ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 23
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2 იეჰოვაა შენი სახელი
ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი ჩვენთვის
„თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, – ამბობს იეჰოვა“ (ᲔᲡ. 43:10).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ღვთის სახელის განსაწმენდად და მისი რეპუტაციის დასაცავად.
1, 2. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია იესოსთვის?
ᲠᲝᲒᲝᲠᲪ წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოსთვის ღვთის სახელი უმნიშვნელოვანესი იყო. ამიტომ მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა მის დასაცავად და მომკვდარიყო კიდეც ამ სახელის გამო (მარ. 14:36; ებრ. 10:7–9). ათასწლიანი მეფობის ბოლოს იესო მზადყოფნით გადასცემს ძალაუფლებას მამას, რაც ისევ და ისევ ღვთის სახელის განწმენდას მოემსახურება (1 კორ. 15:26–28). ღვთის სახელისადმი იესოს დამოკიდებულებიდან აშკარად ჩანს, რა ძლიერ უყვარს მამა.
2 იესო დედამიწაზე მამის სახელით მოვიდა (იოან. 5:43; 12:13). მან თავის მიმდევრებსაც ამცნო მისი სახელი (იოან. 17:6, 26). ასწავლიდა თუ სასწაულებს ახდენდა, ყველაფერს მამის სახელით აკეთებდა (იოან. 10:25). როცა მოწაფეებზე ლოცულობდა, იეჰოვას სთხოვდა, თავისი „სახელის გულისთვის“ დაეცვა ისინი (იოან. 17:11). თუ ღვთის სახელისადმი იესოს დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, განა შეიძლება ვინმე თავს ქრისტიანად თვლიდეს, მაგრამ არ იცოდეს მამის სახელი და არ იყენებდეს?!
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ჩვენ, როგორც ქრისტიანები, მივყვებით იესოს ნაკვალევს. ამიტომ გვიყვარს და ვაფასებთ მამის სახელს (1 პეტ. 2:21). ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ იწოდებიან იეჰოვას სახელით სასიხარულო ცნობის მქადაგებლები (მათ. 24:14). იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ ვაჩვენებთ, რომ ღვთის სახელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
„ᲒᲐᲛᲝᲐᲠᲩᲘᲐ . . . ᲮᲐᲚᲮᲘ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲡᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲔᲢᲐᲠᲔᲑᲘᲜᲐᲗ“
4. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს ზეცად ამაღლებამდე? ბ) რა კითხვას ბადებს იესოს სიტყვები?
4 ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ეს იმას ნიშნავდა, რომ სამქადაგებლო საქმე ისრაელის ფარგლებს გასცდებოდა და ყველა ერის ხალხს მიეცემოდა შესაძლებლობა, იესოს მოწაფე გამხდარიყო (მათ. 28:19, 20). მაგრამ შეიძლება დაგვაბნიოს იესოს შემდეგმა სიტყვებმა: „იქნებით ჩემი მოწმეები“. ნიშნავდა ეს იმას, რომ ვინც მომავალში იესოს მოწაფე გახდებოდა, მხოლოდ მისი მოწმე იქნებოდა თუ ისინი იეჰოვას მოწმეებიც უნდა ყოფილიყვნენ? ამ კითხვაზე პასუხს საქმეების მე-15 თავიდან ვიგებთ.
5. როგორ გამოჩნდა იერუსალიმში შეკრებილი მოციქულებისა და უხუცესების მსჯელობიდან, რომ ყველა ქრისტიანი ღვთის სახელით უნდა წოდებულიყო? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
5 ახ. წ. 49 წელს მოციქულები და უხუცესები იერუსალიმში შეიკრიბნენ წინადაუცვეთელი უცხოტომელების გაქრისტიანების საკითხზე სამსჯელოდ. მსჯელობის დასასრულს იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „[პეტრემ] ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ“. შემდეგ მან ამოს წინასწარმეტყველის სიტყვები მოიყვანა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ისინი იეჰოვას სახელით უნდა წოდებულიყვნენ (საქ. 15:14–18). აშკარაა, ვინც იესოს მოწაფე გახდებოდა, არა მარტო უნდა გაეცნო იეჰოვა, არამედ მისი სახელით წოდებულიყო და სხვებსაც დახმარებოდა იეჰოვას გაცნობაში.
პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭოს მსჯელობიდან გამოჩნდა, რომ ყველა ქრისტიანი ღვთის სახელით უნდა წოდებულიყო (იხილეთ აბზაცი 5).
6, 7. რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?
6 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. იესომ ნამდვილად გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა და ყველა მორწმუნის მხსნელი გახდა. იესოს დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი სიცოცხლით ეხსნა კაცობრიობა (მათ. 20:28). მის მიერ გაღებული გამოსასყიდი ადამიანებს ცოდვისგან თავის დახსნისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს (იოან. 3:16).
7 ხსნის საჭიროება მაშინ შეიქმნა, როცა ედემის ბაღში ადამი და ევა ეურჩნენ იეჰოვას და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დაკარგეს (დაბ. 3:6, 24). ამასთან ერთად იეჰოვას სახელიც შეილახა (დაბ. 3:4, 5). მაშასადამე, ადამისა და ევას შთამომავლების ხსნაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება გახდა საჭირო, კერძოდ, ღვთის სახელის განწმედა. ამას იესოზე უკეთ ვერავინ გაართმევდა თავს; ის ხომ იეჰოვას მთავარი წარმომადგენელი იყო და მისი სახელით მოქმედებდა.
განა შეიძლება ვინმე თავს ქრისტიანად თვლიდეს, მაგრამ არ იცოდეს მამის სახელი და არ იყენებდეს?!
8. რა უნდა ეღიარებინა ქრისტეს ყველა მიმდევარს, ებრაელსა თუ უცხოტომელს?
8 ყველას, ვინც იესოს იწამებდა, უნდა ეღიარებინა, რომ სინამდვილეში იესოს მამა, იეჰოვა, იყო მათი მხსნელი (იოან. 17:3). იესოს მსგავსად ისინიც ღვთის სახელით უნდა წოდებულიყვნენ და მათთვისაც ამ სახელის განწმენდა უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა (საქ. 2:21, 22). ასე რომ, ქრისტიანებს მხოლოდ იესო კი არა, იეჰოვაც უნდა გაეცნოთ. ეს კარგად ჩანს იესოს ლოცვიდან, რომელიც ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა მათაც ჰქონდეთ ის სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოან. 17:26).
„ᲗᲥᲕᲔᲜ ᲮᲐᲠᲗ ᲩᲔᲛᲘ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ“
9. რა უნდა იყოს ქრისტეს მიმდევრებისთვის მნიშვნელოვანი?
9 ნამდვილი ქრისტიანებისთვის ღვთის სახელის განწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს (მათ. 6:9, 10). ჩვენ იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ წვლილი შევიტანოთ ღვთის სახელის განწმენდაში და სატანის ცრუ ბრალდების გაბათილებაში.
10. რაზე მიდის საუბარი ესაიას 42–44-ე თავებში? (ესაია 43:9; 44:7–9; იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 ის, თუ რა როლს ვასრულებთ იეჰოვას სახელის განწმენდაში, კარგად ჩანს ესაიას 42–44-ე თავებიდან. იეჰოვა თითქოსდა სასამართლოში იწვევს ხალხთა ღმერთებს და სთხოვს, დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ღმერთები არიან. მოწმეების მოყვანასაც სთხოვს, მაგრამ არანაირი მოწმე არ ჩანს (წაიკითხეთ ესაიას 43:9; 44:7–9).
ჩვენ სხვადასხვა სახით ვართ ჩართული სასამართლო საქმეში (იხილეთ აბზაცი 10).
11. რას ეუბნება იეჰოვა თავის ხალხს? (ესაია 43:10–12).
11 წაიკითხეთ ესაიას 43:10–12. თავის ხალხს იეჰოვამ ასე მიმართა: „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“. მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს (ეს. 44:8). დღეს ჩვენც გვაქვს პატივი, სიტყვითა თუ საქმით დავადასტუროთ, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მისი სახელი ყველაზე აღმატებულია. მაშინაც კი, როცა სატანა ზეწოლას ახდენს ჩვენზე, ჩვენი ცხოვრებით იეჰოვას სიყვარულსა და ერთგულებას ვუმტკიცებთ. ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ღვთის სახელის განწმენდაში.
12. როგორ შესრულდა ესაიას 40:3, 5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
12 ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ გამოჩნდებოდა ის, ვინც გზას მოუმზადებდა იეჰოვას (ეს. 40:3). ეს წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემელზე შესრულდა. მან გზა მოუმზადა იესოს, რომელიც იეჰოვას სახელით მოვიდა და მისი სახელით ლაპარაკობდა (მათ. 3:3; მარ. 1:2–4; ლუკ. 3:3–6). წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამი იყო: „გაცხადდება იეჰოვას დიდება“ (ეს. 40:5). როგორ გაცხადდა იეჰოვას დიდება? იესო იმდენად ჰგავდა მამას თვისებებით, რომ, ფაქტობრივად, მისი სახით იეჰოვას ხედავდნენ (იოან. 12:45).
13. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
13 იესო იეჰოვას გამორჩეული მოწმეა და ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვბაძავთ მას (გამოცხ. 1:5). მის მსგავსად ჩვენც იეჰოვას სასარგებლოდ ვამოწმებთ – ვიცავთ მის სახელს ანუ რეპუტაციას და მის საოცარ საქმეებზე ვესაუბრებით სხვებს. იმის შესახებაც ვამოწმებთ, თუ რა როლი აკისრია იესოს ღვთის სახელის განწმენდაში (საქ. 1:8). ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, საიდან გამოჩნდება, რომ ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐ ᲐᲥᲕᲡ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ
14. რა დამოკიდებულება გვაქვს ღვთის სახელის მიმართ? (ფსალმუნი 105:3).
14 ჩვენ ვამაყობთ ღვთის სახელით (წაიკითხეთ ფსალმუნის 105:3). იეჰოვას სიამოვნებს, რომ ვამაყობთ მისი სახელით და იმით, რომ ის ჩვენი ღმერთია (იერ. 9:23, 24; 1 კორ. 1:31; 2 კორ. 10:17). ჩვენ დიდ პატივად მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია განვადიდოთ მისი სახელი და დავიცვათ მისი რეპუტაცია. ჩვენ არ გვრცხვენია სამსახურში, სამეზობლოში თუ სკოლაში იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. არადა ეშმაკს სწორედ ის უნდა, რომ სხვებს აღარ ვესაუბროთ იეჰოვაზე (იერ. 11:21; გამოცხ. 12:17). ის ყველანაირად ცდილობს, ხალხს ღვთის სახელი დაავიწყოს (იერ. 23:26, 27). ჩვენ კი, ვისაც გვიყვარს ღვთის სახელი, „მთელი დღე“ ვხარობთ მისით (ფსალმ. 5:11; 89:16).
15. რას ნიშნავს ღვთის სახელის მოხმობა?
15 ჩვენ ვუხმობთ იეჰოვას სახელს (იოელ. 2:32; რომ. 10:13, 14). იეჰოვას სახელის მოხმობაში მხოლოდ მისი ცოდნა და გამოყენება არ იგულისხმება. ეს ნიშნავს, გაიცნო იეჰოვა, ენდო მას და დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის მიმართო (ფსალმ. 20:7; 99:6; 116:4; 145:18). ღვთის სახელის მოხმობა იმასაც გულისხმობს, რომ სხვებსაც გავაცნოთ მისი სახელი და პიროვნება, აგრეთვე დავეხმაროთ, ცხოვრება იეჰოვას მოსაწონად შეცვალონ (ეს. 12:4; საქ. 2:21, 38).
16. როგორ ვამხელთ სატანას სიცრუეში?
16 მზად ვართ, ღვთის სახელის გულისთვის სირთულეები ავიტანოთ (იაკ. 5:10, 11). იობის დროს სატანამ ყველა ღვთის მსახურის ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ შემდეგი სიტყვებით: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). ამგვარად ის ამტკიცებდა, რომ ადამიანები ღმერთს მხოლოდ მაშინ ემსახურებოდნენ, თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ექნებოდათ, მაგრამ თუ სირთულეებს შეხვდებოდნენ, მაშინვე შეაქცევდნენ ზურგს. იობმა დაამტკიცა, რომ სატანა ტყუოდა. სირთულეების დროს ჩვენი ერთგულებით ჩვენც ვამხელთ სატანას სიცრუეში. რაც არ უნდა მოხდეს, ზურგს არ შევაქცევთ იეჰოვას, რადგან გვჯერა, რომ ის თავისი სახელის გულისთვის დაგვიცავს (იოან. 17:11).
17. რით განვადიდებთ იეჰოვას სახელს? (1 პეტრე 2:12).
17 ჩვენ პატივს მივაგებთ იეჰოვას სახელს (იგავ. 30:9; იერ. 7:8–11). რახან ღვთის სახელით ვიწოდებით, იმის პასუხისმგებლობაც გვაკისრია, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ და არ შეურაცხვყოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12). ამიტომ არასრულყოფილების მიუხედავად, გვინდა, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და სიტყვითა თუ საქმით ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა.
18. კიდევ რით ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას სახელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
18 ჩვენთვის იეჰოვას სახელი საკუთარ რეპუტაციაზე უფრო მნიშვნელოვანია (ფსალმ. 138:2). რატომ გვაქვს ასეთი განწყობა? ჩვენ გვესმის, რომ იეჰოვას სიყვარულის გამო შეიძლება ჩვენი რეპუტაცია შეილახოს.a ეს ასე მოხდა იესოს შემთხვევაშიც. იეჰოვას სახელი რომ განედიდებინა, ის მზად იყო, ბოროტმოქმედად შეერაცხათ და სამარცხვინო სიკვდილით მომკვდარიყო. მან „არაფრად ჩააგდო სირცხვილი“, ანუ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ფიქრობდნენ მასზე სხვები (ებრ. 12:2–4). იესოსთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იყო (მათ. 26:39).
19. რა დამოკიდებულება გვაქვს ღვთის სახელის მიმართ?
19 ჩვენ გვეამაყება, რომ ღმერთს ვემსახურებით და მის მოწმეებად ვიწოდებით. ამიტომ ნებისმიერი შეურაცხყოფის ასატანად ვართ მზად და იეჰოვას სახელს საკუთარ რეპუტაციაზე უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. როგორც არ უნდა ეცადოს სატანა ჩვენს გატეხვას, ჩვენ არ შევწყვეტთ იეჰოვას სახელის განდიდებას. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ იესოს მსგავსად ჩვენთვისაც იეჰოვას სახელია ყველაზე მნიშვნელოვანი.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 10 ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!
a როცა ღვთისმოშიშმა იობმა შვილები და ქონება დაკარგა, „არ შეუცოდავს . . . და არ დაუდანაშაულებია ღმერთი“ (იობ. 1:22; 2:10). მაგრამ, როცა ვაიმეგობრებმა დაადანაშაულეს, მან დაუფიქრებლად დაიწყო ლაპარაკი. იმ მომენტში მისთვის უმთავრესი ღვთის სახელის განწმენდა კი არა, საკუთარი რეპუტაციის დაცვა გახდა (იობ. 6:3; 13:4, 5; 32:2; 34:5).