საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გეგმის შედგენა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გეგმის შედგენა

      მოხსენების მომზადებისას ბევრი გულმოდგინედ წერს ყველაფერს შესავლიდან დასკვნამდე და მრავალჯერ ათეთრებს შავად ნაწერს. ამას კი დიდი დრო მიაქვს.

      შენც ასე ამზადებ დავალებას? გინდა, რომ უფრო ადვილად მოამზადო? თუ გეგმის შედგენას ისწავლი, აღარ მოგიწევს ყველაფრის დაწერა და უფრო მეტი დროც დაგრჩება ვარჯიშისთვის; შენთვის მასალა უფრო ადვილად გადასაცემი იქნება, მსმენელისთვის კი — უფრო საინტერესო და გამამხნევებელი.

      კრებაში საჯარო მოხსენებით გამოსასვლელად მომხსენებელს, ჩვეულებრივ, გეგმა ეძლევა. მაგრამ სხვა შემთხვევებში ასე არ ხდება. წინასწარ შეიძლება მხოლოდ მსჯელობის საგანი ან თემა იყოს განსაზღვრული. შესაძლებელია, რომელიმე პუბლიკაციიდან კონკრეტული მონაკვეთი მოგეცეს განსახილველად ან, უბრალოდ, მოკლედ აგიხსნან, რაზე უნდა ილაპარაკო. ნებისმიერ შემთხვევაში, დავალების მოსამზადებლად გეგმის შედგენა დაგჭირდება.

      41-ე გვერდზე მოცემულია მოკლე გეგმის ნიმუში. ყურადღება მიაქციე, რომ მთავარი აზრები მარცხნივაა გაწეული და უფრო დიდი ასოებით წერია. თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მოცემულია მისი მხარდამჭერი აზრები. მათ ქვემოთ კი, ოდნავ მარჯვნივ, სხვა დამატებითი აზრებია, რომლებიც მთავარი აზრების მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი ამ გეგმას. ყურადღება მიაქციე, რომ ორი მთავარი აზრი უშუალოდ უკავშირდება თემას. დააკვირდი იმასაც, რომ დამატებითი აზრები უბრალოდ საინტერესო აზრები არ არის. მათი მიზანი მთავარი აზრების განვრცობაა.

      აუცილებელი არ არის, ზუსტად ამ ნიმუშის მსგავსად შეადგინო გეგმა. თუ გეგმის შედგენის პრინციპი გეცოდინება, დიდი დრო არ დაგჭირდება აზრების თანამიმდევრულად დალაგებისა და კარგი მოხსენების მომზადებისთვის. რა არის ამისათვის საჭირო?

      გააანალიზე, შეარჩიე და ჩამოაყალიბე მასალა

      საჭიროა, გქონდეს თემა. თემა მხოლოდ მსჯელობის საგანი არ არის, რომელსაც ერთი სიტყვითაც კი იტყოდი. ეს არის ძირითადი აზრი, რომლის გადაცემაც გინდა. მასში ჩანს ისიც, თუ რა კუთხით აპირებ საკითხის გაშუქებას. თუ თემა მოცემული გაქვს, ყურადღებით გააანალიზე თითოეული სიტყვა. როდესაც ის რომელიმე პუბლიკაციაზეა დაფუძნებული, შეისწავლე მასალა და მხედველობაში გქონდეს შენი თემა. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ განსახილველი საკითხი გაქვს მოცემული, შენზე იქნება დამოკიდებული თემის შერჩევა. მაგრამ სანამ შეარჩევ, სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის გამოკვლევა. დაკვირვებული თუ იქნები, ალბათ, ამ საკითხს ახლებურად შეხედავ და ახალი აზრებიც დაგებადება.

      მასალის კვლევის პროცესში ჰკითხე საკუთარ თავს: „რით არის ეს მასალა მსმენელისთვის მნიშვნელოვანი? რა არის ჩემი მიზანი?“ მიზანი, უბრალოდ, მასალის წარმოდგენა ან შთამბეჭდავი მოხსენების მომზადება კი არ უნდა იყოს, არამედ მსმენელისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება. როდესაც კონკრეტული მიზანი გამოიკვეთება, ჩაიწერე ის და მხედველობაში იქონიე მომზადების დროს.

      მიზნის განსაზღვრისა და თემის შერჩევის შემდეგ (ან იმის გაანალიზების შემდეგ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს შენთვის მოცემული თემა და შერჩეული მიზანი), შეგიძლია უფრო კონკრეტულად გამოიკვლიო საკითხი. ეცადე, შენი მსმენელისთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე მასალა შეარჩიო. ნუ შეჩერდები ზოგად აზრებზე. ეძებე კონკრეტული აზრები, რომლებიც ნამდვილად საინტერესო და პრაქტიკული იქნება. მაგრამ კვლევამ მეტისმეტად არ გაგიტაცოს. ხშირ შემთხვევაში, მალე იმაზე მეტი მასალა მოგიგროვდება, ვიდრე გამოიყენებ. ამიტომაც ის შეარჩიე, რაც ნამდვილად გჭირდება.

      გამოყავი მთავარი აზრები, რომელთა განხილვაც თემის გამოსაკვეთად და მიზნის მისაღწევად დაგჭირდება. ეს იქნება ძირითადი მონახაზი, შენი ძირითადი გეგმა. რამდენი მთავარი აზრი უნდა გქონდეს? მოკლე განხილვისთვის ორიც საკმარისია, ხოლო ხუთ მთავარ აზრზე მეტი, ჩვეულებრივ, ერთსაათიანი მოხსენებისთვისაც კი არ არის საჭირო. რაც უფრო ნაკლები მთავარი აზრი გექნება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მსმენელი მათ ადვილად დაიმახსოვრებს.

      თემის განსაზღვრისა და მთავარი აზრების გამოყოფის შემდეგ შეგროვებული მასალის მომზადების დროა. დააკვირდი, უშუალოდ რა უკავშირდება მთავარ აზრებს. ყურადღება გაამახვილე ისეთ მომენტებზე, რომლებიც მსჯელობის საგანს ახლებურად გააშუქებს. შეარჩიე მთავარი აზრების მხარდამჭერი ბიბლიური მუხლები და ჩაინიშნე, რას იტყვი და როგორ იმსჯელებ ამ მუხლების ირგვლივ. მთავარი აზრების ქვეშ მოათავსე მათი მხარდამჭერი აზრები. თუ რაიმე ინფორმაცია, თუნდაც ძალიან საინტერესო, არც ერთ მთავარ აზრს არ შეესაბამება, ამოიღე მასალიდან. შეგიძლია ეს ინფორმაცია სხვა დროს გამოიყენო. მხოლოდ საუკეთესო მასალა დაიტოვე. თუ ძალიან ბევრის გადმოცემას მოინდომებ, სწრაფად ლაპარაკი მოგიწევს და ვერ შეძლებ მთავარი აზრების საფუძვლიანად განხილვას. უმჯობესია, გულდასმით განიხილო მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც მსმენელისთვის ნამდვილად პრაქტიკული იქნება. დროს არ გადააცილო.

      ახლა ჩამოაყალიბე მასალა ლოგიკური თანამიმდევრობით, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია. ლუკა სახარების დაწერისას სწორედ ასე მოიქცა. ფაქტების შეგროვების შემდეგ მან ყოველივე „ლოგიკური თანამიმდევრობით“ აღწერა (ლუკ. 1:3). მასალის განლაგებისთვის არსებობს სხვადასხვა ხერხი: ქრონოლოგიური, თემატიკური, მიზეზი — შედეგი, ან პრობლემა — მისი გადაჭრის საშუალება. შეგიძლია გამოიყენო ის მეთოდი, რომელიც უფრო შეესაბამება შენს მიზანს. ერთი აზრიდან მეორეზე არ გადახტე. მსმენელი ადვილად უნდა ხედავდეს, როგორ ვითარდება მსჯელობა და როგორ უკავშირდება აზრები ერთმანეთს. მსჯელობამ ისინი ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მიიყვანოს. აზრების განლაგების შემდეგ დაფიქრდი, როგორ აღიქვამენ მასალას მსმენელები. ადვილი გასაგები იქნება მათთვის შენი მსჯელობა? აღიძვრებიან, მოიქცნენ მოსმენილის შესაბამისად და მიღწეული იქნება შენი მიზანი?

      შემდეგ მოამზადე შესავალი, რომელიც მსმენელებს მასალისადმი ინტერესს აღუძრავს და დაანახვებს, რომ ის, რაზეც ილაპარაკებ, მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. შეიძლება ამჯობინო პირველი რამდენიმე წინადადების დაწერა. ბოლოს კი, შენი მიზნიდან გამომდინარე, უნდა შეარჩიო დასკვნა, რომელიც მოქმედებისკენ აღძრავს მსმენელებს.

      გეგმის შედგენას თუ არ დააყოვნებ, მასალის გასაშალაშინებლად საკმაო დრო დაგრჩება. შეიძლება დაინახო, რომ კარგი იქნებოდა, ზოგიერთი აზრის განსამტკიცებლად სტატისტიკური მონაცემები, მაგალითი ან ცხოვრებისეული შემთხვევა მოგეყვანა. მიმდინარე მოვლენების ან კონკრეტულ პერიოდში ხალხისთვის საინტერესო საკითხების მოხსენიება მსმენელს მასალის აქტუალობის დანახვაში დაეხმარება. მასალის გადამოწმებისას შეიძლება უკეთ დაინახო, როგორ შეგიძლია მიუსადაგო ინფორმაცია მსმენელს. გაანალიზება და გაშალაშინება ნამდვილად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საინტერესო მასალა ეფექტურ მოხსენებად გადაიქცეს.

      ზოგ გამომსვლელს შეიძლება შედარებით ვრცელი ჩანაწერების გაკეთება დასჭირდეს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მასალაში რამდენიმე მთავარ აზრს გამოყოფ, არასაჭირო ინფორმაციას ამოაგდებ და აზრებს ლოგიკური თანამიმდევრობით დააწყობ, დაინახავ, რომ თანდათანობით ყველაფრის დაწერა აღარ მოგიწევს და ეს უფრო გაგიადვილდება, როცა მეტ გამოცდილებას შეიძენ. წარმოიდგინე, რამდენ დროს დაზოგავ! აგრეთვე, უკეთესად წარმოადგენ მასალას. ცხადი გახდება, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში მიღებული ცოდნა ნამდვილად გეხმარება.

  • სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება

      სკოლაში თითოეული დავალება წინსვლის შესაძლებლობას გაძლევს. თუ კეთილსინდისიერად მოემზადები, შენს წარმატებას თანდათანობით თავადაც დაინახავ და სხვებიც შენიშნავენ (1 ტიმ. 4:15). სკოლის დახმარებით მრავალმხრივ გაუმჯობესდები.

      ნერვიულობ სცენაზე გამოსვლამდე? აღელვება სრულიად ბუნებრივია, თუნდაც სკოლაში დიდი ხნის ჩაწერილი იყო. მაგრამ ნაკლებად აღელდები, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებ. ხშირად იკითხე სახლში ხმამაღლა. კრების შეხვედრებზე ხშირად მიიღე მონაწილეობა კომენტარებში და, თუ მაუწყებელი ხარ, რეგულარულად იქადაგე. ამით მსმენელის წინაშე ლაპარაკის გამოცდილებას შეიძენ. გარდა ამისა, რაც შეიძლება ადრე მოამზადე დავალება და რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორე. აგრეთვე გახსოვდეს, რომ კეთილგანწყობილი მსმენელი გეყოლება. ყოველ გამოსვლამდე იეჰოვას მიმართე ლოცვით. იეჰოვა სიხარულით აძლევს წმინდა სულს თავის მსახურებს, როდესაც სთხოვენ (ლუკ. 11:13; ფილ. 4:6, 7).

