საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კურთხევა“
  • კურთხევა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კურთხევა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მთელი გულით გაისარჯეთ იეჰოვას კურთხევების მისაღებად!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • იბრძვით იეჰოვას კურთხევის მისაღებად?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • იაკობი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ღვთის სამეფო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კურთხევა“

კურთხევა

განწმენდა ან წმინდად გამოცხადება; ღვთისთვის წყალობის თხოვნა; ვინმესთვის სიკეთის კეთება; წყალობა; წმინდის განდიდება; ხოტბის შესხმა; ვინმეზე კარგის თქმა; ბოროტისგან დაცვა; გაბედნიერება.

კურთხევად ნათარგმნი ებრაული სიტყვები დაახლოებით 400-ჯერ გვხვდება ბიბლიაში სხვადასხვა ფორმით. ზმნა ბარაქ, რომელიც ძირითადად კურთხევად ითარგმნება, რამდენიმე ადგილას ნათარგმნია როგორც „კარგს უსურვებს“ (1სმ. 25:14), „მიულოცავს“ (1მტ. 18:10) და „მიესალმება“ (2მფ. 4:29). ამ ებრაული სიტყვის მონათესავე არსებითი სახელი „ბერაქა“ (ნიშნავს კურთხევას) იმ ველს ეწოდა, სადაც იეჰოშაფატმა და მისმა ხალხმა იეჰოვა აკურთხეს (2მტ. 20:26). ზმნა ბარაქ „მუხლის მოყრადაც“ ითარგმნება (2მტ. 6:13; ფს. 95:6).

იუდეველმა სოფერიმებმა, იგივე მწიგნობრებმა, ზოგ ადგილას სიტყვა „წყევლა“ „კურთხევით“ შეცვალეს (1მფ. 21:10, 13; იობ. 1:5, 11; 2:5, 9), რადგან იმის დაწერა, რომ ვინმემ ღმერთი დაწყევლა, მკრეხელობად მიაჩნდათ (იხ. Rbi8, დანართი 2ბ [ინგლ.]).

ბერძნული ზმნა ევლოგეო სიტყვასიტყვით ნიშნავს „ვინმეზე კარგის თქმას“. რაც შეეხება სიტყვა ევლოგიას (სიტყვასიტყვით კურთხევა), იგი რომაელების 16:18-ში უარყოფითი მნიშვნელობით არის გამოყენებული და ნათარგმნია როგორც „შემპარავი სიტყვები“, რომლებიც ვინმეს შესაცდენად არის გამიზნული.

ბიბლიაში სიტყვა „კურთხევა“ ოთხი გაგებით გვხვდება: 1) იეჰოვას მიერ ადამიანების კურთხევა; 2) ადამიანების მიერ იეჰოვას კურთხევა; 3) ადამიანების მიერ ქრისტეს კურთხევა; 4) ადამიანების მიერ ადამიანების კურთხევა.

იეჰოვას მიერ ადამიანების კურთხევა. „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგ. 10:22). იეჰოვა აკურთხებს თავის მოწონებულთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ იცავს მათ, ხელს უმართავს, ხელმძღვანელობს და ზრუნავს მათ საჭიროებებზე.

იეჰოვას კეთილგანწყობა თავისი მიწიერი ქმნილებების მიმართ მათი შექმნის დღიდანვე გამოჩნდა. მეხუთე დღეს, როცა ღმერთმა ცხოველები შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, აკურთხა ისინი, რაც მის მიერ გაცხადებული განზრახვიდან გამოჩნდა (დბ. 1:22). მეექვსე დღის ბოლოს ღმერთმა ადამი და ევაც აკურთხა. თუ ისინი ღვთის მორჩილნი იქნებოდნენ, მისი კურთხევა არ მოაკლდებოდათ და ის კვლავაც იზრუნებდა მათ სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (დბ. 1:28; 2:9; 5:2).

ექვსი დღის ბოლოს, დედამიწაზე ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის დასრულების შემდეგ, ღვთის ქმნილებებს არაფერი აკლდათ (დბ. 1:31). მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა ანუ დაასრულა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობა, აკურთხა ეს დღე და წმინდად გამოაცხადა. ადამიანთა მოდგმას წინ ულევი ბედნიერება და კურთხევა ელოდა (დბ. 2:3; გმ. 20:11).

როცა ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდა, იეჰოვამ თავისი კეთილგანწყობა გამოხატა მათ მიმართ, აკურთხა ისინი და თავისი ნება გაუცხადა. თუ იეჰოვას ნებას შეასრულებდნენ, ღვთის წყალობა და მფარველობა არ მოაკლდებოდათ (დბ. 9:1).

ღვთის მიერ აბრაამისა და მისი შთამომავლობის კურთხევა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა (დბ. 12:3; 18:18; 22:18). იეჰოვამ აბრაამი და სარა იმით აკურთხა, რომ სასწაულებრივად აღუდგინა გამრავლების უნარი, რის შედეგადაც ხანში შესულებს ვაჟი ეყოლათ (დბ. 17:16; 21:2). მან ყველანაირად მოუმართა ხელი აბრაამს და მომავალი დიდებული მოვლენების პირველსახედ აქცია (გლ. 4:21—26). აქედან გამომდინარე, შთამომავლით აბრაამის კურთხევა იმას მოასწავებდა, რომ ღმერთი ყველა ერს აკურთხებდა იესო ქრისტეს მეშვეობით, ვისი პირველსახეც ისაკი იყო (გლ. 3:8, 14; სქ. 3:25, 26; ებ. 6:13—20).

იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში აკურთხებს ცალკეულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, თუ ისინი მორჩილები იქნებიან (გმ. 23:25). „მეორე კანონის“ 27-ე და 28-ე თავებში ნაჩვენებია, რომ იეჰოვას წყევლა ანუ მკაცრი სასჯელი ურჩებს დაატყდებოდათ თავს, ხოლო მორჩილები მისგან კურთხევას მიიღებდნენ — მათ ექნებოდათ სულიერი და მატერიალური კეთილდღეობა, რაც მათ სახლებს, მიწებს, შთამომავლებს, პირუტყვს და სარჩო-საბადებელს დაეტყობოდა. სადაც წავიდოდნენ, ყველგან უსაფრთხოდ ივლიდნენ და მათი ყოველი საქმე კურთხეული იქნებოდა. „მართლის თავზე კურთხევაა“ (იგ. 10:6, 7). იეჰოვა მზად არის გახსნას „ცის კარიბჭეები“ და თავის ერთგულ და მორჩილ მსახურებზე გადმოცალოს „უხვი კურთხევა“ (მლ. 3:10).

ადამიანების მიერ იეჰოვას კურთხევა. ადამიანების მიერ იეჰოვას კურთხევა ძირითადად ვლინდება მის განდიდებაში, მისდამი მადლიერების გამოხატვაში, ყოველგვარ კურთხევის წყაროდ მის აღიარებაში, მასზე ყოველთვის დადებითად საუბარში, მის თაყვანისცემასა და მსახურებაში (ფს. 26:12). სასიხარულო ცნობის ქადაგებაც იეჰოვას კურთხევის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან ეს მისი სახელის განდიდებასა და განზრახვების გაცხადებას ემსახურება (მთ. 24:14; ებ. 13:15).

ადამიანები იეჰოვას სხვადასხვა მიზეზის გამო აკურთხებდნენ: ჩაგვრისგან დახსნისთვის (გმ. 18:9, 10), მათ საჭიროებებზე ზრუნვისთვის (კნ. 8:10), სიდიადისთვის, ძლევამოსილებისთვის, მმართველობისთვის, მშვენებისთვის და აღმატებულობისთვის (1მტ. 29:10—12, 20), იმისათვის, რომ აღძრავდა თავის ხალხს მისი თაყვანისცემის მხარდაჭერისკენ (2მტ. 31:8). ისინი ლოცვაში აღიარებდნენ, რომ იეჰოვა იცავდა თავის შეთანხმებას და გულმოწყალებას ავლენდა (ნემ. 9:5, 31, 32). ის აძლევდა მათ სიბრძნესა და ძალას (დნ. 2:19—23), მფარველობდა თავის მსახურებს და თავის უზენაეს ძალაუფლებას იყენებდა (დნ. 3:28; 4:34). ფსალმუნების წიგნი გამუდმებით აკურთხებს იეჰოვას და ზეცაში თუ დედამიწაზე ყველას მოუწოდებს, რომ აქონ მისი სახელი მისი დიდებული თვისებების გამო. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანმა იეჰოვა უნდა აკურთხოს, არის ის ძღვენი, რომელიც იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით გაიღო (ფს. 16:7; 103:1, 20—22; 145:2, 10; ინ. 3:16; შდრ. სქ. 2:8—11; გმც. 7:11, 12; 14:6, 7).

ადამიანების მიერ ქრისტეს კურთხევა. იესო ყველასგან იმსახურებს კურთხევას. მაგალითად, ელისაბედმა მარიამი, იესოს დედა და მისი მუცლის ნაყოფი აკურთხა (ლკ. 1:42). თუ გავითვალისწინებთ იესოს ზეციურ წარმომავლობას, იეჰოვას სახელით მოსვლას, მის მსახურებას, მსხვერპლს, მღვდლობას, მეფობასა და წყალობას, მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს კურთხეული (ინ. 12:13; 2კრ. 8:9; ებ. 1:2; 7:24—26). როცა იესო ზარ-ზეიმით შევიდა იერუსალიმში, ხალხი მას შეეგება, როგორც იეჰოვას კურთხეულს, რითაც ფსალმუნის 118:26-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულდა (მთ. 21:9). იესოს კურთხევა ანგელოზებსაც მართებთ და ადამიანებსაც (გმც. 5:12, 13).

ადამიანების მიერ ადამიანების კურთხევა. იეჰოვასგან განსხვავებით, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია თავისი წარმოთქმული კურთხევა რეალობად აქციოს. ბიბლიის თანახმად, როცა კაცი კაცს ლოცავს, ამით ფაქტობრივად ღმერთს შესთხოვს მის კურთხევას, თუმცა ამგვარი კურთხევა მხოლოდ ლოცვაში არ წარმოითქმება. ასე რომ, ადამიანს შეუძლია სხვისი კურთხევა, მაგრამ კურთხევის აღმსრულებელი ისევ და ისევ ღმერთია. ხშირად ასეთი კურთხევა მადლიერების გამოხატვას, ვინმეს დადებითი თვისებების ან კარგად შესრულებული საქმისთვის შექებას გულისხმობს.

კურთხევა ქმედითი რომ იყოს, ადამიანს ღვთისგან უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ვინმეს საკურთხებლად ან კურთხევის რეალობად ქცევის ძალას უნდა ფლობდეს. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მსჯელობს პავლე და მელქისედეკის მღვდლობას ლევის მღვდლობაზე მაღლა აყენებს: „უდავოდ, მცირე იკურთხება დიდის მიერ“ (ებ. 7:7). მელქისედეკი ღვთის მიერ დაყენებული მღვდელი და მეფე იყო; მან ღვთის სახელითა და უფლებამოსილებით აკურთხა აბრაამი, რასაც წინასწარმეტყველური ხასიათი ჰქონდა (დბ. 14:18—20; ებ. 7:1—4).

ლოცვა-კურთხევა ხშირად მათაც მიუღიათ, ვისაც იეჰოვას განდიდებაში თავისი წვლილი შეუტანია. კარვის აგების შემდეგ მოსემ შესრულებული სამუშაოსთვის აკურთხა ბეცალელი და მისი დამხმარეები (გმ. 39:43). მღვდლებსა და ლევიანებს, როგორც ისრაელის სულიერ წინამძღოლებს, სხვადასხვა ვითარებაში ევალებოდათ ხალხის კურთხევა (რც. 6:23—27; ლვ. 9:22, 23; კნ. 10:8; 21:5; 1მტ. 23:13; 2მტ. 30:27). მღვდელმთავარმა ელიმ აკურთხა სამუელის მშობლები, რომლებმაც შვილი ტაძრის მსახურებას მიუძღვნეს (1სმ. 2:20, 21). დავითმა იერუსალიმში კიდობნის მიტანის შემდეგ ხალხი დალოცა (2სმ. 6:18; 1მტ. 16:2). ბრძენი სოლომონიც მსგავსად მოიქცა, როცა ტაძარი იეჰოვას მიუძღვნა (1მფ. 8:14, 55). მოხუცებულმა სიმონმა იესოს მშობლები აკურთხა (ლკ. 2:34), იესომ — მასთან მისული ბავშვები (მრ. 10:16).

რა შემთხვევებში წარმოითქმებოდა კურთხევა. ლოცვის დროს ადამიანი აქებს, მადლობას სწირავს და აკურთხებს ღმერთს, შესთხოვს კურთხევას თანამორწმუნეთათვის და ღვთის მაძიებელთათვის. საკვების კურთხევა, როგორც წესი, ჭამის წინ ლოცვით ხდება. ასეთ ლოცვაში მადლობას უხდიან და განადიდებენ იეჰოვას სულიერი და ფიზიკური საზრდოსთვის, სთხოვენ, საკვები შეარგოს მის მიმღებთ და ძალა მისცეს, რომ კვლავ ემსახურონ მას (1სმ. 9:13; მთ. 14:19; ლკ. 9:16). უფლის გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის კურთხევის დროს ქებასა და მადლიერებას აღავლენენ ღვთის წინაშე და სთხოვენ მას, რომ სიმბოლოებმა მათ მიმღებთ კურთხევა მოუტანოს და ისინი, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილები, მასთან ერთობაში დარჩნენ (მთ. 26:26; 1კრ. 10:16).

პატრიარქალურ საზოგადოებაში ხშირად მამები სიკვდილის წინ აკურთხებდნენ შვილებს. ასეთ კურთხევას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ძალიან ფასობდა. ისაკმა იაკობი აკურთხა, რადგან ის თავისი პირმშო, ესავი ეგონა და იაკობს მის ძმაზე, ესავზე მეტი სიკეთე და წარმატება უსურვა. ფაქტობრივად, ისაკმა იეჰოვას შესთხოვა ამ კურთხევის შესრულება, რადგან უსინათლო მოხუცს მისი აღსრულება არ შეეძლო (დბ. 27:1—4, 23—29; 28:1, 6; ებ. 11:20; 12:16, 17). მოგვიანებით ისაკმა შეგნებულად გაიმეორა კურთხევა და განავრცო იგი (დბ. 28:1—4). სიკვდილამდე იაკობმა ჯერ იოსების ორი ვაჟი აკურთხა, შემდეგ კი — თავისი ვაჟები (დბ. 48:9, 20; 49:1—28; ებ. 11:21). სიკვდილამდე მოსემაც აკურთხა მთელი ისრაელი (კნ. 33:1). მომავალში განვითარებული მოვლენებიდან გამოჩნდა, რომ ამ კურთხევებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგჯერ ასეთი კურთხევის წარმოთქმისას მაკურთხებელი თავზე ხელს ადებდა მას, ვისაც აკურთხებდა (დბ. 48:13, 14).

თუ მისალმებისას ვინმეს აკურთხებდნენ, ე. ი. სიკეთეს უსურვებდნენ. იაკობმა აკურთხა ფარაონი, როცა მის წინაშე წარდგა (დბ. 47:7; იხ. აგრეთვე 1სმ. 13:10; 25:14; 1მფ. 1:47; 2მფ. 10:15). ზოგჯერ კურთხევას განშორებისას წარმოთქვამდნენ. მაგალითად, ოჯახმა აკურთხა რებეკა, როცა ის სახლს ტოვებდა და ისაკს მიჰყვებოდა ცოლად (დბ. 24:60; იხ. აგრეთვე დბ. 28:1; 2სმ. 19:39; 1მფ. 8:66).

კურთხევად მიიჩნეოდა აგრეთვე ძღვნის მირთმევა (დბ. 33:11; იეს. 14:13; 15:18, 19), ამიტომ ძღვენს ძვირფას ადამიანს კურთხევისა და კეთილმოსურნეობის ნიშნად ჩუქნიდნენ, აგრეთვე კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და მადლიერების გამოსახატავად (1სმ. 25:27; 30:26).

კურთხევა ზოგჯერ ქების სიტყვებშიც გამოიხატებოდა. ბოაზმა რუთი სიკეთისთვის აკურთხა (რთ. 3:10). გარეშეებმა აკურთხეს ისინი, ვინც თავისი ნებით დაუჭირა მხარი იეჰოვას თაყვანისმცემლობას (ნემ. 11:2). შვილებს მართებთ მშობლების კურთხევა (იგ. 30:11).

კურთხევაში დადებითი და აღმშენებლობითი საუბარიც შედის. იესომ მსმენელებს ურჩია, ეკურთხებინათ თავიანთი მაწყევრები (ლკ. 6:28). „ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ, ნუ დაწყევლით“ (რმ. 12:14). ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდევნელები უნდა ვაქოთ, არამედ ჩვენი კარგი საქციელით, კეთილი, თავაზიანი და გულწრფელი საუბრით მათი გული უნდა მოვიგოთ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენს ნათქვამს შეისმენენ (1კრ. 4:12; 1პტ. 3:9). გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ ვამბობთ სათქმელს (იგ. 27:14). ბოროტი გზიდან ვინმეს მოქცევა ნამდვილი კურთხევაა, რადგან ეს მის კეთილდღეობასა და იეჰოვას განდიდებას ემსახურება (სქ. 3:26).

სხვებისთვის კურთხევად ყოფნა. ღვთისმორჩილი ადამიანი შეიძლება სხვებისთვის კურთხევა აღმოჩნდეს. იეჰოვას კურთხეულ ხალხთან ურთიერთობას კურთხევა მოაქვს. ლაბანი კურთხეული იყო იმის გამო, რომ მის ფარას იაკობი მწყემსავდა (დბ. 30:27, 30). ფოტიფარის სახლი და მინდორი კურთხეული იყო, რადგან მათ იოსები მეთვალყურეობდა (დბ. 39:5). ათი მართალი კაცის გამო ღმერთი დაინდობდა სოდომს (დბ. 18:32). თავისი მიძღვნილი მსახურის ხათრით ღმერთმა შეიძლება წყალობის თვალით შეხედოს მის ურწმუნო მეუღლესა და მათ მცირეწლოვან შვილებს (1კრ. 7:14). იესომ თქმით, როცა მსოფლიოს უდიდესი გასაჭირი დაუდგებოდა, ის დღეები „რჩეულთა გულისთვის“ შემოკლდებოდა, რადგან სხვანაირად „ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა“ (მთ. 24:21, 22; შდრ. ეს. 65:8). ღვთის კურთხეულთა მიბაძვას უფრო მეტი კურთხევა მოაქვს (გლ. 3:9; ებ. 13:7; 1კრ. 11:1; 2თს. 3:7). ქრისტეს ძმებისთვის ანუ ღვთის რჩეულებისთვის სიკეთის კეთება „ცხვრებისთვის“ კურთხევისა ანუ მარადიული სიცოცხლის მომტანია (მთ. 25:31—34, 40, 46).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება