საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს

      „დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, რომელიც არის ქრისტე უფალი“ (ლუკა 2:11).

      დაახლოებით 2000 წლის წინათ ბეთლემში ქალწულმა შვა ვაჟი. ადგილობრივი მოსახლეობიდან ცოტა თუ მიხვდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მის დაბადებას. მაგრამ მწყემსებმა, რომლებიც ღამით მინდორში ფარას მწყემსავდნენ, დაინახეს ანგელოზთა დიდძალი ზეციერი ლაშქარი და მოისმინეს მათი გალობა: „დიდება ღმერთს სიმაღლეთა სიმაღლეებში და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:8—14).

      ანგელოზების მითითებისამებრ მწყემსებმა ბოსელში იპოვეს მარიამი, მისი მეუღლე იოსები და ბაგაში ჩაწვენილი მათი ვაჟი, რომელსაც მარიამმა იესო დაარქვა (ლუკა 1:31; 2:12). დღეს, ამ მოვლენიდან 2000 წლის შემდეგ, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი თვლის თავს იესო ქრისტეს მიმდევრად. იესოს დაბადებასთან დაკავშირებულ ამბებს კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხშირად ჰყვებიან.

      ესპანეთში, სადაც მდიდარი კათოლიკური ტრადიციები აქვთ და ადგილობრივ დღესასწაულებსაც დიდი ენთუზიაზმით ზეიმობენ, სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ბეთლემში იესოს დაბადების იმ უჩვეულო ღამესაც.

      ესპანეთში შობის აღნიშვნა

      მე-13 საუკუნიდან ესპანეთში საშობაო სცენების დადგმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული წეს-ჩვეულებაა. ოჯახები თიხის ფიგურებით წარმოადგენენ ბაგაში ჩაწვენილ ახალშობილ იესოს, მწყემსებს, მოგვებს („სამ მეფეს“), იოსებს და მარიამს. ნატურალური ზომის ფიგურებით უფრო დიდ სცენებს ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან დგამენ. რამდენადაც ცნობილია, ეს ჩვეულება ფრანცისკ ასიზელმა ჩამოაყალიბა იტალიაში, რათა ხალხის ყურადღება გადაეტანა სახარებისეულ ცნობაზე იესოს დაბადების შესახებ; მოგვიანებით კი ფრანცისკელმა ბერებმა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გაავრცელეს.

      ესპანეთში საშობაო დღესასწაულში ისეთივე დიდ როლს ასრულებენ მოგვები, როგორც სანტა კლაუსი ასრულებს სხვა ქვეყნებში. ესპანელი ბავშვები მოგვებისგან იღებენ საჩუქრებს 6 იანვარს (Día de Reyes ანუ მეფეთა დღე), როგორც ახალშობილ იესოს მიუტანეს მოგვებმა საჩუქრები. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სახარებაში ნათქვამი არ არის, რამდენი მოგვი მივიდა იესოსთან და, რომ ისინი ასტროლოგებად არიან მოხსენიებულნი და არა — მეფეებადa. მათი ვიზიტის შემდეგ მეფე ჰეროდემ, იესოს მოკვლის მიზნით, „ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოაკვლევინა“ ბეთლემში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოგვებმა იესო დაბადებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მოინახულეს (მათე 2:11, 16).

      მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ესპანეთის ზოგ ქალაქში თეატრალურ წარმოდგენას დგამენ იესოს დაბადებასთან დაკავშირებით; მასში ასახულია ბეთლემში მწყემსების და, მოგვიანებით, მოგვების სტუმრობა. დღესდღეობით ესპანეთის ბევრ ქალაქში ყოველ 5 იანვარს იმართება პარადი. დიდ მანქანაზე მოწყობილ მოძრავ სცენაზე მდგომი „მეფეები“ ქალაქის ცენტრს უვლიან და ხალხს კანფეტებს ურიგებენ. ტრადიციული საშობაო დეკორაციები და სიმღერები საზეიმო განწყობილებას ქმნის.

      მრავალ ესპანურ ოჯახში შობის წინადღეს (24 დეკემბერს) განსაკუთრებულ ვახშამს აწყობენ. ტრადიციულ სუფრას ამშვენებს „ტურონი“ (მზადდება ნუშისა და თაფლისგან), მარციპანი, ჩირი, შემწვარი ბატკანი და ზღვის პროდუქტები. ოჯახის წევრები, ისინიც კი, რომლებიც შორს ცხოვრობენ, ცდილობენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაესწრონ ამ განსაკუთრებულ ვახშამს. სხვა ტრადიციულ ვახშამზე, 6 იანვარს, ოჯახი მიირთმევს „მეფეთა“ პასქას, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს და მასში პატარა ფიგურაა ჩადებული. მსგავსი ჩვეულება რომაელების დროსაც არსებობდა; თუ მონას პასქაში დამალული სიურპრიზი შეხვდებოდა, იმ დღეს ის „მეფე“ იყო.

      „წლის ყველაზე სასიხარულო და გადატვირთული დღე“

      იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდა ადგილობრივი ჩვეულებები, დღეს შობა მსოფლიოში ძირითად დღესასწაულად ითვლება. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აღწერს, რომ შობა მთელ მსოფლიოში „წლის ყველაზე სასიხარულო და გადატვირთული დღეა მილიონობით ქრისტიანისა თუ არაქრისტიანისთვის“. ნამდვილად მნიშვნელოვანია ასეთი დღესასწაულის აღნიშვნა?

      ცხადია, იესოს დაბადება ისტორიული მოვლენაა. ამ მოვლენის დიდ მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ, როგორც ანგელოზებმა განაცხადეს, იესოს დაბადება ნიშნავდა „მშვიდობას დედამიწაზე ადამიანებისთვის, რომლებსაც ღმერთი იწონებს“.

      და მაინც, „ქრისტიანობის დასაწყისში შობას არ ზეიმობდნენ“, — აღნიშნავს ესპანელი ჟურნალისტი ხუან არიასი. თუ ეს ასეა, მაშინ საიდან მოდის შობის დღესასწაული? რა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ გვახსოვდეს ეს მოვლენა და იესოს ცხოვრება? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

      [სქოლიოები]

      a ერთი ნაშრომი (La Sagrada Escritura Texto y comentario por profesores de la Compañía de Jesús) აღნიშნავს: „სპარსელი, მიდიელი და ქალდეველი მოგვები წარმოადგენდნენ სამღვდელოების კლასს და მათი საქმიანობა ოკულტიზმს, ასტროლოგიასა და მედიცინას უკავშირდებოდა“. მოგვები, რომლებიც ჩვილი იესოს მოსანახულებლად მივიდნენ, შუა საუკუნეებში წმინდანებად შერაცხეს და შეარქვეს სახელები: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. მათი „წმინდა ნაწილები“ ვითომცდა კელნის (გერმანია) საკათედრო ტაძარში ინახება.

  • როგორ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • როგორ უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტე?

      იესო ქრისტე „ოდესმე მცხოვრებთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“).

      ჩვეულებრივ, დიდებულ ადამიანებს მათი საქმეებით იმახსოვრებენ. მაგრამ რატომ ახსოვს ბევრს უფრო მეტად იესოს დაბადება, ვიდრე მისი საქმეები? ქრისტიანულ სამყაროში ადამიანთა უმეტესობას თავისუფლად შეუძლია მოყვეს იესოს დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენები. მაგრამ რამდენს ახსოვს და რამდენი იყენებს დღეს ცხოვრებაში იესოს დიდებულ სწავლებებს, რომლებიც მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა?

      რასაკვირველია, იესოს დაბადება ნამდვილად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, მაგრამ მისი პირველი მოწაფეები მის საქმეებსა და სწავლებებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ცხადია, ღმერთი არასოდეს განიზრახავდა, რომ ქრისტეს დაბადებას დაეჩრდილა იესოს, როგორც მოწიფული მამაკაცის ცხოვრება. მაგრამ შობის დღესასწაულმა საშობაო თქმულებებით ბურუსში გახვია იესოს პიროვნება.

      შემდეგი საკითხი, რაც პრობლემას ქმნის, უშუალოდ შობის დღესასწაულის ხასიათს ეხება. დღეს რომ იესო დაბრუნებულიყო დედამიწაზე, რას იფიქრებდა ის შობასთან დაკავშირებულ კომერციულ სულისკვეთებაზე? 2000 წლის წინ იესო იერუსალიმის ტაძარში შევიდა; მან დაადანაშაულა ფულის გადამცვლელები და ვაჭრები, რომლებიც სარგებლობდნენ იუდეველთა რელიგიური დღესასწაულით და დიდ მოგებას ნახულობდნენ. „მოაშორეთ ესენი აქედან! — თქვა მან. „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:13—16). როგორც ვხედავთ, იესოსთვის არ იყო მისაღები კომერციული და რელიგიური საქმიანობა ერთად.

      ბევრ გულმოდგინე ესპანელ კათოლიკეს აღელვებს შობის დღესასწაულთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობის ზრდა. თუმცა, ასეთი ტენდენცია გარდაუვალია, თუ მხედველობაში მივიღებთ შობასთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულების წარმოშობას. ჟურნალისტი ხუან არიასი აღნიშნავს: „ქრისტიანობაში იმ ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შობა წარმართულ ხასიათს იძენს და გართობასთან და კომერციასთან უფრო მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე რელიგიასთან, ჩვეულებრივ, არ იციან, რომ შობის დღესასწაულში დაარსებისთანავე . . . ჩართული იყო რომაული წარმართული [მზის] დღესასწაულის თავისებურებები“ (El País, 24 დეკემბერი, 2001).

      ბოლო წლებში ბევრი ესპანელი ჟურნალისტი და ბევრი ენციკლოპედია ამახვილებს ყურადღებას შობის დღესასწაულის წარმართულ წარმოშობასა და კომერციულ ხასიათზე. რაც შეეხება შობის აღნიშვნის თარიღს, ერთ-ერთი ენციკლოპედია პირდაპირ ამბობს: «მიზეზი, რის გამოც რომის ეკლესიამ შობის დღესასწაულად ეს დღე დაადგინა, წარმართული დღესასწაულების ქრისტიანული დღესასწაულებით შეცვლის ტენდენცია იყო . . . როგორც ვიცით, 25 დეკემბერს ძველ რომში წარმართები „უძლეველი მზის“ დაბადების დღეს დღესასწაულობდნენ» (de la Religión Católica).

      სხვა ესპანური ენციკლოპედიაც მსგავსად აღნიშნავს: „25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს“ (Enciclopedia Hispánica). როგორ დღესასწაულობდნენ რომაელები მზის ამოსვლას ზამთარში? ნადიმით, მხიარულებით და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლით. რადგანაც ეკლესიის წარმომადგენლებს არ სურდათ ასეთი პოპულარული დღესასწაულის გაუქმება, მათ „გააქრისტიანეს“ ის და მზის დაბადების დღის ნაცვლად იესოს შობის დღე უწოდეს.

      თავიდან, IV-V საუკუნეებში, მზის თაყვანისმცემლობა და მასთან დაკავშირებული ჩვეულებები ადვილად ვერ აღმოიფხვრა. ავგუსტინე ნეტარმა (ახ. წ. 354—430 წლები) თავი ვალდებულად ჩათვალა, მოეწოდებინა თანამორწმუნეებისთვის, რომ არ აღენიშნათ 25 დეკემბერი ისე, როგორც წარმართები აღნიშნავდნენ მზის ღმერთის პატივსაცემად. რომაულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ტრადიციებს გავლენა, როგორც ჩანს, დღემდე არ დაუკარგავს.

      იდეალური დღესასწაული გართობისთვის და კომერციული საქმიანობისთვის

      საუკუნეების მანძილზე მრავალმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი გართობისა და კომერციული საქმიანობის თვალსაზრისით შობის ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო დღესასწაულად ჩამოყალიბებაში. ამასთანავე, ზამთრის სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, განსაკუთრებით რაც ჩრდილოეთ ევროპაში აღინიშნებოდა, თანდათანობით შეერწყა რომაულ ტრადიციებსa. მე-20 საუკუნეში ბიზნესმენები დიდი ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს იმ წეს-ჩვეულებების განვითარებას, რომლებიც მათ საკმაოდ დიდ მოგებას მოუტანდა.

      რა არის ამის შედეგი? ის, რომ ქრისტეს შობის აღნიშვნაზე უფრო მეტი ყურადღება მახვილდება, ვიდრე იესოს დაბადების მნიშვნელობაზე. ხშირ შემთხვევაში, ტრადიციული შობის დღესასწაულზე ქრისტეს აღარც კი მოიხსენიებენ. „[ქრისტეს შობა] მსოფლიო დღესასწაულია, ეს არის დღესასწაული ოჯახებისთვის და თითოეული ადამიანი ზეიმობს იმას, რასაც პირადად მისთვის ნიშნავს ეს დღესასწაული“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ესპანური გაზეთი (El País).

      ამ სიტყვებში აირეკლება ტენდენცია, რომელიც ესპანეთსა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში შეინიშნება. მაშინ როცა შობის დღესასწაული უფრო და უფრო შთამბეჭდავად აღინიშნება, ქრისტეს შესახებ ცოდნა კლებულობს. ფაქტობრივად, შობის დღესასწაული უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს — რომაული დღესასწაულისთვის დამახასიათებელ გართობას, ნადიმსა და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლას.

      „შეგვეძინა შვილი“

      თუ შობის დღესასწაულს კავშირი არა აქვს ქრისტესთან, მაშინ როგორ უნდა ცხადყონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, რომ ახსოვთ ქრისტეს დაბადება და მისი ცხოვრება? იესოს დაბადებამდე, დაახლოებით 700 წლით ადრე, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა“ (ესაია 9:6, აქ). რატომ აღნიშნა ესაიამ, რომ ამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა იესოს დაბადება და ის, რასაც ის მომავალში გააკეთებდა? რადგან იესო გახდებოდა ძლიერი მმართველი, მას ეწოდებოდა „მშვიდობის მთავარი“, ბოლო არ ექნებოდა მშვიდობას და მის უსაზღვრო ხელმწიფებას. ამასთანავე, იესოს მეფობა გამყარებული იქნებოდა „სამართლიანობითა და სიმართლით“ (ესაია 9:7, აქ)

      ანგელოზმა გაბრიელმა გაიმეორა ესაიას სიტყვები, როდესაც მარიამს აუწყა იესოს დაბადების შესახებ: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს. და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის მეფობას ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 32). აშკარაა, რომ იესოს დაბადების ძირითადი მნიშვნელობა დაკავშირებულია იმასთან, რასაც იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, გააკეთებს. ქრისტეს მეფობა სარგებლობას მოუტანს ყველას, მათ შორის თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც. სინამდვილეში, როგორც ანგელოზებმა აუწყეს, იესოს დაბადება მოუტანს „მშვიდობას დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:14).

      ვინ არ მოისურვებდა მშვიდობიან და სამართლიან მსოფლიოში ცხოვრებას? მაგრამ იმისათვის, რომ დავტკბეთ მშვიდობით, რომელსაც ქრისტეს მმართველობა მოიტანს, ღვთისთვის მოსაწონად უნდა ვიცხოვროთ და მასთან კარგი ურთიერთობა განვავითაროთ. როგორც იესომ მიგვითითა, პირველი ნაბიჯია, შემეცნება მივიღოთ ღმერთისა და ქრისტეს შესახებ. „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

      თუკი ზუსტი შემეცნება გვაქვს მიღებული იესოზე, ჩვენთვის ნათელი ხდება, თუ როგორ უნდა გვახსოვდეს ის. სასურველი იქნებოდა ჭამის, სმის, და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის დროს გვხსომებოდა იესო იმ დღეს, როდესაც ძველ წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ? საეჭვოა. სიკვდილის წინა ღამეს იესომ უთხრა თავის მოციქულებს, თუ რა იყო უმთავრესი: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ“ (იოანე 14:21).

      იეჰოვას მოწმეებს წმინდა წერილების საფუძვლიანი გამოკვლევა დაეხმარა ღმერთისა და ქრისტეს მითითებების უკეთ გაგებაში. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან, გაეცნოთ იმ მნიშვნელოვან მითითებებს, რომელთა მიყოლაც დაგეხმარებათ, სათანადოდ ცხადყოთ, რომ ნამდვილად გახსოვთ იესო.

      [სქოლიოები]

      a ამის ორ მაგალითს წარმოადგენს: საშობაო ნაძვის ხე და სანტა-კლაუსი.

      [ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]

      უარყოფს ბიბლია ლხინსა და საჩუქრების ჩუქებას?

      საჩუქრების ჩუქება

      ბიბლია იწონებს საჩუქრების ჩუქებას, იეჰოვა თვითონვე გვაძლევს „ყოველ კარგ ძღვენს და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ (იაკობი 1:17). იესომაც აღნიშნა, რომ კარგი მშობლებისგან საჩუქრებს მიიღებდნენ შვილები (ლუკა 11:11—13). იობის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა საჩუქრები მიართვეს მას, როცა ის გამოჯანმრთელდა (იობი 42:11). როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, საჩუქრების ჩუქებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული არ მოითხოვებოდა. ასეთი გაცემა ხდებოდა გულიდან გამომდინარე (2 კორინთელები 9:7).

      ოჯახური შეხვედრები

      ოჯახურ შეხვედრებს შეუძლია გააერთიანოს ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, თუ ისინი ერთ სახლში აღარ ცხოვრობენ. იესო და მისი მოციქულები კანაში ქორწილს ესწრებოდნენ. უეჭველია, ეს იყო დიდი ოჯახური და მეგობრული შეხვედრა (იოანე 2:1—10). იესომ იგავი მოიყვანა გზასაცდენილ შვილზე, რომლის მამამ ძის დაბრუნების აღსანიშნავად ოჯახში ლხინი გამართა მუსიკისა და ცეკვის თანხლებით (ლუკა 15:21—25).

      გემრიელი საკვები

      ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული შემთხვევები, როცა ღვთის მსახურები ოჯახთან, მეგობრებთან ან თანამორწმუნეებთან ერთად სადილობდნენ. როდესაც აბრაამს ანგელოზები ესტუმრნენ, ის მათ ხორცით, კვერცხით, კარაქითა და კვერებით გაუმასპინძლდა (დაბადება 18:6—8). სოლომონმა ჭამა-სმა და მხიარულება აღწერა როგორც საჩუქარი ღვთისგან (ეკლესიასტე 3:13; 8:15).

      როგორც ვხედავთ, ღმერთს სურს, რომ ვისიამოვნოთ გემრიელი საკვებით ჩვენს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ის იწონებს საჩუქრების ჩუქებასაც. ამ ყველაფრისთვის კი წლის ნებისმიერ დროს არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება