ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 33
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“
დარწმუნებული იყავით იეჰოვას სიყვარულში
„იმიტომ დაგიახლოვე, რომ ურყევია შენდამი ჩემი სიყვარული“ (ᲘᲔᲠ. 31:3).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომაა მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულში და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
1. რატომ მიუძღვენით თავი იეჰოვას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
ᲠᲐᲢᲝᲛ მიუძღვენით თავი იეჰოვას? იმიტომ, რომ გაიცანით ის და შეიყვარეთ. თქვენ მას აღუთქვით, რომ მისი მსახურება უმთავრესი იქნებოდა თქვენს ცხოვრებაში და მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით გეყვარებოდათ (მარ. 12:30). დროთა განმავლობაში ის უფრო მეტად შეგიყვარდათ. ახლა ვინმემ რომ გკითხოთ, გიყვართ თუ არა იეჰოვა, უყოყმანოდ უპასუხებთ, რომ ყველაზე მეტად ის გიყვართ.
გაიხსენეთ, რატომ მიუძღვენით თავი იეჰოვას და მოინათლეთ (იხილეთ აბზაცი 1).
2, 3. რა სურს იეჰოვას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იერემია 31:3).
2 მოდი ახლა კითხვა შევაბრუნოთ: დარწმუნებული ხართ, რომ იეჰოვას უყვარხართ? შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდეთ, რადგან ფიქრობთ, რომ ის თქვენნაირ ადამიანს ვერ შეიყვარებს. აი რას ამბობს ერთი და, რომელიც უსიყვარულო გარემოში გაიზარდა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვა მიყვარს. თუმცა ხშირად მაფიქრებს, მას თუ ვუყვარვარ“. საინტერესოა, სინამდვილეში რას გრძნობს იეჰოვა თქვენ მიმართ?
3 იეჰოვას სურს, რომ ეჭვი არ გეპარებოდეთ მის სიყვარულში (წაიკითხეთ იერემიას 31:3). მას რომ არ ჰყვარებოდით, არც დაგიახლოებდათ. მას შემდეგ კი, რაც თავი მიუძღვენით და მოინათლეთ, თქვენდამი მისი სიყვარული უფრო გაძლიერდა. ბიბლიაში იმ გრძნობას, რომელსაც იეჰოვა თავისი მსახურების, მათ შორის თქვენ მიმართ ავლენს, „ურყევი სიყვარული“ ეწოდება. გარდა ამისა, იეჰოვა თავის მსახურებს ძვირფას საკუთრებად მიიჩნევს (მალ. 3:17). მას უნდა, რომ პავლესავით თქვენც თამამად შეგეძლოთ შემდეგი სიტყვების თქმა: „მჯერა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“ (რომ. 8:38, 39). ქვემოთ ვიმსჯელებთ, რატომაა მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულში და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
ᲠᲐᲢᲝᲛᲐᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ, ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲨᲘ
4. რა არის საჭირო, რომ წინ აღვუდგეთ ეშმაკის მზაკვრულ ხრიკს?
4 თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას სიყვარულში, წინ აღვუდგებით სატანის მზაკვრულ ხრიკს (ეფეს. 6:11). სატანა არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ უარი გვათქმევინოს იეჰოვას მსახურებაზე. ამ მიზნით ის არაერთ ხრიკს მიმართავს, მაგალითად ცდილობს, დაგვაეჭვოს იეჰოვას სიყვარულში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სატანა ლომს ჰგავს, რომელიც უსაფრდება დაუცველ მსხვერპლს (1 პეტ. 5:8, 9). ხშირად ის მაშინ გვესხმის თავს, როცა ემოციურად დათრგუნულები ვართ წარსულში მომხდარის, დღევანდელი პრობლემებისა თუ მომავლის შიშის გამო (იგავ. 24:10). მან კარგად იცის, რომ ემოციურად დათრგუნულ ადამიანს უფრო ადვილად დაათმობინებს პოზიციას. თუ გვინდა, რომ წინ აღვუდგეთ ეშმაკს და მის მზაკვრულ ხრიკებს, საკუთარი თავი იეჰოვას სიყვარულში უნდა დავარწმუნოთ (იაკ. 4:7).
5. რატომაა მნიშვნელოვანი, ვგრძნობდეთ იეჰოვას სიყვარულს?
5 თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას სიყვარულში, უფრო დავუახლოვდებით მას. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? იეჰოვამ ჩვენში სიყვარულის მოთხოვნილება ჩადო. ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა, ვუყვარდეთ და გვიყვარდეს. როცა ვინმეს მხრიდან სიყვარულს ვგრძნობთ, ჩვენი საპასუხო რეაქციაც სიყვარულია. ასე რომ, რაც უფრო მეტად ვიგრძნობთ იეჰოვას სითბოსა და სიყვარულს, ჩვენც უფრო მეტად შევიყვარებთ მას (1 იოან. 4:19). თანაც ეს უწყვეტი პროცესია. ბიბლიაში ამიტომაც არის ნათქვამი: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). მოდი ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ დავრწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულში.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲨᲘ
6. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ დარწმუნებული არ ხართ იეჰოვას სიყვარულში?
6 ხშირად და კონკრეტულად ილოცეთ (ლუკ. 18:1; რომ. 12:12). სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახოთ თქვენდამი მისი დამოკიდებულება, რომ სწორად შეაფასოთ საკუთარი თავი. უკან ნუ დაიხევთ, თუნდაც დღის განმავლობაში ბევრჯერ მოგიწიოთ ამის თხოვნა. ფაქტია, თვითკრიტიკული განწყობის შეცვლა ადვილი არ არის. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა თქვენს გულზე დიდია (1 იოან. 3:19, 20). ის იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ იცნობთ საკუთარ თავს და იმაზე მეტსაც ხედავს, ვიდრე თქვენ (1 სამ. 16:7; 2 მატ. 6:30). ასე რომ, ნუ მოგერიდებათ მისთვის გულის გადმოღვრა და იმის თხოვნა, რომ დაგარწმუნოთ თავის სიყვარულში (ფსალმ. 62:8). ლოცვასთან ერთად შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგით, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.
7, 8. როგორ გვარწმუნებს ფსალმუნები იეჰოვას სიყვარულში?
7 ენდეთ იეჰოვას სიტყვებს. ღვთივშთაგონებულმა ბიბლიის დამწერებმა აღგვიწერეს იეჰოვას პიროვნება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალმა დავითმა ის ასეთი თბილი სიტყვებით დაახასიათა: „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმ. 34:18). გულგატეხილობის დროს შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ თქვენი არავის ესმის. მაგრამ ის გპირდებათ, რომ მარტო არ დაგტოვებთ, რადგან ასეთ დროს ყველაზე მეტად გჭირდებათ მისი დახმარება. კიდევ ერთ ფსალმუნში დავითმა დაწერა: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (ფსალმ. 56:8). იეჰოვა ხედავს თქვენს გასაჭირს და მთელი გულით თანაგიგრძნობთ. ის, ასე ვთქვათ, აგროვებს თქვენს ცრემლებს. თითოეული ცრემლი ისეთივე ძვირფასია იეჰოვასთვის, როგორც ხრიოკ ადგილზე მოგზაურისთვის ტიკში შენახული წყლის ყოველი წვეთი. ფსალმუნის 139:3-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „შენთვის ცნობილია ჩემი გზები“. მართალია, მან ყველაფერი იცის თქვენ შესახებ, მაგრამ აქცენტს კარგზე აკეთებს (ებრ. 6:10). და ეს იმიტომ, რომ ხედავს, როგორ ცდილობთ, მის მოსაწონად მოიქცეთ და აფასებს ამას.a
8 რისი თქმა სურს იეჰოვას თქვენთვის ასეთი მუხლებით? ფაქტობრივად, ის გეუბნებათ: „იცოდე, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენ გვერდით მიგულე“. ასე რომ, თუ სატანა შეეცდება, თავს მოგახვიოთ ის აზრი, რომ იეჰოვას არ უყვარხართ, დაფიქრდით: ვის უნდა დავუჯერო – „სიცრუის მამას“ თუ „ჭეშმარიტების ღმერთს“? (იოან. 8:44; ფსალმ. 31:5).
9. რას ჰპირდება იეჰოვა თავის მოყვარულთ? (გამოსვლა 20:5, 6).
9 დაფიქრდით, რით პასუხობს იეჰოვა თქვენს სიყვარულს. ამ მხრივ საინტერესოა, რა უთხრა იეჰოვამ მოსესა და ისრაელებს (წაიკითხეთ გამოსვლის 20:5, 6; სქ.). იეჰოვამ პირობა დადო, რომ თავის მოყვარულთა მიმართ ურყევ სიყვარულს გამოიჩენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასოდეს კრავს ხელს მათ, ვისაც უყვარს ის (ნეემ. 1:5). ასე რომ, თუ ზოგჯერ ეჭვი შეგეპარებათ მის სიყვარულში, საკუთარ თავს უთხარით: ხომ მიყვარს იეჰოვა და ყველანაირად ვცდილობ, გული გავუხარო მას, ესე იგი, მასაც ძალიან ვუყვარვარ (დან. 9:4; 1 კორ. 8:3). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, თქვენი სიყვარული იმის უტყუარი დასტურია, რომ იეჰოვასაც უყვარხართ. მის სიყვარულს კი ვერაფერი შეარყევს.
10, 11. რა უნდა გახსოვდეთ, როცა გამოსასყიდზე ფიქრობთ? (გალატელები 2:20).
10 იფიქრეთ გამოსასყიდზე. გამოსასყიდი იეჰოვასგან ნაბოძები უდიდესი საჩუქარია არა მხოლოდ კაცობრიობისთვის, არამედ პირადად თქვენთვის (იოან. 3:16). ამაზე მოწმობს მოციქულ პავლეს მაგალითი. წარსულში მას არაერთი სერიოზული ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და გაქრისტიანების შემდეგაც ებრძოდა სისუსტეებს (რომ. 7:24, 25; 1 ტიმ. 1:12–14). მიუხედავად ამისა, ის თვლიდა, რომ გამოსასყიდი პირადად მისთვისაც იყო გაღებული (წაიკითხეთ გალატელების 2:20). ეს არ ყოფილა პავლეს სუბიექტური შეფასება. მან ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით დაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სურს, რაღაც დაგვანახოს (რომ. 15:4). მას უნდა, რომ პავლეს მსგავსად გამოსასყიდი პირადად თქვენთვის გაკეთებულ საჩუქრად ჩათვალოთ. ამ შემთხვევაში უფრო მეტად დარწმუნდებით თქვენდამი იეჰოვას სიყვარულში.
11 ჩვენ მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ იესო შემოგვწირა. თუმცა ეს არ ყოფილა იესოს დედამიწაზე მოსვლის ერთადერთი მიზანი. მას სიმართლე უნდა გაეცხადებინა ღვთის შესახებ (იოან. 18:37). ეს იმასაც გულისხმობდა, რომ ხალხისთვის დაენახებინა, რა ძლიერ უყვარს იეჰოვას თავისი მიწიერი შვილები.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ ᲘᲔᲡᲝ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲨᲘ
12. რატომ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რასაც იესო იეჰოვას შესახებ ეუბნებოდა ხალხს?
12 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს სიამოვნებდა ხალხთან იეჰოვაზე საუბარი (ლუკ. 10:22). რატომ უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც იესო ღვთის შესახებ ეუბნებოდა მათ? დავიწყოთ იქიდან, რომ მას ყველაზე დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა იეჰოვასთან (კოლ. 1:15). მან საკუთარ თავზეც გამოსცადა მისი სიყვარული და ისიც დაინახა, რა ძლიერ უყვარდა იეჰოვას თავისი ერთგული მსახურები. მოდი გავიგოთ, როგორ გვარწმუნებს იესო იეჰოვას სიყვარულში.
13. რისი დანახვება სურს იესოს ჩვენთვის?
13 იესოს სურს, დაგვანახოს, სინამდვილეში ვინ არის იეჰოვა ჩვენთვის. სახარებებში მან იეჰოვა 160-ზე მეტჯერ მოიხსენია „მამად“. ის თავის მოწაფეებსაც ხშირად ეუბნებოდა, რომ იეჰოვა მათი მამაც იყო (მათ. 5:16; 6:26). ბიბლიის სასწავლო გამოცემაში მათეს 5:16-თან დაკავშირებით ნათქვამია: „ძველად მცხოვრები ღვთის მსახურები იეჰოვასთან მიმართებით ისეთ წოდებებს იყენებდნენ, რომლებიც მის აღმატებულებას უსვამდა ხაზს, მაგალითად, „ყოვლისშემძლე“, „უზენაესი“ და „დიდებული შემოქმედი“. იესო კი ხშირად მას უბრალოდ „მამად“ მოიხსენიებდა, რითაც ხაზს უსვამდა, როგორ სიახლოვეს გრძნობდა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებთან“. აშკარაა, იესოს სურს, რომ მის მსგავსად ჩვენც მოსიყვარულე მამად მივიჩნიოთ იეჰოვა. ქვემოთ განვიხილავთ ორ შემთხვევას, როცა იესომ იეჰოვა „მამად“ მოიხსენია.
14. როგორ დაგვანახა იესომ, რომ თითოეული ჩვენგანი ძვირფასი ვართ ზეციერი მამისთვის? (მათე 10:29–31; იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 თავიდან დავფიქრდეთ მათეს 10:29–31-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილ იესოს სიტყვებზე. პაწაწინა ბეღურაც კი, რომელსაც არც ღვთის სიყვარული გააჩნია და არც მისი თაყვანისცემა შეუძლია, იმდენად ძვირფასია ჩვენი ზეციერი მამისთვის, რომ მიწაზე არცერთი მათგანის დაცემა არ გამორჩება. მაშ, რამდენად უფრო ძვირფასია იეჰოვასთვის თითოეული ადამიანი, რომელიც სიყვარულით ემსახურება. 30-ე მუხლში ისიცაა ნათქვამი, რომ იეჰოვას ჩვენს თავზე თმაც დათვლილი აქვს. ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ამ სიტყვებთან დაკავშირებით ნათქვამია: „ასეთი წვრილმანი დეტალების ცოდნა იმის უტყუარი დასტურია, რომ იეჰოვა ქრისტეს არცერთ მიმდევარს არ მოაკლებს მზრუნველობას“. აშკარაა, იესოს სურს, რომ ზეციერი მამის სიყვარულში ვიყოთ დარწმუნებული.
თუკი ერთი პაწაწინა ბეღურა იმდენად ძვირფასია იეჰოვასთვის, რომ მიწაზე მისი დაცემაც კი არ გამორჩება, მით უმეტეს თქვენ, მისი მსახური, ძვირფასი არ ხართ მისთვის?! (იხილეთ აბზაცი 14)
15. რას ვიგებთ ზეციერი მამის შესახებ იოანეს 6:44-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?
15 წაიკითხეთ იოანეს 6:44. ამ მუხლშიც იესომ იეჰოვა „მამად“ მოიხსენია და ხაზი გაუსვა იმას, რომ ზეციერმა მამამ თითოეული ჩვენგანი თავად მიგვიზიდა ჭეშმარიტებისკენ. რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ ჩვენში რაღაც კარგი დაინახა (საქ. 13:48). ბიბლიის სასწავლო გამოცემაში იოანეს 6:44-თან დაკავშირებით ნათქვამია, რომ შესაძლოა იესოს იერემიას შემდეგი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში: „იმიტომ დაგიახლოვე, რომ ურყევია შენდამი ჩემი სიყვარული“ (იერ. 31:3; შეადარეთ ოსიას 11:4). რაზე მიგვანიშნებს ეს სიტყვები? ზეციერმა მამამ მხოლოდ მაშინ არ დაინახა ჩვენში რაღაც კარგი, როცა დაგვიახლოვა. იმ დღიდან მოყოლებული ის ამჩნევს ჩვენში კარგს, თუნდაც თავად ვერ ვხედავდეთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი სიყვარული ურყევია.
16. ა) რისი თქმა სურს იესოს ჩვენთვის და რატომ არ უნდა შევიტანოთ ეჭვი მის სიტყვებში? ბ) კიდევ რა დაგეხმარებათ, უფრო მეტად დარწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულში? (იხილეთ ჩარჩო „საუკეთესო მამა“).
16 რისი თქმა სურდა იესოს, როცა იეჰოვა მამად გაგვაცნო? ფაქტობრივად, მან გვითხრა: „იეჰოვა მხოლოდ ჩემი მამა კი არა, მამათქვენიცაა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მას ძალიან უყვარხართ და თითოეულ თქვენგანზე ზრუნავს“. ასე რომ, თუ ზოგჯერ იეჰოვას სიყვარულში ეჭვი შეგეპარებათ, დაფიქრდით: მაქვს მიზეზი, არ ვენდო იესოს, რომელიც საუკეთესოდ იცნობს მამას და მის შესახებ ყოველთვის სიმართლეს ამბობს? (1 პეტ. 2:22).
ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲣᲙᲕᲘᲠᲓᲘᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ
17. რატომ უნდა დავუკვირდეთ ყოველთვის, თუ როგორ გვიმტკიცებს იეჰოვა თავის სიყვარულს?
17 როგორც დავინახეთ, ჩვენი დაუნდობელი მტერი, სატანა, არაფერზე დაიხევს უკან, რომ უარი გვათქმევინოს იეჰოვას მსახურებაზე. ამიტომ ის შეეცდება, რომ დაგვაეჭვოს იეჰოვას სიყვარულში. ეს რომ არ მოხდეს და სატანამ არ გვაჯობოს, ყოველთვის უნდა დავუკვირდეთ, როგორ გვიმტკიცებს იეჰოვა თავის სიყვარულს (იობ. 27:5).
18. როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულში?
18 იეჰოვას სიყვარულში დასარწმუნებლად სთხოვეთ მას, დაგეხმაროთ საკუთარი თავის სწორად შეფასებაში. დაუკვირდით, როგორ აღგვიწერეს ბიბლიის დამწერებმა თავისი მსახურებისადმი იეჰოვას თბილი დამოკიდებულება და იმაზეც დაფიქრდით, როგორ პასუხობს ის თქვენს სიყვარულს. იეჰოვა ხელს არასდროს ჰკრავს თავის მოყვარულთ. ისიც გახსოვდეთ, რომ მან გამოსასყიდი პირადად თქვენთვისაც გაიღო. გჯეროდეთ იესოს სიტყვების, რომ იეჰოვა თქვენი ზეციერი მამაა. ამ შემთხვევაში, თუ ვინმე გკითხავთ, დარწმუნებული ხართ თუ არა იეჰოვას სიყვარულში, უყოყმანოდ უპასუხებთ: „ამაში ოდნავაც არ მეპარება ეჭვი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც დავუმტკიცო სიყვარული“.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 154 „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
a სხვა მუხლები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულში დაგარწმუნებთ, იხილეთ წიგნში „ბიბლია – ცხოვრების გზამკვლევი“, საკითხი „უღირსობის გრძნობა“.