ასი წლის წინ — 1913
ათას ცხრაას ცამეტი წლის „საგუშაგო კოშკის“ 1 იანვრის ნომერში ამერიკელი ჟურნალისტის ჰერბერტ კაუფმანის სიტყვები იყო მოყვანილი, რომელიც იმდროინდელი საზოგადოების განწყობას გამოხატავდა: «დღეს სიტყვა „შეუძლებელი“ მოძველებულია . . . თითქმის ყველაფერი, რაზეც წარსულში ვოცნებობდით, დღეს რეალობად იქცა». 1913 წლის დასაწყისში ხალხი მომავალს იმედის თვალით უყურებდა.
ამგვარ ოპტიმისტურ განწყობას გარკვეულწილად ტექნოლოგიური პროგრესიც განაპირობებდა. ამ დროს შეერთებულ შტატებში ფორდის საავტომობილო კომპანიამ (Ford Motor Company) ახალი ქარხანა გახსნა ჰაილენდ-პარკში (მიჩიგანი, აშშ). შეიძლება ითქვას, რომ ერთ ღამეში ისე დაეცა ავტომობილების ფასი, რომ მილიონობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ავტომობილი ჰყოლოდა. რამ გამოიწვია ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნა? ახალ ქარხანაში ავტომობილების აწყობა ახალი, კონვეიერის, მეთოდით ხდებოდა. სწორედ ამ ტექნოლოგიურმა მიღწევამ კომპანიას საშუალება მისცა, გაცილებით მოკლე დროში აეწყო საყოველთაოდ ცნობილი მოდელი „ფორდ-T“, რამაც ფასის მკვეთრი ვარდნა განაპირობა.
იეჰოვას ხალხიც იმედის თვალით უყურებდა მომავალს, მაგრამ მათ ოპტიმიზმს საფუძვლად სულ სხვა მიზეზები ედო. ბიბლიის მკვლევრები უკვე დიდი ხანი იყო, აცხადებდნენ, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი იქნებოდა და ელოდნენ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდებოდა. ისინი მინდობილ საქმეს გულმოდგინედ ასრულებდნენ და, რაც უფრო ახლოვდებოდა ეს წელი, მით უფრო მეტი ენთუზიაზმით მსახურობდნენ.
ღია ბარათი: პასტორ რასელის მოგზაურობა
ბიბლიის მკვლევრებმა 1913 წლის ივნისში დაიწყეს კონგრესების ჩატარება. თავდაპირველად ერთდღიანი კონგრესი ჩატარდა ქალაქ კანზასში (მისური, აშშ). მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში 200-მა და-ძმამ დაქირავებული მატარებლით შემოიარა შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი და კანადა, რათა კონგრესებისთვის გაეწიათ ორგანიზება. თითოეულ კონგრესზე დამსწრეებს ჰქონდათ დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ათასობით დამსწრემ პასუხები მიიღო თავის კითხვებზე; მოგვიანებით დაინტერესებულებს ბიბლიის მკვლევრები დაუკავშირდნენ.
1913 წელს ბრუკლინის მთავარ სამმართველოში „შემოქმედების ფოტოდრამა“ მომზადდა. ეს ფოტოდრამა რვასაათიანი იყო და შედგებოდა მოძრავი სლაიდებისა და კადრებისგან, რომელთაც თან ერთვოდა ბიბლიური მოხსენებების ფონოგრამები და მუსიკა. ბიბლიის მკვლევრებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფოტოდრამას მილიონობით დაინტერესებული ნახავდა, მაშინ როცა სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა რიცხვი, სულ რაღაც, 5 100-ს შეადგენდა. ისინი საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო, „ფოტოდრამა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ეჩვენებინათ მთელ მსოფლიოში“.
როგორ განვითარდებოდა მოვლენები 1914 წელს? როგორ მიიღებდა ხალხი „შემოქმედების ფოტოდრამას“? რა მოხდებოდა შემოდგომაზე, როდესაც უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდებოდა? ბიბლიის მკვლევრები მოუთმენლად ელოდნენ ამ კითხვებზე პასუხს და იეჰოვას მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.
მოახლოებული დიდი ომი, რომელიც ისტორიაში პირველი მსოფლიო ომის სახელით შევიდა, ადამიანებს იმედებს დაუმსხვრევდა; ვერც ტექნოლოგიური პროგრესი მოაგვარებდა ადამიანთა პრობლემებს. მომდევნო წელს არაერთი ცვლილების მოწმენი გახდებოდნენ არა მხოლოდ ბიბლიის მკვლევრები, არამედ მთელი მსოფლიო.