როგორ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტე?
იესო ქრისტე „ოდესმე მცხოვრებთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“).
ჩვეულებრივ, დიდებულ ადამიანებს მათი საქმეებით იმახსოვრებენ. მაგრამ რატომ ახსოვს ბევრს უფრო მეტად იესოს დაბადება, ვიდრე მისი საქმეები? ქრისტიანულ სამყაროში ადამიანთა უმეტესობას თავისუფლად შეუძლია მოყვეს იესოს დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენები. მაგრამ რამდენს ახსოვს და რამდენი იყენებს დღეს ცხოვრებაში იესოს დიდებულ სწავლებებს, რომლებიც მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა?
რასაკვირველია, იესოს დაბადება ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, მაგრამ მისი პირველი მოწაფეები მის საქმეებსა და სწავლებებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ცხადია, ღმერთი არასოდეს განიზრახავდა, რომ ქრისტეს დაბადებას დაეჩრდილა იესოს, როგორც მოწიფული მამაკაცის ცხოვრება. მაგრამ შობის დღესასწაულმა საშობაო თქმულებებით ბურუსში გახვია იესოს პიროვნება.
შემდეგი საკითხი, რაც პრობლემას ქმნის, უშუალოდ შობის დღესასწაულის ხასიათს ეხება. დღეს რომ იესო დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რას იფიქრებდა ის შობასთან დაკავშირებულ კომერციულ სულისკვეთებაზე? 2000 წლის წინ იესო იერუსალიმის ტაძარში შევიდა; მან დაადანაშაულა ფულის გადამცვლელები და ვაჭრები, რომლებიც სარგებლობდნენ იუდეველთა რელიგიური დღესასწაულით და დიდ მოგებას ნახულობდნენ. „მოაშორეთ ესენი აქედან! — თქვა მან. „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:13—16). როგორც ვხედავთ, იესოსთვის არ იყო მისაღები კომერციული და რელიგიური საქმიანობა ერთად.
ბევრ გულმოდგინე ესპანელ კათოლიკეს აღელვებს შობის დღესასწაულთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობის ზრდა. თუმცა, ასეთი ტენდენცია გარდაუვალია, თუ მხედველობაში მივიღებთ შობასთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულების წარმოშობას. ჟურნალისტი ხუან არიასი აღნიშნავს: „ქრისტიანობაში იმ ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შობა წარმართულ ხასიათს იძენს და გართობასთან და კომერციასთან უფრო მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე რელიგიასთან, ჩვეულებრივ, არ იციან, რომ შობის დღესასწაულში დაარსებისთანავე . . . ჩართული იყო რომაული წარმართული [მზის] დღესასწაულის თავისებურებები“ (El País, 24 დეკემბერი, 2001).
ბოლო წლებში ბევრი ესპანელი ჟურნალისტი და ბევრი ენციკლოპედია ამახვილებს ყურადღებას შობის დღესასწაულის წარმართულ წარმოშობასა და კომერციულ ხასიათზე. რაც შეეხება შობის აღნიშვნის თარიღს, ერთ-ერთი ენციკლოპედია პირდაპირ ამბობს: «მიზეზი, რის გამოც რომის ეკლესიამ შობის დღესასწაულად ეს დღე დაადგინა, წარმართული დღესასწაულების ქრისტიანული დღესასწაულებით შეცვლის ტენდენცია იყო . . . როგორც ვიცით, 25 დეკემბერს ძველ რომში წარმართები „უძლეველი მზის“ დაბადების დღეს დღესასწაულობდნენ» (de la Religión Católica).
სხვა ესპანური ენციკლოპედიაც მსგავსად აღნიშნავს: „25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს“ (Enciclopedia Hispánica). როგორ დღესასწაულობდნენ რომაელები მზის ამოსვლას ზამთარში? ნადიმით, მხიარულებით და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლით. რადგანაც ეკლესიის წარმომადგენლებს არ სურდათ ასეთი პოპულარული დღესასწაულის გაუქმება, მათ „გააქრისტიანეს“ ის და მზის დაბადების დღის ნაცვლად იესოს შობის დღე უწოდეს.
თავიდან, IV-V საუკუნეებში, მზის თაყვანისმცემლობა და მასთან დაკავშირებული ჩვეულებები ადვილად ვერ აღმოიფხვრა. ავგუსტინე ნეტარმა (ახ. წ. 354—430 წლები) თავი ვალდებულად ჩათვალა, მოეწოდებინა თანამორწმუნეებისთვის, რომ არ აღენიშნათ 25 დეკემბერი ისე, როგორც წარმართები აღნიშნავდნენ მზის ღმერთის პატივსაცემად. რომაულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ტრადიციებს გავლენა, როგორც ჩანს, დღემდე არ დაუკარგავს.
იდეალური დღესასწაული გართობისთვის და კომერციული საქმიანობისთვის
საუკუნეების მანძილზე მრავალმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი გართობისა და კომერციული საქმიანობის თვალსაზრისით შობის ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო დღესასწაულად ჩამოყალიბებაში. ამასთანავე, ზამთრის სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, განსაკუთრებით რაც ჩრდილოეთ ევროპაში აღინიშნებოდა, თანდათანობით შეერწყა რომაულ ტრადიციებსa. მე-20 საუკუნეში ბიზნესმენები დიდი ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს იმ წეს-ჩვეულებების განვითარებას, რომლებიც მათ საკმაოდ დიდ მოგებას მოუტანდა.
რა არის ამის შედეგი? ის, რომ ქრისტეს შობის აღნიშვნაზე უფრო მეტი ყურადღება მახვილდება, ვიდრე იესოს დაბადების მნიშვნელობაზე. ხშირ შემთხვევაში, ტრადიციული შობის დღესასწაულზე ქრისტეს აღარც კი მოიხსენიებენ. „[ქრისტეს შობა] მსოფლიო დღესასწაულია, ეს არის დღესასწაული ოჯახებისთვის და თითოეული ადამიანი ზეიმობს იმას, რასაც პირადად მისთვის ნიშნავს ეს დღესასწაული“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ესპანური გაზეთი (El País).
ამ სიტყვებში აირეკლება ტენდენცია, რომელიც ესპანეთსა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში შეინიშნება. მაშინ როცა შობის დღესასწაული უფრო და უფრო შთამბეჭდავად აღინიშნება, ქრისტეს შესახებ ცოდნა კლებულობს. ფაქტობრივად, შობის დღესასწაული უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს — რომაული დღესასწაულისთვის დამახასიათებელ გართობას, ნადიმსა და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლას.
„შეგვეძინა შვილი“
თუ შობის დღესასწაულს კავშირი არა აქვს ქრისტესთან, მაშინ როგორ უნდა ცხადყონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ ახსოვთ ქრისტეს დაბადება და მისი ცხოვრება? იესოს დაბადებამდე, დაახლოებით 700 წლით ადრე, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა“ (ესაია 9:6, აქ). რატომ აღნიშნა ესაიამ, რომ ამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა იესოს დაბადება და ის, რასაც ის მომავალში გააკეთებდა? რადგან იესო გახდებოდა ძლიერი მმართველი, მას ეწოდებოდა „მშვიდობის მთავარი“, ბოლო არ ექნებოდა მშვიდობას და მის უსაზღვრო ხელმწიფებას. ამასთანავე, იესოს მეფობა გამყარებული იქნებოდა „სამართლიანობითა და სიმართლით“ (ესაია 9:7, აქ)
ანგელოზმა გაბრიელმა გაიმეორა ესაიას სიტყვები, როდესაც მარიამს აუწყა იესოს დაბადების შესახებ: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს. და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის მეფობას ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 32). აშკარაა, რომ იესოს დაბადების ძირითადი მნიშვნელობა დაკავშირებულია იმასთან, რასაც იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გააკეთებს. ქრისტეს მეფობა სარგებლობას მოუტანს ყველას, მათ შორის თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც. სინამდვილეში, როგორც ანგელოზებმა აუწყეს, იესოს დაბადება მოუტანს „მშვიდობას დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:14).
ვინ არ მოისურვებდა მშვიდობიან და სამართლიან მსოფლიოში ცხოვრებას? მაგრამ იმისათვის, რომ დავტკბეთ მშვიდობით, რომელსაც ქრისტეს მმართველობა მოიტანს, ღვთისთვის მოსაწონად უნდა ვიცხოვროთ და მასთან კარგი ურთიერთობა განვავითაროთ. როგორც იესომ მიგვითითა, პირველი ნაბიჯია, შემეცნება მივიღოთ ღმერთისა და ქრისტეს შესახებ. „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
თუკი ზუსტი შემეცნება გვაქვს მიღებული იესოზე, ჩვენთვის ნათელი ხდება, თუ როგორ უნდა გვახსოვდეს ის. სასურველი იქნებოდა ჭამის, სმის, და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის დროს გვხსომებოდა იესო იმ დღეს, როდესაც ძველ წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ? საეჭვოა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ უთხრა თავის მოციქულებს, თუ რა იყო უმთავრესი: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ“ (იოანე 14:21).
იეჰოვას მოწმეებს წმინდა წერილების საფუძვლიანი გამოკვლევა დაეხმარა ღმერთისა და ქრისტეს მითითებების უკეთ გაგებაში. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან, გაეცნოთ იმ მნიშვნელოვან მითითებებს, რომელთა მიყოლაც დაგეხმარებათ, სათანადოდ ცხადყოთ, რომ ნამდვილად გახსოვთ იესო.
[სქოლიოები]
a ამის ორ მაგალითს წარმოადგენს: საშობაო ნაძვის ხე და სანტა-კლაუსი.
[ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]
უარყოფს ბიბლია ლხინსა და საჩუქრების ჩუქებას?
საჩუქრების ჩუქება
ბიბლია იწონებს საჩუქრების ჩუქებას, იეჰოვა თვითონვე გვაძლევს „ყოველ კარგ ძღვენს და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ (იაკობი 1:17). იესომაც აღნიშნა, რომ კარგი მშობლებისგან საჩუქრებს მიიღებდნენ შვილები (ლუკა 11:11—13). იობის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა საჩუქრები მიართვეს მას, როცა ის გამოჯანმრთელდა (იობი 42:11). როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, საჩუქრების ჩუქებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული არ მოითხოვებოდა. ასეთი გაცემა ხდებოდა გულიდან გამომდინარე (2 კორინთელები 9:7).
ოჯახური შეხვედრები
ოჯახურ შეხვედრებს შეუძლია გააერთიანოს ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, თუ ისინი ერთ სახლში აღარ ცხოვრობენ. იესო და მისი მოციქულები კანაში ქორწილს ესწრებოდნენ. უეჭველია, ეს იყო დიდი ოჯახური და მეგობრული შეხვედრა (იოანე 2:1—10). იესომ იგავი მოიყვანა გზასაცდენილ შვილზე, რომლის მამამ ძის დაბრუნების აღსანიშნავად ოჯახში ლხინი გამართა მუსიკისა და ცეკვის თანხლებით (ლუკა 15:21—25).
გემრიელი საკვები
ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული შემთხვევები, როცა ღვთის მსახურები ოჯახთან, მეგობრებთან ან თანამორწმუნეებთან ერთად სადილობდნენ. როდესაც აბრაამს ანგელოზები ესტუმრნენ, ის მათ ხორცით, კვერცხით, კარაქითა და კვერებით გაუმასპინძლდა (დაბადება 18:6—8). სოლომონმა ჭამა-სმა და მხიარულება აღწერა როგორც საჩუქარი ღვთისგან (ეკლესიასტე 3:13; 8:15).
როგორც ვხედავთ, ღმერთს სურს, რომ ვისიამოვნოთ გემრიელი საკვებით ჩვენს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ის იწონებს საჩუქრების ჩუქებასაც. ამ ყველაფრისთვის კი წლის ნებისმიერ დროს არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა.