რელიგიური მრავალგვარობით გამოწვეული სიძნელე
თქვენ, პედაგოგები, ისეთ სიძნელეს ხვდებით, რომელსაც წინა საუკუნეებში იშვიათად თუ ხვდებოდნენ — რელიგიურ მრავალგვარობას.
შუა საუკუნეებში ერთი ქვეყნის მცხოვრებლებს, ჩვეულებრივ, ერთი რელიგია ჰქონდათ. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ევროპისთვის ცნობილი იყო მხოლოდ რამდენიმე მთავარი რელიგია: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (დასავლეთში), მართლმადიდებლობა, ისლამი (აღმოსავლეთში) და იუდაიზმი. უეჭველია, დღეს ევროპაში და საერთოდ მთელ მსოფლიოში რელიგიური მრავალგვარობა უფრო მეტადაა გავრცელებული. უცნობ რელიგიებს ან მკვიდრი მცხოვრებლები ითვისებენ, ან ემიგრანტებსა და ლტოლვილებს შემოაქვთ.
ამიტომ დღეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები ჩვენ ვხედავთ მრავალ მუსულმანს, ბუდისტს და ინდუსს. ამავე დროს, იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანობის მქადაგებლები, აქტიურად მოქმედებენ 239 ქვეყანაში; აქტიური წევრების რიცხვი 14 ქვეყანაში 150 000-ზე მეტს ითვლის (იხილე ჩარჩო „იეჰოვას მოწმეები მსოფლიო რელიგია“).
ადგილობრივი რელიგიური წეს-ჩვეულებების მრავალგვარობამ შეიძლება სიძნელეები შეუქმნას პედაგოგს. მაგალითად, ზოგი მნიშვნელოვანი შეკითხვა შეიძლება ქვეყანაში მიღებულ დღესასწაულებს შეეხოს: ვალდებულია თუ არა ყველა მოწაფე, თავისი რელიგიის მიუხედავად, დაიცვას ასეთი დღესასწაულები? ამაში უმრავლესობა შეიძლება ცუდს ვერაფერს ხედავდეს. მაგრამ, განა არ უნდა გავითვალისწინოთ იმ ოჯახების თვალსაზრისი, რომლებიც უმცირესობას მიეკუთვნებიან? სხვა ანგარიშგასაწევი ფაქტორიც არსებობს: განა ლოგიკურია სკოლებში დღესასწაულების აღნიშვნის დაძალება, თუ ქვეყანაში რელიგია კანონით გამოყოფილია სახელმწიფოსგან და სასწავლო პროგრამაში რელიგიური სწავლებების ჩართვა სავალდებულო არ არის?
დაბადების დღე
გაუგებრობა შეიძლება იმ დღესასწაულებთან დაკავშირებითაც კი წამოიჭრას, რომლებსაც რელიგიასთან, თითქოს, არაფერი აკავშირებს. ეს დაბადების დღეებსაც ეხება, რომლებსაც მრავალ სკოლაში ზეიმობენ. თუმცა იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ სხვის უფლებას, იზეიმონ დაბადების დღე, უეჭველად გეცოდინებათ, რომ თვითონ არ ზეიმობენ ამ დღესასწაულებს. მაგრამ შესაძლოა თქვენთვის არ არის ცნობილი, თუ რატომ უარყოფენ იეჰოვას მოწმეები და მათი შვილები ასეთ დღესასწაულებში მონაწილეობას.
საფრანგეთში ფართოდ გავრცელებული ენციკლოპედია ამ ადათ-წესს რიტუალს უწოდებს და „ხალხურ ჩვეულებათა“ სიაში მოიხსენიებს (Le livre des religions). თუმცა დღეს უვნებელ ხალხურ ადათ-წესადაა მიჩნეული, სინამდვილეში, დაბადების დღის ზეიმი წარმართული წარმოშობისაა.
ენციკლოპედია „ამერიკანა“ აცხადებს: „ძველი მსოფლიოს ქვეყნებში: ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და სპარსეთში ღმერთების, მეფეებისა და დიდგვაროვანთა დაბადების დღეებს ზეიმობდნენ“ (The Encyclopedia Americana, 1991 წლის გამოცემა). მწერლები რალფ და ადელინ ლინტონები გვიჩვენებენ, თუ რა უდევს ამას საფუძვლად. თავიანთ წიგნში ისინი წერენ: „გარდა იმისა, რომ მესოპოტამია და ეგვიპტე, ცივილიზაციის აკვნებს წარმოადგენენ, პირველად ამ ქვეყნებში იმახსოვრებდნენ და აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს. ძველ დროში დაბადების თარიღის ჩაწერა უმთავრესად იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მის საფუძველზე ჰოროსკოპს ადგენდნენ“. (The Lore of Birthdays). ასტროლოგიასთან ეს პირდაპირი კავშირი ნებისმიერს შეაწუხებს, ვინც ერიდება მას ბიბლიის საფუძველზე (ესაია 47:13—15).
ამიტომ გასაკვირი არაა, როდესაც ვკითხულობთ „მსოფლიო ენციკლოპედიაში“: „ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ მის [ქრისტეს] დაბადებას, ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“ (The World Book Encyclopedia, ტომი III, გვერდი 416).
მოწმეები სიამოვნებით ატარებენ დროს ერთად.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით იეჰოვას მოწმეებმა გადაწყვიტეს, არ იზეიმონ დაბადების დღე. რასაკვირველია, ბავშვის დაბადება სასიხარულო, დიდებული მოვლენაა. ბუნებრივია, ყოველი მშობელი ხარობს, როცა წლიდან წლამდე მათი ბავშვები იზრდებიან და ვითარდებიან. იეჰოვას მოწმეებსაც ძალიან ახარებთ ოჯახისა და მეგობრებისადმი სიყვარულის გამოვლენა; ისინი ასაჩუქრებენ მათ და სიამოვნებით ატარებენ ერთად დროს. მაგრამ დაბადების დღის ზეიმის წარმოშობის გათვალისწინებით, ასე მოქმედებას ისინი წლის სხვა დროს ამჯობინებენ (ლუკა 15:22—25; საქმეები 20:35).
შობა
შობას მსოფლიოს მრავალ არაქრისტიანულ ქვეყანაშიც კი ზეიმობენ. რადგან ამ დღესასწაულს ქრისტიანული სამყაროს რელიგიების უმეტესობა კეთილგანწყობილებით ხვდება, შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ მას. რატომ?
როგორც მრავალი ენციკლოპედია ნათლად აცხადებს, იესოს დაბადების დღის თარიღად 25 დეკემბერი ირჩიეს, რათა რომაულ წარმართულ დღესასწაულს დამთხვეოდა. ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ცნობარიდან შემდგომ შენიშვნებს:
„ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებები არც დღეს გვატყობინებენ, არც თვეს“ (New Catholic Encyclopedia, ტომი II, გვერდი 656).
„შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას რომის სატურნალიები დაედო საფუძვლად“ („Encyclopædia of Religion and Ethics“).
„ევროპაში ძველი დროიდან შემორჩენილი ან ახლა გაბატონებული შობის წეს-ჩვეულებათა უმეტესობა ნამდვილად ქრისტიანული კი არა — წარმართულია და ისინი ეკლესიამ შეითვისა ან დაუშვა. . . შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას საფუძვლად რომის სატურნალიები დაედო“ (Encyclopædia of Religion and Ethics [ედინბურგი 1910], ჯეიმზ ჰეისტინგზის რედაქციით, ტომი III, გვერდები 608, 609).
«მეოთხე საუკუნიდან ყველა ქრისტიანული ეკლესია შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. მანამდე ეს ზამთრის ბუნიაობის წარმართული დღესასწაული იყო, რომელსაც „მზის აღორძინებას (ლათინურად ‘ნათალეს’)“ უწოდებდნენ, რადგანაც დღეების მატების გამო ისე ჩანდა თითქოს მზე ხელახლა იბადებოდა. რომის ეკლესიამ გადმოიღო ეს ფართოდ ცნობილი ჩვეულება. . . და ახალი მნიშვნელობა მიანიჭა» (Encyclopædia Universalis, 1968, [საფრანგეთი] ტომი XIX, გვერდი 1375).
«შობის ზეიმის განვითარებაზე წარმართული დღესასწაულების „სოლ ინვიკტუსის“ (მითრა) დაპირისპირებამ იმოქმედა. მეორე მხრივ, 25 დეკემბერს, ზამთრის ბუნიაობის დღეს, ქრისტეს მეშვეობით წუთისოფელში გამობრწყინებულ სინათლეს ადარებდნენ და ამგვარად „სოლ ინვიკტუსის“ სიმბოლური მნიშვნელობა გადატანილი იქნა ქრისტეზე» (Brockhaus Enzyklopädie, [გერმანია] ტომი XX, გვერდი 125).
როგორ რეაგირებს ზოგი შობასთან დაკავშირებული სინამდვილის გაგებისას? „1644 წელს ინგლისელმა პურიტანებმა პარლამენტის ძალით აკრძალეს ყოველგვარი დღესასწაული და რელიგიური წეს-ჩვეულება იმის საფუძველზე, რომ ის [შობა] წარმართული დღესასწაული იყო და ბრძანეს, მარხვად აღენიშნათ. ჩარლზ II აღადგინა ეს დღესასწაული, მაგრამ შოტლანდიელები პურიტანთა თვალსაზრისს მიემხრნენ“, — აღნიშნავს ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (The Encyclopædia Britannica). შობას არც ადრინდელი ქრისტიანები ზეიმობდნენ, არც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ, რომლებიც შობასთან დაკავშირებულ საქმეებშიც არ მონაწილეობენ.
მაგრამ ბიბლია დადებითად მოიხსენიებს საჩუქრების მიძღვნასა და სხვა მიზეზებით დროის მხიარულად გასატარებლად ოჯახისა თუ მეგობრების დაპატიჟებას. ის ახალისებს მშობლებს, ასწავლონ ბავშვებს, გულწრფელად დიდსულოვანნი იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებს მხოლოდ ვალდებულების გამო ასაჩუქრებდნენ (მათე 6:2, 3). იეჰოვას მოწმეები ასწავლიან შვილებს, იყვნენ მომთმენები და თავაზიანები, ხოლო ეს სხვების მიერ შობის აღნიშვნის უფლების აღიარებასაც შეიცავს. თავის მხრივ, ისინი აფასებენ, როცა პატივისცემით ეპყრობიან მათ გადაწყვეტილებას, არ იზეიმონ შობის დღესასწაული.
სხვა დღესასწაულები
იეჰოვას მოწმეებს ასეთივე თვალსაზრისი აქვთ რელიგიურ ან ნახევრადრელიგიურ სხვა დღესასწაულებზე, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო წლის განმავლობაში აღნიშნავენ; მაგალითად, როგორიცაა: ივნისის ფესტივალები ბრაზილიაში, ნათლისღება საფრანგეთში, ყველიერობა გერმანიაში, სეცუბუნი იაპონიაში და ყველა წმინდის დღესასწაული ამერიკაში. ამ და სხვა განსაკუთრებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, რომლებიც აქ მოხსენიებული არ არის, იეჰოვას მოწმეები და მათი ბავშვები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.