ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 28
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები
რატომ უნდა ვითხოვოთ რჩევა?
„ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“ (ᲘᲒᲐᲕ. 13:10).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რა შემთხვევაში მიაღწევს ჩვენთვის მოცემული რჩევა თავის მიზანს.
1. რა დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში? (იგავები 13:10; 15:22).
ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘᲐ, ყველას გვსურს, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ამ მხრივ საუკეთესო დახმარებას ღვთის სიტყვა გაგვიწევს (წაიკითხეთ იგავების 13:10; 15:22).
2. რას გვპირდება იეჰოვა?
2 ფაქტია, ჩვენს ზეციერ მამაზე უკეთესად ვერავინ დაგვარიგებს. ის მზად არის ჩვენ დასახმარებლად, როგორც ეს შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: „თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ“ (ფსალმ. 32:8). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა ზოგადი რჩევებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ჩვენი სიტუაციისთვის შესაფერის კონკრეტულ რჩევებს გვაძლევს და მათ გათვალისწინებაშიც გვეხმარება.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში ბიბლიური მაგალითების ფონზე ოთხ კითხვას გავცემთ პასუხს: 1) რა თვისება გვჭირდება რჩევის მისაღებად? 2) ვის შეუძლია კარგი რჩევის მოცემა? 3) საიდან გამოჩნდება, რომ გულწრფელად ვითხოვთ რჩევას? 4) რატომ არ უნდა მივაღებინოთ სხვებს გადაწყვეტილება ჩვენ ნაცვლად?
ᲠᲐ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲐ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ?
4. რა თვისება გვჭირდება რჩევის მისაღებად?
4 რჩევა რომ მივიღოთ და გავითვალისწინოთ, თავმდაბლობაა საჭირო. ყველამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ყოველთვის არ გვექნება საკმარისი გამოცდილება და ცოდნა საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. უნდა გვესმოდეს, რომ თუ თავმდაბლობა გვაკლია, იეჰოვა ვერ დაგვეხმარება. ჩვენ იმ რჩევებსაც ვერ დავუკავშირებთ საკუთარ თავს, რომლებსაც ბიბლიის კითხვის დროს ვაწყდებით (მიქ. 6:8; 1 პეტ. 5:5). მაგრამ, თუ თავმდაბლები ვიქნებით, უფრო ადვილად დავინახავთ ბიბლიური რჩევების ფასს და გავითვალისწინებთ.
5. რას შეიძლება გაეამაყებინა დავითი?
5 დავფიქრდეთ, რისი სწავლა შეგვიძლია დავითისგან. მას არაერთი მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ გაამაყებულიყო. ის ნიჭიერი მუსიკოსი იყო, რის გამოც მეფის კარზეც კი მიიწვიეს (1 სამ. 16:18, 19). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ის მომავალ მეფედ სცხო, მასზე წმინდა სული ამოქმედდა (1 სამ. 16:11–13). თავისი საბრძოლო მიღწევების, მათ შორის გოლიათის დამარცხების გამო ხალხშიც დიდი მოწონებით სარგებლობდა (1 სამ. 17:37, 50; 18:7). ამ ყველაფერს დავითი რომ გაეამაყებინა, სხვების რჩევას ყურს არც კი დაუგდებდა. თუმცა ის ასე არასდროს მოქცეულა.
6. საიდან ვიცით, რომ დავითი აფასებდა რჩევას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 გამეფების შემდეგ დავითმა მრჩეველთა ჯგუფი შემოიკრიბა (1 მატ. 27:32–34). ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის ყოველთვის აფასებდა გონივრულ რჩევას. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მრჩეველი კაცი იყო თუ ქალი. მაგალითად, მან თავმდაბლურად მიიღო აბიგაილის რჩევა და არ დაემსგავსა მის ქმარს, ნაბალს, რომელიც უხეში, უმადური და ეგოისტი კაცი იყო. ამის წყალობით დავითმა სერიოზულ შეცდომას აარიდა თავი (1 სამ. 25:2, 3, 21–25, 32–34).
დავითმა თავმდაბლურად მიიღო აბიგაილის რჩევა (იხილეთ აბზაცი 6).
7. რას ვსწავლობთ დავითისგან? (ეკლესიასტე 4:13; იხილეთ აგრეთვე სურათები).
7 რას ვსწავლობთ დავითისგან? იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნარიანები ვართ ან გარკვეული უფლებამოსილება გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ვიცით და რჩევა არ გვჭირდება. დავითის მსგავსად მზად უნდა ვიყოთ რჩევის მისაღებად იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გვაძლევს მას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:13). ამ შემთხვევაში ავერიდებით შეცდომებს, რომლებმაც არამარტო ჩვენ, არამედ სხვებსაც შეიძლება მიაყენოს ზიანი.
არ წავუყრუოთ გონივრულ რჩევას იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გვაძლევს მას (იხილეთ აბზაცი 7).c
ᲕᲘს ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲝᲪᲔᲛᲐ?
8. რატომ იყო იოანათანი კარგი მრჩეველი დავითისთვის?
8 საყურადღებოა ისიც, რომ დავითი მათ რჩევას ითვალისწინებდა, ვინც კომპეტენტურიც იყო და იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად, როცა იმის გარკვევას ცდილობდა, როგორ აღედგინა კარგი ურთიერთობა მეფე საულთან, რჩევა მის ვაჟს, იონათანს, ჰკითხა. რატომ შეაჩერა დავითმა არჩევანი იონათანზე? იმიტომ, რომ იონათანს იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და თავის მამასაც კარგად იცნობდა (1 სამ. 20:9–13). ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია?
9. ვის უნდა მივმართოთ რჩევისთვის? ახსენით (იგავები 13:20).
9 რჩევისთვის მას უნდა მივმართოთ, ვისაც იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურიც არისa (წაიკითხეთ იგავების 13:20). დავუშვათ, ახალგაზრდა ძმა შესაფერის მეუღლეს ეძებს. ვის უნდა მიმართოს მან რჩევისთვის? მისთვის რჩევის მიცემა დაუქორწინებელ მეგობარსაც შეუძლია, თუ ის თავის რჩევას ბიბლიაზე დააფუძნებს. თუმცა, დიდი ალბათობით, მას უკეთეს რჩევას მოწიფული ქრისტიანები მისცემენ, რომელთაც ბედნიერი ცოლქმრობა აქვთ და ამ ძმასაც კარგად იცნობენ.
10. რაზე ვიმსჯელებთ?
10 როგორც დავინახეთ, რჩევის მისაღებად თავმდაბლობა გვჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, თუ ვის მივმართავთ რჩევისთვის. ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, საიდან გამოჩნდება, რომ გულწრფელად ვითხოვთ რჩევას და რატომ არ უნდა მივაღებინოთ სხვებს გადაწყვეტილება ჩვენ ნაცვლად.
ᲡᲐᲘᲓᲐᲜ ᲒᲐᲛᲝᲩᲜᲓᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲐᲓ ᲕᲘᲗᲮᲝᲕᲗ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ?
11, 12. ა) რატომ ითხოვს ზოგი რჩევას? ბ) როგორ მოიქცა რობოამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე?
11 ზოგჯერ ვინმე რჩევას ითხოვს, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს; უბრალოდ ყურის მაამებელ მრჩეველს ეძებს. ასეთ ადამიანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გულწრფელია. ამ მხრივ ძალიან დამაფიქრებელია მეფე რობოამის შემთხვევა.
12 რობოამი ტახტზე მამამისის, სოლომონის შემდეგ ავიდა. მართალია, ხალხს მატერიალური დოვლათი არ აკლდა, მაგრამ ემძიმებოდათ ის სამუშაო, რომელიც სოლომონმა დააკისრა. ამიტომ რობოამს მიმართეს და დაკისრებული სამუშაოს შემსუბუქება სთხოვეს. მეფემ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჯერ აზრი მამამისის გამოცდილ მრჩევლებს ჰკითხა (1 მეფ. 12:2–7). თუმცა მან ყურად არ იღო მათი რჩევა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება და უბრალოდ ყურის მაამებელ მრჩევლებს ეძებდა. ასეთებიც გამოუჩნდნენ მასთან შეზრდილი მეგობრების სახით (1 მეფ. 12:8–14). რობოამი ისე მოიქცა, როგორც მათ დაარიგეს. შედეგად მისი სამეფო ორად გაიყო და მას შემდეგ სადარდებელი არ მოჰკლებია (1 მეფ. 12:16–19).
13. როგორ გავერკვეთ საკუთარ მოტივებში?
13 რაზე უნდა დაგვაფიქროს რობოამის მაგალითმა? სანამ რჩევას ვითხოვთ, საკუთარ მოტივებში უნდა გავერკვეთ. რა დაგვეხმარება ამაში? უნდა დავფიქრდეთ: მხოლოდ მათ რჩევას ხომ არ ვითვალისწინებთ, ვისი აზრიც ჩვენსას ემთხვევა? ამ საკითხს უკეთ რომ ჩავწვდეთ, ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ.
14. რა უნდა გვახსოვდეს, როცა რჩევას ვითხოვთ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 დავუშვათ, რომელიმე ძმას კარგი სამსახური შესთავაზეს. სანამ შემოთავაზებას დათანხმდება, ის რჩევას ერთ უხუცესს ეკითხება და ეუბნება, რომ სამსახურის გამო ხანგრძლივად მოუწევს ოჯახისგან შორს ყოფნა. უხუცესი მას ბიბლიური პრინციპების საფუძველზე შეახსენებს, რომ მისი უმთავრესი მოვალეობა ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვაა (ეფეს. 6:4; 1 ტიმ. 5:8). მაგრამ ძმა მაშინვე კრიტიკულად ხვდება მის რჩევას და სხვა ძმებთან მიდის რჩევის საკითხავად. ეს მანამ გრძელდება, სანამ სასურველ პასუხს არ მოისმენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძმა გულწრფელად ითხოვს რჩევას? ფაქტია, გული ვერაგია და ადვილად შევყავართ შეცდომაში (იერ. 17:9). ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ ის რჩევა გვჭირდება, რომლის მოსმენაც არ გვსიამოვნებს.
გულწრფელად ვითხოვთ რჩევას თუ უბრალოდ ყურის მაამებელ მრჩეველს ვეძებთ? (იხილეთ აბზაცი 14)
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲕᲐᲦᲔᲑᲘᲜᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ?
15. რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?
15 გადაწყვეტილების მიღება ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა (გალ. 6:4, 5). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გონივრულია, ვიდრე რაიმეს გადავწყვეტთ, ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მივმართოთ და რჩევა მოწიფულ ქრისტიანსაც ვკითხოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჩვენ ნაცვლად სხვებს მივაღებინოთ. ასე რომ არ გამოვიდეს, არც პირდაპირ უნდა ვკითხოთ ვინმეს, როგორ მოიქცეოდა ჩვენს ადგილას და არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ რაც სხვამ გააკეთა მსგავს სიტუაციაში, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.
16. რა სიტუაცია შეიქმნა კორინთის კრებაში და როგორ უნდა მიეღოთ ქრისტიანებს გადაწყვეტილება? (1 კორინთელები 8:7; 10:25, 26).
16 დავფიქრდეთ, რა სიტუაცია შეიქმნა კორინთის კრებაში. პავლემ კორინთელებს ასეთი რამ მისწერა: „ვიცით, რომ კერპი არაფერს წარმოადგენს, რადგან არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა“ (1 კორ. 8:4). შესაბამისად, ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ ეყიდა და ეჭამა ბაზარში ნაყიდი ხორცი, რომელიც შესაძლოა კერპთშენაწირი იყო. ზოგს კი სინდისი ამის ნებას არ რთავდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:7; 10:25, 26). ეს ყველას პირადი გადასაწყვეტი იყო. პავლეს არ უთქვამს, რომ კორინთელებს ერთმანეთის ნაცვლად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები ან ასეთ საკითხებში ერთმანეთისთვის მიებაძათ. ყველას საკუთარი თავისთვის უნდა ეგო პასუხი ღვთის წინაშე (რომ. 14:10–12).
17. რა შეიძლება მოხდეს, თუ სხვისი მიბაძვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათები).
17 მსგავს სიტუაციაში შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ. მაგალითად მაშინ, როცა საქმე სისხლის ფრაქციების მიღება-არმიღებაზე მიდგება.b შეიძლება რთული იყოს, სიღრმისეულად ჩავწვდეთ ამ საკითხს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა ასეთ დროს (რომ. 14:4). თუ სხვების მიბაძვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვერ შევძლებთ სინდისის გაწაფვას და ვერ გავხდებით მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც ბიბლიური პრინციპების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს (ებრ. 5:14). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვითხოვოთ რჩევა. უბრალოდ საჭიროა, ჯერ თავად მოვიძიოთ ინფორმაცია. მაგრამ, თუ ვერ ვხვდებით, რომელი ბიბლიური პრინციპები მიესადაგება ჩვენს სიტუაციას, შეგვიძლია მოწიფულ ქრისტიანს ვთხოვოთ დახმარება.
სანამ რჩევას ვითხოვთ, ჯერ თავად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია (იხილეთ აბზაცი 17).
ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲕᲘᲗᲮᲝᲕᲝᲗ ᲠᲩᲔᲕᲐ
18. რისთვის უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას?
18 იეჰოვამ დიდი ნდობა გამოგვიცხადა და არჩევანის თავისუფლება მოგვცა. თუმცა სახელმძღვანელოდ თავისი სიტყვა, ბიბლია გვიბოძა. მან ისეთი მეგობრებიც გვაჩუქა, რომლებიც გვეხმარებიან, ბიბლიური პრინციპების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილებები. აშკარაა, იეჰოვა ღირსეულად ასრულებს თავის, როგორც მამის როლს (იგავ. 3:21–23). რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ამ ყველაფერს?
19. როგორ გავახაროთ ჩვენი ზეციერი მამა?
19 ნებისმიერ მშობელს ახარებს იმის დანახვა, რომ შვილი სულიერად მოწიფულ ადამიანად ყალიბდება, გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად. ჩვენს ზეციერ მშობელსაც სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ სულიერად ვიზრდებით, ვითხოვთ რჩევებს და მის მოსაწონ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო
a არის სიტუაციები, როცა ქრისტიანს შეუძლია რჩევისთვის შესაბამის სპეციალისტს მიმართოს, თუნდაც ის ღვთის მსახური არ იყოს, მაგალითად, სამედიცინო, ფინანსურ თუ სხვა საკითხებში.
b ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, 39-ე გაკვეთილი, მე-5 პუნქტი და ჩარჩო „გაიგეთ მეტი“.
c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესი რჩევას აძლევს მასზე უფროს თანაუხუცესს, რომელმაც საბჭოს შეხვედრაზე თავშეკავება ვერ გამოიჩინა.