნდა, რა აღელვებდა მას ყველაზე მეტად დედამიწაზე მსახურების ბოლო წუთამდე. ამ საკითხზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ.

„ᲕᲐᲛᲪᲜᲔ ᲛᲐᲗ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ“

3. რა თქვა იესომ ღვთის სახელის შესახებ და რა იგულისხმა? (იოანე 17:6, 26).

3 იესომ ლოცვაში ორჯერ ახსენა, რომ თავის მოწაფეებს ღვთის სახელი ამცნო (წაიკითხეთ იოანეს 17:6, 26). ნიშნავს ეს იმას, რომ მათ არ იცოდნენ ღვთის სახელი და იესოსგან გაიგეს? ცხადია, არა, რადგან ისინი ებრაელები იყვნენ. თანაც წმინდა წერილებში ღვთის სახელი ათასობით ადგილას ეწერა. მაშ, რა გაგებით ამცნო იესომ ღვთის სახელი? მან მოწაფეებს დაანახა, თუ როგორი პიროვნება დგას ამ სახელის უკან, რა გაუკეთებია, რა განზრახვები და რა თვისებები აქვს. ფაქტია, იესოზე უკეთ მათ იეჰოვას ვერავინ გააცნობდა.

4, 5. ა) როდის იძენს ვინმეს სახელი ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) როგორ შეიძინა იესოს მოწაფეებისთვის ღვთის სახელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა?

4 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, თქვენი კრების ერთ-ერთი უხუცესი, სახელად დავითი, პროფესიით ქირურგია და მას უკვე წლებია იცნობთ. ერთ დღესაც სასწრაფოდ დაგჭირდათ ქირურგიული ჩარევა და სწორედ იმ საავადმყოფოში გადაგიყვანეს, სადაც ეს ძმა მუშაობს. ამ ძმის პროფესიონალიზმის წყალობით თქვენ გადარჩით. ფაქტია, ახლა მისი სახელის გაგონებაზე სულ სხვა გრძნობები გეუფლებათ. ის უბრალოდ თქვენი კრების ერთ-ერთი უხუცესი კი არა, თქვენი გადამრჩენელიცაა.

5 მსგავსი რამ მოხდა იესოს მოწაფეების შემთხვევაშიც. მართალია, მათ იცოდნენ ღვთის სახელი, მაგრამ იესოსთან ურთიერთობის წყალობით ამ სახელმა მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ეს იმიტომ, რომ იესოზე დაკვირვებით ისინი კარგად ხედავდნენ, სინამდვილეში როგორი იყო მამა. ფაქტობრივად, იესომ მათ უფრო ახლოს გააცნო იეჰოვა (იოან. 14:9; 17:3).

„ᲡᲐᲮᲔᲚᲘ, . . ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲘᲑᲝᲫᲔ“

6. რა გაგებით უბოძა იეჰოვამ თავისი სახელი იესოს? (იოანე 17:11, 12).

6 იესომ ლოცვაში თავის მოწაფეებზე მამას სთხოვა: „დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის, რომელიც მიბოძე“ (წაიკითხეთ იოანეს 17:11, 12). რა გაგებით უბოძა იეჰოვამ იესოს თავისი სახელი? ნიშნავს ეს იმას, რომ იესოსთვის „იეჰოვა“ უნდა ეწოდებინათ? ცხადია, არა. იეჰოვამ იმ გაგებით უბოძა თავისი სახელი, რომ თავის წარმომადგენლად დანიშნა, რათა მისი სახელით ელაპარაკა და მოეხდინა სასწაულები (იოან. 5:43; 10:25). გარდა ამისა, ღვთის სახელი იესოს სახელშიც ფიგურირებდა, რომელიც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“.

7. ვის შეიძლება შევადაროთ იესო და რატომ?

7 იესო რაღაცით შეგვიძლია ელჩს შევადაროთ. ჩვეულებრივ, ელჩი ხელისუფლის წარმომადგენელია და მის მაგივრად ამბობს სათქმელს. იესოც იეჰოვას წარმომადგენელი იყო და მისი სახელით ლაპარაკობდა (მათ. 21:9; ლუკ. 13:35).

8. საიდან ჩანს, რომ იესო დედამიწაზე მოსვლამდეც იყო იეჰოვას წარმომადგენელი? (გამოსვლა 23:20, 21).

8 ბიბლიაში იესოს „სიტყვა“ ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღვთის სხვა სულიერ ქმნილებებს და ადამიანებს ღვთის ნება-სურვილს გადასცემდა (იოან. 1:1–3). როგორც ჩანს, იესო იყო ის ანგელოზი, რომელიც იეჰოვას დავალებით ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელებს მიუძღოდა. აი, რა უთხრა იეჰოვამ თავის ხალხს: „დაემორჩილე მას,.. რადგან ის ჩემი სახელით მოქმედებს“a (წაიკითხეთ გამოსვლის 23:20, 21, სქ.). ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებდა, რომ იესო იეჰოვას წარმომადგენელი იყო და სწორედ ის შეასრულებდა მთავარ როლს ღვთის სახელის დაცვასა და განწმენდაში.

