საქართველო
ის თვალს ვერ სწყვეტდა ბიბლიას!
მარინა კოპალიანი
დაიბადა: 1957 წ.
მოინათლა: 1990 წ.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მარინა და ბადრი ჭეშმარიტების გაგებისთანავე აქტიური მქადაგებლები გახდნენ მიუხედავად იმისა, რომ ორ ვაჟს ზრდიდნენ. მოგვიანებით ბადრი ქვეყნის კომიტეტში მსახურობდა. იგი სიკვდილამდე, 2010 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეებს პირველად 1989 წელს შევხვდით მეზობელთან, რომელსაც გივი ბარნაძე ბიბლიას ასწავლიდა. გაგიკვირდებათ და, გივის არ ჰქონდა საკუთარი ბიბლია, რადგან იმ დროს საქართველოში ძნელად თუ იშოვიდი მას.
მოსმენილმა იმდენად აღგვაფრთოვანა, რომ ბიბლიის შეძენის სურვილი გაგვიჩნდა. ერთხელ ჩემს მეუღლეს თავისი ძმისთვის უთქვამს, რომ ბიბლიას ეძებდა. აღმოჩნდა, რომ მას ახალი შეძენილი ჰქონია ბიბლია და უთხრა, რომ სიამოვნებით აჩუქებდა.
როგორც კი სახლში დაბრუნდა, ბადრი მაგიდას მიუჯდა და კითხვა დაიწყო. იგი დაღამებამდე თავაუღებლად კითხულობდა. მეორე დღეს გაღვიძებისთანავე განაგრძო კითხვა. საღამო ხანს, სამუშაოდან რომ დავბრუნდი, ბადრი ისევ ბიბლიით ხელში დამხვდა. ის თვალს ვერ სწყვეტდა ბიბლიას! ვურჩიე, რამდენიმე დღე არ ემუშავა, რომ დაემთავრებინა კითხვა. ის ასეც მოიქცა და საკმაოდ მოკლე დროში წაიკითხა მთლიანი ბიბლია.
მოგვიანებით, როცა გივისთან შესწავლა დავიწყეთ წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, უკვე საკუთარი ბიბლია გვქონდა. შესწავლა, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მიმდინარეობდა: ჩვენ შესასწავლი წიგნი არ გვქონდა, გივის კი — ბიბლია. დაახლოებით ერთ წელიწადში მე და ბადრი მოვინათლეთ.