ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 39
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 54 „ეს არის გზა“
ნუ დააყოვნებთ მოსასმენად განწყობილი ადამიანების დახმარებას
„ყველამ, ვისი გულიც მარადიული სიცოცხლის მისაღებად იყო განწყობილი, ირწმუნა“ (ᲡᲐᲥ. 13:48).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანებს ბიბლიის შესწავლა შევთავაზოთ და კრებაზე დავპატიჟოთ.
1. როგორ ეხმაურებიან ადამიანები სასიხარულო ცნობას? (საქმეები 13:47, 48; 16:14, 15).
ᲞᲘᲠᲕᲔᲚ საუკუნეში ბევრმა მოსმენისთანავე ირწმუნა სასიხარულო ცნობა (წაიკითხეთ საქმეების 13:47, 48; 16:14, 15). დღესაც ზოგი პირველივე ჯერზე ეხმაურება ბიბლიურ ცნობას. ზოგჯერ ისინიც კი, ვინც თავიდან არაა მოსასმენად განწყობილი, მოგვიანებით იჩენენ ინტერესს და მზად არიან, ღვთის შესახებ მეტი გაიგონ. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მსახურებაში მარადიული სიცოცხლის მისაღებად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით?
2. რა გაგებით ჰგავს მოწაფეების მომზადება მებაღეობას?
2 მოწაფეების მომზადება რაღაცით მებაღეობას ჰგავს. ბაღში ყველა ხილი ერთდროულად არ მწიფდება. მწიფე ნაყოფს მებაღე მაშინვე კრეფს, თუმცა ამავე დროს აგრძელებს სხვა მცენარეების მოვლას – მიწის გაფხვიერებასა და მორწყვას – სანამ მათი ნაყოფიც არ დამწიფდება. მსგავსად, როდესაც მსახურებაში ვხვდებით მოსასმენად განწყობილ ადამიანს, ვცდილობთ, მალევე შევუდგეთ მის დახმარებას, გახდეს ქრისტეს მოწაფე. თუმცა ამავე დროს არც მათ ვივიწყებთ, ვინც ამ ეტაპზე მზად არ არის ბიბლიის შესწავლის დასაწყებად (იოან. 4:35, 36). უკეთ რომ შევძლოთ მსმენელის დახმარება, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, როდის რისი გაკეთება ჯობია. ქვემოთ ვიმსჯელებთ, როგორ მოვიქცეთ, თუ პირველივე საუბრის დროს ვხედავთ ადამიანში მზაობას და შემდეგ რა ნაბიჯები გადავდგათ.
ᲠᲝᲪᲐ ᲛᲖᲐᲝᲑᲐᲡ ᲕᲮᲔᲓᲐᲕᲗ
3. როგორ მოვიქცეთ, თუ მსმენელი ინტერესს იჩენს? (1 კორინთელები 9:26).
3 როცა ისეთ ადამიანს ვხვდებით, რომელიც ინტერესს იჩენს, უმჯობესია, დრო არ დავკარგოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველივე საუბრის დროს შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა და კრებაზეც დავპატიჟოთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:26).
4. რა დაგანახათ აბზაცში მოყვანილმა შემთხვევამ?
4 შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა. ზოგი მზად არის, მაშინვე დაიწყოს შესწავლა. ამაზე მოწმობს კანადაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის შემთხვევა. ერთ ხუთშაბათ დღეს ის სტენდთან მივიდა და აიღო ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ჩვენმა დამ აუხსნა, რომ ამ ბროშურის მეშვეობით მას შეეძლო ბიბლია უფასოდ შეესწავლა. ქალი დაინტერესდა და დის ტელეფონის ნომერი ჩაიწერა. იმავე დღეს მისწერა კიდეც და ჰკითხა, როდის შეძლებდნენ შესწავლის დაწყებას. როცა დამ შაბათი დღე შესთავაზა, ქალმა უთხრა, იქნებ ხვალვე დავიწყოთო. ასეც მოიქცნენ. ის კვირას კრებასაც დაესწრო და იქიდან მოყოლებული არ შეუწყვეტია სულიერი ზრდა.
5. როგორ მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ ადამიანი ჯერ არ არის მზად შესწავლის დასაწყებად? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
5 ცხადია, ყველა მაშინვე არ გამოთქვამს ბიბლიის შესწავლის სურვილს, როგორც წინა აბზაცში მოყვანილ შემთხვევაში მოხდა. ზოგჯერ ინტერესის გასაღვივებლად მეტი ძალისხმევაა საჭირო. თავიდან აჯობებს, მსმენელისთვის საინტერესო თემაზე დაიწყოთ საუბარი. თუ ყურადღებას გამოიჩენთ მის მიმართ და მცდელობას არ დააკლებთ, შეიძლება რაღაც დროის მერე შესწავლაზეც დაგთანხმდეთ. რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ვინმეს შესწავლას შესთავაზებთ? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გაგვცეს იმ და-ძმებმა, რომლებსაც ადვილად გამოსდით შესწავლების დაწყება.
როგორ გააღვიძებდით ამ ადამიანებში შესწავლის დაწყების სურვილს? (იხილეთ აბზაცი 5)a
6. როგორ გავუადვილოთ ადამიანს ბიბლიის შესწავლის დაწყება?
6 როგორც ზოგმა მაუწყებელმა და პიონერმა აღნიშნა, ზოგან უმჯობესია, შესწავლის შეთავაზებისას მოვერიდოთ ისეთ სიტყვებს ან ფრაზებს, როგორებიცაა: „შესწავლა“, „ბიბლიის სასწავლო კურსი“ ან „შეგასწავლით“. გამოცდილებამ აჩვენა, რომ უფრო ეფექტური იქნება, თუ ვიტყვით: „ვისაუბროთ“, „მეტი გავიგოთ ბიბლიიდან“ ან სხვა ნაკლებად ოფიციალურ სიტყვებს გამოვიყენებთ. მაგალითად, შეგიძლიათ საუბრის გაგრძელება ასე შესთავაზოთ: „სხვათაშორის, ბიბლია ბევრ სხვა მნიშვნელოვან კითხვასაც სცემს პასუხს“ ან „ბიბლია მხოლოდ რელიგიურ თემებზე კი არ საუბრობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგ რჩევებსაც გვთავაზობს“. შეგიძლიათ ისიც უთხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის მისაღებად 10-15 წუთიც საკმარისია. მაინცდამაინც არც იმის თქმაა აუცილებელი, რომ მსგავსი განხილვები „ყოველკვირა“ ან „კვირაში ერთხელ“ უნდა გქონდეთ. ამგვარად, ადამიანი თავს ისე არ იგრძნობს, თითქოს ვალდებულებას იღებს.
7. როდის მიხვდა ზოგი, რომ ჭეშმარიტება იპოვა? (1 კორინთელები 14:23–25).
7 დაპატიჟეთ კრებაზე. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ზოგი სწორედ კრებაზე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:23–25). დღესაც ასეა. როგორ წესი, ის ბიბლიის შემსწავლელები, რომლებიც კრებას ესწრებიან, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ სულიერად. როდის ჯობია, კრებაზე დავპატიჟოთ? ეს თემა განიხილება წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ მე-10 გაკვეთილში. თუმცა იქამდე მოცდა არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ პირველივე საუბრის დროს დაპატიჟოთ შაბათ-კვირის შეხვედრაზე. ინტერესის გასაღვივებლად კი უთხარით, რა თემაზე იქნება მოხსენება ან რაიმე აზრი გაუზიარეთ განსახილველი „საგუშაგო კოშკიდან“.
8. რაზე გავუმახვილოთ ყურადღება, როცა ვინმეს კრებაზე დავპატიჟებთ? (ესაია 54:13).
8 როცა ვინმეს კრებაზე ეპატიჟებით, აუხსენით, როგორ განსხვავდება ის, რაც ჩვენს შეხვედრებზე ხდება სხვა რელიგიური მსახურებისგან. როცა ერთი ქალი პირველად დაესწრო „საგუშაგო კოშკის“ განხილვას, თავის ბიბლიის მასწავლებელს ჰკითხა: „ჩამტარებელმა ყველას სახელი იცისო?“ დამ უთხრა, რომ კრება ოჯახივითაა, ამიტომ ბუნებრივია, ყველას სახელი ვიცითო. ქალს ძალიან გაუკვირდა, რადგან თავის ეკლესიაში უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობდა. კარგი იქნება იმის ახსნაც, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრები (წაიკითხეთ ესაიას 54:13). ჩვენ ვიკრიბებით ერთად, რომ თაყვანი ვცეთ იეჰოვას, ვისწავლოთ მისგან და ერთმანეთი გავამხნეოთ (ებრ. 2:12; 10:24, 25). ამიტომაც მივყვებით წინასწარ შედგენილ პროგრამას, რომელიც ბიბლიური ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებაზეა გათვლილი და არა რიტუალების შესრულებაზე (1 კორ. 14:40). დარბაზიც კარგადაა განათებული და ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის. კრებაზე არასდროს განიხილება პოლიტიკური საკითხები, რადგან პოლიტიკურად ნეიტრალურები ვართ; არც დებატები იმართება რაიმე თემაზე და არც პირადი შეხედულებების გამო კამათობს ვინმე. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად აგრეთვე კარგი იქნება, თუ შემსწავლელს ვაჩვენებთ ვიდეოს „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“.
9, 10. როგორ ავუხსნათ დაინტერესებულს, რომ კრებაზე დასწრებით რაიმე ვალდებულებას არ იღებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
9 ზოგი კრებაზე დასწრებისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ ჰგონია, ჩვენს რელიგიაში „გაწევრიანებას“ ვთხოვთ. დაარწმუნეთ, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე არავის ავალდებულებენ რამეში მონაწილეობას ან რწმენის შეცვლას. დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის ოჯახებისთვის. იქ ყველანი, დიდები თუ პატარები, ერთად ვსწავლობთ. ასე რომ, მშობლებს იმაზე ფიქრი არ მოუწევთ, მათი შვილები ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და რას ისწავლიან (კან. 31:12). კრებაზე დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა. ჩვენ მივყვებით იესოს მითითებას „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). დაინტერესებულს ისიც შეგიძლიათ აუხსნათ, რომ არ არის აუცილებელი, კრებაზე რაიმე განსაკუთრებული სამოსით მოვიდეს. ღვთისთვის მთავარი ადამიანის გულია და არა გარეგნობა (1 სამ. 16:7).
10 კრებაზე მოსულ სტუმარს თბილად დახვდით. გააცანით უხუცესები და სხვა და-ძმები. თუ თავს თავისუფლად აგრძნობინებთ, დიდი ალბათობით სხვა დროსაც მოუნდება მოსვლა. თუ თან არა აქვს ბიბლია ან სხვა განსახილველი პუბლიკაცია, შესთავაზეთ თქვენსაში ჩაიხედოს, რომ მოსმენილის აღქმა გაუადვილდეს.
რაც უფრო მალე დაიწყებს დაინტერესებული კრებაზე დასწრებას, მით უფრო მალე გაიზრდება სულიერად (იხილეთ აბზაცები 9, 10).
ᲠᲝᲪᲐ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲐᲡ ᲕᲘᲬᲧᲔᲑᲗ
11. საიდან გამოჩნდება, რომ ვაფასებთ შემსწავლელის დროს?
11 რა უნდა მივიღოთ მხედველობაში შესწავლის ჩატარებისას? იყავით პუნქტუალურები და დათქმულ დროს არ გადააცილოთ, თუნდაც დაგვიანება თქვენს კულტურაში პრობლემად არ აღიქმებოდეს. გაითვალისწინეთ შემსწავლელის გრაფიკიც. აჯობებს, რომ პირველი შესწავლა მოკლე იყოს. როგორც ბევრი გამოცდილი მაუწყებელი აღნიშნავს, უმჯობესია, შესწავლა დაგეგმილზე დიდხანს არ გაგრძელდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემსწავლელს მეტის გაგება სურს. ბევრს ნუ ილაპარაკებთ, მას მიეცით საშუალება, იმსჯელოს და საკუთარი აზრი გამოთქვას (იგავ. 10:19).
12. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი პირველივე შესწავლიდან?
12 მიზნად უნდა დავისახოთ, რომ პირველივე გაკვეთილიდან შემსწავლელს იეჰოვა და იესო გავაცნოთ და შევაყვაროთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურადღებას საკუთარ თავზე და ცოდნაზე კი არა, ღვთის სიტყვაზე გავამახვილებთ (საქ. 10:25, 26). პავლე მოციქული სწავლებისას აქცენტს იესო ქრისტეზე აკეთებდა, რადგან ესმოდა, რომ მისი მეშვეობით ადამიანები უკეთ გაიცნობდნენ იეჰოვას და შეიყვარებდნენ (1 კორ. 2:1, 2). მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია, ახალ მოწაფეებს ისეთი თვისებების განვითარებაში დავეხმაროთ, რომლებიც ძვირფას საშენ მასალას ჰგავს (1 კორ. 3:11–15). ამაში შედის რწმენა, სიბრძნე, გამჭრიახობა, იეჰოვას შიში და სხვა (ფსალმ. 19:9, 10; იგავ. 3:13–15; 1 პეტ. 1:7). კარგი იქნება, თუ პავლეს მაგალითს მივბაძავთ და ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით რწმენის განმტკიცებასა და მოსიყვარულე ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში (2 კორ. 1:24).
13. როგორ გამოვიჩინოთ მოთმინება და გონიერება შესწავლის დროს? (2 კორინთელები 10:4, 5; იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 იესო ყოველთვის მომთმენი იყო და ითვალისწინებდა მსმენელს. მას მივბაძავთ, თუ შესწავლის დროს მოთმინებასა და გონიერებას გამოვიჩენთ. ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ისეთი კითხვების დასმას, რითაც შემსწავლელს უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებდით. თუ ვატყობთ, რომ რომელიმე სწავლებას ბოლომდე ვერ სწვდება, ძალა არ უნდა დავატანოთ. ჯობია, ამ საკითხს სხვა დროს მივუბრუნდეთ. ზოგჯერ მეტი დროა საჭირო, რომ ჭეშმარიტებამ მის გულში ფესვი გაიდგას (იოან. 16:12; კოლ. 2:6, 7). ბიბლიაში ცრუ სწავლებები ციხესიმაგრესთანაა შედარებული (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:4, 5). ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს „თავზე დავამხოთ“ ის, რაც დიდი ხანია სწამს, ჯობს, ჯერ ახლის „აშენებაში“ დავეხმაროთ. თუ იეჰოვაში თავშესაფარს იპოვის, ძველთან გამომშვიდობება გაუადვილდება (ფსალმ. 91:9).
დრო მიეცით შემსწავლელს, რომ ჭეშმარიტებამ მის გულში ფესვი გაიდგას (იხილეთ აბზაცი 13).
ᲠᲝᲪᲐ ᲙᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲛᲝᲓᲘᲐᲜ
14. როგორ უნდა მოვეპყროთ კრებაზე მოსულ დაინტერესებულებს?
14 იეჰოვა მოელის, რომ კრებაზე მოსულ ნებისმიერ დაინტერესებულს პატივისცემით მოვეპყრობით მათი წარმომავლობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად (იაკ. 2:1–4, 9). როგორ გამოვხატოთ სიყვარული მათ მიმართ?
15, 16. როგორ შევუქმნათ ახლებს სასიამოვნო ატმოსფერო?
15 ზოგი შეიძლება უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მოვიდეს კრებაზე ან იმიტომ გადაწყვიტოს დასწრება, რომ ახლობელმა ურჩია. ამიტომ კარგი იქნება, თუ გაიცნობთ და გამოელაპარაკებით. თუმცა ზედმეტი ენთუზიაზმით ნუ დააფრთხობთ. შესთავაზეთ, თქვენთან ერთად დაჯდეს. ჩაახედეთ თქვენს ბიბლიასა თუ სხვა განსახილველ პუბლიკაციაში ან პირადი ეგზემპლარები მიეცით. აგრეთვე გაითვალისწინეთ მისი გრძნობები. ერთმა კაცმა, რომელიც პირველად მოვიდა კრებაზე, თავი უხერხულად იგრძნო თავისი ჩაცმულობის გამო. ჩვენი ძმა თბილად დაელაპარაკა მას, თავი თავისუფლად აგრძნობინა და აუხსნა, რომ სხვა დროს ჩვენც გვაცვია ყოველდღიური ტანსაცმელი. ასეთმა მიდგომამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საბოლოოდ ის მოინათლა კიდეც. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა კრებაზე მოსული სტუმრების მიმართ ყურადღებას ვიჩენთ, უხერხული და ზედმეტად პირადული კითხვების დასმას უნდა მოვერიდოთ (1 პეტ. 4:15).
16 გარდა ამისა, და-ძმებთან საუბრის დროს და კომენტარისა თუ დავალების გაკეთებისას უპატივცემულოდ არ უნდა მოვიხსენიოთ ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები და არც მათ რწმენაზე ვისაუბროთ უარყოფითად (2 კორ. 6:3). სიფრთხილეა საჭირო, რომ არ წამოგვცდეს ისეთი სიტყვები, რომლებიც კრებაში მოსულ სტუმრებს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს თავს და იეჰოვას გაცნობის სურვილს დაუკარგავს (ტიტ. 2:8; 3:2). ამ მხრივ განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ ძმებს, რომლებიც საჯარო მოხსენებებს კითხულობენ. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ისინი განმარტავენ აუდიტორიაში მყოფი სტუმრებისთვის უცხო ცნებებსა თუ ტერმინებს.
17. რა უნდა გვქონდეს მიზნად, როცა მოსასმენად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით?
17 სანამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, მოდი განვაგრძოთ მათი ძებნა, ვინც მარადიული სიცოცხლის მისაღებადაა განწყობილი (საქ. 13:48). როცა ასეთ ადამიანებს შევხვდებით, კარგი იქნება, პირდაპირ შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა და დავპატიჟოთ კრებაზე. ასე მათ დავეხმარებით, სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან (მათ. 7:14).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში
a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ორი ძმა სახლის აივანზე მჯდომ ყოფილ სამხედრო პირს ესაუბრება; დები ორიოდე სიტყვით უქადაგებენ მცირეწლოვანი ბავშვების დედას.