„ᲛᲐᲛᲐ, ᲒᲐᲜᲐᲓᲘᲓᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ!“

9. საიდან ჩანს, რომ იესოსთვის ღვთის სახელი უმნიშვნელოვანესი იყო?

9 როგორც დავინახეთ, იესოსთვის ღვთის სახელი დედამიწაზე მოსვლამდეც უმნიშვნელოვანესი იყო. მისი დამოკიდებულება დედამიწაზე მოსვლის შემდეგაც არ შეცვლილა. მთელი მისი ცხოვრება ამაზე მოწმობდა. თავისი მსახურების ბოლოს იესომ იეჰოვას სთხოვა: „მამა, განადიდე შენი სახელი!“. იეჰოვა მაშინვე გამოეხმაურა იესოს და ზეციდან უპასუხა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“ (იოან. 12:28).

10, 11. ა) როგორ განადიდა იესომ ღვთის სახელი? (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) რატომ გახდა საჭირო ღვთის სახელის განწმენდა და მისი რეპუტაციის დაცვა?

10 მართალია, იეჰოვამაც განადიდა თავისი სახელი, მაგრამ ამაში იესომაც შეიტანა დიდი წვლილი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანებისთვის ღვთის შესანიშნავი თვისებები და მისი საოცარი საქმეები გაემჟღავნებინა. მეტიც, მან განწმინდა მისი სახელი და დაიცვა შელახული რეპუტაცია. იესომ თავის მიმდევრებსაც დაანახა ღვთის სახელის განწმენდის მნიშვნელობა, როცა ლოცვა ასწავლა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9).

11 რატომ გახდა საჭირო ღვთის სახელის განწმენდა და მისი რეპუტაციის დაცვა? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ედემის ბაღში სატანა ეშმაკმა ცილი დასწამა იეჰოვას. მისი თქმით, იეჰოვა იტყუებოდა და ადამსა და ევას რაღაც კარგს უმალავდა (დაბ. 3:1–5). მან ღვთის სამართლიანობაც დააყენა ეჭვქვეშ. ამგვარად სატანამ დარტყმა მიაყენა იეჰოვას რეპუტაციას ანუ მის კარგ სახელს. მოგვიანებით მან ღვთის მსახურების მოტივებშიც შეიტანა ეჭვი. ის ირწმუნებოდა, რომ ანგარებით ემსახურებოდნენ ღმერთს და ღვთისადმი მათი სიყვარული და ერთგულება გამოცდას ვერ გაუძლებდა (იობ. 1:9–11; 2:4). დროს უნდა დაემტკიცებინა, სინამდვილეში ვინ იყო მატყუარა.

სურათზე ნაჩვენებია, როგორ ქადაგებს იესო მთაზე დიდძალ ხალხთან.

იესომ თავის მიმდევრებს დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სახელის განწმენდა (იხილეთ აბზაცი 10).


„ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔᲡ ᲕᲬᲘᲠᲐᲕ“

12. რის გასაკეთებლად იყო მზად იესო ღვთის სახელის გულისთვის?

12 იესოს იმდენად უყვარდა მამა, რომ მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირაb მისი სახელის განსაწმენდად და მისი რეპუტაციის დასაცავად (იოან. 10:17, 18). ის არ დამსგავსებია ადამსა და ევას, რომლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას და სატანას დაუჭირეს მხარი. ის ნებაყოფლობით ჩამოვიდა დედამიწაზე და თავისი უპირობო მორჩილებით დაამტკიცა, რომ უყვარდა იეჰოვა (ებრ. 4:15; 5:7–10). ის წამების ძელზე სიკვდილამდე მამის ერთგული დარჩა (ებრ. 12:2).

13. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესოზე უკეთ ვერავინ დაამტკიცებდა სატანის სიცრუეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 იესომ თავისი ცხოვრებით ერთხელ და სამუდამოდ გააბათილა სატანის ბრალდება და ის სიცრუეში ამხილა (იოან. 8:44). იესოზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა, რადგან მასავით იეჰოვას არავინ იცნობდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ სატანის ბრალდებები მტკნარი სიცრუე იყო. ამიტომაც დაიკავა მტკიცე პოზიცია მამის რეპუტაციის დასაცავად. მაშინაც კი, როცა თავი მიტოვებულად იგრძნო, იესოს ზურგი არ შეუქცევია თავისი მოსიყვარულე მამისთვის და მზადყოფნით შეხვდა მტანჯველ სიკვდილს (მათ. 27:46).c

იესო წამების ძელზეა გაკრული.

იესომ თავისი ცხოვრებით ერთხელ და სამუდამოდ გააბათილა სატანის ბრალდება და ის სიცრუეში ამხილა (იხილეთ აბზაცი 13).


„ᲓᲐᲕᲐᲡᲠᲣᲚᲔ ᲡᲐᲥᲛᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲓᲐᲛᲐᲕᲐᲚᲔ“

14. როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ იესო ერთგულებისთვის?

