საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ივნისი გვ. 26-31
  • „დიდებულმა მოძღვარმა“ ბევრი რამ გვასწავლა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „დიდებულმა მოძღვარმა“ ბევრი რამ გვასწავლა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ
  • ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
  • ᲛᲘᲡᲘᲝᲜᲔᲠᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
  • ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲤᲠᲘᲙᲐᲨᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
  • ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲐᲮᲚᲝ ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ
  • ᲐᲤᲠᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ
  • გადავწყვიტე, ხელები არ ჩამომეშვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • მისიონერები ხელს უწყობენ მსოფლიო საქმის წინსვლას
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • იეჰოვას კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • „იეჰოვამ მოასწორა ჩემი სავალი!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ივნისი გვ. 26-31
ფრანკო დაგოსტინი

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

„დიდებულმა მოძღვარმა“ ბევრი რამ გვასწავლა

ᲤᲠᲐᲜᲙᲝ ᲓᲐᲒᲝᲡᲢᲘᲜᲘ

ᲞᲘᲝᲜᲔᲠᲣᲚᲘ თუ მისიონერული მსახურების დროს მე და ჩემი ცოლი არაერთხელ აღმოვჩენილვართ სახიფათო სიტუაციებში შეიარაღებული კონფლიქტების თუ სტიქიური უბედურებების გამო. სირთულეების მიუხედავად არასდროს გვინანია ჩვენი არჩევანი. ყოველთვის ვგრძნობდით იეჰოვას მხარდაჭერას და სიხარულიც ბევრჯერ გამოვცადეთ. ჩვენმა „დიდებულმა მოძღვარმა“ ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ გვასწავლა (იობ. 36:22; ეს. 30:20).

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

1957 წელს ჩემი მშობლები იტალიიდან კანადაში, სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ კინდერსლიში გადავიდნენ. მალევე მათ ჭეშმარიტება გაიგეს და ღვთის მსახურება მთელი ჩვენი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. მშობლებთან ერთად იმდენ დროს ვატარებდი მსახურებაში, რომ ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რვა წლიდან, ფაქტობრივად, დამხმარე პიონერად ვმსახურობდი-მეთქი.

ფრანკო ბავშვობაში მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად.

ჩემი ოჯახი (დაახლ. 1966 წ.)

ჩემს მშობლებს ფინანსურად უჭირდათ, მაგრამ იეჰოვას გულისთვის არაფერზე იხევდნენ უკან. მახსოვს, 1963 წელს ბევრი რამის გაყიდვა მოუწიათ, რომ საერთაშორისო კონგრესს დასწრებოდნენ პასადინაში (კალიფორნია, აშშ). 1972 წელს იტალიურენოვან ტერიტორიაზე რომ გვემსახურა, 1 000 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტრეილში (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) გადავედით. მამაჩემი დამლაგებლად მუშაობდა მარკეტში. ის უარს ამბობდა დაწინაურებაზე, რადგან უნდოდა, მსახურებისთვის მეტი დრო ჰქონოდა.

ჩემმა მშობლებმა არაჩვეულებრივი მაგალითი მოგვცეს მე და ჩემს და-ძმებს. მათ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ჩაგვინერგეს – თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებდით, იეჰოვა ყოველთვის იზრუნებდა ჩვენზე (მათ. 6:33).

ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

1980 წელს ჩემს მშვენიერ მეუღლეზე, დებიზე, დავქორწინდი. ორივეს გვინდოდა სრული დროით მსახურება. ჩვენი ქორწილიდან სამ თვეში დებიმ პიონერობა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ დასახმარებლად გადავედით პატარა კრებაში და დების მეც შევუერთდი პიონერულ მსახურებაში.

ფრანკოსა და დების ქორწილის დღე

ჩვენი ქორწილის დღე (1980 წ.)