      იყავი მოკრძალებული და საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მომთხოვნი ნუ იქნები. დრო არის საჭირო იმისათვის, რომ გამოცდილი მომხსენებელი და კარგი მასწავლებელი გახდე (მიქ. 6:8). თუ სკოლაში ახლახან ჩაეწერე, ნუ იფიქრებ, რომ მალევე შეძლებ ბრწყინვალედ გამოსვლას. უმჯობესია, თითოეულ გაკვეთილზე ცალ-ცალკე იმუშაო. შეისწავლე შესაბამისი თავი ამ სახელმძღვანელოში. კარგი იქნება, მოცემული სავარჯიშოც გააკეთო. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, კრებაში გამოსვლამდე უკვე კარგად დამუშავებული გექნება ეს გაკვეთილი. თანდათანობით კი სულ უფრო მეტს შეძლებ.

      მომზადება წაკითხვისთვის

      ხმამაღლა კითხვისთვის მომზადებაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ სიტყვების სწორად წარმოთქმაში ივარჯიშო. ეცადე, ჩასწვდე მასალის არსს. დავალების მიღებისთანავე ამ მიზნით წაიკითხე ტექსტი. დაუკვირდი, რა არის ნათქვამი თითოეულ წინადადებასა და აბზაცში, რომ შეძლო აზრების ზუსტად გადმოცემა და გრძნობების სათანადოდ გამოხატვა. თუ შესაძლებლობა გაქვს, ლექსიკონში შეამოწმე უცნობი სიტყვების მნიშვნელობა. კარგად გაეცანი მასალას. ბავშვებს დავალების მომზადებისას მშობლების დახმარება დასჭირდებათ.

      ბიბლიის მონაკვეთი უნდა წაიკითხო თუ აბზაცები „საგუშაგო კოშკის“ რომელიმე სტატიიდან? თუ შენს ენაზე ამ მასალის აუდიოკასეტები არსებობს, კარგი იქნებოდა, მოგესმინა და დაკვირვებოდი გამოთქმებს, პაუზებს, აზრობრივ მახვილებსა და ინტონაციას. ამის შემდეგ, შეგეძლო თავადაც გეცადა მსგავსად წაკითხვა.

      დავალების მომზადებამდე ყურადღებით წაიკითხე შენთვის მოცემული გაკვეთილი. კარგი იქნება მისი გამეორება მას შემდეგ, რაც მასალას რამდენჯერმე ხმამაღლა წაიკითხავ. ეცადე, მაქსიმალურად გამოიყენო გაკვეთილში მოცემული რჩევები.

      ასეთი მომზადება სამქადაგებლო მსახურებაშიც დაგეხმარება. ქადაგებისას ხშირად საჭიროა ხმამაღლა წაკითხვა. ღვთის სიტყვას შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ის კარგად წაიკითხო (ებრ. 4:12). არ იფიქრო, რომ ერთი-ორი დავალების მომზადებით შეძლებ კარგი კითხვისთვის საჭირო ყველა რჩევის გათვალისწინებას. გამოცდილ ქრისტიან უხუცესს პავლე მოციქულმა მისწერა: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“ (1 ტიმ. 4:13).

      განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია

      როგორ უნდა მოამზადო დავალება, რომელსაც პირობითი სიტუაციის შერჩევა სჭირდება?

      ძირითადად, სამი რამ უნდა გაითვალისწინო: 1) განსახილველი საკითხი; 2) პირობითი სიტუაცია და მსმენელი; 3) გაკვეთილი, რომელზეც მუშაობ.

      საჭიროა, მოცემულ საკითხზე მასალა მოძებნო, მაგრამ მანამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდე პირობით სიტუაციასა და მსმენელზე, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული მასალის შინაარსი და ის, თუ როგორ გადმოსცემ ამ მასალას. რა პირობით სიტუაციას შეარჩევ? ნაცნობთან სასიხარულო ცნობის ქადაგებას თუ პირველი შეხვედრისას უცნობთან საუბარს? შენზე უფროსთან ისაუბრებ თუ შენზე უმცროსთან? რას შეიძლება ფიქრობდეს შენი მსმენელი იმ საკითხზე, რომლის განხილვასაც აპირებ? რა შეიძლება იყოს მისთვის უკვე ნაცნობი? რა მიზნის მიღწევას იმედოვნებ საუბრით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორ მიმართულებას მოგცემს დავალების მომზადებისას.

      სად იპოვი მასალას შენ მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით? ამ წიგნის 33—38-ე გვერდებზე მოცემულია გაკვეთილი „როგორ უნდა გამოიკვლიო“. წაიკითხე ის და გამოიყენე შენთვის ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებები. ხშირად იმაზე მეტი მასალა მოგიგროვდება, ვიდრე გამოიყენებ. წაიკითხე საკმარისი ინფორმაცია, რათა დაინახო, რის შესაძლებლობას გაძლევს მასალა. ამავე დროს, მხედველობაში მიიღე პირობითი სიტუაცია და მოსაუბრე. აზრები ამის მიხედვით შეარჩიე.

      ვიდრე აზრებს განალაგებ და დავალებას საბოლოო სახეს მისცემ, იმისთვისაც გამოყავი დრო, რომ წაიკითხო გაკვეთილი, რომელზეც მუშაობ. გაკვეთილში მოცემული რჩევების გამოყენება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც დავალება გაქვს მოცემული.

      სცენაზე გამოსვლისას თუ შენთვის განკუთვნილ დროში ჩაეტევი და მანამდე დაამთავრებ, ვიდრე განიშნებენ, კმაყოფილების გრძნობა დაგრჩება, რომ დასკვნა აუჩქარებლად გააკეთე. სამქადაგებლო მსახურებისას კი ყოველთვის არ ვართ დროში შეზღუდული. ამიტომაც, გამოსვლისთვის მომზადებისას ყურადღება ძირითადად ეფექტურ სწავლებაზე გაამახვილე, მაგრამ შენთვის მოცემული დროც მიიღე მხედველობაში.

      ორიოდე სიტყვა პირობით სიტუაციაზე. გადახედე 82-ე გვერდზე შემოთავაზებულ პირობით სიტუაციებს და შეარჩიე ერთ-ერთი, რომელიც ნამდვილად შეიძლება შეგექმნას ქადაგების დროს და მასალის რეალურ სიტუაციაში გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხანია, რაც სკოლაში ხარ ჩაწერილი, თითოეულ დავალებას მიუდექი, როგორც რაღაც ახლის სწავლისა და ქადაგებისთვის საჭირო უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

      უკან ნუ დაიხევ, თუ თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველი თვითონვე შემოგთავაზებს პირობით სიტუაციას. პირობითი სიტუაციების უმრავლესობა ქადაგებასთან არის დაკავშირებული. თუკი არასდროს გიქადაგია მოცემულ სიტუაციაში, გამოცდილ მაუწყებლებს სთხოვე დახმარება. თუ შესაძლებელია, ეცადე, ცხოვრებაში ისეთივე სიტუაციაში გამოიყენო მოცემული მასალა, როგორშიც სცენაზე გამოიყენებ. ასეთი ვარჯიში იმ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება, რა მიზნითაც სკოლაში ჩაეწერე.

      მოხსენების მომზადება

      ძმებს თეოკრატიული მსახურების სკოლაში პატარა მოხსენებები ეძლევათ. ამ მოხსენებების მოსამზადებლად, ძირითადად, იგივე პრინციპები გამოიყენება, რომლებიც ინსცენირებების მომზადებასთან დაკავშირებით იყო განხილული. ძირითადი განსხვავება მსმენელი და მასალის გადმოცემის სტილია.

      სასურველია მასალა ისე მომზადდეს, რომ თითოეული მსმენელისთვის პრაქტიკული იყოს. მათი უმრავლესობისთვის უკვე ცნობილია ბიბლიური ჭეშმარიტება და ძირითადი სწავლებები. მათ შეიძლება შესანიშნავად იცოდნენ საკითხი, რომელიც განსახილველად გაქვს მოცემული. მხედველობაში მიიღე ეს. ეცადე, მათთვის, რომელიმე კუთხით მაინც, პრაქტიკული გახადო შენი მოხსენება. ჰკითხე საკუთარ თავს: «როგორ გამოვიყენო მასალა ისე, რომ მეც და ჩემმა მსმენელმაც უკეთ დავინახოთ და დავაფასოთ იეჰოვას თვისებები? არის თუ არა მასალაში ისეთი რამ, რაც ღვთის ნებას უკეთესად დაგვანახვებდა? როგორ დაგვეხმარება ეს მასალა, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ქვეყნიერებაში, სადაც „ხორცის სურვილები“ დომინირებს?» (ეფეს. 2:3). ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად საჭიროა გამოკვლევა. როდესაც ბიბლიური მუხლები მოგყავს, უბრალოდ კი ნუ წაიკითხავ, არამედ იმსჯელე მათ გარშემო და დაანახვე მსმენელს, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამის საფუძველზე (საქ. 17:2, 3). ნუ ეცდები რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გადაცემას. ეცადე, ადვილად დასამახსოვრებელი გახადო შენი მოხსენება.

      მომზადებისას ყურადღება იმასაც უნდა მიაქციო, თუ როგორ გადმოსცემ მასალას. გადმოცემის უნარის გაუმჯობესება უმნიშვნელო არ არის. რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორე მოხსენება. სხვადასხვა გაკვეთილის შესწავლა და მოცემული მითითებების გამოყენება ნამდვილად დაგეხმარება გაუმჯობესებაში. იმისდა მიუხედავად, გამოცდილი მომხსენებელი ხარ თუ გამოუცდელი, კარგად მოემზადე. ეს შესაძლებლობას მოგცემს, დამაჯერებლად ილაპარაკო და მასალის გადმოცემისას სათანადო გრძნობები გამოხატო. სკოლაში თითოეული დავალების მომზადებისას გახსოვდეს, რომ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი იეჰოვას განსადიდებლად უნდა გამოვიყენოთ (ფსალმ. 150:6).

  • კრებისთვის მოხსენებების მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • კრებისთვის მოხსენებების მომზადება

      თეოკრატიული მსახურების სკოლის პროგრამიდან მთელი კრება იღებს სარგებლობას. ამ მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია კრების სხვა შეხვედრები და კონგრესები. თუ ოდესმე მონაწილეობა მიგიღია კრების შეხვედრების ან კონგრესის პროგრამაში, ნამდვილად სერიოზულ პასუხისმგებლობასთან გქონია საქმე. პავლე მოციქული ტიმოთეს, ქრისტიან ზედამხედველს, მოუწოდებდა, ყოველთვის ყურადღება მიექცია იმისათვის, თუ როგორ ასწავლიდა (1 ტიმ. 4:16). ქრისტიანულ შეხვედრებზე დამსწრეებმა ძვირფასი დრო გამოყვეს მოსასვლელად. ზოგს დიდი ძალისხმევა დასჭირდა დასასწრებად. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებზე იმ მიზნით მოვიდნენ, რომ მითითებები მიიღონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ღმერთთან მათ ურთიერთობას ეხება. ასეთი მითითებების მიცემა მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა! როგორ შეგიძლია თავის გართმევა?

      მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან

      ეს გამოსვლა დაფუძნებულია ბიბლიის მონაკვეთზე, რომელიც მოცემული კვირისთვის არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი აზრების განხილვის დროს ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ პირადად ჩვენ როგორ გვეხება მასალა. ნეემიას 8:8-ში ნათქვამია, რომ ეზრა და სხვა ისრაელები საჯაროდ კითხულობდნენ ღვთის სიტყვას, „განმარტავდნენ“ მას და ხალხს ესმოდა წაკითხული. როდესაც ბიბლიის მნიშვნელოვან აზრებს მიმოიხილავ, შენც გეძლევა ამის შესაძლებლობა.

      როგორ უნდა მოემზადო მნიშვნელოვანი აზრების განსახილველად? თუ შესაძლებლობა გაქვს, ბიბლიის მოცემული მონაკვეთი ერთი კვირით ადრე მაინც წაიკითხე. შემდეგ დაფიქრდი შენს კრებასა და მის საჭიროებებზე. ილოცე. რომელი რჩევები, მაგალითები თუ პრინციპები შეესაბამება შენი კრების მოთხოვნილებებს ღვთის სიტყვის ამ მონაკვეთიდან?

      აუცილებლად დაგჭირდება გამოკვლევა. არსებობს შენთვის გასაგებ რომელიმე ენაზე „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ კომპაქტ-დისკზე ან „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“? „საგუშაგო კოშკის“ წლის ბოლო ნომერში დაბეჭდილი საძიებელიც კარგ სამსახურს გაგიწევს. გამოიყენე ეს დამხმარე საშუალებები. თუ განსახილველ მუხლებს პუბლიკაციების დახმარებით გამოიკვლევ, იპოვი დამატებით ინფორმაციას, რომელიც ნათელს მოჰფენს მათ. გარდა ამისა, დაინახავ, როგორ იხსნება წინასწარმეტყველებები, რას გვასწავლის ეს მუხლები იეჰოვას შესახებ და რა პრინციპების დანახვა შეიძლება მათში. ნუ შეეცდები ბევრი საკითხის გაშუქებას. უმჯობესია, რამდენიმე მუხლი შეარჩიო და საფუძვლიანად განიხილო.

      პროგრამის ამ ნაწილში შეიძლება მსმენელებმაც მიიღონ მონაწილეობა. რით იყო მათთვის სასარგებლო ბიბლიის მოცემული მონაკვეთი? რა დაინახეს მათ, რაც პირადი და ოჯახური შესწავლის დროს, ან მსახურებასა და ცხოვრებაში გამოადგებათ? იეჰოვას რომელი თვისებები დაინახეს მის ხალხთან და სხვა ერებთან მისი დამოკიდებულებიდან? რა ისწავლეს, რამაც მათ რწმენა განუმტკიცა და იეჰოვასადმი სიყვარული გაუძლიერა? დიდ დროს ნუ დაკარგავ წვრილმანებზე. ყურადღება გაამახვილე შერჩეული აზრების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ მხარეზე.

      დამმოძღვრავი მოხსენება

      დამმოძღვრავი მოხსენება დაფუძნებულია პუბლიკაციებზე, მაგალითად ჟურნალებზე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ან რომელიმე წიგნის მონაკვეთზე. ხშირად მასალა იმაზე მეტია, ვიდრე მოხსენებისთვის განკუთვნილ დროში შეგიძლია გადმოსცე. როგორ უნდა წარმოადგინო ასეთი მოხსენება? მსმენელს უბრალოდ ინფორმაცია კი არ უნდა მიაწოდო, არამედ უნდა ასწავლო. ზედამხედველს „უნდა შეეძლოს სწავლება“ (1 ტიმ. 3:2).

      მომზადება მასალის შესწავლით დაიწყე. მოძებნე მითითებული მუხლები. იფიქრე. შეეცადე, ამის გაკეთება მოხსენების წარმოთქმამდე საკმაოდ ადრე დაიწყო. გახსოვდეს, რომ და-ძმებს ხშირად წინასწარ აქვთ წაკითხული პუბლიკაცია, რომელზეც მოხსენება იქნება დაფუძნებული. შენი მიზანი ამ მასალის უბრალოდ მიმოხილვა ან შინაარსის მოკლედ გადმოცემა კი არ არის, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ცხოვრებაში. შეეცადე, სათანადოდ განიხილო ის აზრები, რომლებიც ყველაზე მეტად პრაქტიკული იქნება კრებისთვის.

      ისევე როგორც თითოეული ბავშვი, თითოეული კრებაც ინდივიდუალურია. კარგი მშობელი მხოლოდ იმას არ ეუბნება შვილს, რა არის სწორი და რა — არასწორი. ის მასთან ერთად მსჯელობს, მხედველობაში იღებს მის ხასიათს და სირთულეებს, რომელთა გადალახვაც ბავშვს უწევს. მსგავსად ამისა, ის, ვინც კრებას მოძღვრავს, მხედველობაში იღებს მსმენელის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებს. კარგი მასწავლებელი არ იყენებს ისეთ მაგალითებს, რომლებიც ვინმეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ის აღნიშნავს, რა სასიკეთო შედეგები მოაქვს იეჰოვას გზებით სიარულს და ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაში მოცემულ რჩევებზე, რომლებიც კრების წევრებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

      კარგ მასწავლებელს მასალა მსმენელის გულამდე მიაქვს. ამისათვის მსმენელს მხოლოდ ფაქტები კი არ უნდა მიაწოდო, არამედ უნდა დაანახვო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტები. საჭიროა, გულწრფელად იყო დაინტერესებული მსმენელებით. სულიერი მწყემსები უნდა იცნობდნენ სამწყსოს. თუ მათ გულწრფელად ეყვარებათ კრების წევრები და მხედველობაში მიიღებენ თითოეულის სირთულეებს, შეძლებენ გამამხნევებელი სიტყვების თქმას და გულისხმიერებისა და თანაგრძნობის გამოვლენას.

      კარგ მასწავლებელს ესმის, რომ მოხსენებას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს. მასალის გადმოცემისას მთავარი აზრები გამოკვეთილი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს. მსმენელს გონებაში უნდა დარჩეს პრაქტიკული აზრები, რომლებსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

      სამსახურებრივი შეხვედრა

      სხვაგვარი მომზადება გჭირდება, როდესაც მოხსენება დაფუძნებულია „ჩვენი სამეფო მსახურების“ რომელიმე სტატიაზე. ასეთი მოხსენებით გამოსვლისას ხშირად მასალა სრულად უნდა გადმოსცე და არა მხოლოდ ის, რასაც თვითონ თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად. დაეხმარე მსმენელს იმსჯელოს ბიბლიის იმ მუხლებზე, რომლებზეც ესა თუ ის რჩევაა დაფუძნებული (ტიტ. 1:9). დროში შეზღუდული ხარ, ამიტომ ხშირად ვერ გამოიყენებ დამატებით მასალას.

      ზოგჯერ მოხსენება „ჩვენი სამეფო მსახურების“ სტატიებზე არ არის დაფუძნებული. პროგრამაში შეიძლება მითითებული იყოს „საგუშაგო კოშკის“ რომელიმე სტატია ან მოცემული იყოს მხოლოდ რამდენიმე მოკლე მითითება. ასეთ შემთხვევაში დავალების მომზადებისას უნდა გაითვალისწინო კრების მოთხოვნილებები. შეიძლება დაგჭირდეს მოკლე და ადვილად გასაგები მაგალითი ან სათანადო შემთხვევა. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი უბრალოდ კონკრეტულ თემაზე საუბარი კი არ არის, არამედ მასალის ისე გადმოცემა, რომ დაეხმარო კრების წევრებს ღვთის სიტყვის საშუალებით მიღებული დავალების შესრულებასა და სიხარულის შენარჩუნებაში (საქ. 20:20, 21).

      მოხსენების მომზადებისას მხედველობაში გყავდეს კრების წევრები და იფიქრე მათ მდგომარეობაზე. შეაქე ისინი იმისათვის, რასაც აკეთებენ. დაფიქრდი, როგორ დაეხმარება მასალაში მოცემული რჩევები, რომ უკეთესად და უფრო მეტი სიხარულით იმსახურონ.

      როგორ უნდა მოიქცე, თუ შენს გამოსვლაში ინსცენირება ან ინტერვიუ შედის? ამ შემთხვევაში, ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმო. მართალია, უფრო ადვილი იქნებოდა, უბრალოდ, ვინმესთვის გეთხოვა მომზადებულიყო, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის. თუ შესაძლებელია, კრების შეხვედრის დღემდე დაგეგმე ინსცენირების ან ინტერვიუს რეპეტიცია. ინტერვიუ და ინსცენირება მოხსენებასთან ერთად კრების სწავლებას უნდა ემსახურებოდეს.

      კონგრესები

      ძმებმა, რომლებმაც სულიერი თვისებები და კარგი მეტყველებისა და სწავლების უნარი განივითარეს, დროდადრო შეიძლება კონგრესის პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. კონგრესები ნამდვილად მნიშვნელოვანია თეოკრატიული განათლების მისაღებად. მოსამზადებლად ძმას შეიძლება მიეცეს მოხსენების მზა ტექსტი, გეგმა, მითითებები ბიბლიური დრამისთვის, რომელიც ჩვენს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ან მხოლოდ რამდენიმე მოკლე მითითება. თუ კონგრესზე გამოსვლას დაგავალებენ, გულდასმით შეისწავლე მოცემული მასალა. კარგად დაამუშავე ის, ვიდრე არ ჩასწვდები მის მნიშვნელობასა და ღირებულებას.

      ძმებმა, რომლებსაც მოხსენების მზა ტექსტი აქვთ მიცემული, სიტყვასიტყვით უნდა წაიკითხონ მასალა. მათ არ უნდა შეცვალონ სიტყვები და წინადადებების თანამიმდევრობა. კარგად უნდა შეისწავლონ მთელი ტექსტი, გამოყონ მთავარი აზრები და ყურადღება მიაქციონ მათ შორის ლოგიკურ კავშირს. საჭიროა ტექსტის ხმამაღლა კითხვაში ივარჯიშონ, რომ მოხსენებაში სათანადოდ დასვან აზრობრივი მახვილები, მასალა ენთუზიაზმით, სითბოთი, გრძნობით, აგრეთვე სერიოზულად და დამაჯერებლად წარმოადგინონ და ხმის სიმაღლე და სიძლიერეც მრავალრიცხოვან აუდიტორიას შეუსაბამონ.

      ძმები, რომლებსაც მოხსენების მოსამზადებლად გეგმა ეძლევათ, რაც შეიძლება ზუსტად უნდა მიჰყვნენ მას. გეგმიდან წინადადებების წაკითხვის ან მთელი ტექსტის დაწერის ნაცვლად, უმჯობესია, მათ თავიანთი სიტყვებით, გულიდან ილაპარაკონ. მნიშვნელოვანია, მომხსენებელი გეგმაში მითითებულ დროს მიჰყვეს, რომ სათანადოდ განიხილოს თითოეული მთავარი აზრი. მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მთავარი აზრების ქვეშ მოცემული ბიბლიური მუხლები და მხარდამჭერი აზრები. მომხსენებელს უფლება არა აქვს, გეგმაში მოცემული აზრების ხარჯზე ჩართოს დამატებითი აზრები, რომლებიც თავად მოსწონს. მითითებები, ცხადია, ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ქრისტიანმა უხუცესებმა ‘უნდა იქადაგონ სიტყვა’ (2 ტიმ. 4:1, 2). ამიტომ აუცილებელია, მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გეგმაში მოყვანილ მუხლებზე გაამახვილოს — იმსჯელოს მათ გარშემო და ახსნას ისინი.

      ნუ დააყოვნებ

      ხშირად გიწევს კრებაში მოხსენებით გამოსვლა? რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ თითოეული მოხსენება სათანადოდ მოამზადო? ნუ მოამზადებ მათ ბოლო წუთში.

      წინასწარ ფიქრია საჭირო, თუ გინდა, რომ მოხსენება ნამდვილად დაეხმაროს კრებას. ამიტომ ჩვევად გქონდეს, დავალების მიღებისთანავე წაიკითხო მასალა. ეს შესაძლებლობას მოგცემს, იფიქრო მასზე მაშინაც კი, როდესაც სხვა რამით ხარ დაკავებული. მოხსენების წარმოთქმამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე შეიძლება მოისმინო საინტერესო აზრები, რომლებიც გიკარნახებს, რა კუთხით აჯობებს მასალის განხილვა. შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაგანახვებს, რამდენად დროულია შენი მოხსენება. დავალების მიღებისთანავე მასალის წაკითხვასა და მასზე დაფიქრებას დრო სჭირდება, მაგრამ ეს დრო ფუჭად დაკარგული არაა. ბოლოს, როდესაც მოხსენებისთვის გეგმის შედგენას დაიწყებ, დაინახავ, როგორ გამოგადგება ის, რომ მასზე წინასწარ იფიქრე. ასეთი მომზადებით თავიდან აიცილებ ზედმეტ დაძაბულობას. გარდა ამისა, შენი გამოსვლა მსმენელისთვის პრაქტიკული და გულში ჩამწვდომი იქნება.

      თუ სათანადოდ დააფასებ იმას, რომ იეჰოვამ თავისი ხალხისთვის სწავლება მოგანდო, საკადრის პატივს მიაგებ მას და კურთხევა იქნები მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს (ეს. 54:13; რომ. 12:6—8).

  • საჯარო მოხსენების მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • საჯარო მოხსენების მომზადება

      იეჰოვას მოწმეთა კრებების უმრავლესობაში ყოველკვირეულად იკითხება საჯარო მოხსენება რომელიმე ბიბლიურ თემაზე. თუ უხუცესი ან მომსახურე ხარ, მეტყველებს შენი გამოსვლები იმაზე, რომ კარგ მომხსენებლად და მასწავლებლად ჩამოყალიბდი? თუ ასეა, საჯარო მოხსენებებით გამოსვლის შესაძლებლობაც გექნება. თეოკრატიული მსახურების სკოლამ ათიათასობით ძმა მოამზადა ამგვარი მსახურებისთვის. რით უნდა დაიწყო საჯარო მოხსენების მომზადება?

      შეისწავლე გეგმა

      ვიდრე მასალის მოძებნას შეუდგებოდე, წაიკითხე გეგმა და იფიქრე მასზე, რომ კარგად ჩასწვდე აზრებს. გონებაში ჩაიბეჭდე მოხსენების თემა, რომელიც სათაურიდან ჩანს. რა უნდა ასწავლო მსმენელს? რა მიზანი გაქვს?

      გაეცანი ქვესათაურებს. ეს შენი თემის მთავარი აზრებია, რომლებიც უნდა გააანალიზო. როგორ უკავშირდება ისინი თემას? მთავარი აზრების ქვევით მოცემულია მათი მხარდამჭერი აზრები. მათ დაბლა კი ის დამატებითი აზრებია მოცემული, რომლებიც ამ მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი გეგმის თითოეულ ნაწილს. რა კავშირი აქვს წინა ნაწილთან, როგორ უკავშირდება მომდევნოს და როგორ უწყობს ხელს მოხსენების ძირითადი მიზნის მიღწევას? თუ გაანალიზებული გაქვს თემა, მოხსენების მიზანი და მთავარი აზრების როლი ამ მიზნის მისაღწევად, დროა, მასალის მომზადებაზე გადახვიდე.

      თავიდან შეიძლება უფრო გაგიადვილდეს, თუ წარმოიდგენ, რომ შენი მოხსენება ოთხი ან ხუთი პატარა მოხსენებისგან შედგება და თითოეულ მათგანში ერთი მთავარი აზრია. თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე მოამზადე.

      გეგმა მოხსენების მოსამზადებლად გეძლევა და არა მოხსენებით გამოსვლის დროს გამოსაყენებელ კონსპექტად. გეგმა, უბრალოდ, ჩონჩხია. შენ მას, ასე ვთქვათ, ხორცი უნდა შეასხა, გული ჩაუდგა და სული შთაბერო.

      ბიბლიური მუხლების გამოყენება

      იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების სწავლება წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული (ლუკ. 4:16—21; 24:27; საქ. 17:2, 3). შენც მათ უნდა მიჰბაძო. ბიბლიური მუხლები შენი მოხსენების საფუძველი უნდა იყოს. ამიტომაც გეგმაში მოცემული აზრების ახსნისა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობის განსაზღვრის გარდა, იმასაც დაუკვირდი, თუ როგორ დასტურდება ბიბლიური მუხლებით ის, რაც გეგმაში არის ნათქვამი, და შემდეგ ბიბლიის გამოყენებით ასწავლე.

      მოხსენების მომზადებისას გეგმაში მოყვანილი თითოეული მუხლი გამოიკვლიე. დაუკვირდი კონტექსტს. ზოგი მუხლი უბრალოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. მოხსენებით გამოსვლისას საჭირო არ არის ყველა მუხლის წაკითხვა ან განხილვა. მხოლოდ ის მუხლები შეარჩიე, რომლებიც საუკეთესოა მსმენელისთვის. თუ გეგმაში მოცემულ მუხლებს საფუძვლიანად განიხილავ, ალბათ, აღარ დაგჭირდება დამატებითი მუხლების მოყვანა.

      ის, თუ რამდენად კარგი გამოგივა მოხსენება, გამოყენებული მუხლების რაოდენობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სწავლების ხარისხზე. მუხლების წაკითხვისას მსმენელს დაანახვე, რატომ მოგყავს ისინი. იმსჯელე მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც. მუხლის წაკითხვის შემდეგ, განხილვის დროს, ბიბლია გადაშლილი გეჭიროს. მსმენელიც, ალბათ, ასევე მოიქცევა. როგორ უნდა აღუძრა მსმენელს ინტერესი და როგორ უნდა დაეხმარო ღვთის სიტყვიდან მეტი სარგებლობის მიღებაში? (ნეემ. 8:8, 12). ამას შეძლებ ბიბლიური მუხლების ახსნით, მაგალითების მოყვანითა და მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენებით.

      ბიბლიური მუხლების ახსნა. ვიდრე მოიფიქრებ, როგორ ახსნა ძირითადი მუხლი, ჰკითხე საკუთარ თავს: „რა იგულისხმება ამ სიტყვებში? რატომ ვიყენებ მას მოხსენებაში? რა შეკითხვები დაებადება მსმენელს ამ მუხლთან დაკავშირებით?“ ალბათ, დაგჭირდება, გააანალიზო კონტექსტი, ისტორიული ფონი, ტექსტის დაწერისას არსებული მდგომარეობა, გამოყენებული სიტყვების აზრობრივი დატვირთვა და ღვთისგან შთაგონებული მწერლის მიზანი. ამისათვის კი გამოკვლევაა საჭირო. საკმარისზე მეტ ფასდაუდებელ ინფორმაციას იპოვი „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში (მათ. 24:45—47). ნუ შეეცდები მუხლის ყოველმხრივ ახსნას; მსმენელს ის აუხსენი, თუ რატომ წააკითხე ეს მუხლი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

      მაგალითები. მაგალითების მიზანი ის არის, რომ მსმენელმა უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს განხილული აზრი ან პრინციპი. მაგალითები ეხმარება მსმენელებს, ჩასწვდნენ შენს ნათქვამს და დაუკავშირონ იმას, რაც უკვე იციან. იესო ქრისტე სწორედ მაგალითებს იყენებდა მთაზე ქადაგებისას, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი. „ცის ფრინველები“, „მინდვრის შროშანები“, „ვიწრო ჭიშკარი“, „კლდოვან ადგილზე აშენებული სახლი“ — ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებმაც იესოს სწავლება შთამბეჭდავი, ნათელი და დაუვიწყარი გახადა (მათე, თავები 5—7).

      ბიბლიური მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენება. ბიბლიური მუხლების ახსნა და მაგალითების მოყვანა ადამიანს ცოდნის შეძენაში ეხმარება, მაგრამ სასურველი შედეგი მხოლოდ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მოაქვს. ცხადია, მსმენელზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ბიბლიიდან მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ, შენი მხრივ, შეგიძლია დაანახვო, როგორ შეუძლია ამის გაკეთება. როდესაც დარწმუნდები, რომ მსმენელს ესმის შენ მიერ განხილული ბიბლიური მუხლი და ხვდება, რატომ იქნა მოყვანილი, კარგად დაანახვე, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ მუხლმა მის მრწამსსა და ქცევაზე. ახსენი, რა სიკეთე მოაქვს მცდარი შეხედულებებისგან გათავისუფლებას ან არასწორი საქციელის მიტოვებას, რაზეც მოხსენებაშია საუბარი.

      როდესაც ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუხლის პრაქტიკული ღირებულების ჩვენება, გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა კატეგორიის მსმენელი გეყოლება. მათ შორის შეიძლება იყვნენ ახალი დაინტერესებულები, ახალგაზრდები, ასაკოვნები ან სხვადასხვა პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანები. ეცადე, შენი მოხსენება პრაქტიკული და ცხოვრებისეული გახადო. მოერიდე ისეთი რჩევების მიცემას, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გყავს მხედველობაში.

      რა არის დამოკიდებული მომხსენებელზე?

      შენი მოხსენებისთვის ზოგი რამ გეგმაში უკვე დადგენილია. მთავარი აზრები წინასწარ განსაზღვრულია, აგრეთვე მითითებულია, რა დრო უნდა დაუთმო თითოეულ ქვესათაურს. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. თავად შეგიძლია გადაწყვიტო, რომელ დამატებით აზრზე შეჩერდები შედარებით დიდხანს და რომელს ნაკლებ დროს დაუთმობ. არ იფიქრო, რომ ყველა აზრი საგულდაგულოდ უნდა გააშუქო. ასეთ შემთხვევაში აჩქარება მოგიწევს და მსმენელს გადატვირთავ ინფორმაციით. როგორ უნდა განსაზღვრო, თუ რაზე შეჩერდე შედარებით დიდხანს და რა მხოლოდ მოიხსენიო? დაფიქრდი: „რომელი აზრები დამეხმარება მოხსენების ძირითადი აზრის გადაცემაში? განსაკუთრებით რომელი აზრები გამოადგება მსმენელს? გაწყდება თუ არა ლოგიკური კავშირი? ხომ არ შესუსტდება მსჯელობის ლოგიკა რომელიმე მუხლისა და მასთან დაკავშირებული აზრის ამოღებით?“

      მოერიდე შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას და მსმენელს თავს არ მოახვიო საკუთარი აზრები. თავად ღვთის ძე, იესო ქრისტეც კი არ ლაპარაკობდა ‘თავისით’ (იოან. 14:10). გახსოვდეს, რომ ხალხი იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ბიბლიის განხილვის მოსასმენად მოდის. თუ კარგ მომხსენებლად ითვლები, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ყურადღებას საკუთარ თავზე კი არა, ღვთის სიტყვაზე ამახვილებ. სწორედ ამის გამო ფასდება შენი მოხსენებები (ფილ. 1:10, 11).

      ახლა, როცა გეგმას „ხორცი შეასხი“ და მზად გაქვს მოხსენება, რომელშიც საფუძვლიანად არჩევ ბიბლიურ მუხლებს, უკვე დროა, გამოსვლისთვის ივარჯიშო. კარგი იქნება, ხმამაღლა წარმოთქვა მოხსენება. მნიშვნელოვანია, რომ გონებაში ნათლად გქონდეს ჩაბეჭდილი თითოეული აზრი. უნდა შეგეძლოს მასალის სულითა და გულით, ცოცხლად და ენთუზიაზმით გადმოცემა. მოხსენების წარმოთქმამდე დაფიქრდი: „რა მიზნის მიღწევა მსურს?“ აგრეთვე ჰკითხე საკუთარ თავს: „გამოკვეთილია მთავარი აზრები? ნამდვილად ბიბლიაზე დავაფუძნე ჩემი მოხსენება? ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს მთავარი აზრები? უნერგავს თუ არა ჩემი მოხსენება მსმენელს მადლიერებას იმისათვის, რასაც იეჰოვა აკეთებს? შეესაბამება დასკვნა თემას? დაანახვებს დასკვნა მსმენელს, როგორ მოიქცეს? აღძრავს კონკრეტული მოქმედებისკენ?“ თუ ამ შეკითხვებზე დადებითად უპასუხებ, ნამდვილად შეძლებ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას და იეჰოვას განდიდებას (იგავ. 15:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება