ხომ არ შევეშვა მანქანის ტარებას?
ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ უკვე წლებია მანქანას მართავთ. შეგიძლიათ იქ წახვიდეთ, სადაც გინდათ და როცა გინდათ, და ბუნებრივია, ეს დამოუკიდებლობის შეგრძნებას განიჭებთ. მაგრამ თქვენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, ფიქრობენ, რომ თქვენთვის მანქანის მართვა სახიფათოა. თქვენ კი ვერ გაგიგიათ, რა ანერვიულებთ.
ხომ არ გეცნობათ ასეთი სიტუაცია? რა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, შეწყვიტოთ თუ არა ავტომობილის მართვა?
ზოგ ქვეყანაში გარკვეულ ასაკს მიღწეულმა მძღოლმა მანქანის ტარების უფლება რომ შეინარჩუნოს, სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ცხადია, ასეთ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან მთავრობის მიერ მიღებულ ამ კანონს (რომ. 13:1). თუმცა, თუ თქვენთან მსგავსი კანონი არ არსებობს, მაინც შესაძლებელია განსაზღვროთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის საჭესთან ჯდომა.
ᲨᲔᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲣᲜᲐᲠᲔᲑᲘ
შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა სამთავრობო ორგანიზაციამ (National Institute on Aging) ხანში შესული მძღოლებისთვის სპეციალური კითხვარი შეადგინა, რომელიც თქვენც დაგეხმარებათ თვითშემოწმებაში. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი კითხვა.
გარკვევით ვხედავ საგზაო ნიშნებს ან ღამით ხომ არ მიჭირს ტარება?
მიჭირს თავის მიბრუნება, რომ სარკეები და უხილავი ზონა შევამოწმო?
რეაქცია ხომ არ შემინელდა, მაგალითად, ხომ არ მიჭირს გაზის პედლიდან მუხრუჭზე ფეხის სწრაფად გადატანა?
იმდენად ნელა ხომ არ დავდივარ, რომ სხვა მანქანების მოძრაობას ვაფერხებ?
ბოლო დროს ხშირად ხომ არ აღმოვჩნდი ავარიულ სიტუაციაში ან ხომ არ მომრავლდა ჩემს მანქანაზე ნაკაწრები თუ სხვა დაზიანებები იმის გამო, რომ უძრავ ობიექტებს ვერ ვამჩნევ ხოლმე?
პოლიციას ხომ არ გავუჩერებივარ ჩემი მართვის მანერის გამო?
ხომ არ ჩამთვლემია საჭესთან?
ისეთ მედიკამენტებს ხომ არ ვიღებ, რომლებმაც შეიძლება მანქანის მართვა გამირთულოს?
ხომ არ ნერვიულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები, როცა საჭესთან ვარ?
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან ორ კითხვას მაინც უპასუხეთ დადებითად, ალბათ ღირს რაღაც ზომების მიღება. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს, შეამციროთ მანქანის ტარების დრო, განსაკუთრებით ღამით. დროდადრო შეაფასეთ თქვენი უნარები ან ამ საკითხზე აზრი ახლობლებს ჰკითხეთ. შეიძლება თქვენს შემთხვევაში ისიც პრაქტიკული აღმოჩნდეს, თუ რამდენიმე გაკვეთილს გაივლით, როგორ მართოთ მანქანა უფრო უსაფრთხოდ. მაგრამ თუ რამდენიმე კითხვას უპასუხეთ დადებითად, ალბათ, ჯობს, საერთოდ უარი თქვათ ტარებაზე.a
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲖᲔ
შეიძლება ვერ ვაცნობიერებთ, რომ მანქანის მართვის უნარები დაგვიქვეითდა. ალბათ იმაზე ფიქრიც მტკივნეულია, რომ ერთ დღესაც ავტომობილის ტარებაზე უარის თქმა მოგვიწევს. როგორ დაგვეხმარება ბიბლიური პრინციპები, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი სიტუაცია და გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ? დავფიქრდეთ ორ პრინციპზე.
გამოიჩინეთ მოკრძალება და რეალისტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები (იგავ. 11:2). წლების მატებასთან ერთად მხედველობა, სმენა და რეფლექსები ქვეითდება და კუნთებიც სუსტდება. მაგალითად, ბევრი გარკვეულ ასაკში საერთოდ უარს ამბობს სპორტის ზოგიერთ სახეობაზე, რადგან ხვდება, რომ ტრავმების რისკი იმატებს. იგივე პრინციპი მანქანის მართვაზეც ვრცელდება. ამიტომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ზოგი უსაფრთხოების გამო წყვეტს ტარებას (იგავ. 22:3). ადამიანი, რომელიც რეალისტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს, სხვების აზრსაც ითვალისწინებს (შეადარეთ 2 სამუელის 21:15–17).
სიცოცხლის გაფრთხილება (კან. 22:8). თუ ადამიანი ავტომობილს უსაფრთხოდ ვერ მართავს, შეიძლება საკუთარი თუ სხვისი სიცოცხლეც კი იმსხვერპლოს. ასე რომ, თუ ხედავს, რომ მართვის უნარები დაუქვეითდა, მაგრამ მაინც აგრძელებს საჭესთან ჯდომას, დიდ რისკზე მიდის. შეიძლება მისი მიზეზით ფატალური შედეგიც კი დადგეს.
ნუ იფიქრებთ, რომ მანქანის მართვაზე უარის თქმა ღირსების საკითხია და შეიძლება სხვების თვალში ფასი დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ იეჰოვას თვალში ძვირფასი იქნებით, თუ რეალისტურად შეაფასებთ საკუთარ თავს და სხვების უსაფრთხოებაზეც იფიქრებთ. ის გპირდებათ, რომ მუდამ თქვენ გვერდით იქნება და ყურადღებას არ მოგაკლებთ (ეს. 46:4). გჯეროდეთ, ის არასდროს მიგატოვებთ. ასე რომ, სთხოვეთ მას სიბრძნე და გამჭრიახობა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.