საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ივლისი გვ. 8-13
  • რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲝᲪᲐ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ ᲒᲕᲗᲮᲝᲕᲔᲜ
  • ᲠᲝᲪᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ ᲕᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ
  • ᲓᲠᲝᲣᲚᲐᲓ ᲓᲐ ᲡᲐᲗᲐᲜᲐᲓᲝᲓ ᲛᲘᲪᲔᲛᲣᲚᲘ ᲠᲩᲔᲕᲐ
  • ᲓᲐᲕᲐᲤᲐᲡᲝᲗ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲗ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲛᲠᲩᲔᲕᲚᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა ვითხოვოთ რჩევა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • მიმართეთ უხუცესებს დახმარებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • „ახალისებს გულს“ თქვენი რჩევა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ივლისი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 29

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 87 მოდით და გამოცოცხლდით!

რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები

„თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 32:8).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა დაგვეხმარება, ვიყოთ კარგი მრჩევლები.

1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ რჩევის მიცემა ყველას პასუხისმგებლობაა?

ᲕᲘᲜᲛᲔᲡ რომ ეკითხა თქვენთვის, მარტივია თუ არა რჩევის მიცემა, რას ეტყოდით? ფაქტია, ზოგს რჩევის მიცემა უადვილდება, ზოგს კი, პირიქით, ძალიან ერთულება. როგორც არ უნდა იყოს, დროდადრო ყველას გვიწევს ვინმესთვის რჩევის მიცემა. შეიძლება ითქვას, რომ საჭირო რჩევის მიცემა სიყვარულის ერთგვარი გამოხატულებაა. სიყვარული კი იესოს მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანია (იოან. 13:35). ბიბლიაში ნათქვამია, რომ გულწრფელი რჩევის მიმცემი კარგი მეგობარია (იგავ. 27:9).

2. რისი გაკეთება მართებთ უხუცესებს და რატომ? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რჩევების მიცემა შუა კვირის შეხვედრაზე“).

2 უხუცესები კრებაში მწყემსების როლს ასრულებენ (1 პეტ. 5:2, 3). ამიტომ იეჰოვა და იესო მოელიან, რომ ისინი კარგი მრჩევლებიც იქნებიან. მაგალითად, უხუცესები მოხსენებების დროს აძლევენ კრებას ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს. გარდა ამისა, მათ ცალკეული ქრისტიანებისთვის, მათ შორის ფარას ჩამოშორებულთათვისაც, ევალებათ რჩევის მიცემა. რა დაეხმარება როგორც უხუცესებს, ისე სხვებს, კარგი მრჩევლები იყვნენ?

შუა კვირის შეხვედრის თავმჯდომარე იყენებს ბროშურას „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“, რომ შეაქოს და რჩევა მისცეს მოსწავლეს.

რჩევის მიცემა შუა კვირის შეხვედრაზე

შუა კვირის შეხვედრის თავმჯდომარე საჭირო რჩევებს აძლევს მათ, ვინც დავალებებს წარმოადგენს. ის თითოეულ მოსწავლეს აკვირდება, როგორ ართმევს თავს დავალებაში მოცემულ გაკვეთილს.

დავალების წარმოდგენის შემდეგ თავმჯდომარე გულწრფელად აქებს მოსწავლეს და, საჭიროების შემთხვევაში, იმასაც ტაქტიანად უხსნის, უკეთ როგორ გამოიყენოს გაკვეთილში მოცემული ინფორმაცია. მისი რჩევები არა მხოლოდ მოსწავლეს, არამედ მთელ აუდიტორიას გამოადგება (იგავ. 27:17).

3. ა) ვისგან შეგვიძლია ვისწავლოთ რჩევის მიცემა? (ესაია 9:6; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „მიჰბაძეთ საოცარ მრჩეველს“). ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ბიბლიაში არაერთ კარგ მაგალითს ვხვდებით, თუ როგორ უნდა მივცეთ სხვებს რჩევა. ამ მხრივ განსაკუთრებით მისაბაძი იესოა, რომელსაც „საოცარი მრჩეველი“ ეწოდება (წაიკითხეთ ესაიას 9:6). ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა რჩევას გვთხოვენ ან როცა ეს ჩვენი ინიციატივით უნდა გავაკეთოთ. იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, რჩევა სათანადო დროს და სათანადო სახით მივცეთ.

მიჰბაძეთ საოცარ მრჩეველს

ყურადღება მიაქციეთ, რატომ ეწოდება იესოს „საოცარი მრჩეველი“ და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.

  • იესომ იცოდა, რა უნდა ეთქვა. იესომ მოწაფეებს უთხრა: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოან. 14:10). ის ღვთისგან ბოძებული სიბრძნით იძლეოდა რჩევებს, ამიტომ ყოველთვის იცოდა, ვისთვის რა უნდა ეთქვა.

    რას ვსწავლობთ: შეიძლება დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა, მაგრამ რჩევები ღვთის სიტყვაზე უნდა დავაფუძნოთ და არა საკუთარ შეხედულებებზე.

  • იესომ იცოდა, როდის უნდა ეთქვა. იესო ერთბაშად არ ეუბნებოდა ყველაფერს თავის მოწაფეებს. ის შესაფერის დროს ირჩევდა რჩევის მისაცემად და იმაზე მეტ ინფორმაციას არ აწვდიდა, რის გაგებასაც ვერ შეძლებდნენ (იოან. 16:12).

    რას ვსწავლობთ: თუ ვინმესთვის რჩევის მიცემა გვინდა, ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო უნდა შევარჩიოთ (ეკლ. 3:7). ერთბაშად ყველაფერი არ უნდა ვუთხრათ, რომ არ დავაბნიოთ და გული არ გავუტეხოთ. მხოლოდ ის უნდა ვუთხრათ, რაც კონკრეტულ პრობლემასთან გასამკლავებლად სჭირდება.

  • იესომ იცოდა, როგორ უნდა ეთქვა. იესოს არაერთხელ მოუწია მოციქულებისთვის იმის შეხსენება, რომ თავმდაბლები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ამას ყოველთვის რბილად და პატივისცემით აკეთებდა (მათ. 18:1–5).

    რას ვსწავლობთ: რამდენჯერაც არ უნდა მოგვიწიოს ვინმესთვის ერთი და იგივე რჩევის მიცემა, ეს რბილად და პატივისცემით უნდა გავაკეთოთ.

ᲠᲝᲪᲐ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ ᲒᲕᲗᲮᲝᲕᲔᲜ

4, 5. რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა ვინმე რჩევას გვთხოვს? მოიყვანეთ მაგალითი.

4 როცა ვინმე რჩევას გვთხოვს, შეიძლება გვესიამოვნოს და იმის ცდუნება გაგვიჩნდეს, რომ მაშინვე რამე ვურჩიოთ. მაგრამ ჯობს, იმაზე დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ამ შემთხვევაში კომპეტენტური. თუ არა, აჯობებს, მასთან გადავამისამართოთ, ვინც ამ საკითხში კარგად ერკვევა. ეს ჩვენი მხრიდან საუკეთესო დახმარება იქნება.

5 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, თქვენს მეგობარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მან მოიძია ინფორმაცია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე, თუმცა თქვენი აზრიც აინტერესებს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა. შესაძლოა გაქვთ კიდეც ამ საკითხზე კონკრეტული აზრი, მაგრამ ისიც გესმით, რომ სპეციალისტი არ ხართ და კომპეტენტურ რჩევას ვერ მისცემთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, თუ მეგობარს კვალიფიციური სპეციალისტის მოძებნაში დაეხმარებით.

6. რატომ არ ღირს აჩქარება?

6 მაშინაც კი, თუ კომპეტენტური ვართ, შეიძლება ზოგჯერ ჯობდეს, მაშინვე არ გავცეთ პასუხი. ამ დროს გასათვალისწინებელია იგავების 15:28-ში ჩაწერილი სიტყვები: „მართალი პასუხის გაცემამდე დაფიქრდება“. თუნდაც პასუხი გვქონდეს, შეიძლება ღირდეს, უფრო მეტად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი, ვილოცოთ და ყველაფერი გავაანალიზოთ. ამ შემთხვევაში უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ჩვენი პასუხი იეჰოვას აზრს დაემთხვევა. ამ მხრივ საინტერესოა წინასწარმეტყველ ნათანის მაგალითი.

7. რას გვასწავლის წინასწარმეტყველ ნათანის შემთხვევა?

7 მეფე დავითმა წინასწარმეტყველ ნათანს გაუმხილა, რომ იეჰოვასთვის ტაძრის აშენება სურდა. ნათანმა მაშინვე მოუწონა გადაწყვეტილება ისე, რომ იეჰოვასთვის არაფერი უკითხავს. არადა, როგორც გაირკვა, იეჰოვას დავითი არ აურჩევია ამ საქმისთვის (1 მატ. 17:1–4). ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ არ უნდა ვიჩქაროთ რჩევის მიცემა (იაკ. 1:19).

8. კიდევ რატომ ღირს რჩევის მიცემამდე დაფიქრება?

8 გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. თუ ჩვენს რჩევას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, გარკვეულწილად ჩვენც დაგვეკისრება პასუხისმგებლობა. ასე რომ, ღირს, კარგად დავფიქრდეთ, ვიდრე ვინმეს რამეს ვურჩევთ.

ᲠᲝᲪᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ ᲕᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ

9. რაში უნდა დარწმუნდნენ უხუცესები რჩევის მიცემამდე? (გალატელები 6:1).

9 ზოგჯერ უხუცესებს უწევთ ინიციატივის აღება და იმ თანაქრისტიანისთვის რჩევის მიცემა, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა (წაიკითხეთ გალატელების 6:1). თუ ადამიანი მცდარ ნაბიჯს დგამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სერიოზულ ცოდვას სჩადის, მაგრამ ასეთმა ნაბიჯებმა შეიძლება საბოლოოდ აქამდეც მიიყვანოს. უხუცესების მიზანი ისაა, რომ თანაქრისტიანს სიცოცხლის გზაზე დარჩენაში დაეხმარონ (იაკ. 5:19, 20). თუმცა რჩევის მიცემამდე ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ადამიანმა ნამდვილად გადადგა მცდარი ნაბიჯი. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ გარკვეულ საკითხებში ყველა თავისი განსწავლული სინდისით იღებს გადაწყვეტილებას (რომ. 14:1–4). როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, თუ აშკარად ხედავენ, რომ რჩევის მიცემაა საჭირო?

10–12. როგორ უნდა მოიქცნენ უხუცესები, როცა ვინმეს რჩევას აძლევენ? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

10 როგორც პავლემ აღნიშნა, ზოგმა მცდარი ნაბიჯი შეიძლება გაუაზრებლად გადადგას. ასე რომ, უხუცესები რთული ამოცანის წინაშე დგანან. რჩევის მიცემამდე მათ, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატარონ.

11 ამ სიტუაციაში უხუცესი რაღაცით მიწათმოქმედს ჰგავს, რომელმაც თესლი უნდა დათესოს გამაგრებულ მიწაში. ჯერ მან მიწა უნდა გააფხვიეროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩათესოს თესლი. ბოლოს კი მორწყას, რომ გაღივდეს და აღმოცენდეს. უხუცესმაც წინასწარ უნდა მოამზადოს ნიადაგი. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მან შესაფერისი დრო უნდა შეარჩიოს თანაქრისტიანთან სასაუბროდ და დაარწმუნოს, რომ გულწრფელად ღელავს მასზე. თუ უხუცესს მოსიყვარულე და თანამგრძნობი ადამიანის რეპუტაცია აქვს, მისგან რჩევის მიღებაც უფრო ადვილი იქნება.

12 კიდევ როგორ შეუძლია უხუცესს ნიადაგის მომზადება? საუბრის დროს შეუძლია აღნიშნოს, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და დროდადრო ყველას სჭირდება რჩევა (რომ. 3:23). მან თანაქრისტიანს მშვიდად და პატივისცემით უნდა დაანახოს ბიბლიიდან, თუ რა შეცდომა დაუშვა. თუ ის მიხვდება, რაში შეცდა, უხუცესი, ასე ვთქვათ, თესლს ჩააგდებს ანუ გასაგებად აუხსნის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას შეცდომის გამოსასწორებლად. ბოლოს არც „მორწყვა“ უნდა დაავიწყდეს – გულწრფელად უნდა შეაქოს და მასთან ერთად ილოცოს (იაკ. 5:15).

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია, რით ჰგავს რჩევის მიცემა მიწის დამუშავების პროცესს: 1) ნიადაგის მომზადება: მიწათმოქმედი აფხვიერებს მიწას. უხუცესი თბილად ესაუბრება ძმას; 2) დათესვა: მიწათმოქმედი თესლს თესავს. უხუცესი რჩევის მიცემისას ბიბლიას იყენებს; 3) მორწყვა: მიწათმოქმედი რწყავს ნათესს. უხუცესი ძმასთან ერთად ლოცულობს.

სიყვარული და დელიკატური მიდგომა აადვილებს რჩევის მიღებას (იხილეთ აბზაცები 10–12).


13. რაში უნდა დარწმუნდეს უხუცესი, როცა ვინმეს რჩევას აძლევს?

13 ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანი ვერ მიხვდეს რჩევის არსს. ამიტომ უხუცესმა ტაქტიანი კითხვების მეშვეობით უნდა გაარკვიოს, რამდენად სწორად მიუხვდა მსმენელი სათქმელს (ეკლ. 12:11).

ᲓᲠᲝᲣᲚᲐᲓ ᲓᲐ ᲡᲐᲗᲐᲜᲐᲓᲝᲓ ᲛᲘᲪᲔᲛᲣᲚᲘ ᲠᲩᲔᲕᲐ

14. რატომ არ უნდა მივცეთ ვინმეს რჩევა ცხელ გულზე?

14 არასრულყოფილებიდან გამომდინარე ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ სიტყვითა თუ საქმით ვინმეს გული ვატკინოთ (კოლ. 3:13). ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთი განვარისხოთ კიდეც (ეფეს. 4:26). შესაძლოა ისეთ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რომ ცხელ გულზე ვინმესთვის რჩევის მიცემა მოვინდომოთ. ეს არ იქნება გონივრული ნაბიჯი, რადგან „კაცის რისხვა ხელს უშლის ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:20). ასეთ მდგომარეობაში მიცემული რჩევა სიტუაციას უფრო გაამწვავებს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწყენინებელს არასდროს დავუფიქსიროთ ჩვენი აზრი. თუმცა აჯობებს, ეს მაშინ გავაკეთოთ, როცა შევძლებთ მშვიდად საუბარს. ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევს ელიჰუ.

15. რას ვსწავლობთ ელიჰუსგან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 ელიჰუ არაერთი დღე ისმენდა, როგორ იცავდა იობი თავს ცრუ ბრალდებებისგან. მას გულწრფელად შეებრალა იობი. მაგრამ ბოლოს გული მოუვიდა მასზე, რადგან ბევრი ისეთი რამ თქვა იეჰოვაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, და მეტისმეტად იყო საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. მიუხედავად ამისა, ელიჰუმ თავი შეიკავა, შესაფერის დროს დაელოდა და რბილად და პატივისცემით მისცა იობს რჩევა (იობ. 32:2; 33:1–7). ელიჰუსგან ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ – რჩევა შესაფერის დროს და სათანადოდ ანუ პატივისცემითა და სიყვარულით უნდა იყოს მიცემული (ეკლ. 3:1, 7).

ელიჰუ თანაგრძნობით უსმენს იობს, რომელსაც სხეული წყლულებით აქვს დაფარული.

მართალია, თავიდან ელიჰუს გული მოუვიდა იობზე, მაგრამ რჩევა რბილად და პატივისცემით მისცა (იხილეთ აბზაცი 15).


ᲓᲐᲕᲐᲤᲐᲡᲝᲗ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲗ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲛᲠᲩᲔᲕᲚᲔᲑᲘ

16. რას ვსწავლობთ ფსალმუნის 32:8-დან?

16 ამ სტატიის წამყვან მუხლში ნათქვამია, რომ იეჰოვა თვალს დაიჭერს ჩვენზე და დაგვარიგებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა არა მხოლოდ რჩევებს გვაძლევს, არამედ თვალყურსაც გვადევნებს და მათ გათვალისწინებაში გვეხმარება. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას, როცა ვინმეს რჩევას ვაძლევთ. ჩვენც, ასე ვთქვათ, თვალყური უნდა ვადევნოთ მას, რომ მხარი დავუჭიროთ და რჩევის გათვალისწინებაში დავეხმაროთ.

17. რასთან არიან უხუცესები შედარებული და რატომ? (ესაია 32:1, 2).

17 ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ხან ჩვენ დაგვჭირდება რჩევა, ხან სხვისთვის მოგვიწევს რჩევის მიცემა (2 ტიმ. 3:1). კარგი რჩევის მომცემ უხუცესებს ბიბლია ადარებს „წყლის ნაკადულებს უწყლო მიწაზე“ (წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2). ის და-ძმები, რომლებიც არ ცდილობენ, ჩვენთვის ყურის მაამებლები იყვნენ, არამედ ობიექტურ რჩევებს გვაძლევენ, ფაქტობრივად, გვჩუქნიან „ოქროს ვაშლებს . . . ვერცხლის ლანგარზე“ (იგავ. 25:11). ასე რომ, მოდი კვლავაც დავაფასოთ სასიკეთო რჩევები და ჩვენც ვიყოთ კარგი მრჩევლები.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა რჩევას გვთხოვენ?

  • რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა საკუთარი ინიციატივით ვაძლევთ ვინმეს რჩევას?

  • რატომ არ უნდა მივცეთ ვინმეს რჩევა ცხელ გულზე?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება