საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 12/1 გვ. 8-13
  • მოძულებულნი რწმენის გამო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოძულებულნი რწმენის გამო
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მოწაფეობის ‘ფასი’
  • სიძულვილი
  • ვის სძულდა პირველი ქრისტიანები?
  • რატომ სძულდათ პირველი ქრისტიანები რომაულ სამყაროში?
  • ქრისტიანები და საზოგადოება დღეს
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-3
  • ჩვენი რწმენის დაცვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • პირველი საუკუნის ქრისტიანები და მოსეს რჯული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ადრინდელი ქრისტიანობა და სახელმწიფო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 12/1 გვ. 8-13

მოძულებულნი რწმენის გამო

„ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:22).

1, 2. შეგიძლიათ გაიხსენოთ ზოგი შემთხვევა, რომელიც გადაიტანეს იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრების გამო?

კუნძულ კრეტაზე მცხოვრები მაღაზიის პატიოსანი მეპატრონე მრავალჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს და საბერძნეთის სასამათლოს წინაშე წარადგინეს. მთლიანობაში, მეუღლისა და ხუთი შვილისგან მოწყვეტილმა, ექვს წელზე მეტი გაატარა ციხეში. იაპონიაში 17 წლის მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ყოფაქცევითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა 42 თანაკლასელისგან. საფრანგეთში უამრავი ადამიანი უმიზეზოდ დაითხოვეს სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მუყაითი და კეთილსინდისიერი მუშების რეპუტაცია ჰქონდათ. რა კავშირი აქვს ამ შემთხვევებს ერთმანეთთან?

2 ყველა ზემოხსენებული იეჰოვას მოწმეა. რა „ბრალი“ მიუძღვით მათ? უმთავრესად ის, რომ ისინი თავიანთი რელიგიური შეხედულებების თანახმად ცხოვრობენ. იესო ქრისტეს სწავლებების შესაბამისად, მაღაზიის მეპატრონე თავის რწმენას სხვებს უზიარებდა (მათე 28:19, 20). მას, უმრავლეს შემთხვევაში, ბრალი ედებოდა არქაული ბერძნული კანონით, რომლის თანახმადაც პროზელიტიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. მოსწავლე სკოლიდან იმიტომ გარიცხეს, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ აძლევდა, მონაწილეობა მიეღო კენდოს (იაპონური ფარიკაობა) სავალდებულო ვარჯიშში (ესაია 2:4). საფრანგეთში სამსახურიდან გათავისუფლებულებს კი უთხრეს, რომ მათი გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი იეჰოვას მოწმეობა იყო.

3. რატომ აწყდება შედარებით იშვიათად ბევრი იეჰოვას მოწმე ადამიანთა მხრიდან წინააღმდეგობებს?

3 ამ ბოლო დროს ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები მსგავს არასასიამოვნო შემთხვევებს ხვდებიან. მაგრამ ბევრი მათგანი შედარებით იშვიათად აწყდება ადამიანთა მხრიდან ასეთ წინააღმდეგობებს. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი კარგი ყოფაქცევითა და რეპუტაციით, რომელიც არავის აძლევს საფუძველს, რომ ზიანი მიაყენოს მათ (1 პეტრე 2:11, 12). ისინი არ აწყობენ შეთქმულებებს და არ მისდევენ მავნე ჩვევებს (1 პეტრე 4:15). პირიქით, ისინი ცდილობენ, იცხოვრონ ბიბლიის რჩევის თანახმად — დაემორჩილონ ჯერ ღმერთს და შემდეგ მიწიერ ხელისუფლებას. ისინი იხდიან კანონით დადგენილ გადასახადებს და ცდილობენ, ‘ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყვნენ’ (რომაელთა 12:18; 13:6, 7; 1 პეტრე 2:13–17). ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობით ისინი ადამიანებს კანონების, ოჯახური ფასეულობებისა და ზნეობრივი ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. მთავრობის ბევრი წარმომადგენელი აქებს მათ, რადგან კანონის დამცველი მოქალაქეები არიან (რომაელთა 13:3). მიუხედავად ამისა, როგორც შესავალი აბზაცები გვიჩვენებს, დროდადრო ისინი ოპოზიციის სამიზნე ხდებიან, ზოგ ქვეყანაში კი მთავრობა კრძალავს მათს საქმიანობას. უნდა გაგვაკვირვოს ამან?

მოწაფეობის ‘ფასი’

4. იესოს სიტყვების თანახმად, რას უნდა მოელოდეს ის, ვინც მისი მოწაფე ხდება?

4 იესო ქრისტემ გარკვევით უთხრა თავის მოწაფეებს, თუ როგორ მოექცეოდნენ მათ. „მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი, — უთხრა მან თავის მიმდევრებს. — მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“. მართლაც, იესო „უმიზეზოდ“ შეიძულეს (იოანე 15:18–20, 25; ფსალმუნი 68:5; ლუკა 23:22). მის მოწაფეებსაც იგივე მოელოდათ — წინააღმდეგობა კანონიერი საფუძვლის გარეშე. იესო არაერთხელ აფრთხილებდა მათ: „მოძულებულნი იქნებით“ (მათე 10:22; 24:9).

5, 6. ა) რატომ სურდა იესოს, რომ მის მომავალ მიმდევრებს მოწაფეობის ‘ფასი გამოეთვალათ’? ბ) რატომ არ უნდა ჩავცვივდეთ საგონებელში, როდესაც წინააღმდეგობებს ვაწყდებით?

5 ამიტომ იესოს სურდა, რომ მის მომავალ მიმდევრებს მოწაფეობის ‘ფასი გამოეთვალათ’ (ლუკა 14:28). რატომ? არა იმიტომ, რომ გადაეწყვიტათ, გახდებოდნენ თუ არა მისი მიმდევრები, არამედ მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ შეასრულებდნენ იმას, რაც მოეთხოვებოდათ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი ან გასაჭირი, რაც ქრისტეს მოწაფეობას მოჰყვება (ლუკა 14:27). ძალას არავინ გვატანს, რომ, როგორც ქრისტეს მიმდევარმა, ვემსახუროთ იეჰოვას. ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა; ეს აგრეთვე შემეცნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა. წინასწარ ვიცით, რომ იმ კურთხევებთან ერთად, რომლებსაც ღმერთთან მიძღვნის შემდეგ ვღებულობთ, ‘მოძულებულნიც’ ვიქნებით. ასე რომ, საგონებელში არ ვცვივდებით, როდესაც წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ჩვენ ‘ფასი გამოთვლილი’ გვაქვს და სრულიად მომზადებული ვართ მის გადასახდელად (1 პეტრე 4:12–14).

6 რატომ მიაჩნდა ზოგს, მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა საჭიროდ? პასუხისთვის გამოვიკვლიოთ პირველ საუკუნეში არსებული ორი რელიგიური ჯგუფი. ორივე სძულდათ, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული მიზეზების გამო.

სიძულვილი

7, 8. რომელი სწავლებები ავლენდნენ წარმართების მიმართ სიძულვილს და, აქედან გამომდინარე, როგორ ეპყრობოდნენ იუდეველები წარმართებს?

7 ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ისრაელები რომაელთა მმართველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო იუდაიზმი, იუდეველთა რელიგიური სისტემა, მთლიანად დაიმორჩილეს ისეთმა რელიგიურმა წინამძღოლებმა, როგორიც იყვნენ მწიგნობრები და ფარისევლები (მათე 23:2–4). ამ ფანატიკოსმა წინამძღოლებმა ერი მოსეს რჯულს მოსწყვიტეს და არაიუდეველთა ზიზღი ჩაუნერგეს. დროთა განმავლობაში მათ ჩამოაყალიბეს რელიგია, რომელმაც წარმოქმნა წარმართებისადმი სიძულვილი. ამის გამო წარმართებიც ზიზღს ავლენდნენ იუდეველების მიმართ.

8 იუდეველი წინამძღოლებისთვის რთული არ იყო წარმართებისადმი სიძულვილის შესახებ ქადაგება, რადგან მაშინ იუდეველები წარმართებს საძულველ ადამიანებად მიიჩნევდნენ. რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ იუდეველი ქალი მარტო არ უნდა დარჩენილიყო წარმართებთან, რადგან მათ „გარყვნილებად მიიჩნევდნენ“. იუდეველი კაცი მათთან „მარტო არ უნდა დარჩენილიყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი სისხლისმღვრელები იყვნენ“. თუ მოწველის პროცესს ერთი იუდეველი მაინც არ უყურებდა, წარმართის მიერ მოწველილ რძეს არ დალევდნენ. თავიანთი წინამძღოლების ზეგავლენით იუდეველები გულცივები და მიუკარებლები ხდებოდნენ (შეადარეთ იოანე 4:9).

9. რა შედეგი მოჰყვა არაიუდეველების შესახებ იუდეველი წინამძღოლების სწავლებებს?

9 იუდეველებსა და წარმართებს შორის კარგ ურთიერთობას საერთოდ არ უწყობდა ხელს არაიუდეველებთან დაკავშირებული ასეთი სწავლებები. წარმართები თვლიდნენ, რომ იუდეველები კაცთმოძულეები იყვნენ. რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა (დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 56 წელს) თქვა, რომ იუდეველები „მტრებად მიიჩნევდნენ დანარჩენ ადამიანთა მოდგმას“. ტაციტუსი იმასაც აცხადებდა, რომ წარმართებს, რომლებიც იუდეველი პროზელიტები ხდებოდნენ, ასწავლიდნენ, უარი ეთქვათ თავიანთ ქვეყანაზე და პატივი არ ეცათ საკუთარი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, რომაელები უთმენდნენ იუდეველებს, რომლებიც თავიანთი სიმრავლის გამო მათთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. მაგრამ ახ. წ. 66 წელს იუდეველთა აჯანყებამ რომაელები აღძრა, რომ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი გაენადგურებინათ.

10, 11. ა) როგორ უნდა მოპყრობოდნენ უცხოელებს მოსეს რჯულის თანახმად? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, რაც იუდაიზმს დაემართა?

10 რა საერთო ჰქონდა უცხოელებზე ასეთ შეხედულებას მოსეს რჯულში მოცემულ თაყვანისმცემლობის ფორმასთან? რჯული სხვა ერებისგან გამოყოფისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ დაეცვა ისრაელები, განსაკუთრებით კი წმინდა თაყვანისმცემლობა (იესო ნავეს ძე 23:6–8). მიუხედავად ამისა, რჯულით მოითხოვებოდა, რომ უცხოელებს სამართლიანად და პატივისცემით მოქცეოდნენ და სტუმარმასპინძლობა გამოევლინათ მათ მიმართ მანამ, სანამ ისრაელის რჯულს დაემორჩილებოდნენ (ლევიანნი 24:22). იესოს დღეებში იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ჩამოსცილდნენ რჯულის ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც აშკარად მოითხოვდა უცხოელის პატივისცემას. მათ ჩამოაყალიბეს თაყვანისმცემლობის ფორმა, რომელმაც წარმოშვა უცხოელებისადმი სიძულვილი. თავის მხრივ, უცხოელებსაც სძულდათ ასეთი თაყვანისმცემლობა. და ბოლოს, პირველ საუკუნეში ებრაელებმა დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობილება (მათე 23:38).

11 შეგვიძლია აქედან რამის სწავლა? დიახ, შეგვიძლია. იეჰოვასა და მისი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მიუღებელია, როდესაც ქრისტიანი თვითდაჯერებულია და მედიდურად უყურებს მათ, რომლებიც არ იზიარებენ მის რწმენას. გავიხსენოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული ქრისტიანები. მათ არ სძულდათ არაქრისტიანები და არც რომაელთა წინააღმდეგ მოუწყიათ აჯანყება. მიუხედავად ამისა, ისინი „მოძულებულნი“ იყვნენ. რატომ? და ვის მიერ?

ვის სძულდა პირველი ქრისტიანები?

12. ბიბლიაში სად ჩანს, რომ იესოს სურს, მის მიმდევრებს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეთ არაქრისტიანებზე?

12 იესოს სწავლებიდან ნათელია, რომ მის მოწაფეებს გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა გამოევლინათ არაქრისტიანების მიმართ. ერთი მხრივ, მან თქვა, რომ მისი მიმდევრები წუთისოფლისგან გამოყოფილი იქნებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი უნდა მორიდებოდნენ ისეთ თვალსაზრისსა და საქციელს, რომლებიც იეჰოვას სამართლიან გზებს ეწინააღმდეგებოდა. მათ აგრეთვე ნეიტრალური პოზიცია უნდა დაეკავებინათ ომისა და პოლიტიკის საკითხებში (იოანე 17:14, 16). მეორე მხრივ, არაქრისტიანების მიმართ სიძულვილის ქადაგების ნაცვლად, იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, ‘ყვარებოდათ თავიანთი მტრები’ (მათე 5:44). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი. თუ სწყურია, დაალევინე“ (რომაელთა 12:20). მან ისიც უთხრა ქრისტიანებს, რომ ‘სიკეთე მოემოქმედათ ყველასთვის’ (გალატელთა 6:10, აფ).

13. რატომ ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს მოწაფეებს?

13 მიუხედავად ამისა, ქრისტეს მოწაფეებმა მალე დაინახეს, რომ „მოძულებულნი“ იყვნენ ადამიანთა სამი ჯგუფის მიერ. პირველი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქრისტიანებმა სწრაფად მიიქციეს მათი ყურადღება. ქრისტიანები მაღალი ზნეობრივი პრინციპებითა და პატიოსნებით გამოირჩეოდნენ და მთელი გულმოდგინებით გადასცემდნენ იმედის მომცემ ცნობას. ათასები ტოვებდნენ იუდაიზმს და ქრისტიანობას იღებდნენ (საქმეები 2:41; 4:4; 6:7). იუდეველი რელიგიური წინამძღოლებისთვის იესოს იუდეველი მოწაფეები განდგომილები იყვნენ (შეადარეთ საქმეები 13:45). ის განრისხებული წინამძღოლები გრძნობდნენ, რომ ქრისტიანობამ გააუქმა მათი ტრადიციები. ქრისტიანები აგრეთვე უარყოფდნენ მათს შეხედულებას წარმართებზე. ახ. წ. 36 წელს წარმართები ქრისტიანები ხდებოდნენ, იზიარებდნენ იგივე რწმენას და იუდეველი ქრისტიანების თანაბარი მდგომარეობა ჰქონდათ (საქმეები 10:34, 35).

14, 15. ა) რატომ სძულდათ ქრისტიანები წარმართ თაყვანისმცემლებს? ბ) რომელი მესამე ჯგუფის მიერ იყვნენ „მოძულებულნი“ პირველი ქრისტიანები?

14 მეორე, ქრისტიანები წარმართი თაყვანისმცემლების მიერ იყვნენ მოძულებული. მაგალითად, ძველ ეფესოში ქალღმერთ არტემიდეს ვერცხლის ტაძარი შემოსავლის სარფიანი წყარო იყო. მაგრამ, როდესაც პავლემ იქ იქადაგა, საკმაოდ ბევრი ეფესელი გამოეხმაურა და მიატოვა არტემიდეს თაყვანისცემა. ვერცხლზე მომუშავე ხელოსნებმა აურზაური ატეხეს, რადგან მათ სავაჭრო საქმეს საფრთხე ემუქრებოდა (საქმეები 19:24–41). რაღაც ამის მგავსი მოხდა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბითინიაში (დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთი თურქეთი). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამთავრებიდან მალევე ბითინიის მმართველი პლინიუს უმცროსი იუწყებოდა, რომ წარმართული ტაძრები დაცარიელდა და საგრძნობლად შემცირდა მსხვერპლშესაწირი ცხოველებისთვის საკვების გაყიდვა. ამაში ქრისტიანებს ბრალს სდებდნენ და დევნიდნენ, რადგან მათი თაყვანისმცემლობა კრძალავდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვას და კერპთაყვანისმცემლობას (1 იოანე 5:21; ებრაელთა 10:1–9). ნათელია, რომ ქრისტიანობის გავრცელებამ იმოქმედა მათზე, რომლებიც მოგებას ღებულობდნენ ცრუ თაყვანისმცემლობისგან, და მათზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და შემოსავლის წყარო.

15 მესამე, ქრისტიანები ნაციონალისტი რომაელების მიერ იყვნენ „მოძულებულნი“. თავდაპირველად ქრისტიანები რომაელებისთვის ცნობილი იყვნენ როგორც მცირე და, შესაძლოა, ფანატიკური რელიგიური ჯგუფი. მაგრამ დროთა განმავლობაში, მხოლოდ იმის გაცხადებაც კი, რომ ქრისტიანი იყავი, დანაშაულად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. რატომ მიაჩნდათ პატიოსანი მოქალაქეები, რომლებიც ქრისტიანულ ცხოვრებას ეწეოდნენ, დევნისა და სიკვდილით დასჯისთვის შესაფერის მსხვერპლად?

რატომ სძულდათ პირველი ქრისტიანები რომაულ სამყაროში?

16. რა მხრივ იყვნენ ქრისტიანები წუთისოფლისგან გამოყოფილი და რატომ არ უყვარდათ ისინი რომაულ სამყაროში?

16 ქრისტიანები ძირითადად იმიტომ სძულდათ რომაულ სამყაროში, რომ ისინი თავიანთი რელიგიური რწმენის თანახმად ცხოვრობდნენ. მაგალითად, ისინი წუთისოფლისგან გამოყოფილი იყვნენ (იოანე 15:19). არ იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის და უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე. შედეგად ამისა, ისინი „წუთისოფლისთვის მკვდარ, ცხოვრების ყოველ საქმეში გამოუსადეგარ ადამიანებად ჰყავდათ წარმოდგენილი“, — ამბობს ისტორიკოსი ავგუსტუს ნეანდერი. ამ წუთისოფლისგან გამოყოფა იმასაც ნიშნავდა, რომ განრიდებოდნენ გახრწნილი რომაული სამყაროს უზნეო გზებს. „მცირე ქრისტიანული ჯგუფები ღვთისმოსაობითა და წესიერებით ხელს უშლიდნენ სიამოვნებისთვის შეშლილ წარმართულ სამყაროს“, — ამბობს ისტორიკოსი უილ დიურანტი (1 პეტრე 4:3, 4). ქრისტიანების დევნითა და სიკვდილით დასჯით რომაელები, ალბათ, ისწრაფოდნენ, რომ გაეჩუმებინათ ეს ხელისშემშლელი ქრისტიანები.

17. რა ცხადყოფს, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების სამქადაგებლო საქმემ შედეგი გამოიღო?

17 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები დაუცხრომელი გულმოდგინებით ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას (მათე 24:14). დაახლოებით ახ. წ. 60 წლისთვის პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). პირველი საუკუნის ბოლოსთვის იესოს მიმდევრებმა მთელ რომის იმპერიაში — აზიაში, ევროპასა და აფრიკაში — მოამზადეს მოწაფეები. ‘კეისრის სახლობიდანაც’ კი ქრისტიანები გახდნენa (ფილიპელთა 4:22). ეს გულმოდგინე ქადაგება აღშფოთებას იწვევდა. ნეანდერი ამბობს: „ქრისტიანობამ მყარად მოიკიდა ფეხი ყველა ფენის ადამიანებში და სახელმწიფო რელიგიას უარყოფა ემუქრებოდა“.

18. რატომ იწვევდა რომაელებსა და იესოს მიმდევრებს შორის გაუგებრობას იეჰოვასადმი ქრისტიანების განსაკუთრებული ერთგულებით მსახურება იეჰოვასადმი?

18 იესოს მიმდევრები განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებოდნენ იეჰოვას (მათე 4:8–10). შესაძლოა, თაყვანიმცემლობის სხვა მხარეზე მეტად ასეთი ერთგულება იწვევდა მათსა და რომაელებს შორის გაუგებრობას. რომაელები უთმენდნენ სხვა რელიგიებს, სანამ მათი მიმდევრები იმპერატორის თაყვანისმცემლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას. პირველი ქრისტიანები ასეთ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომის სახელმწიფოზე მაღალი ძალაუფლების, იეჰოვა ღმერთის, წინაშე (საქმეები 5:29). შედეგად ამისა, ქრისტიანს, სხვა მხრივ რაც უნდა სამაგალითო მოქალაქე ყოფილიყო, სახელმწიფოს მტრად მიიჩნევდნენ.

19, 20. ა) ვინ იყო, უმთავრესად, პასუხისმგებელი ერთგული ქრისტიანების წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ბრალდებაში? ბ) რა ცრუ ბრალდებები წარმოიშვა ქრისტიანების წინააღმდეგ?

19 თუმცა რომაულ სამყაროში სხვა მიზეზის გამოც იყვნენ ერთგული ქრისტიანები „მოძულებულნი“. მათ შესახებ ბოროტი ცილისწამება ადვილად ირწმუნეს, რაზეც, უმთავრესად, იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იყვნენ პასუხისმგებელი (საქმეები 17:5–8). დაახლოებით ახ. წ. 60–61 წელს, როდესაც პავლე რომის იმპერატორის ნერონის სასამართლოს ელოდებოდა, იუდეველები ქრისტიანების შესახებ ამბობდნენ: „ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:22). ნერონს, უდავოდ, ყური ჰქონდა მოკრული ქრისტიანების ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის. ახ. წ. 64 წელს, როდესაც ნერონს ბრალი ედებოდა ხანძარში, რომელმაც გადაწვა რომი, მან, ცნობების თანახმად, უკვე ჩირქმოცხებული ქრისტიანები განტევების ვაცებად გამოარჩია. როგორც ჩანს, ამან დააჩქარა გაშმაგებული დევნის ტალღა, რომელიც ქრისტიანების განადგურებისკენ იყო მიმართული.

20 ქრისტიანების მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები ხშირად აშკარა ტყუილთან და რწმენის დამახინჯებასთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან ისინი მონოთეისტები იყვნენ და არ ეთაყვანებოდნენ იმპერატორს, ათეისტებად შერაცხეს. იმის გამო, რომ ზოგი არაქრისტიანი ოჯახის წევრი ქრისტიან ნათესავებს ეწინააღმდეგებოდა, ქრისტიანებს სდებდნენ ბრალს ოჯახების დანგრევაში (მათე 10:21). როგორც ზოგიერთი წყარო ამტკიცებს ისინი კანიბალებად შერაცხეს უფლის სერობისას იესოს მიერ გამოთქმული სიტყვების დამახინჯების გამო (მათე 26:26–28).

21. რომელი ორი მიზეზის გამო იყვნენ ქრისტიანები „მოძულებულნი“?

21 მაშასადამე, ერთგული ქრისტიანები რომაელების მიერ ორი მთავარი მიზეზის გამო იყვნენ „მოძულებულნი“: 1) ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენისა და ამ რწმენის თანახმად ცხოვრების გამო და 2) მათ წინააღმდეგ გავრცელებული ყალბი ბრალდებების გამო. მიზეზის მიუხედავად, მოწინააღმდეგეების მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის ჩახშობა იყო. რასაკვირველია, ქრისტიანების დევნის ნამდვილი წამქეზებლები ზეადამიანური მოწინააღმდეგეები, უხილავი ბოროტი სულები, იყვნენ (ეფესელთა 6:12).

22. ა) რომელი მაგალითი გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეები მონდომებული არიან, ‘სიკეთე მოიმოქმედონ ყველასთვის’? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 11). ბ) რა საკითხები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

22 პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას თანამედროვე მოწმეები „მოძულუბულნი“ არიან სხადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, მოწმეებს არ სძულთ სხვა რელიგიის ადამიანები და არც მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოთავენი არიან. პირიქით, ისინი მთელ მსოფლიოში ნამდვილი სიყვარულით არიან ცნობილი, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი სოციალური, რასობრივი და ეთნიკური ბარიერი. მაშ, რატომ დევნიან მათ? როგორ რეაგირებენ ისინი წინააღმდეგობებზე? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

[სქოლიო]

a გამოთქმა ‘კეისრის სახლობა’, მაშინდელი იმპერატორის, ნერონის, ოჯახის წევრებს არ ეხებოდა. უფრო სწორად, ის მოსამსახურეებს ეხებოდა, რომლებიც, ალბათ, ისეთ საქმეებს ასრულებდნენ, როგორიცაა მზარეულობა და დასუფთავება იმპერატორის ოჯახისა და იქ მომუშავეთათვის.

როგორ უპასუხებდით?

◻ რატომ სურდა იესოს, რომ მის მომავალ მიმდევრებს მოწაფეობის ‘ფასი’ გამოეთვალათ?

◻ რა გავლენა მოახდინა იუდეველებზე არაიუდეველების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა შეხედულებამ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?

◻ რომელი სამი ჯგუფი უწევდა ერთგულ ქრისტიანებს წინააღმდეგობას?

◻ რომელი ძირითადი მიზეზების გამო იყვნენ რომაელების მიერ პირველი ქრისტიანები „მოძულებულნი“?

[ჩარჩო 11 გვერდზე]

„სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ მხედველობაში მიიღონ ბიბლიის რჩევა: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“ (გალატელთა 6:10, აფ). მოყვასის სიყვარული აღძრავს მათ, გაჭირვებისას დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ მათს რელიგიურ შეხედულებებს. მაგალითად, 1994 წელს რუანდაში მომხდარი უბედური შემთხვევისას ევროპელი მოწმეები საკუთარი სურვილით გაეშურნენ აფრიკაში დახმარების გასაწევად. მათ სასწრაფოდ აუშენეს კარგად მოწყობილი ბანაკები და საველე ჰოსპიტლები. უამრავი საკვები, ტანსაცმელი და საბნები მიაწოდეს თვითმფრინავებით. ლტოლვილთა რიცხვი, რომელთაც დახმარება გაეწიათ, ამ მხარეში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზე სამჯერ მეტი იყო.

[სურათი 9 გვერდზე]

პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები დაუცხრომელი გულმოდგინებით ქადაგებდნენ კეთილ ცნობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება