მათი თანამედროვე განვითარება და ზრდა
იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ას წელზე მეტი ხნის წინათ იღებს სათავეს. 1870-იან წლებში ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ, ამჟამად პიტსბურგის ნაწილი) პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ჯგუფის ორგანიზატორი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1879 წლის ივლისში პირველად გამოქვეყნდა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“. 1880 წლისთვის ბიბლიის შემსწავლელთა ერთი პატარა ჯგუფიდან ათობით კრება ჩამოყალიბდა ახლომდებარე შტატებში. 1881 წელს შეიქმნა სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს. საზოგადოებას ჩ. რასელი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ეწოდა. ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ქადაგებდა და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა კარდაკარ. 1888 წელს 50 ადამიანი მსახურობდა სრული დროით, ამჟამად კი დაახლოებით 700 000 სრული დროით მსახურია.
1909 წლისათვის ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და საზოგადოების მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანეს, სადაც ახლაც მდებარეობს. ქადაგებები გაზეთებში ქვეყნდებოდა და 1913 წლისათვის ოთხ ენაზე იბეჭდებოდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 3 000 გაზეთში. ასობით მილიონი წიგნი, ბროშურა და ტრაქტატი ვრცელდებოდა.
1912 წელს „შემოქმედების ფოტოდრამაზე“ დაიწყეს მუშაობა. სლაიდებითა და გახმოვანებული, მოძრავი სურათებით წარმოდგენილი იყო პერიოდი დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიან მეფობამდე. სეანსები, რომლებსაც ყოველდღიურად 35 000 მაყურებელი ესწრებოდა, 1914 წელს დაიწყო. ეს ფოტოდრამა ხმოვანი კინოს განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.
1914 წელი
გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა. 1876 წელს ბიბლიის მკვლევარმა ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა სტატია „როდის დასრულდება წარმართთა ჟამი?“, რომელიც გამოქვეყნდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარში“. ამ ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში 27-ე გვერდზე ნათქვამი იყო: „შვიდი დრო დამთავრდება ახ. წ. 1914 წელს“. წარმართთა ჟამი არის დროის მონაკვეთი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებულია როგორც „ხალხებისთვის განსაზღვრული დრო“ (ლუკა 21:24, აქ). ყველაფერი, რაც ნავარაუდები იყო, არ მომხდარა 1914 წელს, მაგრამ ამ წლით აღინიშნა წარმართთა ჟამის დასასრული და განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღად იქცა. მრავალი ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო, რასაც შემდეგი ციტატებიც ცხადყოფს:
„ისტორიაში 1913 წელი უკანასკნელი სრულიად ნორმალური წელიწადი იყო — წელიწადი, რომელიც წინ უსწრებდა პირველ მსოფლიო ომს“ („ტაიმზ ჰერალდში“ გამოქვეყნებული სტატია, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ, 1949 წლის 13 მარტი).
„75-წლიან პერიოდს (1914—1989), რომელიც მოიცავს ორ მსოფლიო და ცივ ომს, სულ უფრო მეტად აშუქებენ ისტორიკოსები, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ეპოქას, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა ომობდა, იშუშებდა ომის ჭრილობებს ან საომრად ემზადებოდა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 1995 წლის 7 მაისი).
„პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიო მართლაც რომ თავზარდაცემულია, რის მიზეზიც ნამდვილად არ ვიცით. მანამდე ხალხს ეგონა, რომ არც ისე შორს იყო ფანტასტიკური ოცნებების ახდენის დრო. მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია და დღემდე არაფერი გაუმჯობესებულა... ამ საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე ოდესღაც, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში“ (დრ. უოკერ პერსი, American Medical News, 1977 წლის 21 ნოემბერი).
1914 წლიდან 50-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე კონრად ადენაუერი წერდა: „ადამიანთა ყოფაში უშიშროებასა და სიმშვიდეს 1914 წელს დაესვა წერტილი“ (The West Parker, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, 1966 წლის 20 იანვარი).
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი ჩ. რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს იგი ჯოზეფ რუტერფორდმა შეცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. დაიწყეს „საგუშაგო კოშკის“ თანდართული ჟურნალის, სახელწოდებით „ოქროს ხანის“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“ ეწოდება; 80-ზე მეტ ენაზე 20 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი ქვეყნდება) გამოცემა. კარდაკარ ქადაგებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ქრისტიანული სამყაროსგან გამოსარჩევად 1931 წელს ამ ქრისტიანებმა თავიანთ თავს „იეჰოვას მოწმეები“ უწოდეს. ამ სახელწოდებას საფუძვლად დაედო ესაიას 43:10—12 (აქ).
1920-იან და 1930-იან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა რადიო. 1933 წლისათვის საზოგადოება ბიბლიური ლექციების სატრანსლაციოდ 403 რადიოსადგურს იყენებდა. მოგვიანებით, რადიოგადაცემების ადგილი, უმთავრესად, ხალხის სახლებში მონახულებამ დაიკავა; მოწმეებს თან დაჰქონდათ პორტატიული გრამოფონები და ადამიანებს ბიბლიურ ლექციებს ასმენინებდნენ. მასთან, ვინც ბიბლიური ჭეშმარიტებით ინტერესდებოდა, ბიბლიის საშინაო შესწავლას იწყებდნენ.
გამარჯვება სასამართლო პროცესებზე
XX საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში მრავალი მოწმე დააპატიმრეს მათი საქმიანობის გამო. სიტყვის, ბეჭდვის, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლების დასაცავად სასამართლო პროცესები იმართებოდა. შეერთებულ შტატებში ქვედა ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების შედეგად მოწმეებმა 43 საქმე მოიგეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ასეთივე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს სხვა ქვეყნების უზენაესმა სასამართლოებმაც. ამ გამარჯვებებთან დაკავშირებით პროფესორმა ჩ. ბრადენმა თავის წიგნში „მათაც სწამთ“ იეჰოვას მოწმეების შესახებ თქვა: „თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვით მათ კარგი სამსახური გაუწიეს დემოკრატიას და ამით დიდად შეუწყეს ხელი იმას, რომ ამერიკაში არსებულ ყველა უმცირესობას უფრო მეტი უფლებები ჰქონოდა“.
სპეციალური სასწავლო პროგრამები
ჯ. რუტერფორდი 1942 წელს გარდაიცვალა და იგი შეცვალა ნ. ნორმა. დაიწყო სასარგებლო სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება. 1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად სპეციალური სკოლა დაარსდა, რომელსაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ეწოდა. იმ დროიდან მოყოლებული, ამ სკოლის კურსდამთავრებულები, სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებიან. ახალი კრებები დაარსდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო და ამჟამად მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალი მოქმედებს. დროდადრო განსაკუთრებული კურსები ტარდება კრების უხუცესთა, ფილიალების მოხალისე მუშაკთა და სამქადაგებლო საქმიანობაში სრული დროით მონაწილეთა (პიონერთა) მოსამზადებლად. ზოგი სპეციალიზებული სწავლება პატერსონში არსებულ სასწავლო ცენტრში (აშშ, ნიუ-იორკის შტატი) მიმდინარეობს.
ნ. ნორი 1977 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაციული ცვლილება, რომელშიც მან სიკვდილის წინ მიიღო მონაწილეობა, მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, ბრუკლინში, არსებული ხელმძღვანელი საბჭოს გაფართოება იყო. 1976 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დანაწილდა კომიტეტებზე, რომლებშიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები შედიან. ყოველ მათგანს მრავალი ათწლეულის გამოცდილება აქვს ქრისტიანულ მსახურებაში.
ბეჭდვითი საშუალებების გაფართოება
იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია სავსეა საოცარი მოვლენებით. 1870 წელს პენსილვანიაში შექმნილი ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი 2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრებად გადაიქცა. თავდაპირველად მთელ ლიტერატურას კომერციული ფირმები ბეჭდავდნენ; შემდეგ, 1920 წელს, მოწმეები ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს დაქირავებულ საწარმოო ნაგებობებში ამზადებდნენ. მაგრამ 1927 წლიდან გაცილებით მეტ ლიტერატურას უშვებდნენ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ კუთვნილი სტამბის რვასართულიან შენობაში. ამჟამად სტამბა გაფართოებულია და სხვა შენობებსა და ადმინისტრაციულ კომპლექსს მოიცავს. იქვე არის დამატებითი შენობები, რომლებშიც სტამბაში მომუშავე მოხალისეები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოხალისეები უოლკილის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად მდებარე საზოგადოების ფერმებსა და სტამბაშიც მუშაობენ. იქ იბეჭდება ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და საკვები მზადდება ყველა მომსახურეთათვის. ყოველი მათგანი ყოველთვიურად იღებს მცირე თანხას პირადი ხარჯებისათვის.
საერთაშორისო კონგრესები
1893 წელს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ) პირველი დიდი კონგრესი ჩატარდა. მას 360 კაცი ესწრებოდა და მათგან 70 მოინათლა. უდიდესი საერთაშორისო კონგრესი, 1958 წელს შედგა ქალაქ ნიუ-იორკში, იანკის სტადიონსა და იმხანად არსებულ პოლო გრაუნდსზე. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 253 922; მოინათლა 7 136 ადამიანი. მას შემდეგ საერთაშორისო კონგრესები სერიულად ტარდება მრავალ ქვეყანაში. მთლიანობაში, ერთი ასეთი სერია შეიძლება დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ათას კონგრესს მოიცავდეს.
[სურათი 6 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკი“, რომელიც ერთ ენაზე გამოიცემოდა და მისი ტირაჟი 6 000-მდე იყო, ახლა 140-ზე მეტ ენაზე გამოიცემა და ტირაჟი 22 000 000-ს აღემატება.
[სურათი 7 გვერდზე]
გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ბევრი რამ გაკეთდა მოქალაქეთა თავისუფლებისთვის.
[გვერდი 10 დათმობილი აქვს სურათს]