პარასკევი, 24 ოქტომბერი
რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს (1 პეტ. 4:8).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „მთელი გულით“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჭიმულს“. მუხლის მეორე ნაწილიდან ვხედავთ, რას შეგვაძლებინებს ასეთი სიყვარული – ის და-ძმების ცოდვებს დაფარავს. სიყვარული შეიძლება ელასტიურ ნაჭერს შევადაროთ, რომელიც უფრო და უფრო მეტ რამეს დაფარავს, თუ გავწელავთ. დიახ, თუ მთელი გულით გვიყვარს და-ძმები, მათთვის ერთი და ორი შეცდომის კი არა, „უამრავი ცოდვის“ პატიებაც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მაშინაც უნდა შევძლოთ და-ძმების პატიება, როცა ეს განსაკუთრებით რთული გვეჩვენება (კოლ. 3:13). თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს ისინი და გვსურს, იეჰოვას გავუხაროთ გული. w23.11 11, 12 ¶13–15
შაბათი, 25 ოქტომბერი
მწერალმა შაფანმა . . . წაუკითხა მეფეს (2 მატ. 34:18).
იოშია 26 წლის იყო, როცა ღვთის ტაძრის შეკეთებას შეუდგა. მუშაობის დროს იქ „მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული იეჰოვას კანონის წიგნი“ იპოვეს. როგორც კი იოშიამ კანონში ჩაწერილი მოისმინა, გადაწყვიტა, შესაბამისად ემოქმედა (2 მატ. 34:14, 19–21). გსურთ, რეგულარულად იკითხოთ ბიბლია? თუ უკვე კითხულობთ, მოგწონთ ეს პროცესი? ინიშნავთ თქვენთვის საინტერესო ბიბლიურ მუხლებს? იოშია დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის ეთხოვა ხელმძღვანელობა, მან საკუთარი ჭკუით იმოქმედა (2 მატ. 35:20–25). გაკვეთილი ჩვენთვის: რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ და რამდენი წელიც არ უნდა ვიკვლევდეთ ბიბლიას, კვლავაც უნდა ვეძებოთ იეჰოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლოცვაში ვთხოვოთ ხელმძღვანელობა, შევისწავლოთ მისი სიტყვა და რჩევისთვის მოწიფულ ქრისტიანებს მივმართოთ. ამ შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით და იმის ალბათობაც ნაკლები იქნება, რომ სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ (იაკ. 1:25). w23.09 12 ¶15, 16
კვირა, 26 ოქტომბერი
ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას იჩენს (იაკ. 4:6).
ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი ღვთისმოშიში ქალის ისტორიას ვეცნობით, რომლებიც ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები იყვნენ. ისინი ახალგაზრდა დებისთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან (1 ტიმ. 3:11). თუმცა ახალგაზრდებს საკუთარ კრებაშიც შეუძლიათ ბევრის სწავლა მოწიფული დებისგან. ახალგაზრდებო, კარგი იქნება, თუ თქვენს კრებაში რამდენიმე სამაგალითო დას შეარჩევთ და დაუკვირდებით, რა თვისებებს ავლენენ. შემდეგ კი დაფიქრდებით, თუ როგორ მიჰბაძოთ მათ. ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანი გამოირჩევა, თავმდაბლობაა. თავმდაბალ ქალს იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სხვებთანაც. მაგალითად, მას არ უჭირს ზეციერი მამის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპის მიყოლა და ითვალისწინებს მას როგორც კრებაში, ისე ოჯახში (1 კორ. 11:3). w23.12 18, 19 ¶3–5