14 სიკვდილის წინა ღამეს იესომ ლოცვაში ასეთი რამ უთხრა მამას: „დავასრულე საქმე, რომელიც დამავალე“. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დააჯილდოებდა მას ერთგულებისთვის და არც შემცდარა (იოან. 17:4, 5). იეჰოვამ ის მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღმატებული მდგომარეობა მიანიჭა (საქ. 2:23, 24; ფილ. 2:8, 9). იესო ღვთის სამეფოს მეფეც გახდა. ეს სამეფო ღვთის ნებას შეასრულებს როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათ. 6:10).

15. რას გააკეთებს იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე?

15 უახლოეს მომავალში იესო შეებრძოლება ღვთის მტრებს და არმაგედონის ომში ბოლოს მოუღებს მათ (გამოცხ. 16:14, 16; 19:11–16). ამის შემდეგ ის ეშმაკს უფსკრულში ჩააგდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სატანა მკვდარივით უმოქმედო იქნება (გამოცხ. 20:1–3). თავისი ათასწლიანი მეფობის დროს იესო დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს, მკვდრებს აღადგენს და კაცობრიობას გაასრულყოფილებს. საბოლოო ჯამში, მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ასე შესრულდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა (გამოცხ. 21:1–4).

16. როგორი მდგომარეობა იქნება ათასი წლის ბოლოს?

16 ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს გამოსასყიდი აღარ იქნება საჭირო ცოდვების მისატევებლად. შესაბამისად, ადამიანებს აღარც ზეციერი სამღვდელოების, ანუ იესოსა და 144 000-ის შუამავლობა დასჭირდებათ ღმერთთან დასაახლოებლად. იმ დროს უკანასკნელი მტერი, სიკვდილიც, აღარ იარსებებს, რადგან საფლავში აღარავინ დარჩება. ყველა უცოდველი და სრულყოფილი იქნება (1 კორ. 15:25, 26).

17, 18. ა) რა მოხდება ათასი წლის ბოლოს? ბ) როგორ მოიქცევა იესო თავისი მმართველობის ბოლოს? (1 კორინთელები 15:24, 28; იხილეთ აგრეთვე სურათი).

17 იესოს მმართველობის დასასრულს კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ მოხდება. ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდება, რომ ღვთის სახელი წმინდაა და მისი მმართველობა სამართლიანია. მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში ღვთის სახელი შეილახა, იეჰოვას მოყვარული ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთი წვლილი შეეტანათ მისი რეპუტაციის დაცვაში და მისი სახელის განწმენდაში. მაგრამ ათასი წლის ბოლოს იეჰოვას რეპუტაცია საბოლოოდ აღდგება და ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ის მოსიყვარულე ზეციერი მამაა.

18 რას გააკეთებს იესო თავისი მმართველობის ბოლოს, როცა სატანის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხი საბოლოოდ გადაწყდება? ხომ არ გაუჩნდება სურვილი, რომ სატანასავით ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და დაუპირისპირდეს იეჰოვას? არამც და არამც! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:24, 28). მას უყვარს მამა, ამიტომ თავმდაბლურად გადასცემს სამეფოს და მის მმართველობას დაემორჩილება.

იესო ზეცაში სამეფო გვირგვინს იეჰოვას გადასცემს.

ათასწლიანი მეფობის ბოლოს იესო თავმდაბლურად გადასცემს სამეფოს იეჰოვას (იხილეთ აბზაცი 18).


19. რა გავიგეთ ამ სტატიიდან იესოს შესახებ?

19 ნამდვილად არ გვიკვირს, რატომ უბოძა იეჰოვამ იესოს თავისი სახელი. ის ხომ მამის ღირსეული წარმომადგენელია. მისთვის იეჰოვას სახელი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მან ამ სახელისთვის თავიც კი გასწირა. ათასი წლის ბოლოს იესო მთელ ძალაუფლებას იეჰოვას დაუბრუნებს, რათა ისევ და ისევ მისი სახელი იყოს განდიდებული. ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? ამაზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა გაგებით ამცნო იესომ მამის სახელი თავის მოწაფეებს?

  • რა გაგებით უბოძა იეჰოვამ იესოს თავისი სახელი?

  • რის გასაკეთებლად იყო იესო მზად იეჰოვას სახელისთვის და რატომ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

a ზოგჯერ სხვა ანგელოზებიც ასრულებდნენ იეჰოვას წარმომადგენლის როლს, როცა მისი სახელით გადასცემდნენ ხალხს სათქმელს. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთ ბიბლიურ მონაკვეთში ისე არიან წარმოდგენილი, თითქოს თავად იეჰოვა ლაპარაკობს ან აკეთებს რაიმეს (დაბ. 18:1–33). მართალია, ბიბლია ამბობს, რომ მოსემ კანონი იეჰოვასგან მიიღო, მაგრამ ბიბლიიდან ისიც ირკვევა, რომ იეჰოვამ ანგელოზების მეშვეობით გადასცა მას კანონი (ლევ. 27:34; საქ. 7:38, 53; გალ. 3:19; ებრ. 2:2–4).

b იესოს სიკვდილით კაცობრიობას მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაც მიეცა.

c იხილეთ 2021 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 30, 31.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება