მოიხსენიებს ბიბლია განსაწმენდელს?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიაში სიტყვა განსაწმენდელი არ არის მოხსენიებული და არც ის არის ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განსაწმენდელში ხვდება.a ვნახოთ, რას ასწავლის ბიბლია ცოდვისა და სიკვდილის შესახებ და როგორ ეწინააღმდეგება ეს განსაწმენდელის შესახებ სწავლებას.
ცოდვისგან განწმენდა მხოლოდ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლითაა შესაძლებელი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მისი [ღვთის] ძის, იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ და რომ იესო ქრისტემ „საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან“ (1 იოანე 1:7; გამოცხადება 1:5). ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია, რომ იესო ქრისტემ მისცა „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28).
გარდაცვლილები ვერაფერს გრძნობენ. „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა“ (ეკლესიასტე 9:5). მკვდრები არაფერს გრძნობენ, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათ ცეცხლოვან განსაწმენდელში რაიმე განიცადონ.
სიკვდილის შემდეგ ადამიანი პასუხს აღარ აგებს თავის ცოდვებზე. ბიბლიაში ნათქვამია: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7, 23). როგორც დავინახეთ, ადამიანი, როცა კვდება, სრულად იხდის საკუთარი ცოდვების საზღაურს.
a ერთ წიგნში, რომელიც რელიგიების შესახებ ზოგად ისტორიულ ცნობებს შეიცავს, ვკითხულობთ: „სახარებებში სიტყვაც კი არ არის ნათქვამი განსაწმენდელის შესახებ“. აგრეთვე „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია: „იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კათოლიკური სწავლება განსაწმენდელის შესახებ ტრადიციებს ეფუძნება და არა წმინდა წერილებს“ (მეორე გამოცემა, მე-11 ტომი, გვ. 825).
b იხილეთ „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“, მეორე გამოცემა, მე-11 ტომი, გვ. 824.