საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 16-21
  • იესო – თანამგრძნობი მღვდელმთავარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო – თანამგრძნობი მღვდელმთავარი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲖᲔᲪᲘᲓᲐᲜ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐᲖᲔ
  • ᲘᲔᲡᲝ ᲗᲐᲜᲐᲣᲒᲠᲫᲜᲝᲑᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲑᲐᲫᲐᲕᲗ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑ ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲗᲐᲕᲐᲠᲡ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ
  • როგორ გვაცნობს იეჰოვასა და იესოს პიროვნებას გამოსასყიდი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • რა მაგალითი დაგვიტოვა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ზეცად ამაღლებამდე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 16-21

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 46

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 „მსურს“

იესო – თანამგრძნობი მღვდელმთავარი

„ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“ (ᲔᲑᲠ. 4:15).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაგვანახვებს, რამდენად თანამგრძნობი მღვდელმთავარი გვყავს და როგორ გვეხმარება ის დღეს.

1, 2. ა) რატომ გამოგზავნა იეჰოვამ თავისი ძე დედამიწაზე? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (ებრაელები 5:7–9).

ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲘᲗ 2 000 წლის წინ იეჰოვამ თავისი უძვირფასესი ძე მოავლინა დედამიწაზე. რა მიზანი ჰქონდა მას? ერთ-ერთი ის იყო, რომ ადამიანები ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან ეხსნა და სატანის მიერ გამოწვეული ზიანი აღმოეფხვრა (იოან. 3:16; 1 იოან. 3:8). გარდა ამისა, დედამიწაზე მიღებული გამოცდილება იესოს უფრო თანამგრძნობ და გულისხმიერ მღვდელმთავრად ჩამოაყალიბებდა. ამ დავალების შესრულებას ის ახ. წ. 29 წელს ნათლობის შემდეგ შეუდგა.a

2 ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ დაეხმარა იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდი, სრულყოფილად შეესრულებინა მღვდელმთავრის როლი (წაიკითხეთ ებრაელების 5:7–9). იმის კარგად გააზრება, რამდენად თანამგრძნობი მღვდელმთავარი გვყავს, გაგვიადვილებს, თავისუფლად მივმართოთ იეჰოვას ლოცვით მაშინაც კი, თუ საკუთარი შეცდომები ან სისუსტეები გულს გვიმძიმებს.

ᲖᲔᲪᲘᲓᲐᲜ ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐᲖᲔ

3, 4. რა შეიცვალა იესოს ცხოვრებაში?

3 ალბათ ცვლილებები ყველას გამოგვიცდია ცხოვრებაში. მაგალითად, სხვაგან გადავსულვართ საცხოვრებლად და დაგვიტოვებია ჩვენი მყუდრო სახლი, საყვარელი ოჯახის წევრები და მეგობრები. ასეთ ცვლილებებთან შეგუება იოლი არ არის. თუმცა ეს ახლოსაც ვერ მოვა იმ ცვლილებებთან, რაც იესომ განიცადა. ზეცაში ღვთის სულიერ ქმნილებებს შორის ის გამორჩეული იყო; განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა მამისგან და ყოველთვის ხარობდა მის წინაშე (ფსალმ. 16:11; იგავ. 8:30). თუმცა, როგორც ფილიპელების 2:7-დან ვიგებთ, მან „ყველაფერზე უარი თქვა“, თავისი ნებით დათმო მაღალი მდგომარეობა და დედამიწაზე ცოდვილ ადამიანებთან ცხოვრებას დათანხმდა.

4 მოკლედ შევიხსენოთ, როგორ დაიწყო იესოს ცხოვრება დედამიწაზე. ის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ამას ადასტურებს მოკრძალებული შესაწირავიც, რაც იესოს მშობლებმა მისი დაბადების შემდეგ გაიღეს (ლევ. 12:8; ლუკ. 2:24). როცა მეფე ჰეროდემ მესიის დაბადების შესახებ გაიგო, მისი მოკვლა სცადა. თუმცა იესოს ოჯახმა თავი ეგვიპტეს შეაფარა და ასე დაუსხლტა ბოროტ მეფეს ხელიდან (მათ. 2:13, 15). ფაქტია, ჩვენ ბოლომდე ვერ წარმოვიდგენთ, რამხელა ცვლილება განიცადა იესომ, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა.

5. რასთან მოუწია იესოს შეხება და როგორ მოამზადა ახალმა გამოცდილებამ მღვდელმთავრობისთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

5 განკაცებული იესო ხედავდა, როგორ იტანჯებოდნენ მის გარშემო ადამიანები. ისიც გამოცადა, რა გრძნობაა, როცა საყვარელი ადამიანი გიკვდება. შესაძლოა, მისივე სიცოცხლეში დაიღუპა მისი მამობილი, იოსებიც. ქადაგებისას ის ხვდებოდა კეთროვნებს, უსინათლოებს, ხეიბრებს, შვილმკვდარ მშობლებს და თანაუგრძნობდა მათ (მათ. 9:2, 6; 15:30; 20:34; მარ. 1:40, 41; ლუკ. 7:13). ცხადია, ადამიანების ასეთ მდგომარეობას იესო ზეციდანაც ხედავდა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად შეიგრძნო მათი გასაჭირი (ეს. 53:4). მიწიერი ცხოვრება დაეხმარა, მთელი სისავსით განეცადა ადამიანური გრძნობები – ტკივილი, იმედგაცრუება, მწუხარება თუ დაღლილობა. ასე რომ, მას უკვე შეეძლო, გაეგო და ბოლომდე თანაეგრძნო ადამიანებისთვის.

იესო გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც განკურნებას სთხოვენ. თანაგრძნობით განმსჭვალული იესო ხელს კიდებს ერთ დაუძლურებულ მოხუცს.

იესოს კარგად ესმოდა, რამხელა ემოციურ ტკივილს განიცდიდნენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები და თანაუგრძნობდა მათ (იხილეთ აბზაცი 5).


ᲘᲔᲡᲝ ᲗᲐᲜᲐᲣᲒᲠᲫᲜᲝᲑᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ

6. რა წარმოდგენას გვიქმნის ესაიას 42:3-ში ჩაწერილი შედარება იესოს თანაგრძნობაზე?

6 იესო დიდ თანაგრძნობას იჩენდა სუსტი და დაჩაგრული ადამიანების მიმართ, რითაც მასზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც შესრულდა. ებრაულ წერილებში ადამიანის მდგომარეობის აღსაწერად ზოგჯერ შედარებებია გამოყენებული. მაგალითად, ზოგი აყვავებულ ბაღს და ფოთოლხშირ ხეს არის შედარებული, ზოგი კი – გადატეხილ ლერწამს და მბჟუტავ პატრუქს (წაიკითხეთ ესაიას 42:3; ფსალმ. 92:12; ეს. 61:3; იერ. 31:12) ესაიამ გადატეხილი ლერწამი და მბჟუტავი პატრუქი იმის საჩვენებლად მოიხსენია, თუ რამხელა სიყვარულით და თანაგრძნობით მოეპყრობოდა იესო უბრალო და დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებიც სხვების თვალში არაფერს წარმოადგენდნენ.

7, 8. როგორ შეასრულა იესომ მასზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება?

7 თავის სახარებაში მათემაც მოიხსენია იესოზე წარმოთქმული ესაიას სიტყვები: „გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (მათ. 12:20). იესოს სასწაულებმა მართლაც შეცვალა ბევრი უიმედო და დაჩაგრული ადამიანის ცხოვრება. მაგალითად, მან განკურნა კაცი, რომელსაც კეთრი მთელ სხეულზე მოსდებოდა. ის ალბათ სულ იმას ნატრობდა, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაეტარებინა დრო, მაგრამ ამაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა. იესომ კი მისი ოცნება რეალობად აქცია (ლუკ. 5:12, 13). მან აგრეთვე განკურნა ყრუ და ენაბლუ კაცი. ამ კაცს ალბათ გული საშინლად უმძიმდებოდა, როცა ხედავდა, როგორი გრძნობებით და ემოციებით საუბრობდნენ სხვები, თავად კი არაფერი ესმოდა და ვერაფერს ამბობდა (მარ. 7:32, 33). თუმცა იესომ მხოლოდ მათი ცხოვრება როდი შეცვალა უკეთესობისკენ.