დროთა განმავლობაში სიხარული დავკარგეთ და უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. თუმცა ჯერ ერთ სარაიონო ზედამხედველს დაველაპარაკეთ. მან მეგობრულად, მაგრამ პირდაპირ გვითხრა: „პრობლემა თქვენშია. ზედმეტად ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უარყოფითზე. თუ ხედვას შეცვლით, დადებითსაც დაინახავთ“. ეს რჩევა ზედგამოჭრილი იყო ჩვენთვის (ფსალმ. 141:5). გავითვალისწინეთ მისი რჩევა და დადებითი მხარეებიც დავინახეთ, მაგალითად ის, რომ კრებაში ბევრს უნდოდა იეჰოვასთვის მეტის კეთება, მათ შორის, ბავშვებს და დებს, რომლებსაც არ ჰყავდათ მორწმუნე მეუღლეები. ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩვენთვის. ვისწავლეთ, რომ დადებითზე ვიყოთ კონცენტრირებული და დაველოდოთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის გამოასწორებს სიტუაციას (მიქ. 7:7). ასე რომ, სიხარულიც დავიბრუნეთ და მდგომარეობაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

ჩვენი პირველი პიონერული სკოლის მასწავლებლებს საზღვარგარეთ მსახურების გამოცდილება ჰქონდათ. ისინი თავიანთ სურათებს გვაჩვენებდნენ და მსახურების ისტორიებს გვიყვებოდნენ, რამაც ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მისიონერები გავმხდარიყავით.

ჩვენი დარბაზის ავტოსადგომი დიდთოვლობის დროს.

ჩვენს დარბაზთან ბრიტანეთის კოლუმბიაში (1983 წ.)

ამ მიზნისთვის რომ მიგვეღწია, 1984 წელს ბრიტანეთის კოლუმბიიდან 4 000 კილომეტრის მოშორებით კანადის ფრანგულენოვან პროვინციაში, კვებეკში, გადავედით. ჩვენ ახალ კულტურას უნდა შევგუებოდით და ახალი ენა გვესწავლა. გარდა ამისა, ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა. რაღაც პერიოდი საჭმელად მხოლოდ კარტოფილი გვქონდა, რომელსაც ფერმერები გვაძლევდნენ მორჩენილი მოსავლიდან. დები ყველანაირად ცდილობდა, რომ კარტოფილი სხვადასხვანაირად მოემზადებინა. ასეთი სირთულეების მიუხედავად სიხარული არ დაგვიკარგავს და იეჰოვას მზრუნველობასაც სულ ვგრძნობდით (ფსალმ. 64:10).

ერთ დღესაც მოულოდნელად დაგვირეკეს და კანადის ფილიალში მიგვიწვიეს. ამან ცოტა დაგვაბნია, რადგან მანამდე სკოლა „გალაადის“ განცხადება გვქონდა შევსებული. თუმცა მაინც დავთანხმდით მოწვევას. ბეთელში ფილიალის კომიტეტის წევრს, კენეთ ლიტლს, ვკითხეთ: „როგორ მოვიქცეთ, თუ სკოლაში მიგვიწვევენ?“. მან გვიპასუხა, მთავარია, ჯერ მიგიწვიონ და ამაზე მერე ვიფიქროთო.

ლოდინი დიდხანს არ მოგვიწია, სადღაც ერთ კვირაში მე და დები „გალაადში“ მიგვიწვიეს. ასე რომ, გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. მაშინ ძმა კენეთმა ასეთი რამ გვითხრა: „მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებთ, ერთ დღეს მაინც იტყვით, ნეტავ სხვა რამ ამერჩიაო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს სჯობია. იეჰოვა ერთსაც აკურთხებს და მეორესაც“. გადავწყვიტეთ, „გალაადში“ გვესწავლა. წლების მანძილზე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ძმა კენეთმა სიმართლე გვითხრა. ამ სიტყვებს მათაც ვუმეორებდით, თუ ვინმე ჩვენს მსგავსად არჩევანის წინაშე იდგა.

ᲛᲘᲡᲘᲝᲜᲔᲠᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

(მარცხნივ) იულისიზ გლასი

(მარჯვნივ) ჯეკ რედფორდი

„გალაადის“ 83-ე კლასში სწავლა 1987 წლის აპრილში დავიწყეთ (ბრუკლინი, ნიუ-იორკი). კლასში სულ 24 ვიყავით. გაკვეთილებს, ძირითადად, იულისიზ გლასი და ჯეკ რედფორდი გვიტარებდნენ. ხუთმა თვემ სწრაფად გაირბინა და სწავლა 1987 წლის 6 სექტემბერს დავასრულეთ. ჩვენ ჰაიტიზე დაგვნიშნეს ჩვენს კლასელებთან, ჯონ და მერი გუდებთან ერთად.

ფრანკო და დები მსახურებაში ჰაიტიზე.

ჰაიტი (1988 წ.)

1962 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მისიონერები გამოაძევეს ქვეყნიდან, ჰაიტიზე არავინ დაუნიშნავთ მისიონერული მსახურებისთვის. სწავლის დასრულებიდან სამ კვირაში ჰაიტის მთიან რეგიონში 35-კაციან კრებაში ამოვყავით თავი. ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით, თანაც მისიონერების სახლში ჩვენს მეტი არავინ იყო. ხალხი სიღატაკეში ცხოვრობდა. ბევრმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა. იმ წლებში რა აღარ გამოვცადეთ – სამოქალაქო არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება თუ სტიქიური უბედურებები.

ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ჰაიტელი და-ძმებისგან, რომლებიც მრავალ გასაჭირს უძლებდნენ და სიხარულს არ კარგავდნენ. მათ უყვარდათ იეჰოვა და მსახურება. ერთ ასაკოვან დას კითხვა არ შეეძლო, მაგრამ ზეპირად იცოდა 150-მდე მუხლი. იმ გარემოში მსახურებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ხალხს სჭირდებოდა სასიხარულო ცნობის მოსმენა ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრის. ძალიან გვახარებს იმის ცოდნა, რომ ზოგი ჩვენი ბიბლიის შემსწავლელი დღეს პიონერი, სპეციალური პიონერი და უხუცესია.

ჰაიტიზე მსახურების დროს გავიცანი ერთი ახალგაზრდა მორმონი მისიონერი, ტრევორი. მასთან რამდენჯერმე მომიწია ბიბლიურ თემებზე საუბარი. წლების შემდეგ მისგან წერილი მივიღე. ის მწერდა: „მომდევნო კონგრესზე ვინათლები. მინდა, ჰაიტიზე დავბრუნდე და სპეციალურ პიონერად ვიმსახურო იქ, სადაც ადრე ვმსახურობდი როგორც მორმონი მისიონერი“. ის ასეც მოიქცა და წლების განმავლობაში ცოლთან ერთად ჰაიტიზე მსახურობდა.

ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲤᲠᲘᲙᲐᲨᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

ფრანკო თავის ოფისში.

სლოვენიაში მსახურების დროს (1994 წ.)

1992 წელს სლოვენიაში დაგვნიშნეს. ევროპის ამ ნაწილში სამქადაგებლო საქმიანობაზე შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნებოდა. ჩვენ ჩავედით ლიუბლიანაში. თავის დროზე, სანამ იტალიაში გადავიდოდნენ, ჩემი მშობლები იქვე ახლოს ცხოვრობდნენ. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამ რეგიონში სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხედველობდა ავსტრიის ფილიალი, აგრეთვე ხორვატიისა და სერბეთის ოფისები. ამჟამად ხორვატიასა და სერბეთს თავიანთი ფილიალები აქვთ.

ეს ცვლილება იმას ნიშნავდა, რომ ახალ ენასა და კულტურას უნდა გავცნობოდით. ადგილობრივები ამბობენ ხოლმე, ენის სწავლა რთულიაო. ამის თქმა თამამად შეიძლება სლოვენიურ ენაზე. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ რა მზადყოფნით შეხვდნენ და-ძმები ყველა ორგანიზაციულ ცვლილებას და რა დადებითი შედეგები მოჰყვა ამას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იეჰოვა ყველაფერს ეტაპობრივად და დროულად აგვარებს. სლოვენიაში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ გვასწავლა, ძველი გამოცდილებაც ძალიან გამოგვადგა.

ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები ამით არ დასრულებულა. 2000 წელს დასავლეთ აფრიკაში, კოტ-დ’ივუარში დაგვნიშნეს. 2002 წლის ნოემბერში სამოქალაქო ომის გამო სიერა-ლეონეში მოგვიწია გადასვლა. აქაც ახალი დასრულებული იყო 11-წლიანი სამოქალაქო ომი. ჩვენთვის ადვილი არ იყო ასე სწრაფად კოტ-დ’ივუარის დატოვება. თუმცა ძველი გამოცდილება ამ შემთხვევაშიც დაგვეხმარა, სიხარული შეგვენარჩუნებინა.

მთელი ყურადღება ჩვენს ნაყოფიერ სამქადაგებლო ტერიტორიაზე და და-ძმებზე გადავიტანეთ, რომლებმაც მრავალწლიანი ომი მოთმინებით გამოიარეს. მართალია, თვითონ ბევრი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ძალიან გულუხვები იყვნენ. ერთხელ დებისთვის ერთ დას ტანსაცმლის ჩუქება უნდოდა. დები არ ართმევდა ტანსაცმელს, რაზეც ამ დამ უთხრა: „ომის დროს და-ძმები გვეხმარებოდნენ სხვა ქვეყნებიდან. ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვებს“. მიზნად დავისახეთ, ადგილობრივი და-ძმების მსგავსი განწყობა ჩვენც გვქონოდა.

საბოლოოდ ისევ კოტ-დ’ივუარში დავბრუნდით. მაგრამ სიტუაცია იქ კვლავ დაიძაბა. ამიტომ 2004 წლის ნოემბერში მოგვიწია ვერტმფრენით ქვეყნის დატოვება. თან მხოლოდ თითო 10-კილოიანი ჩანთის წაღების უფლება მოგვცეს. ღამე ფრანგულ სამხედრო ბაზაში იატაკზე გავათენეთ. მეორე დღეს შვეიცარიაში გადაგვაფრინეს. ფილიალში შუაღამით მივედით. ფილიალის კომიტეტის წევრები და მსახურებაში დახელოვნების სკოლის ინსტრუქტორები მეუღლეებთან ერთად თბილად დაგვხვდნენ და ცხელი საჭმლითა და შვეიცარიული შოკოლადით გვიმასპინძლეს. ჩვენთვის ეს დაუვიწყარი მომენტი იყო.

ფრანკო დარბაზში მოხსენებას კითხულობს (კოტ-დ’ივუარი).

კოტ-დ’ივუარში ლტოლვილებთან მოხსენების წარმოთქმის დროს (2005 წ.)

მოგვიანებით განაში დაგვნიშნეს, შემდეგ კი ისევ კოტ-დ’ივუარში. ამჯერად იქ სიტუაცია უკვე ჩაწყნარებული იყო. რომ არა და-ძმების სიკეთე, გაგვიჭირდებოდა ამდენ სტრესულ ცვლილებასთან შეგუება. მე და დების კარგად გვესმოდა, რომ ძმური სიყვარული იეჰოვას ორგანიზაციის დამახასიათებელია, მაგრამ არ გვინდოდა, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი რამ გამხდარიყო. მოგვიანებით გავაანალიზეთ, რომ ამ რთულმა პერიოდმაც ბევრი რამ გვასწავლა.

ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲐᲮᲚᲝ ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ

ფრანკო და დები ახლო აღმოსავლეთში ძველ ნანგრევებს ათვალიერებენ.

ახლო აღმოსავლეთი (2007 წ.)

2006 წელს მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მივიღეთ წერილი, რომელშიც გვატყობინებდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში უნდა გაგვეგრძელებინა მსახურება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ახალი თავგადასავლები გველოდა და ახალ ენასა თუ კულტურას უნდა შევგუებოდით. ბევრი რამ უნდა გვესწავლა ამ პოლიტიკურად და რელიგიურად დაყოფილ რეგიონში. მართალია, კრებაში სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე და-ძმა გვყავდა, მაგრამ ვხედავდით, როგორ აერთიანებდა მათ თეოკრატიული მითითებები. გვაოცებდა იმ და-ძმების გაბედულება, რომლებიც წინააღმდეგობას უძლებდნენ ოჯახის წევრების, თანაკლასელების, თანამშრომლებისა და მეზობლების მხრიდან.

ჩვენთვის დაუვიწყარი იყო 2012 წლის სპეციალური კონგრესი, რომელიც თელ-ავივში (ისრაელი) ჩატარდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იეჰოვას ხალხი ამ რაოდენობით აქ არასდროს შეკრებილა.

იქ მსახურების დროს მოვინახულეთ ქვეყანა, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. თან წავიღეთ ჩვენი ლიტერატურა, მონაწილეობა მივიღეთ მსახურებაში და დავესწარით პატარა კონგრესებს. მართალია, ყველგან საკონტროლო-გამშვები პუნქტები და შეიარაღებული ჯარისკაცები გვხვდებოდნენ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე მაუწყებელთან ერთად ფრთხილად გადავადგილდებოდით.

ᲐᲤᲠᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

ფრანკო ლეპტოპით მუშაობს.

კონგოში მსახურების დროს მოხსენებას ვამზადებ (2014 წ.)

2013 წელს ახალი დავალება მივიღეთ. მსახურება კონგოს (კინშასა) ფილიალში უნდა გაგვეგრძელებინა. აფრიკის ამ მშვენიერ ქვეყანაში ხალხს სიღატაკე და შეიარაღებული დაპირისპირებები უმძიმებს ცხოვრებას. თავიდან ვიფიქრეთ, რომ მზად ვიყავით ამ დავალებისთვის, რადგან აფრიკა ჩვენთვის უცხო არ იყო. მაგრამ იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ცუდად იყო განვითარებული, მივხვდით, რომ ახალი უნარ-ჩვევები გვქონდა გამოსამუშავებელი. ვცდილობდით, ყურადღება დადებითზე გადაგვეტანა, მაგალითად იმაზე, როგორ ინარჩუნებდნენ და-ძმები შემართებასა და სიხარულს სიდუხჭირის მიუხედავად. ვხედავდით მათ მონდომებას მსახურებაში და იმ ძალისხმევას, რასაც კონგრესებზე და შეხვედრებზე დასწრებას ახმარდნენ. ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმე ამ ქვეყანაში. კონგოში გატარებულმა წლებმა ჩვენზე წარუშლელი კვალი დატოვა და ბევრი მეგობარიც შეგვძინა.

ფრანკო და-ძმებთან ერთად მსახურობს და სოფლის გზას მიუყვება.

ვქადაგებ სამხრეთ აფრიკაში (2023 წ.).

2017 წელს კიდევ ერთი დავალება მივიღეთ. ამჯერად სამხრეთ აფრიკის ფილიალში დაგვნიშნეს. ამხელა ბეთელში მანამდე არასდროს გვიმსახურია და ის საქმეც ახალი იყო ჩვენთვის, რაც დაგვავალეს. სასწავლი აქაც ბევრი გვქონდა, მაგრამ წარსული გამოცდილება ამჯერადაც გამოგვადგა. ძალიან გვიყვარს აქაური და-ძმები, რომლებიც ათწლეულებია ერთგულად მსახურობენ. მართალია, ჩვენი ბეთელის ოჯახი ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ეს ხელს ნამდვილად არ უშლის ჩვენს ერთობას. აშკარაა, იეჰოვა თავის ხალხს მშვიდობას არ აკლებს, რადგან ისინი ახალი პიროვნებით იმოსებიან და ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ.

წლების მანძილზე მე და დების არაერთი დავალების შესრულება მოგვიწია. გავეცანით სხვადასხვა კულტურას და შევისწავლეთ ახალი ენები. ეს არ ყოფილა ადვილი, მაგრამ და-ძმებისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა ყოველთვის გვაგრძნობინებდა სიყვარულს (ფსალმ. 144:2). სრული დროით მსახურებაში მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა და დაგვხვეწა.

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, ჩემი ცოლის და იმ და-ძმების, რომლებიც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. მე და დების გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალშიც ვისწავლოთ ჩვენი „დიდებული მოძღვრისგან“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება