ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 42
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა
როგორ ვილოცოთ უფრო შინაარსიანად?
„მთელი გულით გიხმობ და მიპასუხე, იეჰოვა!“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:145).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მსახურების ლოცვები, უფრო შინაარსიანად ვილოცოთ.
1, 2. ა) რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი, რომ ბოლომდე გადავუშალოთ გული იეჰოვას? ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა გულისყურით ისმენს ჩვენს ლოცვებს?
ᲖᲝᲒᲯᲔᲠ ისე ხომ არ ხდება, რომ თქვენი ლოცვები შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლება ან ზედაპირულია და გიჭირთ ღრმა გრძნობებზე საუბარი? თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ გამონაკლისი არ ხართ. ცხოვრების აჩქარებული ტემპი ხანდახან ჩვენს ლოცვებზეც მოქმედებს და გვაიძულებს, სათქმელი მოკლედ ვთქვათ. ზოგი კი თავს იმის ღირსად არ თვლის, რომ იეჰოვას ლოცვაში ესაუბროს და გული გადაუშალოს.
2 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვასთვის მთავარი ის კი არ არის, რამდენად დახვეწილად გადმოვცემთ სათქმელს, არამედ რამდენად წრფელი გულით ვლოცულობთ. ის ისმენს „თვინიერთა სათხოვარს“ (ფსალმ. 10:17). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას ჩვენი არცერთი სიტყვა არ რჩება ყურადღების მიღმა, რადგან თითოეული ჩვენგანის მდგომარეობითაა დაინტერესებული (ფსალმ. 139:1–3).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 შეიძლება ასეთი კითხვები გაგვიჩნდეს: როგორ შემიძლია ღმერთს თავისუფლად ვესაუბრო ლოცვაში? როგორ ვილოცო უფრო შინაარსიანად? რა მხრივ დამეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ერთგული მსახურების ლოცვები? როგორ მოვიქცე, თუ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო სიტყვებს ვერ ვპოულობ? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ.
ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲐᲓ ᲔᲡᲐᲣᲑᲠᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ ᲚᲝᲪᲕᲐᲨᲘ
4. როგორ შეგვიძლია ღმერთს თავისუფლად ვესაუბროთ ლოცვაში? (ფსალმუნი 119:145).
4 როცა იეჰოვას ერთგულ მეგობრად მივიჩნევთ, რომელსაც ჩვენთვის საუკეთესო სურს, მისთვის გულის გადაშლა გვიადვილდება. 119-ე ფსალმუნის დამწერს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. თუმცა ცხოვრებაში არაერთ პრობლემას ხვდებოდა: საკუთარ სისუსტეებსაც ებრძოდა და ბოროტი ხალხისგანაც უწევდა ცილისწამების ატანა (ფსალმ. 119:5, 23, 69, 78). ყველაფრის მიუხედავად, ის თავს არ იკავებდა, რომ გულახდილად ესაუბრა იეჰოვასთან (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:145).
5. რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი ლოცვისგან უარყოფითი გრძნობების მიუხედავად? მოიყვანეთ მაგალითი.
5 იეჰოვა მზად არის, მათაც მოუსმინოს, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა (ეს. 55:6, 7). თუმცა სინდისის ქენჯნის გამო შეიძლება ადამიანს ერიდებოდეს იეჰოვასთან საუბარი. საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ პილოტის მაგალითი. პილოტმა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ავიადისპეტჩერს დაუკავშირდეს დახმარების სათხოვნელად. თუმცა, თუ ის მარშრუტს ასცდება, როგორ ფიქრობთ, თავს შეიკავებს დახმარების თხოვნისგან მხოლოდ იმიტომ, რომ დაშვებული შეცდომის გამო თავს უხერხულად გრძნობს? ცხადია, არა. მსგავსად, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ ან ჩადენილი საქციელის გამო სინდისი გვაწუხებს, თავი არ უნდა შევიკავოთ და თავისუფლად უნდა ვესაუბროთ იეჰოვას ჩვენს გრძნობებზე (ფსალმ. 119:25, 176).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲚᲝᲪᲝᲗ ᲣᲤᲠᲝ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘᲐᲜᲐᲓ
6, 7. რა გაგვიადვილებს იეჰოვასთან ჩვენს გრძნობებზე საუბარს? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
6 როცა იეჰოვას ჩვენს გულისნადებს, ღრმა გრძნობებს ვუზიარებთ, ჩვენი ლოცვები უფრო შინაარსიანი ხდება. განვიხილოთ რამდენიმე მხარე, რაც ამ მხრივ დაგვეხმარება.
7 დაფიქრდით იეჰოვას პიროვნებაზე.a რაც უფრო ვუღრმავდებით იეჰოვას პიროვნებას, თუ როგორი ღმერთია ის, მით უფრო გვიადვილდება მასთან თავისუფლად საუბარი (ფსალმ. 145:8, 9, 18). საინტერესო რამეს ამბობს კრისტენი, რომელსაც მოძალადე მამა ჰყავდა: „მიჭირდა იეჰოვასთან ისე მესაუბრა, როგორც მამასთან. მეგონა, რომ ჩემი სისუსტეების თუ შეცდომების გამო ის ზურგს შემაქცევდა“. რა დაეხმარა მას? „ბევრს ვფიქრობდი იეჰოვას ურყევ სიყვარულზე და ზუსტად ეს დამეხმარა, მომეშორებინა განცდა, რომ იეჰოვა მიმატოვებდა. ახლა ეჭვი არ მეპარება, რომ ის ხელს არასოდეს გამიშვებს. რომც დავეცე, ის ხელში ამიყვანს და გულში ჩამიკრავს. ამაზე რომ ვფიქრობ, მინდება, ყველაფერი გავუზიარო მას – სიხარულიც და სადარდებელიც“.
8, 9. რატომ იქნება კარგი, თუ წინასწარ დავფიქრდებით, რაზე ვილოცებთ? მოიყვანეთ მაგალითი.
8 დაფიქრდით, რაზე ილოცებთ. ამაში შეიძლება შემდეგი კითხვები დაგეხმაროთ: მოცემულ მომენტში რა პრობლემების წინაშე ვარ? ვინმეს მიმართ წყენა ხომ არ მაქვს გულში? ახალი გარემოება ხომ არ მსტრესავს? (2 მეფ. 19:15–19). იდეებს, რაზე ვილოცოთ, იესოს ლოცვის ნიმუშიც გვაწვდის. მაგალითად, შეგვიძლია ისეთ საკითხებს შევეხოთ, როგორებიცაა: ღვთის სახელის განწმენდა, მისი სამეფო და მისი ნების შესრულება (მათ. 6:9, 10).
9 საინტერესოა ერთი დის, ალისკას, შემთხვევა. მის ქმარს ტვინის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა. ამან ისე იმოქმედა ალისკაზე, რომ ძალიან გაუჭირდა ლოცვა. აი, რას ამბობს ის: „ამ ამბავმა ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ლოცვას რომ ვიწყებდი, აზრები მეფანტებოდა და არ ვიცოდი, რა მეთქვა“. რა დაეხმარა მას? ალისკამ ასეთ მეთოდს მიმართა: „ლოცვამდე რამდენიმე წუთით ადრე ვცდილობ, აზრებს თავი მოვუყარო. ამის წყალობით ვახერხებ, რომ მარტო ჩემს პრობლემებზე არ ვილაპარაკო. ეს თავსაც უფრო მშვიდად მაგრძნობინებს და ლოცვის განწყობასაც მიქმნის“.
10. რატომ უნდა ვილოცოთ აუჩქარებლად? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
10 ილოცეთ აუჩქარებლად. შინაარსიანია თუ არა ლოცვა, ამას მაინცდამაინც მისი ხანგრძლივობა არ განსაზღვრავს. მაგრამ, ფაქტია, რომ რაც უფრო დიდ დროს ვუთმობთ იეჰოვასთან საუბარს, მით უფრო ვახერხებთ მისთვის გულისნადების გაზიარებას.b ალისკას ქმარი ელაიჯა თავის დაკვირვებას გვიზიარებს: „დღის განმავლობაში არაერთხელ ვლოცულობ. თანაც ვცდილობ, მოკლე ლოცვებით არ შემოვიფარგლო. იეჰოვა არ გვაჩქარებს და მე რატომ უნდა ვიყო გადარბენაზე. ვგრძნობ, რომ ეს კიდევ უფრო მაახლოებს იეჰოვასთან“. რა დაგეხმარებათ, რომ აუჩქარებლად ლოცვა ჩვევად აქციოთ? შეგიძლიათ ასეთი რამ სცადოთ: ისეთი დრო და ადგილი შეარჩიეთ, რომ ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ და არსად გეჩქარებოდეთ. შეიძლება ისიც გერჩივნოთ, რომ ამ დროს ხმამაღლა ილოცოთ.
შესაფერისი დრო და ადგილი შეარჩიეთ, რომ აუჩქარებლად ილოცოთ (იხილეთ აბზაცი 10).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲚ ᲚᲝᲪᲕᲔᲑᲖᲔ
11. რატომ იქნება კარგი ბიბლიაში ჩაწერილ ლოცვებზე დაფიქრება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ნაცნობია თქვენთვის მათი გრძნობები?“).
11 კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის მსახურთა გულმხურვალე ლოცვებზე, იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებსა და ფსალმუნებზე. როცა დაუკვირდებით, როგორ უზიარებდნენ ისინი თავიანთ ღრმა გრძნობებს იეჰოვას, თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გული გადმოუღვაროთ მას. შეიძლება ღვთის განმადიდებელ ისეთ ფრაზებს შეხვდეთ, რასაც თქვენც ჩართავდით თქვენს ლოცვებში ან რომელიმე ლოცვა შეიძლება ზუსტად მიესადაგებოდეს თქვენს სიტუაციას.
12. რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა ბიბლიაში ჩაწერილ ლოცვებს ვკითხულობთ?
12 როცა ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ლოცვებს წაიკითხავთ, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ვინ და რა სიტუაციაში ამბობს ამ სიტყვებს? მეც ხომ არ მიჩნდება მსგავსი გრძნობები და აზრები? რა მხრივ იქნება პრაქტიკული ჩემთვის ეს ლოცვა? ამ კითხვებს რომ უპასუხოთ, შეიძლება დამატებითი კვლევა დაგჭირდეთ, თუმცა ძალისხმევად ნამდვილად ღირს. მოდი ეს კითხვები ბიბლიაში ჩაწერილი ოთხი ლოცვის მაგალითზე განვიხილოთ.
13. რას ვსწავლობთ ხანას ლოცვიდან? (1 სამუელის 1:10, 11; იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 წაიკითხეთ 1 სამუელის 1:10, 11. რა განსაცდელი ჰქონდა ხანას? ის უშვილო იყო და თანაც მისი ქმრის მეორე ცოლი სიცოცხლეს უმწარებდა (1 სამ. 1:4–7). რისი სწავლა შეგიძლიათ ხანას ლოცვიდან, თუ თქვენი პრობლემაც არა და არ გვარდება? მან თავისი სატკივარი ბოლომდე გაანდო იეჰოვას და ამან დიდი შვება აგრძნობინა (1 სამ. 1:12, 18). ჩვენც შევიმსუბუქებთ საწუხარს, თუ იეჰოვას მივანდობთ ჩვენს სადარდებელს და გულახდილად მოვუყვებით, როგორ ვგრძნობთ თავს შექმნილ სიტუაციაში (ფსალმ. 55:22).
უშვილობით დამწუხრებულ ხანას ფენინას განუწყვეტელი დაცინვაც უმწარებდა ცხოვრებას. ის ამ ყველაფერზე იეჰოვას ესაუბრებოდა (იხილეთ აბზაცი 13)
14. ა) კიდევ რას ვსწავლობთ ხანასგან? ბ) როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვაზე ფიქრი, უფრო შინაარსიანად ვილოცოთ? (იხილეთ სქოლიო).
14 ხანამ თავისი ვაჟი, სამუელი, დაბადებიდან რამდენიმე წელში მღვდელმთავარ ელის მიუყვანა (1 სამ. 1:24–28). როგორც ხანას ლოცვიდან ჩანდა, მას ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავის ერთგულ მსახურებზე და იცავდა მათ (1 სამ. 2:1, 8, 9).c ის ალბათ მერეც ხვდებოდა სირთულეებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, ყურადღება იმაზე გადაეტანა, თუ რამხელა სიკეთე ჰქონდა იეჰოვასგან. ჩვენ რას გვასწავლის ეს? სირთულეებთან გამკლავება გაგვიადვილდება, თუ ჩვენც იმაზე გადავიტანთ ყურადღებას, აქამდე როგორ დაგვხმარებია იეჰოვა.
15. როგორ დაგვეხმარება იერემიას ლოცვაზე ფიქრი, როცა უსამართლობას ვხვდებით? (იერემია 12:1).
15 წაიკითხეთ იერემიას 12:1. ცხოვრების რაღაც ეტაპზე წინასწარმეტყველ იერემიას უსამართლობის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ ბოროტებს ხელი ემართებოდათ. მას ის ფაქტიც აწუხებდა, რომ მოძმეები შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ (იერ. 20:7, 8). როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთები თაღლითური გზებით აღწევენ წარმატებას ან როცა აბუჩად გვიგდებენ, ჩვენც შეიძლება გაგვიჩნდეს უსამართლობის გრძნობა. მართალია, იერემია თამამად გამოხატავდა თავის იმედგაცრუებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას სამართლიანობაში ეჭვი ეპარებოდა. როცა დაინახა, როგორ დაისაჯა ურჩი ხალხი, იეჰოვას სამართლიანობასთან დაკავშირებით ყველა მის კითხვას პასუხი გაეცა (იერ. 32:19). ჩვენც თამამად შეგვიძლია გამოვხატოთ იეჰოვასთან, რამ გაგვიცრუა იმედები და ამავე დროს ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ის თავის დროზე ყველანაირ უსამართლობას ბოლოს მოუღებს.
16. რა შეგვიძლია ვისწავლოთ გადასახლებული ლევიანის ლოცვიდან, თუ გარემოება გვზღუდავს? (ფსალმუნი 42:1–4; იხილეთ აგრეთვე სურათები).
16 წაიკითხეთ ფსალმუნის 42:1–4. ეს სიმღერა გადასახლებაში მყოფმა ლევიანმა დაწერა, რომელსაც მოძმეებთან ერთად თაყვანისცემის საშუალება არ ჰქონდა. ეს ფსალმუნი კარგად აღწერს მის გრძნობებს. თუ სახლიდან ვერ გადიხართ ან რწმენის გამო ხართ დაპატიმრებული, ადვილად გაუგებთ მას. შექმნილი მდგომარეობის გამო შეიძლება განწყობა ხშირად გეცვლებათ, თუმცა გვიჭირს თუ გვილხინს, მნიშვნელოვანია, იეჰოვას ყოველთვის ვუზიარებდეთ ჩვენს განცდებს. ეს დაგვეხმარება, საკუთარ თავშიც გავერკვეთ და ჩვენს სიტუაციასაც სხვა თვალით შევხედოთ. მაგალითად, ლევიანი მოცემულ სიტუაციაში იმით იმხნევებდა თავს, რომ მომავალში კვლავ მიეცემოდა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა (ფსალმ. 42:5). ის იმაზეც ბევრს ფიქრობდა, როგორ ზრუნავდა იეჰოვა მასზე (ფსალმ. 42:8). მთელი გულით წარმოთქმული ლოცვები დაგვეხმარება, ჩვენს გრძნობებში გავერკვეთ, ემოციური ბალანსი აღვიდგინოთ და საკუთარ თავში მოთმინების ძალა ვიპოვოთ.
ლევიანმა, რომელმაც 42-ე ფსალმუნი დაწერა, იეჰოვას გული გადმოუღვარა. როცა ჩვენს განცდებს ლოცვაში იეჰოვას ვუზიარებთ, ეს გვეხმარება, საკუთარ თავშიც გავერკვეთ და ჩვენს სიტუაციასაც სხვა თვალით შევხედოთ (იხილეთ აბზაცი 16).
17. ა) რას ვსწავლობთ იონას ლოცვიდან? (იონა 2:1, 2) ბ) როგორ დაგვეხმარება ფსალმუნებში ჩაწერილი სიტყვები სირთულეების დროს? (იხილეთ სქოლიო).
17 წაიკითხეთ იონას 2:1, 2. წინასწარმეტყველმა იონამ თევზის მუცლიდან წარმოთქვა ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ ეურჩა იეჰოვას, მაინც დარწმუნებული იყო, რომ შეისმენდა მის სათხოვარს. მან ბევრი ისეთი ფრაზა გამოიყენა, რაც ფსალმუნებში გვხვდება.d ეს კი იმაზე მოწმობს, რომ იონა კარგად იყო გაცნობილი მათ, რაც იეჰოვასადმი ნდობასაც უძლიერებდა. თუ ჩვენც ვეცდებით, დავიმახსოვროთ ბიბლიური მუხლები, შევძლებთ იონას მსგავსად ლოცვის დროს ამ სიტყვებით ვინუგეშოთ თავი.
ᲒᲣᲚᲐᲮᲓᲘᲚᲘ ᲚᲝᲪᲕᲔᲑᲘ ᲣᲤᲠᲝ ᲓᲐᲐᲒᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲐᲜ
18, 19. რაში გვარწმუნებს რომაელების 8:26, 27, როცა სიტყვებს ვერ ვპოულობთ ჩვენი გრძნობების გამოსახატავად? მოიყვანეთ მაგალითი.
18 წაიკითხეთ რომაელების 8:26, 27. ზოგჯერ შეიძლება ისეთი აფორიაქებული ვიყოთ, რომ ლოცვის დროს სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდეთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უიმედოდ არ ვართ. ასეთ დროს ღვთის წმინდა სული „გვიშუამდგომლებს“. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ბიბლიაში შემონახულიყო მისი არაერთი მსახურის ლოცვა, რომლებიც შესაძლოა ჩვენნაირ სიტუაციაში იყვნენ. თუ ლოცვაში სათქმელს ვერ აყალიბებთ, შეიძლება მათი სიტყვები დაგეხმაროთ გრძნობების გამოხატვაში. იეჰოვამ ასეთი სახითაც შეიძლება შეისმინოს თქვენი სათხოვარი.
19 ასე მოიქცა ერთი რუსი და ელენა, რომელიც ლოცვის და ბიბლიის კითხვის გამო დააპატიმრეს. ის იხსენებს: „ისეთი დასტრესილი ვიყავი, რომ ლოცვაც კი მიჭირდა, რადგან აზრებს თავს ვერ ვუყრიდი და არ ვიცოდი, რაზე მელოცა. მაგრამ შემდეგ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მსახურთა ლოცვების კითხვა დავიწყე. . . დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა ამ სიტყვებს ჩემს სათხოვრად ჩათვლიდა. ეს მაძლიერებს ყველაზე მეტად ამ რთულ პერიოდში“.
20. როგორ შევიქმნათ ლოცვისთვის შესაფერისი განწყობა, როცა სტრესში ვართ?
20 სტრესის დროს შეიძლება კონცენტრირება გაგვიჭირდეს და ლოცვაში სათქმელი ვერ ჩამოვაყალიბოთ. ამისთვის საჭიროა, ჯერ გონება განვაწყოთ. მაგალითად, შეგვიძლია მოვუსმინოთ ფსალმუნების აუდიოჩანაწერს ან მეფე დავითივით ჩვენი გრძნობები და ემოციები წერილობით გადმოვცეთ (ფსალმ. 18; 34; 142; ეპიგრაფები). არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ მოვემზადოთ ლოცვისთვის (ფსალმ. 141:2). ის მიდგომა აირჩიეთ, რაც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.
21. რა გვაძლევს მოტივაციას, რომ მთელი გულით ვილოცოთ?
21 ძალიან სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას უთქმელადაც ესმის, რას განვიცდით (ფსალმ. 139:4). თუმცა ახარებს, როცა ჩვენი ლოცვებიდან ხედავს, როგორ ვენდობით მას. ასე რომ, არასდროს შეიკავოთ თავი, ესაუბროთ ზეციერ მამას. იდეები შეიძლება ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ლოცვებიდან აიღოთ. მთავარია, მთელი გულით ილოცოთ და გულახდილად გაუზიაროთ, რა გტკივათ და რა გაბედნიერებთ. ერთ რამეში ეჭვი არასოდეს შეგეპაროთ, იეჰოვა, როგორც ერთგული მეგობარი, ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები
a წიგნში „ბიბლია — ცხოვრების გზამკვლევი“ იხილეთ საკითხი „იეჰოვა“, პუნქტი „იეჰოვას ზოგიერთი გამორჩეული თვისება“.
b კრების სახელით წარმოთქმული საჯარო ლოცვები, როგორც წესი, ხანგრძლივი არ უნდა იყოს.
c ფრაზები, რომლებიც ხანამ ლოცვისას წარმოთქვა, მოსეს წიგნებშიც გვხვდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ბევრს ფიქრობდა წმინდა წერილებზე (კან. 4:35; 8:18; 32:4, 39; 1 სამ. 2:2, 6, 7). საუკუნეების შემდეგ იესოს დედამ მარიამმა ღვთის განდიდებისას ისეთივე ფრაზები გამოიყენა, როგორიც ხანამ (ლუკ. 1:46–55).
d შეადარეთ იონას 2:3–9-ში ჩაწერილი სიტყვები ფსალმუნის 69:1; 16:10; 30:3; 142:2, 3; 143:4, 5; 18:6; 3:8-ს იმ თანმიმდევრობით, როგორც იონას ლოცვაშია.