კრებისთვის მოხსენებების მომზადება
თეოკრატიული მსახურების სკოლის პროგრამიდან მთელი კრება იღებს სარგებლობას. ამ მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია კრების სხვა შეხვედრები და კონგრესები. თუ ოდესმე მონაწილეობა მიგიღია კრების შეხვედრების ან კონგრესის პროგრამაში, ნამდვილად სერიოზულ პასუხისმგებლობასთან გქონია საქმე. პავლე მოციქული ტიმოთეს, ქრისტიან ზედამხედველს, მოუწოდებდა, ყოველთვის ყურადღება მიექცია იმისათვის, თუ როგორ ასწავლიდა (1 ტიმ. 4:16). ქრისტიანულ შეხვედრებზე დამსწრეებმა ძვირფასი დრო გამოყვეს მოსასვლელად. ზოგს დიდი ძალისხმევა დასჭირდა დასასწრებად. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებზე იმ მიზნით მოვიდნენ, რომ მითითებები მიიღონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ღმერთთან მათ ურთიერთობას ეხება. ასეთი მითითებების მიცემა მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა! როგორ შეგიძლია თავის გართმევა?
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან
ეს გამოსვლა დაფუძნებულია ბიბლიის მონაკვეთზე, რომელიც მოცემული კვირისთვის არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი აზრების განხილვის დროს ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ პირადად ჩვენ როგორ გვეხება მასალა. ნეემიას 8:8-ში ნათქვამია, რომ ეზრა და სხვა ისრაელები საჯაროდ კითხულობდნენ ღვთის სიტყვას, „განმარტავდნენ“ მას და ხალხს ესმოდა წაკითხული. როდესაც ბიბლიის მნიშვნელოვან აზრებს მიმოიხილავ, შენც გეძლევა ამის შესაძლებლობა.
როგორ უნდა მოემზადო მნიშვნელოვანი აზრების განსახილველად? თუ შესაძლებლობა გაქვს, ბიბლიის მოცემული მონაკვეთი ერთი კვირით ადრე მაინც წაიკითხე. შემდეგ დაფიქრდი შენს კრებასა და მის საჭიროებებზე. ილოცე. რომელი რჩევები, მაგალითები თუ პრინციპები შეესაბამება შენი კრების მოთხოვნილებებს ღვთის სიტყვის ამ მონაკვეთიდან?
აუცილებლად დაგჭირდება გამოკვლევა. არსებობს შენთვის გასაგებ რომელიმე ენაზე „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ კომპაქტ-დისკზე ან „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“? „საგუშაგო კოშკის“ წლის ბოლო ნომერში დაბეჭდილი საძიებელიც კარგ სამსახურს გაგიწევს. გამოიყენე ეს დამხმარე საშუალებები. თუ განსახილველ მუხლებს პუბლიკაციების დახმარებით გამოიკვლევ, იპოვი დამატებით ინფორმაციას, რომელიც ნათელს მოჰფენს მათ. გარდა ამისა, დაინახავ, როგორ იხსნება წინასწარმეტყველებები, რას გვასწავლის ეს მუხლები იეჰოვას შესახებ და რა პრინციპების დანახვა შეიძლება მათში. ნუ შეეცდები ბევრი საკითხის გაშუქებას. უმჯობესია, რამდენიმე მუხლი შეარჩიო და საფუძვლიანად განიხილო.
პროგრამის ამ ნაწილში შეიძლება მსმენელებმაც მიიღონ მონაწილეობა. რით იყო მათთვის სასარგებლო ბიბლიის მოცემული მონაკვეთი? რა დაინახეს მათ, რაც პირადი და ოჯახური შესწავლის დროს, ან მსახურებასა და ცხოვრებაში გამოადგებათ? იეჰოვას რომელი თვისებები დაინახეს მის ხალხთან და სხვა ერებთან მისი დამოკიდებულებიდან? რა ისწავლეს, რამაც მათ რწმენა განუმტკიცა და იეჰოვასადმი სიყვარული გაუძლიერა? დიდ დროს ნუ დაკარგავ წვრილმანებზე. ყურადღება გაამახვილე შერჩეული აზრების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ მხარეზე.
დამმოძღვრავი მოხსენება
დამმოძღვრავი მოხსენება დაფუძნებულია პუბლიკაციებზე, მაგალითად ჟურნალებზე „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ან რომელიმე წიგნის მონაკვეთზე. ხშირად მასალა იმაზე მეტია, ვიდრე მოხსენებისთვის განკუთვნილ დროში შეგიძლია გადმოსცე. როგორ უნდა წარმოადგინო ასეთი მოხსენება? მსმენელს უბრალოდ ინფორმაცია კი არ უნდა მიაწოდო, არამედ უნდა ასწავლო. ზედამხედველს „უნდა შეეძლოს სწავლება“ (1 ტიმ. 3:2).
მომზადება მასალის შესწავლით დაიწყე. მოძებნე მითითებული მუხლები. იფიქრე. შეეცადე, ამის გაკეთება მოხსენების წარმოთქმამდე საკმაოდ ადრე დაიწყო. გახსოვდეს, რომ და-ძმებს ხშირად წინასწარ აქვთ წაკითხული პუბლიკაცია, რომელზეც მოხსენება იქნება დაფუძნებული. შენი მიზანი ამ მასალის უბრალოდ მიმოხილვა ან შინაარსის მოკლედ გადმოცემა კი არ არის, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ცხოვრებაში. შეეცადე, სათანადოდ განიხილო ის აზრები, რომლებიც ყველაზე მეტად პრაქტიკული იქნება კრებისთვის.
ისევე როგორც თითოეული ბავშვი, თითოეული კრებაც ინდივიდუალურია. კარგი მშობელი მხოლოდ იმას არ ეუბნება შვილს, რა არის სწორი და რა — არასწორი. ის მასთან ერთად მსჯელობს, მხედველობაში იღებს მის ხასიათს და სირთულეებს, რომელთა გადალახვაც ბავშვს უწევს. მსგავსად ამისა, ის, ვინც კრებას მოძღვრავს, მხედველობაში იღებს მსმენელის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებს. კარგი მასწავლებელი არ იყენებს ისეთ მაგალითებს, რომლებიც ვინმეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ის აღნიშნავს, რა სასიკეთო შედეგები მოაქვს იეჰოვას გზებით სიარულს და ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაში მოცემულ რჩევებზე, რომლებიც კრების წევრებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
კარგ მასწავლებელს მასალა მსმენელის გულამდე მიაქვს. ამისათვის მსმენელს მხოლოდ ფაქტები კი არ უნდა მიაწოდო, არამედ უნდა დაანახვო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტები. საჭიროა, გულწრფელად იყო დაინტერესებული მსმენელებით. სულიერი მწყემსები უნდა იცნობდნენ სამწყსოს. თუ მათ გულწრფელად ეყვარებათ კრების წევრები და მხედველობაში მიიღებენ თითოეულის სირთულეებს, შეძლებენ გამამხნევებელი სიტყვების თქმას და გულისხმიერებისა და თანაგრძნობის გამოვლენას.
კარგ მასწავლებელს ესმის, რომ მოხსენებას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს. მასალის გადმოცემისას მთავარი აზრები გამოკვეთილი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს. მსმენელს გონებაში უნდა დარჩეს პრაქტიკული აზრები, რომლებსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.
სამსახურებრივი შეხვედრა
სხვაგვარი მომზადება გჭირდება, როდესაც მოხსენება დაფუძნებულია „ჩვენი სამეფო მსახურების“ რომელიმე სტატიაზე. ასეთი მოხსენებით გამოსვლისას ხშირად მასალა სრულად უნდა გადმოსცე და არა მხოლოდ ის, რასაც თვითონ თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად. დაეხმარე მსმენელს იმსჯელოს ბიბლიის იმ მუხლებზე, რომლებზეც ესა თუ ის რჩევაა დაფუძნებული (ტიტ. 1:9). დროში შეზღუდული ხარ, ამიტომ ხშირად ვერ გამოიყენებ დამატებით მასალას.
ზოგჯერ მოხსენება „ჩვენი სამეფო მსახურების“ სტატიებზე არ არის დაფუძნებული. პროგრამაში შეიძლება მითითებული იყოს „საგუშაგო კოშკის“ რომელიმე სტატია ან მოცემული იყოს მხოლოდ რამდენიმე მოკლე მითითება. ასეთ შემთხვევაში დავალების მომზადებისას უნდა გაითვალისწინო კრების მოთხოვნილებები. შეიძლება დაგჭირდეს მოკლე და ადვილად გასაგები მაგალითი ან სათანადო შემთხვევა. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი უბრალოდ კონკრეტულ თემაზე საუბარი კი არ არის, არამედ მასალის ისე გადმოცემა, რომ დაეხმარო კრების წევრებს ღვთის სიტყვის საშუალებით მიღებული დავალების შესრულებასა და სიხარულის შენარჩუნებაში (საქ. 20:20, 21).
მოხსენების მომზადებისას მხედველობაში გყავდეს კრების წევრები და იფიქრე მათ მდგომარეობაზე. შეაქე ისინი იმისათვის, რასაც აკეთებენ. დაფიქრდი, როგორ დაეხმარება მასალაში მოცემული რჩევები, რომ უკეთესად და უფრო მეტი სიხარულით იმსახურონ.
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენს გამოსვლაში ინსცენირება ან ინტერვიუ შედის? ამ შემთხვევაში, ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმო. მართალია, უფრო ადვილი იქნებოდა, უბრალოდ, ვინმესთვის გეთხოვა მომზადებულიყო, მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის. თუ შესაძლებელია, კრების შეხვედრის დღემდე დაგეგმე ინსცენირების ან ინტერვიუს რეპეტიცია. ინტერვიუ და ინსცენირება მოხსენებასთან ერთად კრების სწავლებას უნდა ემსახურებოდეს.
კონგრესები
ძმებმა, რომლებმაც სულიერი თვისებები და კარგი მეტყველებისა და სწავლების უნარი განივითარეს, დროდადრო შეიძლება კონგრესის პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. კონგრესები ნამდვილად მნიშვნელოვანია თეოკრატიული განათლების მისაღებად. მოსამზადებლად ძმას შეიძლება მიეცეს მოხსენების მზა ტექსტი, გეგმა, მითითებები ბიბლიური დრამისთვის, რომელიც ჩვენს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ან მხოლოდ რამდენიმე მოკლე მითითება. თუ კონგრესზე გამოსვლას დაგავალებენ, გულდასმით შეისწავლე მოცემული მასალა. კარგად დაამუშავე ის, ვიდრე არ ჩასწვდები მის მნიშვნელობასა და ღირებულებას.
ძმებმა, რომლებსაც მოხსენების მზა ტექსტი აქვთ მიცემული, სიტყვასიტყვით უნდა წაიკითხონ მასალა. მათ არ უნდა შეცვალონ სიტყვები და წინადადებების თანამიმდევრობა. კარგად უნდა შეისწავლონ მთელი ტექსტი, გამოყონ მთავარი აზრები და ყურადღება მიაქციონ მათ შორის ლოგიკურ კავშირს. საჭიროა ტექსტის ხმამაღლა კითხვაში ივარჯიშონ, რომ მოხსენებაში სათანადოდ დასვან აზრობრივი მახვილები, მასალა ენთუზიაზმით, სითბოთი, გრძნობით, აგრეთვე სერიოზულად და დამაჯერებლად წარმოადგინონ და ხმის სიმაღლე და სიძლიერეც მრავალრიცხოვან აუდიტორიას შეუსაბამონ.
ძმები, რომლებსაც მოხსენების მოსამზადებლად გეგმა ეძლევათ, რაც შეიძლება ზუსტად უნდა მიჰყვნენ მას. გეგმიდან წინადადებების წაკითხვის ან მთელი ტექსტის დაწერის ნაცვლად, უმჯობესია, მათ თავიანთი სიტყვებით, გულიდან ილაპარაკონ. მნიშვნელოვანია, მომხსენებელი გეგმაში მითითებულ დროს მიჰყვეს, რომ სათანადოდ განიხილოს თითოეული მთავარი აზრი. მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მთავარი აზრების ქვეშ მოცემული ბიბლიური მუხლები და მხარდამჭერი აზრები. მომხსენებელს უფლება არა აქვს, გეგმაში მოცემული აზრების ხარჯზე ჩართოს დამატებითი აზრები, რომლებიც თავად მოსწონს. მითითებები, ცხადია, ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ქრისტიანმა უხუცესებმა ‘უნდა იქადაგონ სიტყვა’ (2 ტიმ. 4:1, 2). ამიტომ აუცილებელია, მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გეგმაში მოყვანილ მუხლებზე გაამახვილოს — იმსჯელოს მათ გარშემო და ახსნას ისინი.
ნუ დააყოვნებ
ხშირად გიწევს კრებაში მოხსენებით გამოსვლა? რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ თითოეული მოხსენება სათანადოდ მოამზადო? ნუ მოამზადებ მათ ბოლო წუთში.
წინასწარ ფიქრია საჭირო, თუ გინდა, რომ მოხსენება ნამდვილად დაეხმაროს კრებას. ამიტომ ჩვევად გქონდეს, დავალების მიღებისთანავე წაიკითხო მასალა. ეს შესაძლებლობას მოგცემს, იფიქრო მასზე მაშინაც კი, როდესაც სხვა რამით ხარ დაკავებული. მოხსენების წარმოთქმამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე შეიძლება მოისმინო საინტერესო აზრები, რომლებიც გიკარნახებს, რა კუთხით აჯობებს მასალის განხილვა. შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაგანახვებს, რამდენად დროულია შენი მოხსენება. დავალების მიღებისთანავე მასალის წაკითხვასა და მასზე დაფიქრებას დრო სჭირდება, მაგრამ ეს დრო ფუჭად დაკარგული არაა. ბოლოს, როდესაც მოხსენებისთვის გეგმის შედგენას დაიწყებ, დაინახავ, როგორ გამოგადგება ის, რომ მასზე წინასწარ იფიქრე. ასეთი მომზადებით თავიდან აიცილებ ზედმეტ დაძაბულობას. გარდა ამისა, შენი გამოსვლა მსმენელისთვის პრაქტიკული და გულში ჩამწვდომი იქნება.
თუ სათანადოდ დააფასებ იმას, რომ იეჰოვამ თავისი ხალხისთვის სწავლება მოგანდო, საკადრის პატივს მიაგებ მას და კურთხევა იქნები მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს (ეს. 54:13; რომ. 12:6—8).