ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 41
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს
ღვთის სიყვარული მარადიულია
„მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი; მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 136:1).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დაინახავთ, რატომ უნდა შეხედოთ ღვთის სიყვარულს, როგორც ძირითად ბიბლიურ სწავლებას და როგორ დაგეხმარებათ ეს, თუ ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადიხართ.
1, 2. რას განიცდის ბევრი ქრისტიანი?
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ გემი, რომელიც ქარიშხალში მოყვა და აზვირთებული ტალღები არყევს. დინებამ შორს რომ არ გაიტაცოს, ვინმემ ღუზა უნდა ჩაუშვას. სხვაგვარად გემი წონასწორობასაც ვერ შეინარჩუნებს.
2 რთულ სიტუაციაში შესაძლოა თავი ისე იგრძნოთ, თითქოს ბობოქარ ტალღებს ებრძვით. ასეთ დროს შეიძლება ხშირად შეგეცვალოთ გუნება-განწყობილება. თუ ერთ დღეს დარწმუნებული ხართ იეჰოვას სიყვარულსა და თანადგომაში, მეორე დღეს ფიქრობთ, რომ მან მიგატოვათ (ფსალმ. 10:1; 13:1). ამ დროს მეგობრის თბილი სიტყვებით თითქოს სულს მოითქვამთ და ცხოვრების ხალისს იბრუნებთ (იგავ. 17:17; 25:11). მაგრამ დრო გადის და ეჭვები ისევ თავს იჩენს. ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობთ, რომ იეჰოვას თვალში არანაირი ფასი აღარ გაქვთ. როგორ შეძლებთ ამ დროს „ღუზის ჩაშვებას“ და ემოციური ბალანსის შენარჩუნებას? სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, როგორ დარწმუნდებით, რომ იეჰოვას უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე, და რომ ეს უცვლელი ფაქტია?
3. ა) რა იგულისხმება ურყევ სიყვარულში, რომელზეც ფსალმუნის 31:7 და 136:1 საუბრობს? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ამ მხრივ შეუდარებელ მაგალითს გვაძლევს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
3 როცა რთული პერიოდი გვიდგას, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენდამი იეჰოვას სიყვარული ურყევია (წაიკითხეთ ფსალმუნის 31:7, სქ.; 136:1). „ურყევ სიყვარულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა თბილი დამოკიდებულებისა და ემოციური მიჯაჭვულობის მნიშვნელობას ატარებს. ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ იეჰოვასავით ვერავინ შეგიყვარებთ. ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ „გულუხვია ურყევ სიყვარულში“ (გამ. 34:6, სქ., 7). ღვთის სიტყვაში ისიც წერია: „ურყევ სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს“ (ფსალმ. 86:5, სქ.). რას გვეუბნება ამ მუხლებში ჩაწერილი სიტყვები? იმას, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს! იმის ცოდნა, რომ მას ურყევი სიყვარულით ვუყვარვართ, ისევე დაგვიცავს, როგორც ღუზა იცავს გემს ქარიშხლიან ამინდში (ფსალმ. 23:4).
როგორც ღუზა აკავებს გემს შტორმის დროს, ისე იმის ღრმა რწმენა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, სირთულეების დროს ემოციურ ბალანსს გვინარჩუნებს (იხილეთ აბზაცი 3).
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐᲡᲐᲕᲘᲗ ᲨᲔᲮᲔᲓᲔᲗ
4. მოიყვანეთ ზოგიერთი ბიბლიური სწავლება და ახსენით, რატომაა ისინი უტყუარი.
4 რთული სიტუაციების ატანას ისიც გაგიადვილებთ, თუ ღვთის სიყვარულს ძირითადი ბიბლიური სწავლების ჭრილში შეხედავთ. ზოგადად როგორ გესმით ფრაზა „ძირითადი ბიბლიური სწავლება?“ შეიძლება თქვათ, რომ ეს არის მოძღვრება, რომელიც ბიბლიას ეფუძნება. მაგალითად ის, რომ ღმერთის სახელი იეჰოვაა, იესო ღვთის მხოლოდშობილი ძეა, მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და დედამიწაზე სამოთხე აღდგება, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმ. 83:18; ეკლ. 9:5; იოან. 3:16; გამოცხ. 21:3, 4). მას შემდეგ, რაც დარწმუნდით ამ სწავლებების უტყუარობაში, ეჭვი აღარ შეგპარვიათ. რატომ? იმიტომ რომ თავის დროზე კარგად გაეცანით ფაქტებს და არგუმენტებს. თუ იეჰოვას სიყვარულშიც ისევე დარწმუნებული იქნებით, როგორც სხვა ძირითად ბიბლიურ სწავლებებში, არ გაგიჩნდებათ განცდა, რომ იეჰოვამ მიგატოვათ და აღარ ზრუნავს თქვენზე. მოდი ამ საკითხზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვიმსჯელოთ.
5. როგორ იშორებს ადამიანი ცრუ სწავლებას?
5 გაიხსენეთ, რა დაგეხმარათ ცრუ სწავლებების მოშორებაში, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ. ალბათ თქვენი რელიგიური მრწამსი ბიბლიურ სწავლებებს შეადარეთ. მაგალითად, შესაძლოა გწამდათ, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთი იყო, თუმცა შესწავლის პროცესში კითხვა გაგიჩნდათ, შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს. შემდეგ კი ბიბლიური მუხლები გამოიკვლიეთ და დარწმუნდით, რომ ეს ასე არაა. ასე უარყავით ცრუ სწავლება და ირწმუნეთ, რომ იესო არის „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“, „ღვთის მხოლოდშობილი ძე“ (კოლ. 1:15; იოან. 3:18). შეიძლება ითქვას, რომ ცრუსწავლებები ციხესიმაგრესავითაა, რომელთა „დამხობაც“ ადვილი არ არის (2 კორ. 10:4, 5). მაგრამ, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას იგებს, ჩვეულებრივ, მათ აღარასოდეს უბრუნდება (ფილ. 3:13).
6. რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ მარადიული და ურყევია იეჰოვას სიყვარული?
6 იგივე მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როცა საქმე ღვთის სიყვარულს ეხება. თუ ღვთის სიყვარულში ეჭვი იმიტომ გეპარებათ, რომ ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი გიდგათ, დაფიქრდით, რამდენად სწორი იქნებოდა ასეთი დასკვნის გაკეთება. წაიკითხეთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის სიყვარულზე ფსალმუნის 136:1-ში, რომელსაც ეს სტატია ეფუძნება. რატომ უსვამს ფსალმუნმომღერალი ხაზს იმას, რომ ღვთის სიყვარული ურყევია? ან რატომ არის ამ ფსალმუნში 26-ჯერ ნახსენები ფრაზა „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“? ამ კითხვებზე დაფიქრება დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვას ურყევ სიყვარულსაც ისე შევხედოთ, როგორც ფუნდამენტურ ბიბლიურ სწავლებას. ანუ ეს მოცემულობაც ისევე უნდა მივიღოთ, როგორც თავის დროზე სხვა ძირითადი ბიბლიური სწავლებები. შესაბამისად ის აზრი, რომ იეჰოვას არ ვუყვარვართ და მის თვალში ფასი არ გვაქვს, ცრუ სწავლებასავითაა. მისგანაც ისევე უნდა გავთავისუფლდეთ, როგორც თავის დროზე სხვა ცრუ სწავლებებისგან გავთავისუფლდით.
7. რომელ ბიბლიურ მუხლებს მოიყვანდით იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?
7 ბიბლიაში კიდევ არაერთ ადგილასაა საუბარი, თუ როგორ ვუყვარვართ იეჰოვას. მაგალითად, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათ. 10:31). იეჰოვაც არწმუნებდა თავის ხალხს: „მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები, ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ!“ (ეს. 41:10). დააკვირდით, ორივე შემთხვევაში როგორ მკაფიოდ და არაორაზროვნადაა გადმოცემული სათქმელი. როცა იესო ამბობს, უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართო, ის ვარაუდს კი არ გამოთქვამს, როგორც ფაქტს, ისე ამბობს. ალბათობა არც იეჰოვას ნათქვამში ჩანს, როცა ამბობს, დაგეხმარებიო. ასე რომ, როდესაც ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, ასეთი მუხლები მხოლოდ განწყობას კი არ გამოგიკეთებთ, ღვთის სიყვარულში დაგარწმუნებთ. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ამ სიტყვებს ფაქტები ამყარებს. თუ ილოცებთ და ჩაუღრმავდებით ამ ბიბლიურ მუხლებს, თქვენც გაიზიარებთ 1 იოანეს 4:16-ში ჩაწერილს: „ჩვენ დავინახეთ და გვჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ“.a
8. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანდახან მაინც გეპარებათ ეჭვი იეჰოვას სიყვარულში?
8 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ზემოთ განხილულის მიუხედავად ხანდახან მაინც გეპარებათ ეჭვი იეჰოვას სიყვარულში? დაფიქრდით, რა გრძნობებიც ამ დროს გეუფლებათ, რამდენად მოდის თანხვედრაში იმასთან, რაც იეჰოვას შესახებ იცით. გახსოვდეთ, გრძნობებს შეიძლება არანაირი ფაქტი არ ედოს საფუძვლად. მეორე მხრივ, რასაც ბიბლია იეჰოვას სიყვარულზე გვასწავლის, უცვლელი ჭეშმარიტებაა. ასე რომ, რასაც არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს ფაქტი არ შეიცვლება, სიყვარული ყოველთვის იქნება იეჰოვას უმთავრესი თვისება (1 იოან. 4:8).
ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ „ᲛᲐᲛᲐᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲮᲐᲠᲗ“
9, 10. რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „მამას უყვარხართ“? (იოანე 16:26, 27; იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 იოანეს სახარებაში ჩაწერილი იესოს სიტყვები „მამას უყვარხართ“ იეჰოვას სიყვარულს საინტერესო კუთხით გვანახვებს (წაიკითხეთ იოანეს 16:26, 27). კონტექსტიდან ვიგებთ, რომ იესოს მიზანი ამ შემთხვევაში მაინცდამაინც მოწაფეების გამხნევება არ ყოფილა. ის სინამდვილეში სულ სხვა თემაზე, ლოცვაზე საუბრობდა.
10 იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მისთვის კი არ მიემართათ ლოცვით, მისი სახელით ელოცათ (იოან. 16:23, 24). რატომ იყო მნიშვნელოვანი მათთვის ამის ცოდნა? იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მოწაფეებს შესაძლოა სურვილი გასჩენოდათ, მისთვის მიემართათ ლოცვით, რადგან მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შეიძლება ეფიქრათ, რომ რადგან იესოს უყვარდა ისინი, მთელი გულით მოისმენდა მათ სათხოვარს და მამასთან სიტყვას შეაწევდა. ასე რომ არ ეფიქრათ, ალბათ ამიტომაც უთხრა იესომ მოწაფეებს: „მამას უყვარხართ“. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იეჰოვას იმდენად ვუყვარვართ, სურს, რომ თავად მოგვისმინოს და გვიპასუხოს ლოცვაზე. ამ საკითხსაც ისე უნდა შევხედოთ, როგორც ბიბლიის ერთ-ერთ ძირითად სწავლებას. ღვთის სიტყვის მეშვეობით ჩვენც ახლოს გავიცანით იესოს პიროვნება, შევიყვარეთ ის და მისი მოწაფეები გავხდით (იოან. 14:21). ასე რომ, პირველი საუკუნის მოწაფეების მსგავსად ჩვენც იეჰოვას უნდა მივმართოთ ლოცვით და ერთი წამითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ მას ძალიან ვუყვარვართ. როცა ღმერთს ლოცვით მივმართავთ, ვაჩვენებთ, რომ გვჯერა იესოს სიტყვების: „მამას უყვარხართ“ (1 იოან. 5:14).
„მამას უყვარხართ“, ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის მოგისმენთ (იხილეთ აბზაცები 9, 10).b
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲘᲩᲜᲓᲔᲑᲐᲗ ᲔᲭᲕᲔᲑᲘ
11. რატომ გაახარებს სატანას, თუ იეჰოვას სიყვარულში დავეჭვდებით?
11 რამ შეიძლება დაგვაეჭვოს იეჰოვას სიყვარულში? შესაძლოა მიზეზად სატანა დაასახელოთ, რაც ნაწილობრივ მართალიც იქნება. ის ხომ მბრდღვინავ ლომთანაა შედარებული, რომელიც სიამოვნებით „გადაგვყლაპავდა“. შესაბამისად, როცა იეჰოვას სიყვარულში შეგვაქვს ეჭვი, ეს სწორედ სატანას აძლევს ხელს (1 პეტ. 5:8). არადა იეჰოვას სიყვარულზე არ მეტყველებს ის, რომ გამოსასყიდი გაიღო ჩვენთვის?! სატანას კი სურს, გვაფიქრებინოს, რომ ჩვენნაირ ცოდვილებს გამოსასყიდიც ვერ უშველის (ებრ. 2:9). ასე რომ, თუ სირთულეების დროს დავნებდებით და იეჰოვას მსახურებაზე გულს ავიცრუებთ, ამით სატანის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ისე როგორი ირონიულია: სატანა ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ჩვენც იმ რეალობაში ვართ, რაშიც თავად აღმოჩნდა – სინამდვილეში მან დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა და სიყვარული. ასე რომ, ეჭვები: „იეჰოვას არ ვუყვარვარ“ ან „ზურგი მაქცია“, მის მიერ დაგებული ხაფანგია, რომელშიც არ უნდა გავებათ (ეფეს. 6:11). როცა ვიცით ჩვენი მტრის ჩანაფიქრი, უფრო გვიძლიერდება იმის სურვილი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მას (იაკ. 4:7).
12, 13. კიდევ რამ შეიძლება დაგვაეჭვოს იეჰოვას სიყვარულში?
12 იეჰოვას სიყვარულში ადამიანს შეიძლება სხვა მიზეზის გამოც შეეპაროს ეჭვი, და ეს მიზეზი ჩვენი ცოდვილი ბუნებაა (ფსალმ. 51:5; რომ. 5:12). ცოდვამ ადამიანი ღმერთთან დააშორა და უარყოფითი გავლენა იქონია მის აზროვნებაზე, ემოციურ მდგომარეობასა თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
13 რადგან ცოდვამ ჩვენს ემოციურ მდგომარეობასაც დაატყო თავისი კვალი, ზოგჯერ დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა გვიჩნდება. ასეთი უარყოფითი გრძნობები მხოლოდ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ ეუფლება ადამიანს, ისედაც შეიძლება გაუჩნდეს არასრულყოფილების გამო. ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა ძალიან შორის არის იმისგან, რაც იეჰოვას ჩვენთვის ჰქონდა ჩაფიქრებული (რომ. 8:20, 21). როგორც დაშვებული საბურავით ვერ დადის გამართულად ავტომობილი, ისე არასრულყოფილი ადამიანი ვერ იყენებს მისთვის ბოძებულ შესაძლებლობებს სრულფასოვნად. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, მაშინ გასაგებია, რატომ შეიძლება დავეჭვდეთ ზოგჯერ იეჰოვას სიყვარულში. ასეთ დროს უნდა შევიხსენოთ „ნეემიაში“ ჩაწერილი სიტყვები: „[ურყევია] შენი სიყვარული შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ!“ (ნეემ. 1:5).
14. როგორ გვეხმარება გამოსასყიდზე ფიქრი, ეჭვი არ შევიტანოთ იეჰოვას სიყვარულში? (რომაელები 5:8; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „წინ აღუდექით ცოდვის მაცდუნებელ ძალას“).
14 ზოგჯერ ისეთი ფიქრებიც შემოგვეპარება ხოლმე, რომ იეჰოვას სიყვარულს არ ვიმსახურებთ. თუ დამსახურებაზე ვსაუბრობთ, ამას არც არავინ ვიმსახურებთ. მაგრამ გასაოცარი სწორედ ის არის, რომ იეჰოვას მაინც ვუყვარვართ. გამოსასყიდიც სიყვარულის ნიშნად გაიღო და ცოდვილი მდგომარეობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა მოგვცა (1 იოან. 4:10). იესოც ხომ ცოდვილთა სახსნელად მოვიდა და არა უცოდველთა (წაიკითხეთ რომაელების 5:8). ცხადია, სრულყოფილად ვერანაირი საქმე ვერ გამოგვივა და, პრინციპში, არც იეჰოვა მოელის ამას. როცა ვიაზრებთ, რომ ცოდვილი ბუნების გამო გვეპარება ეჭვი იეჰოვას სიყვარულში, უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა, ასეთი ფიქრებისგან გავთავისუფლდეთ (რომ. 7:24, 25).
ᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
15, 16. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუ იეჰოვას ვუერთგულებთ და რატომ? (2 სამუელი 22:26).
15 იეჰოვას არ სურს, ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რაც ჩამოგვაშორებს მას (კან. 30:19, 20). ერთ რამეში დარწმუნებული უნდა ვიყოთ: ჩვენს ერთგულებას ისიც ერთგულებით უპასუხებს (წაიკითხეთ 2 სამუელის 22:26). თუ იეჰოვა დაინახავს, რომ მისადმი ერთგულება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმის იმედიც შეგვიძლია გვქონდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაგვეხმარება.
16 როგორც უკვე ვიმსჯელეთ, რთულ სიტუაციებშიც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ ემოციური ბალანსი. ამის რამდენიმე მიზეზიც განვიხილეთ. იეჰოვას რომ ვუყვარვართ და მხარს გვიჭერს, ეს უცვლელი ფაქტია და ამას ისე უნდა შევხედოთ, როგორც ბიბლიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სწავლებას. მაგრამ, თუ მაინც შემოგვეპარება ეჭვები, ჩვენს გრძნობებს ის უნდა დავუპირისპიროთ, რაც იეჰოვას შესახებ ვიცით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იეჰოვას ურყევი სიყვარული მარადიულია და ეს ბიბლიური ჭეშმარიტებაა.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 159 განადიდეთ იეჰოვა
a სხვა ბიბლიური მუხლები, რომლებიც ღვთის ურყევ სიყვარულში დაგარწმუნებთ: კანონი 31:8; ფსალმუნი 94:14; ესაია 49:15.
b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ლოცულობს, რომ იზრუნოს ავადმყოფ მეუღლეზე, გონივრულად გადაანაწილოს ხარჯები და ისე აღზარდოს შვილი, რომ იეჰოვა შეაყვაროს.