8 იმ დროს ბევრ იუდეველს სჯეროდა, რომ ფიზიკური ნაკლის თუ მძიმე დაავადების მქონე ადამიანი თავისი ან მშობლების ცოდვებს იმკიდა (იოან. 9:2). ეს მცდარი შეხედულება ისედაც დაჩაგრულ ხალხს ღირსების გრძნობას ულახავდა და თავს უვარგისად აგრძნობინებდა. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იესომ მხოლოდ ფიზიკურად კი არ განკურნა ისინი, ღვთის მზრუნველობაშიც დაარწმუნა. ჩვენ რას გვასწავლის მისი ასეთი დამოკიდებულება?

9. როგორ უსვამს ხაზს ებრაელების 4:15, 16 იმას, რომ ჩვენს მღვდელმთავარს ბოლომდე ესმის ადამიანების?

9 წაიკითხეთ ებრაელების 4:15, 16. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იესო ყოველთვის გაგვიგებს და თანაგვიგრძნობს? მოდი ჯერ ის ვთქვათ, როგორია თანამგრძნობი ადამიანი. ის სხვის დარდს და გასაჭირს იზიარებს. „გაგებად“ ან „თანაგრძნობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვაც სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიტანას და მის მდგომარეობაში შესვლას გულისხმობს (იხილეთ აგრეთვე ებრაელების 10:34). იესოს სასწაულებზე რომ ვფიქრობთ, ვხვდებით, როგორი თანამგრძნობი იყო ის და რა ახლოს მიჰქონდა გულთან ადამიანების მდგომარეობა. მას გულწრფელად სურდა მათი დახმარება და ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებდა, რომ მამის წინაშე ვალდებულებას გრძნობდა. მაგალითად, კეთროვნის განკურნება შორიდანაც შეეძლო, მაგრამ თანაგრძნობამ აღძრა, ახლოს მისულიყო და შეხებით განეკურნა კაცი, რომელსაც წლების მანძილზე არავინ გაჰკარებოდა. მისი თანაგრძნობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ერთი სმენადაქვეითებული მამაკაცი ხალხისგან მოშორებით, მშვიდ ადგილას გაიყვანა და ისე განკურნა. დავფიქრდეთ კიდევ ერთ შემთხვევაზე. როცა მომნანიებელმა ქალმა იესოს ფეხები ცრემლებით დაუსველა და თმით შეუმშრალა, ფარისევლებმა ზიზღით დაუწყეს ყურება. როგორ მოიქცა ამ დროს იესო? მან თანაუგრძნო ქალს და გამოესარჩლა (მათ. 8:3; მარ. 7:33; ლუკ. 7:44). იესო შორს არ იჭერდა თავს სნეულებისა და ცოდვილებისგან. პირიქით, თბილად იღებდა და გულისხმიერებას იჩენდა მათ მიმართ. მისი ასეთი დამოკიდებულება გვარწმუნებს, რომ ჩვენც ბოლომდე თანაგვიგრძნობს და გაგვიგებს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲑᲐᲫᲐᲕᲗ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑ ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲗᲐᲕᲐᲠᲡ

10. რით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც სმენისა და მხედველობის პრობლემები აქვს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

10 ჩვენ, როგორც იესოს მოწაფეები, ვცდილობთ, მივბაძოთ მას და სიყვარული და თანაგრძნობა გამოვხატოთ სხვების მიმართ (1 პეტ. 2:21; 3:8). მართალია, ვერც უსინათლოებს განვკურნავთ და ვერც სმენადაქვეითებულებს, მაგრამ შეგვიძლია სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ. მაგალითად, იეჰოვას ორგანიზაცია ბიბლიურ ლიტერატურას 100-ზე მეტ ჟესტურ ენაზე გამოსცემს. უსინათლო და მცირემხედველთათვის პუბლიკაციები ბრაილის შრიფტით 60-ზე მეტ ენაზე გამოიცემა, ხოლო ვიდეოები აუდიოაღწერით ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ენაზე. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდეს საშუალება, დაუახლოვდეს იეჰოვას და მის ძეს.

ფოტოკოლაჟი: 1) დარბაზში შეკრებილი და-ძმები ჟესტურ ენაზე ასრულებენ იეჰოვას განმადიდებელ სიმღერას; 2) უსინათლო და ბიბლიას კითხულობს ბრაილზე.

ბიბლიური ლიტერატურა 1 100-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი

მარცხნივ: 100-ზე მეტ ჟესტურ ენაზე

მარჯვნივ: ბრაილის შრიფტით 60-ზე მეტ ენაზე

(იხილეთ აბზაცი 10)


11. საიდან ჩანს, რომ ღვთის ორგანიზაცია იზიარებს იესოს დამოკიდებულებას სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანის მიმართ? (საქმეები 2:5–7, 33; იხილეთ აგრეთვე სურათები).

11 იეჰოვას ორგანიზაცია ცდილობს, ყველანაირი წარმომავლობის ადამიანს დაეხმაროს სულიერად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ წმინდა სული სცხო მოწაფეებს, რათა იქ შეკრებილი ხალხისთვის მათ მშობლიურ ენაზე ექადაგათ (წაიკითხეთ საქმეების 2:5–7, 33). ქრისტეს ხელმძღვანელობით დღეს ორგანიზაცია ბიბლიურ პუბლიკაციებს 1 100-ზე მეტ ენაზე გამოსცემს, მათ შორის ისეთ ენებზეც, რომლებზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. მაგალითად, ამერიკელ ინდიელთა ზოგ ენაზე საკმაოდ ცოტა ადამიანი საუბრობს. თუმცა პუბლიკაციები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ასეთ ენაზე. ჩვენი ლიტერატურა 20-ზე მეტ ბოშურ ენაზეც გამოიცემა. შედეგად, ასეთ ენებზე მოლაპარაკე ათასობით ადამიანმა გაიგო ჭეშმარიტება და დაუახლოვდა იეჰოვას.

ფოტოკოლაჟი: 1) ერთ ამერიკელ ინდიელ დას ხელში უჭირავს თავის ენაზე გამოცემული ბიბლია და იღიმის; 2) ბოშა და თავის გოგონასთან ერთად ესწრება თეოკრატიულ ღონისძიებას.

მარცხნივ: ამერიკელ ინდიელთა 160-ზე მეტ ენაზე

მარჯვნივ: 20-ზე მეტ ბოშურ ენაზე

(იხილეთ აბზაცი 11)


12. კიდევ როგორ ეხმარება იეჰოვას ორგანიზაცია ადამიანებს?

12 ქადაგებასთან ერთად იეჰოვას ორგანიზაცია სტიქიით დაზარალებულებსაც ეხმარება. ამ საქმეში ათასობით მოხალისეა ჩართული. გარდა ამისა, გვაქვს სუფთა და მოწესრიგებული დარბაზები, სადაც ყველას შეგვიძლია თავისუფლად შეკრება და ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის შესახებ მეტის გაგება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ

13. როგორ გვეხმარება იესო?

13 იესო, როგორც კარგი მწყემსი, ინდივიდუალურად ზრუნავს ჩვენს სულიერ საჭიროებებზე (იოან. 10:14; ეფეს. 4:7). ცხოვრებისეული პრობლემების გამო ზოგჯერ შეიძლება გადატეხილ ლერწამს და მბჟუტავ პატრუქს დავემსგავსოთ. მძიმე ავადმყოფობის, დაშვებული შეცდომების ან თანაქრისტიანთან მომხდარი უთანხმოების გამო შესაძლოა თავს საშინლად ვგრძნობდეთ. ასეთ დროს ძნელია, გაიხედო პრობლემის მიღმა და მომავლის იმედზე კონცენტრირდე. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იესომ კარგად იცის ჩვენი ემოციური მდგომარეობა და ბოლომდე ესმის ჩვენი. ის თანამგრძნობია და სურს, დაგვეხმაროს. როცა თავს უმწეოდ ვიგრძნობთ, ის წმინდა სულით გაგვაძლიერებს (იოან. 16:7; ტიტ. 3:6). გარდა ამისა, იესო უხუცესებისა და და-ძმების მეშვეობითაც ამოგვიდგება მხარში და იზრუნებს ჩვენზე (ეფეს. 4:8).

14. რა უნდა გვახსოვდეს, როცა უარყოფით ემოციებს ვერ ვერევით?

14 თუ მძიმე ემოციური ფონი გაქვთ და ფიქრობთ, რომ მეტს ვეღარ გაუძლებთ, დაფიქრდით იესოს როლზე. იეჰოვამ ის მხოლოდ კაცობრიობის სახსნელად კი არ გამოგზავნა, არამედ იმისთვისაც, რომ ბოლომდე გაეგო, რას განიცდიდნენ არასრულყოფილი ადამიანები. ასე რომ, როცა სისუსტეებისა თუ შეცდომების გამო უარყოფით გრძნობებს თავს ვერ ვაღწევთ, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მღვდელმთავარი იესო ჩვენ გვერდითაა და მზადაა, დაგვეხმაროს (ებრ. 4:15, 16).

15. რა დაეხმარა ერთ ძმას, კრებას დაბრუნებოდა?

15 იესო იმაშიც გვხელმძღვანელობს, რომ კრებას ჩამოშორებულებს იეჰოვასთან დაბრუნებაში დავეხმაროთ (მათ. 18:12, 13). ეს სტეფანოსb შემთხვევიდანაც კარგად ჩანს. საინტერესოა, რა გრძნობა დაეუფლა მას, როცა 12 წლის შემდეგ პირველად დაესწრო კრებას. ის გვიყვება: „თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ ძალიან მინდოდა, ისევ იეჰოვას ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. უხუცესებმა თბილად მიმიღეს. თუმცა ზოგჯერ სინდისი მაწუხებდა იმის გამო, რომ ამდენი ხანი იეჰოვას გარეშე ვცხოვრობდი და ყველაფერზე ხელის ჩაქნევაც მინდოდა. მაგრამ ძმები შემახსენებდნენ, რომ იეჰოვა და იესო მგულშემატკივრობდნენ. როცა კრებაში განცხადება გაკეთდა ჩემი დაბრუნების შესახებ, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და-ძმების მხრიდან. ჩემმა მეუღლემაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ახლა ერთად ვემსახურებით იეჰოვას“. დარწმუნებული ვართ, ჩვენს მღვდელმთავარს ახარებს იმის დანახვა, რომ მთელი კრება ეხმარება მომნანიებელს დაბრუნებაში.

16. რისთვის ვართ მადლიერი?

16 დედამიწაზე მსახურების დროს იესო ბევრ ადამიანს დაეხმარა. ის დღესაც ჩვენ გვერდითაა და გვჯერა, რომ გასაჭირში არ მიგვატოვებს. ახლო მომავალში კი იმაზე იზრუნებს, რომ საბოლოოდ გაგვათავისუფლოს ცოდვისა და არასრულყოფილებისგან. უზომოდ ვემადლიერებით ჩვენს მოსიყვარულე მამას, რომელმაც ასეთი თანამგრძნობი მღვდელმთავარი დაგვინიშნა.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • როგორ მოამზადა დედამიწაზე მიღებულმა გამოცდილებამ იესო მღვდელმთავრობისთვის?

  • როგორ შესრულდა ესაიას 42:3-ში ჩაწერილი სიტყვები იესოზე?

  • დღეს როგორ გვეხმარება ჩვენი მღვდელმთავარი?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

a დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ ჩაანაცვლა იესომ ებრაელი მღვდელმთავრები, იხილეთ 2023 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დააფასეთ სულიერ ტაძარში თაყვანისცემის შესაძლებლობა“, გვ. 26, აბზ. 7–9.

b სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება