შაბათი, 25 ოქტომბერი
მწერალმა შაფანმა . . . წაუკითხა მეფეს (2 მატ. 34:18).
იოშია 26 წლის იყო, როცა ღვთის ტაძრის შეკეთებას შეუდგა. მუშაობის დროს იქ „მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული იეჰოვას კანონის წიგნი“ იპოვეს. როგორც კი იოშიამ კანონში ჩაწერილი მოისმინა, გადაწყვიტა, შესაბამისად ემოქმედა (2 მატ. 34:14, 19–21). გსურთ, რეგულარულად იკითხოთ ბიბლია? თუ უკვე კითხულობთ, მოგწონთ ეს პროცესი? ინიშნავთ თქვენთვის საინტერესო ბიბლიურ მუხლებს? იოშია დაახლოებით 40 წლისა იყო, როცა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის ეთხოვა ხელმძღვანელობა, მან საკუთარი ჭკუით იმოქმედა (2 მატ. 35:20–25). გაკვეთილი ჩვენთვის: რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ და რამდენი წელიც არ უნდა ვიკვლევდეთ ბიბლიას, კვლავაც უნდა ვეძებოთ იეჰოვა, რაც იმას გულისხმობს, რომ ლოცვაში ვთხოვოთ ხელმძღვანელობა, შევისწავლოთ მისი სიტყვა და რჩევისთვის მოწიფულ ქრისტიანებს მივმართოთ. ამ შემთხვევაში ბედნიერები ვიქნებით და იმის ალბათობაც ნაკლები იქნება, რომ სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ (იაკ. 1:25). w23.09 12 ¶15, 16
კვირა, 26 ოქტომბერი
ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას იჩენს (იაკ. 4:6).
ბიბლიის ფურცლებიდან არაერთი ღვთისმოშიში ქალის ისტორიას ვეცნობით, რომლებიც ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები იყვნენ. ისინი ახალგაზრდა დებისთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან (1 ტიმ. 3:11). თუმცა ახალგაზრდებს საკუთარ კრებაშიც შეუძლიათ ბევრის სწავლა მოწიფული დებისგან. ახალგაზრდებო, კარგი იქნება, თუ თქვენს კრებაში რამდენიმე სამაგალითო დას შეარჩევთ და დაუკვირდებით, რა თვისებებს ავლენენ. შემდეგ კი დაფიქრდებით, თუ როგორ მიჰბაძოთ მათ. ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოწიფული ქრისტიანი გამოირჩევა, თავმდაბლობაა. თავმდაბალ ქალს იეჰოვასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და სხვებთანაც. მაგალითად, მას არ უჭირს ზეციერი მამის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპის მიყოლა და ითვალისწინებს მას როგორც კრებაში, ისე ოჯახში (1 კორ. 11:3). w23.12 18, 19 ¶3–5
ორშაბათი, 27 ოქტომბერი
ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული (ეფეს. 5:28).
იეჰოვა მოელის, რომ ქმარს ეყვარება ცოლი და იზრუნებს მის ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ საჭიროებებზე. საღად აზროვნების უნარი, ქალების პატივისცემა და სანდოობა, დაგეხმარებათ, კარგი მეუღლე დადგეთ. დაქორწინების შემდეგ შეიძლება შვილებიც გეყოლოთ. რა დაგეხმარებათ, კარგი მამა გახდეთ? დაფიქრდით საუკეთესო მამის, იეჰოვას მაგალითზე (ეფეს. 6:4). იეჰოვა არასდროს იკავებდა თავს, რომ იესო შეექო და თავის სიყვარულში დაერწმუნებინა (მათ. 3:17). თუ შვილი გეყოლებათ, ნურც თქვენ დაიშურებთ მისთვის საქებარ სიტყვებს და ყოველთვის უთხარით, რომ ძლიერ გიყვართ. იეჰოვასგან მართლაც ბევრის სწავლა შეგიძლიათ და, თუ მას მიჰბაძავთ, ხელს შეუწყობთ შვილს, რომ მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბდეს. მაგრამ დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მომავალში არ გაგიჭირდეთ შვილისთვის კარგი მამობის გაწევა? იზრუნეთ ოჯახის წევრებსა თუ სულიერ და-ძმებზე და ისწავლეთ მათდამი თბილი გრძნობების გამოხატვა (იოან. 15:9). w23.12 28, 29 ¶17, 18