საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 22-27
  • „ძალიან ძვირფასი ხარ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ძალიან ძვირფასი ხარ“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲣᲛᲐᲦᲚᲐ ᲘᲔᲡᲝᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲗᲕᲘᲗᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ
  • ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲕᲐᲚᲘᲗ ᲨᲔᲮᲔᲓᲔᲗ
  • იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • იეჰოვას უყვარხართ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • რა მაგალითი დაგვიტოვა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ზეცად ამაღლებამდე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 22-27

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 47

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

„ძალიან ძვირფასი ხარ“

„ძალიან ძვირფასი ხარ“ (ᲓᲐᲜ. 9:23).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაარწმუნებს მათ, ვისაც უღირსობის განცდა აქვთ, რომ იეჰოვას თვალში ძვირფასნი არიან.

1, 2. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვასთვის ძვირფასნი ვართ?

ᲖᲝᲒ იეჰოვას მსახურს დაბალი თვითშეფასება აქვს. ამის მიზეზი შეიძლება სხვების მხრიდან ცუდი მოპყრობა იყოს. თუ უღირსობის განცდა თქვენთვისაც ნაცნობია, როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი ხართ?

2 კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე, საიდანაც ჩანს, როგორია იეჰოვას დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამას მისი ძის, იესოს, მაგალითზე ვხედავთ, რომელიც ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა ყველას. მან თავისი ცხოვრებით აჩვენა, რომ ისინი, ვისაც საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა აქვთ, მისთვისაც და იეჰოვასთვისაც ძალიან ძვირფასნი არიან (იოან. 5:19; ებრ. 1:3). ამ სტატიიდან გავიგებთ, 1) როგორ აუმაღლა იესომ ადამიანებს თვითშეფასება და 2) როგორ დავრწმუნდეთ, რომ ღვთისთვის ძვირფასნი ვართ (ანგ. 2:7).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲣᲛᲐᲦᲚᲐ ᲘᲔᲡᲝᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲗᲕᲘᲗᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ

3. როგორ დაეხმარა იესო მასთან მისულ გალილეელებს?

3 გალილეაში მესამე სამქადაგებლო მოგზაურობის დროს უამრავი ხალხი მიდიოდა იესოსთან, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ. იესოს გული დაეწვა მათ გამო, რადგან „უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ“ (მათ. 9:36). რელიგიური წინამძღოლები კი ამ ხალხს, რომელიც კანონში კარგად ვერ ერკვეოდა, არაფრად აგდებდნენ და დაწყევლილადაც მოიხსენიებდნენ (იოან. 7:47–49). თუმცა იესოს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა – ის ასწავლიდა მათ და დაავადებებისგან კურნავდა (მათ. 9:35). უფრო მეტ ადამიანს რომ დახმარებოდა, მოციქულები სამქადაგებლო საქმისთვის მოამზადა და განკურნების ძალაც მისცა (მათ. 10:5–8).

4. რას ვიგებთ იესოს დამოკიდებულებიდან?

4 რაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იესო ღირსებითა და პატივისცემით ეპყრობოდა მათ, ვისაც სხვები ზემოდან უყურებდნენ? იმაზე, რომ ასეთი ადამიანები, მისთვისაც და იეჰოვასთვისაც ძვირფასები იყვნენ. ასე რომ, თუ თქვენც უღირსობის გრძნობა გიჩნდებათ ხოლმე, დაფიქრდით, რამხელა ყურადღებას იჩენდა იესო უბრალო ხალხის მიმართ, რომელსაც მისი მოსმენის დიდი სურვილი ჰქონდა. ამაზე ფიქრი თქვენც დაგანახვებთ, რომ იეჰოვასთვის უმნიშვნელო არ ხართ.

5. როგორ აღწერდით ერთი გალილეელი ქალის მდგომარეობას?

5 მართალია, იესო ხშირად ერთად შეკრებილ ხალხს ასწავლიდა, მაგრამ ყურადღებას ცალკეული ადამიანების მიმართაც იჩენდა. ერთხელ გალილეაში მსახურებისას ის შეხვდა ქალს, რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა (მარ. 5:25). კანონის თანახმად, ეს ქალი უწმინდურად ითვლებოდა და, თუკი ვინმე შეეხებოდა, ისიც გაუწმინდურდებოდა. ის ვერც თაყვანსაცემად და ვერც სხვა მიზნით თავმოყრილ ხალხს ვერ შეუერთდებოდა (ლევ. 15:19, 25). ასე რომ, ბუნებრივია, სხვებთან ურთიერთობას მოკლებული იქნებოდა. ფაქტია, ეს ქალი ფიზიკურადაც და ემოციურადაც ცუდ დღეში იყო (მარ. 5:26).

6. რა გააკეთა ქალმა, რომ განკურნებულიყო?

6 ამ საბრალო ქალს ძალიან სურდა, იესოს განეკურნა. მაგრამ მასთან პირდაპირ მისვლა შეუძლებელი ჩანდა. ჯერ ერთი, თავისი მდგომარეობის გამო, ალბათ, ძალიან რცხვენოდა. შეიძლება იმისიც ეშინოდა, რა რეაქცია ექნებოდა იესოს, როცა უწმინდურ ქალს ამდენ ხალხში დაინახავდა. მაგრამ, რახან დარწმუნებული იყო, რომ იესოს შეხებაც კი განკურნავდა, ზურგიდან მიუახლოვდა და მოსასხამზე შეეხო (მარ. 5:27, 28). დაუფასდა კიდეც რწმენა და მაშინვე განიკურნა. იესოც მიხვდა, რომ ვიღაც შეეხო. ამიტომ ქალს ისღა დარჩენოდა, ყველაფერი ეთქვა. საინტერესოა, როგორი იყო იესოს რეაქცია.

7. როგორ მოეპყრო იესო ამ საბრალო ქალს? (მარკოზი 5:34).

7 იესო თბილად და პატივისცემით მოეპყრო ამ ქალს. შენიშნა, როგორი „შეშინებული და აკანკალებული“ იყო (მარ. 5:33). ის გაუფრთხილდა მის გრძნობებს, დაამშვიდა და „შვილოთი“ მიმართა (სიტყვასიტყვით „ასულო“), რაშიც პატივისცემასთან ერთად დიდი სითბო და სიყვარული გამოჩნდა (წაიკითხეთ მარკოზის 5:34). ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ამ სიტყვასთან მოცემულია შემდეგი კომენტარი: „ეს არის სახარებებში მოყვანილი ერთადერთი შემთხვევა, როცა იესომ ქალს ამ სიტყვით მიმართა. სავარაუდოდ, მიზეზი ის იყო, რომ მისი ემოციური მდგომარეობა გაითვალისწინა“. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა შვებას იგრძნობდა ეს ქალი! ფიზიკურად კი განიკურნა, მაგრამ ემოციურ ტკივილს და დანაშაულის გრძნობას, ალბათ, მაინც ვერ გაექცეოდა, იესოს ასე თბილად რომ არ მიემართა და არ დაემშვიდებინა. ახლა მას უკვე შეეძლო, სწორად შეეფასებინა საკუთარი თავი და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ზეციერი მამისთვის ძალიან ძვირფასი იყო.

8. რისი ატანა უწევდა ერთ ბრაზილიელ დას?

8 ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღესაც არაერთი ღვთის მსახური განიცდის ემოციურ პრობლემებს. მაგალითად, ბრაზილიაში მცხოვრები ერთი პიონერი და მარიაa ფიზიკური ნაკლით დაიბადა; მას მხოლოდ ერთი კიდური, მარცხენა ხელი აქვს. ის ამბობს: „სკოლაში სულ მაბულინგებდნენ და დამამცირებელ მეტსახელებს მეძახდნენ. ზოგჯერ ოჯახშიც მაგრძნობინებდნენ თავს უღირსად“.

9. რამ დაარწმუნა მარია, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი იყო?

9 რა დაეხმარა მარიას, ღირსების გრძნობა დაებრუნებინა? როცა იეჰოვას მოწმე გახდა, და-ძმებისგან დიდი თანადგომა იგრძნო. ისინი დაეხმარნენ მას, იეჰოვას თვალით შეეხედა საკუთარი თავისთვის. მარია ამბობს: „იმდენი ადამიანი დამეხმარა, რომც მოვინდომო, ვერ ჩამოვთვლი. უზომოდ ვემადლიერები იეჰოვას, რომ ასეთი თბილი ოჯახი მაჩუქა“. მარია და-ძმების დახმარებით მიხვდა, რომ ძვირფასი იყო ღვთისთვის.

10. რა ტანჯავდა მარიამ მაგდალელს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

10 მარიამ მაგდალელის შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ იესო ცალკეული ადამიანების მიმართ იჩენდა ყურადღებას. მას შვიდი დემონი უმწარებდა ცხოვრებას (ლუკ. 8:2). ამის გამო ალბათ უცნაურად იქცეოდა და ხალხიც თავს არიდებდა. ასე რომ, რა გასაკვირია, თუ ეს გასაცოდავებული ქალი თავს გარიყულად, უმწეოდ და უღირსად იგრძნობდა. როგორც ჩანს, იესომ განდევნა მარიამისგან დემონები და ისიც მისი მოწაფე გახდა. კიდევ როგორ დაანახვა მარიამს, რომ ღვთისთვის ძვირფასი იყო?

ფოტოკოლაჟი: 1) იესო უყურებს ცხოვრებით გატანჯულ მარიამ მაგდალელს, რომელიც ქუჩის ბნელ კუთხეშია ჩამუხლული; 2) გახარებული მარიამ მაგდალელი სხვა მოწაფეებთან ერთად იესოს ახლავს სამქადაგებლო მოგზაურობაში.

როგორ დაარწმუნა იესომ მარიამ მაგდალელი, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი იყო? (იხილეთ აბზაცები 10, 11)


11. როგორ დაანახვა იესომ მარიამ მაგდალელს, რომ ღვთისთვის ძვირფასი იყო? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

11 იესომ მარიამ მაგდალელს შესთავაზა, სხვა მოწაფეებთან ერთად სამქადაგებლო მოგზაურობის დროს მის გვერდით ყოფილიყო.b ამგვარად მარიამს კარგი შესაძლებლობა მიეცა, მისი სწავლებისთვის მოესმინა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო, რომელსაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ეჩვენა და დაელაპარაკა. იესომ იმის პატივიც დასდო, რომ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოციქულებისთვის ეცნობებინა. ეს ყველაფერი ნამდვილად დაარწმუნებდა მარიამს, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი იყო (იოან. 20:11–18).

12. რატომ გრძნობდა ლიდია თავს უღირსად?

12 მარიამ მაგდალელის არ იყოს, დღესაც ბევრს აქვს იმის განცდა, რომ არავის უყვარს და არაფერს წარმოადგენს. ერთი ესპანელი და ლიდია გვიყვება, რომ დედამისი მასზე ორსულობისას აბორტის გაკეთებას ფიქრობდა. მას პატარაობიდანვე ახსოვდა დედის მხრიდან მწარე სიტყვები და უყურადღებობა. ის ამბობს: „დედამ დამაჯერა, რომ ცუდი ადამიანი ვიყავი. ამიტომ ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ სხვებს რაღაც კარგი დაენახათ ჩემში და ვყვარებოდი. მაგრამ ამის დიდი იმედი არ მქონდა“.

13. რამ დაარწმუნა ლიდია, რომ იეჰოვასთვის ძვირფასია?

13 ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ლიდიას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ლოცვამ, ბიბლიის კითხვამ და თანაქრისტიანების სითბომ თუ ყურადღებამ ის დაარწმუნა, რომ ძვირფასია იეჰოვასთვის. ლიდია ამბობს: „ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, რომ ვუყვარვარ და კარგი თვისებების გამო მაქებს ხოლმე. იმავეს ვგრძნობ მეგობრებისგანაც“. თქვენც ხომ არ იცნობთ ისეთ თანაქრისტიანს, რომელსაც იეჰოვას სიყვარულში დარწმუნება სჭირდება?

ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲕᲐᲚᲘᲗ ᲨᲔᲮᲔᲓᲔᲗ

14. რა დაგვეხმარება, იეჰოვას თვალით შევხედოთ საკუთარ თავს? (1 სამუელი 16:7; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რას აფასებს იეჰოვა ჩვენში?“).

14 იეჰოვა საზოგადოებაში გავრცელებული სტანდარტებით არ გვაფასებს (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის თვალში თქვენი ფასი არ იზომება გარეგნობით, სოციალური სტატუსითა თუ განათლებით (ეს. 55:8, 9). ასე რომ, ნურც თქვენ შეაფასებთ ამ კრიტერიუმებით საკუთარ თავს. ყოველთვის გახსოვდეთ, რა არის იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი. ეს კარგად ჩანს იმ ღვთის მსახურების შემთხვევებიდან, რომელთაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე უღირსობის გრძნობა ტანჯავდათ. ასეთები იყვნენ ელია, ნაომი, ხანა თუ სხვები. კარგი იქნება, თუ უფრო ახლოს გაეცნობით მათ ისტორიებს. კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? გაიხსენეთ და სადმე ჩაწერეთ ის შემთხვევები, როცა იეჰოვას ხელი იგრძენით და მიხვდით, რომ უყვარხართ და მისთვის ძვირფასი ხართ. ჩვენს პუბლიკაციებშიც მოიძიეთ ინფორმაცია უღირსობის გრძნობაზე ან დაბალ თვითშეფასებაზე.c

რას აფასებს იეჰოვა ჩვენში?

თუნდაც ის ფაქტი, რომ იეჰოვამ სხვა მიწიერ ქმნილებებს შორის ადამიანი გამოარჩია და მასთან დამეგობრების შესაძლებლობა მისცა, თვითშეფასებას და ღირსების გრძნობას გვიმაღლებს (დაბ. 1:27; ფსალმ. 8:5; 25:14; ეს. 41:8). თუმცა, თუ უკვე გავიცანით იეჰოვა, თავი მივუძღვენით და ვემორჩილებით, გაცილებით დიდი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ მისთვის ძვირფასი ვართ და ვუყვარვართ (ეს. 49:15).

15. რატომ იყო დანიელი იეჰოვას თვალში ძვირფასი? (დანიელი 9:23).

15 იეჰოვასთვის ძვირფასი ხართ თქვენი ერთგულების გამო. ერთხელ ღრმად მოხუცებულმა დანიელმა თავი ფიზიკურად თუ ემოციურად გამოფიტულად იგრძნო (დან. 9:20, 21). როგორ შემატა მას მხნეობა იეჰოვამ? ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა და დაარწმუნა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი იყო და მის ლოცვებს ისმენდა (წაიკითხეთ დანიელის 9:23). მაინც რა დაინახა ღმერთმა დანიელში? სხვა ღირსეულ თვისებებთან ერთად დანიელი სიმართლის სიყვარულითა და ერთგულებით გამოირჩეოდა (ეზეკ. 14:14). იეჰოვამ მისი ისტორია ჩვენს გასამხნევებლად შემოინახა (რომ. 15:4). ის თქვენს ლოცვებსაც ისმენს და ძალიან აფასებს, რომ მისი სამართლიანი ნორმებით ცხოვრობთ და ერთგულად ემსახურებით (მიქ. 6:8; ებრ. 6:10).

16. რა დაგეხმარებათ, იეჰოვა მოსიყვარულე მამად აღიქვათ?

16 იეჰოვას შვილივით უყვარხართ. ის არ არის თქვენს შეცდომებზე ჩასაფრებული, პირიქით, თქვენი დახმარება სურს (ფსალმ. 130:3; მათ. 7:11; ლუკ. 12:6, 7). ამაზე ფიქრი ბევრს დაეხმარა, თვითშეფასება აემაღლებინა. სწორედ ასე იქცევა ერთი ესპანელი და მიშელი, რომელიც წლების მანძილზე იტანდა ქმრის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას. ამის გამო თავს უღირსად გრძნობდა და ფიქრობდა, თითქოს არავის სჭირდებოდა. ის ამბობს: „რთულ მომენტებში ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორ მატარებს იეჰოვა ხელში აყვანილს და როგორ მიკრავს გულში“ (ფსალმ. 28:9). ერთი სამხრეთ აფრიკელი და ლორენი კი ასე იმხნევებს თავს: „თუკი იეჰოვამ სიყვარულის თასმებით მიმიზიდა, მთელი ეს წლები გვერდში მედგა და იმის პატივიც დამდო, რომ მის გაცნობაში სხვებს დავხმარებოდი, მაშინ შეუძლებელია, არ ვუყვარდე და არ ვაღელვებდე“ (ოს. 11:4).

17. როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის კეთილგანწყობაში? (ფსალმუნი 5:12; იხილეთ აგრეთვე სურათი).

17 იეჰოვა კეთილგანწყობილია თქვენ მიმართ (წაიკითხეთ ფსალმუნის 5:12). დავითმა ღვთის კეთილგანწყობა დიდ ფარს შეადარა, რომლითაც თავის ერთგულ მსახურებს იცავს. თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაში, მარტივად „მოვიგერიებთ“ ისეთ ფიქრებს, რომ არავის ვუყვარვართ და არავის ვჭირდებით. ის სხვადასხვა საშუალებით გვიმტკიცებს თავის სიყვარულს. მაგალითად, როგორც დავინახეთ, ამისთვის თავის სიტყვას, ბიბლიას იყენებს. გარდა ამისა, უხუცესების, მეგობრების თუ სხვა და-ძმების მეშვეობით შეგვახსენებს, რომ ძვირფასი ვართ მისთვის. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე ამ ყველაფერმა?

ორი და დარბაზიდან გამოდის. ისინი მსახურებაში მიდიან. ერთს მეგობრულად აქვს ხელი მოხვეული მეორე დისთვის და იღიმის.

თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაში, მარტივად „მოვიგერიებთ“ ისეთ ფიქრებს, რომ არავის ვუყვარვართ და არავის ვჭირდებით (იხილეთ აბზაცი 17).


18. რა უნდა დავინახოთ ქების სიტყვებში?

18 თუ საყვარელი ადამიანი გულწრფელად გაქებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამას არ იმსახურებთ. შეიძლება იეჰოვა სწორედ მისი მეშვეობით ცდილობს, თავის კეთილგანწყობაში დაგარწმუნოთ. ზემოთ ნახსენები მიშელი ამბობს: „ახლა, როცა სხვები მაქებენ, ვცდილობ, ეს ჰაერზე ნათქვამ სიტყვებად არ აღვიქვა და დავიჯერო, რომ ტყუილად არ ამბობენ. ვიცი, რომ იეჰოვასაც ეს სურს“. მიშელს უხუცესებიც დაეხმარნენ, რომ საკუთარი თავისთვის იეჰოვას თვალით შეეხედა. დღეს ის პიონერად მსახურობს და ბეთელს დისტანციურად ეხმარება.

19. რატომ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი ხართ?

19 იესოს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ზეციერი მამისთვის ძალიან ძვირფასი ვართ (ლუკ. 12:24). ასე რომ, ამ მხრივ არავითარი ეჭვის საფუძველი არ გვაქვს. მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და სხვებსაც დავეხმაროთ, ამაში დარწმუნდნენ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • როგორ დაანახვა იესომ ადამიანებს, რომ ღვთისთვის ძვირფასნი იყვნენ?

  • როგორ დაეხმარა იესო სისხლდენით გატანჯულ ქალს?

  • რა დაგვეხმარება, საკუთარ თავს იეჰოვას თვალით შევხედოთ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b მარიამ მაგდალელი იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც იესოს სამქადაგებლო მოგზაურობაში გაჰყვნენ. ისინი არ იშურებდნენ სახსრებს იესოსა და მოციქულების დასახმარებლად (მათ. 27:55, 56; ლუკ. 8:1–3).

c მაგალითად, წაიკითხეთ წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ 24-ე თავი. აგრეთვე პუბლიკაციაში „ბიბლია – ცხოვრების გზამკვლევი“ მოძებნეთ საკითხი „უღირსობის გრძნობა“ და წაიკითხეთ მის ქვეშ მოცემული ბიბლიური მუხლები და მაგალითები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება