ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 43
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
ილოცეთ ერთმანეთისთვის
„ილოცეთ ერთმანეთისთვის . . . მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (ᲘᲐᲙ. 5:16).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვილოცოთ სხვებისთვის და განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც ამ საკითხს ეხება.
1. საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ლოცვები?
ᲚᲝᲪᲕᲐ განსაკუთრებული ძღვენია. რატომ ვამბობთ ამას? ასეთ რამეზე დავფიქრდეთ: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ ანგელოზებს სხვადასხვა დავალება მისცა (ფსალმ. 91:11). თავის ძესაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები მიანდო (მათ. 28:18). მაგრამ ლოცვების მოსმენა არავისთვის დაუვალებია. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისთვის დაიტოვა ეს უფლება. ის პირადად ისმენს ჩვენს ლოცვებს, ამიტომაც ეწოდება „ლოცვების მომსმენი“ ღმერთი (ფსალმ. 65:2).
2. რა მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?
2 ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავუზიაროთ იეჰოვას ჩვენი გულისნადები, რა გვაფიქრებს და რა გვანერვიულებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვებისთვისაც ვილოცებთ. ამ მხრივ პავლემ კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მან ეფესოელებს ასეთი რამ მისწერა: „გამუდმებით გიხსენიებთ ლოცვებში“ (ეფეს. 1:16). ის კონკრეტულ ადამიანებზეც ლოცულობდა. მაგალითად, ტიმოთეს მისწერა: „დღედაღამ გიხსენიებ გულმხურვალე ლოცვებში, რისთვისაც ვემადლიერები ღმერთს“ (2 ტიმ. 1:3). პავლეს თავისი გასაჭირიც ჰქონდა, თუმცა სხვებისთვის ლოცვაც არ ავიწყდებოდა (2 კორ. 11:23; 12:7, 8).
3. რატომ შეიძლება გამოგვრჩეს მხედველობიდან სხვებზე ლოცვა?
3 უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ უბრალოდ გვავიწყდება სხვებისთვის ლოცვა. ამის ერთ-ერთ მიზეზზე ჩვენი ერთი და ჯენიფერიa საუბრობს: „ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო ყველა გადარბენაზე ვართ. ზოგჯერ საკუთარი პრობლემები ისე მოგვიცავს ხოლმე, სხვები საერთოდ არ გვახსენდება“. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ ხდება? თუ ასეა, ეს სტატია საინტერესო რჩევებს შემოგთავაზებთ. ვიმსჯელებთ 1) რატომ არის მნიშვნელოვანი სხვებისთვის ლოცვა და 2) განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რა დაგვეხმარება ამაში.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲚᲝᲪᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
4, 5. რატომ აქვს სხვებისთვის ლოცვას „დიდი ძალა“? (იაკობი 5:16)
4 სხვებისთვის ლოცვას „დიდი ძალა აქვს“ (წაიკითხეთ იაკობის 5:16). მართლა შეუძლია ჩვენს ლოცვებს, რამე შეცვალოს სხვების ცხოვრებაში? მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლია. მაგალითად, იესომ პეტრესთვის ილოცა, სანამ ის უარყოფდა და ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ დაკარგო“ (ლუკ. 22:32). პავლეც თვლიდა, რომ ლოცვა სხვების დახმარების ეფექტური საშუალება იყო. როცა ის რომში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, ფილიმონს მისწერა: „ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვების წყალობით გავთავისუფლდები და გინახულებთ“ (ფლმ. 22). მალე ის მართლაც გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კვლავ განაგრძო გულმოდგინედ ქადაგება.
5 ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ლოცვებით იეჰოვას ვავალდებულებთ, აუცილებლად შეასრულოს ჩვენი სათხოვარი. მან იცის, რა უჭირთ თავის მსახურებს და ისიც იცის, როგორ უპასუხოს მათ ლოცვებს. თუმცა საინტერესოა, რომ ზოგჯერ იეჰოვა საჭიროდ თვლის, ზუსტად ისე შეგვისრულოს სათხოვარი, როგორც ჩვენ ვთხოვთ. ამის ცოდნა მოტივაციას გვაძლევს, რომ გულმხურვალედ ვილოცოთ და დანარჩენი მას მივანდოთ (ფსალმ. 37:5; 2 კორ. 1:11).
6. ჩვენზე როგორ მოქმედებს სხვებისთვის ლოცვა? (1 პეტრე 3:8).
6 სხვებისთვის ლოცვა უფრო თანამგრძნობს გვხდის (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8). თანაგრძნობა კი ნიშნავს სხვისი გასაჭირი გაიზიარო და მწუხარების შემსუბუქების სურვილი გქონდეს (მარ. 1:40, 41). მაგალითად, ერთი უხუცესი, სახელად მაიკლი ამბობს: „როცა ლოცვაში კონკრეტულად ვიხსენიებ, ვის რა უჭირს, უკეთ ვხვდები, რასთან უწევთ ბრძოლა და მათდამი სიყვარულიც მიღრმავდება. ლოცვა კიდევ უფრო მაახლოებს მათთან, თუმცა შეიძლება ისინი ამას ვერც კი გრძნობენ“. კიდევ ერთი უხუცესი რიჩარდი ლოცვის სხვა დადებით მხარეზე საუბრობს: „როცა ვინმესთვის ვლოცულობთ, უფრო მეტად გვინდება, რომ რაღაცაში მაინც დავეხმაროთ და როცა ასე ვიქცევით, თითქოს ჩვენს ლოცვაზე პასუხი ჩვენვე ვხდებით“.
7. ჩვენ როგორ გვეხმარება სხვებისთვის ლოცვა? (ფილიპელები 2:3, 4; იხილეთ აგრეთვე სურათები).
7 სხვებისთვის ლოცვა გვეხმარება, ჩვენი პრობლემების მიმართ სწორი დამოკიდებულება გვქონდეს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4). მსოფლიოში, რომელსაც სატანა მართავს, შეუძლებელია, უპრობლემოდ ვიცხოვროთ (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:12). როცა სხვებისთვის ლოცვა ჩვევაში გვაქვს, საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ „მსგავს სატანჯველს [ჩვენი] საძმოც ხვდება“ (1 პეტ. 5:9). კეტრინი, რომელიც პიონერად მსახურობს, ამბობს: „როცა სხვისთვის ვლოცულობ, ვიაზრებ იმას, რომ პრობლემები მარტო მე არ მაქვს. ეს კი მდგომარეობას უფრო მიმსუბუქებს“.
სხვებისთვის ლოცვა გვეხმარება, ჩვენს პრობლემებს სხვა თვალით შევხედოთ (იხილეთ აბზაცი 7).d
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲚᲝᲪᲕᲔᲑᲘ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ
8. ვისთვის შეგიძლიათ ილოცოთ?
8 ვინ შეიძლება მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში? მაგალითად, შეგვიძლია იმ და-ძმებისთვის ვილოცოთ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც სკოლაში წნეხს განიცდის ან დაცინვის ობიექტია. შეგვიძლია მათთვისაც ვილოცოთ, ვისაც რწმენის გამო ოჯახის წევრები ან ხელისუფლება ავიწროებს (მათ. 10:18, 36; საქ. 12:5). კარგი იქნება, ჩვენს ლოცვებში ისინიც ჩავრთოთ, ვისაც პოლიტიკური არეულობის გამო სახლ-კარის დატოვება მოუწია ან სტიქიამ დააზარალა. შეიძლება პირადად არ ვიცნობდეთ ამ და-ძმებს, მაგრამ ლოცვით კარგი საშუალება გვეძლევა, გამოვეხმაუროთ იესოს მოწოდებას „გიყვარდეთ ერთმანეთი!“ (იოან. 13:34).
9. რატომ უნდა ვილოცოთ პასუხისმგებელი ძმებისთვის და მათი მეუღლეებისთვის?
9 შეგვიძლია მათთვისაც ვილოცოთ, ვისაც ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა აკისრია. ვინ არიან ისინი? ხელმძღვანელი საბჭოს წევრები და მათი დამხმარეები, ფილიალის კომიტეტის წევრები, ფილიალის განყოფილებების ზედამხედველები, სარაიონო ზედამხედველები, უხუცესები და მომსახურეები. ბევრ მათგანს არაერთი პრობლემა თუ სადარდებელი აქვს, მაგრამ და-ძმებისთვის მაინც ბოლომდე იხარჯება (2 კორ. 12:15). საინტერესო რამეს აღნიშნავს ერთი სარაიონო ზედამხედველი მარკი: „ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ მშობლებისგან შორს ყოფნა მიწევს. ისინი ასაკში არიან და სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. მართალია, მათზე ჩემი და და სიძე ზრუნავენ, მაგრამ მე რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებ მათთვის, ამას ძალიან განვიცდი“. შეიძლება ზუსტად არ ვიცით, ვის რასთან უწევს გამკლავება, მაგრამ კარგი იქნება, თუ არ შევწყვეტთ ამ გულმოდგინე ძმებისთვის ლოცვას (1 თეს. 5:12, 13). თავიანთი საქმე ღირსეულად რომ შეასრულონ, მათ მეუღლეებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ასე რომ, კარგს ვიზამთ, თუ ლოცვის დროს ისინიც არ გამოგვრჩებიან.
10, 11. სიამოვნებს ზოგადი ლოცვები იეჰოვას? ახსენით.
10 როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანაქრისტიანებისთვის ხშირად ვლოცულობთ. მაგალითად, შეიძლება ვლოცულობდეთ მათთვის, ვინც დაპატიმრებულია ან ვისაც ახლობელი დაეღუპა და ამ დროს კონკრეტული ადამიანი არ გვყავდეს მხედველობაში. უხუცესი სახელად დონალდი ამბობს: „ჩვენი იმდენი და-ძმაა გასაჭირში და იმდენი ებრძვის პრობლემებს, რომ ზოგჯერ საყოველთაო ლოცვასავით გამოგვდის და ყველას ერთბაშად მოვიაზრებთ ხოლმე“.
11 როგორ ფიქრობთ, ასეთი ზოგადი ლოცვებიც სიამოვნებს იეჰოვას? რასაკვირველია! ყოველთვის ვერ გვეცოდინება, ვინ რა სირთულეს გადის ცხოვრებაში. ასე რომ, სავსებით ნორმალურია, თუ ამ თემაზე ჩვენი ლოცვები ზოგადი იქნება (იოან. 17:20; ეფეს. 6:18). ეს იმაზე მოწმობს, რომ გვიყვარს მთელი საძმო (1 პეტ. 2:17).
ᲘᲚᲝᲪᲔᲗ ᲙᲝᲜᲙᲠᲔᲢᲣᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
12. როგორ გვეხმარება დაკვირვებულობა, ვილოცოთ კონკრეტული ადამიანებისთვის?
12 იყავით დაკვირვებული. კარგი იქნება, თუ კონკრეტული და-ძმებისთვისაც ვილოცებთ. მაგალითად, თქვენს კრებაში ვინმე ქრონიკულ დაავადებას ხომ არ ებრძვის? ან რომელიმე თინეიჯერი სკოლაში წნეხს ხომ არ განიცდის და ამის გამო გულჩათხრობილია? ან იქნებ მარტოხელა დედას უჭირს, შვილი იეჰოვას მოსაწონად აღზარდოს და დაარიგოს? (ეფეს. 6:4). თუ დაკვირვებული ვიქნებით, მათთვის ლოცვის სურვილიც უფრო მეტად გაგვიჩნდებაb (რომ. 12:15).
13. როგორ ვილოცოთ მათთვის, ვისაც პირადად არ ვიცნობთ?
13 სახელებით მოიხსენიეთ ის ადამიანები, ვისთვისაც ლოცულობთ. ასე იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ მათ პირადად არ იცნობთ. მაგალითად, დაფიქრდით იმ და-ძმებზე, რომლებიც ყირიმში, ერიტრეაში, რუსეთში და სინგაპურში არიან დაპატიმრებული. ვებსაიტზე jw.org შეგიძლიათ მათი სახელების ნახვა, ვინც რწმენის გამო ციხეში ზის.c ერთი სარაიონო ზედამხედველი ბრაიანი ამბობს: „როგორც შევნიშნე, როცა ჩვენი დაპატიმრებული და-ძმების სახელებს ვწერ და მერე ხმამაღლა ვიმეორებ, უფრო მამახსოვრდება და პირად ლოცვებშიც ვიხსენიებ ხოლმე“.
14, 15. რა დაგვეხმარება, რომ ლოცვაში უფრო კონკრეტული ვიყოთ?
14 იყავით კონკრეტული. მაიკლი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ასეთ რამესაც აღნიშნავს: „როცა ჩვენს საიტზე დაპატიმრებული და-ძმების ისტორიებს ვკითხულობ, წარმოვიდგენ ხოლმე, მე როგორ ვიგრძნობდი თავს მათ ადგილას. ალბათ ძალიან ვინერვიულებდი ჩემს ცოლზე და იმაზე, თუ ვინ იზრუნებდა მასზე. ამას რომ ვფიქრობ ხოლმე, ვხვდები, კონკრეტულად რა უნდა ვთხოვო იეჰოვას, როცა დაოჯახებულ პატიმრებზე ვლოცულობ“ (ებრ. 13:3, სქ.).
15 როცა წარმოვიდგენთ, როგორი შეიძლება იყოს პატიმრის ყოველდღიურობა, უფრო მარტივი ხდება, კონკრეტულ რაღაცებზე ვილოცოთ. მაგალითად, იეჰოვას ვთხოვოთ, რომ კეთილად განაწყოს ციხის მეთვალყურეები დაპატიმრებული და-ძმების მიმართ და მათ ღვთის თაყვანისცემის საშუალება მისცენ (1 ტიმ. 2:1, 2). შეგვიძლია იმაზეც ვილოცოთ, რომ ამ ერთგული ქრისტიანების მაგალითით მათი კრებელებიც გამხნევდნენ. ან ჩვენი დაპატიმრებული და-ძმების კარგმა საქციელმა სხვები ჭეშმარიტების მოსასმენად განაწყოს (1 პეტ. 2:12). იგივე მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როცა იმ თანაქრისტიანებისთვის ვლოცულობთ, ვინც სხვა სირთულის წინაშეა. თუ დაკვირვებული ვიქნებით, ლოცვაში სხვებს პირადად მოვიხსენიებთ და კონკრეტული სათხოვარი გვექნება იეჰოვასთან, ამით ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს და გული შეგვტკივა ერთმანეთზე (1 თეს. 3:12).
ᲒᲐᲬᲝᲜᲐᲡᲬᲝᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ᲚᲝᲪᲕᲐᲖᲔ
16. რა დაგვეხმარება, გვქონდეს გაწონასწორებული შეხედულება ლოცვაზე? (მათე 6:8).
16 როგორც დასაწყისში ვისაუბრეთ, ჩვენს ლოცვას ზოგჯერ მართლა შეუძლია რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს. მაგრამ ამ საკითხზე მაინც გაწონასწორებული ხედვა უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იეჰოვამ ისედაც ყველაფერი იცის და ჩვენ ახალს ვერაფერს ვეტყვით და მეორეც, მასზე უკეთ ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ სიტუაციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ მანამდე იცის, რა სჭირდებათ თავის მსახურებს, სანამ სთხოვენ (წაიკითხეთ მათეს 6:8). მაშ რატომ უნდა ვილოცოთ სხვებისთვის? ზემოთ ნახსენები მიზეზების გარდა, ამით ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს და დაინტერესებული ვართ მათი კეთილდღეობით. იეჰოვასაც ახარებს, როცა თავის მსახურებში ასეთ სიყვარულს ხედავს.
17, 18. რას შეიძლება შევადაროთ თანაქრისტიანებისთვის ლოცვა?
17 შეიძლება იეჰოვამ ყოველთვის ისე არ უპასუხოს ჩვენს სათხოვარს, როგორც ვისურვებდით, თუმცა მას სიამოვნებს, როცა ჩვენი ლოცვებიდან თანაქრისტიანების სიყვარული იგრძნობა. საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოვიდგინოთ მამა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს: გოგო და ბიჭი. ბიჭუნა ავადაა და საწოლიდან ვერ დგება. გოგონა კი მამას ეხვეწება: „მამიკო, ხომ ხედავ, რა ცუდადაა?! გთხოვ, რამე უშველე“. ცხადია, მამამ ისედაც კარგად იცის, რა მდგომარეობაშია თავისი შვილი; უყვარს და ყველაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. თუმცა სიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ შესტკივა გოგონას გული ძამიკოზე და როგორ სთხოვს მის დახმარებას.
18 იეჰოვაც ზუსტად ამას მოელის ჩვენგან, რომ ვიზრუნებთ თანაქრისტიანებზე და ვილოცებთ მათთვის. ასეთი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ ეგოისტები არ ვართ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ. ამას კი იეჰოვა ძალიან აფასებს (2 თეს. 1:3; ებრ. 6:10). დაბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიგ შემთხვევებში მართლა შეუძლია ჩვენს ლოცვებს სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ასე რომ, არასოდეს დაგვავიწყდეს ერთმანეთისთვის ლოცვა.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b ვებსაიტზე jw.org უყურეთ ვიდეოს „ტაკაში შიმიძუ: იეჰოვა ლოცვების მომსმენი ღმერთია“.
c დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების სახელები რომ გაიგოთ, ვებსაიტზე jw.org მოძებნეთ სტატია „რწმენის გამო დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეები - ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით“.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და-ძმები, რომლებსაც თავადაც პრობლემები აქვთ, სხვებისთვის ლოცულობენ.