ბეჭედი, რომელიც ‘ეკუთვნის იუქალს’
ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში ქალდეველმა მმართველმა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი აიღო, ქალაქი გადაწვა და მისი კედლები მიწასთან გაასწორა. ნაბუქოდონოსორმა შეიპყრო იუდას მეფე ციდკია და თვალები დასთხარა მას. გარდა ამისა, „ბაბილონის მეფემ. . . დახოცა იუდას ყველა წარჩინებული“ (იერემია 39:1—8).
იუდას ამ წარჩინებულთაგან ერთ-ერთი იუქალ შელემიას ძე იყო. იუქალის ისტორიასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები გაირკვა. სანამ ამ ისტორიას გავეცნობოდეთ, ვნახოთ, რას ამბობს წმინდა წერილები იუქალის და მისი დღეების შესახებ.
„ვერ გძლევენ“
იეჰოვამ წინასწარმეტყველ იერემიას დაავალა, რომ ხალხისთვის იუდასა და იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ ემცნო. ღმერთმა იერემიას უთხრა, რომ იუდას მეფეები, მთავრები, მღვდლები და ხალხი ‘შეებრძოლებოდნენ’. „მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ“, — უთხრა იეჰოვამ (იერემია 1:17—19).
იმ დროს, როდესაც ბაბილონელებს იუდას დედაქალაქი, იერუსალიმი, ალყაში ჰქონდათ მოქცეული, მეფე ციდკიამ ორჯერ მიუგზავნა იერემიას თავისი ხალხი, რათა გაეგო, მოხსნიდა თუ არა ნაბუქოდონოსორი ალყას და წინასწარმეტყველს შეუთვალა, ამისთვის ელოცა. ამ ხალხიდან ერთ-ერთი იყო იუქალი, რომელიც აგრეთვე იეჰუქალის სახელით არის ცნობილი. იერემიასთვის ღვთისგან მიცემული ცნობის თანახმად, ქალაქს ბაბილონელები, ანუ ქალდეველები, გაანადგურებდნენ. ყველა, ვინც იერუსალიმში დარჩებოდა შიმშილით, ჭირითა და მახვილით დაიხოცებოდა. ისინი კი, რომლებიც ქალდეველებთან გავიდოდნენ, გადარჩებოდნენ. იერემიას ამ სიტყვებმა მართლაც ძალიან განარისხა იუდას მთავრები! (იერემია 21:1—10; 37:3—10; 38:1—3).
იუქალი იმ მთავართაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ციდკიას ეუბნებოდნენ: „მოაკვლევინე ეს კაცი [იერემია], რადგან. . . ძალას აცლის ქალაქში დარჩენილ მებრძოლებს“. ბოროტი იუქალი იმათ შორისაც იყო, ვინც იერემია ჭაში ჩააგდო, საიდანაც წინასწარმეტყველი მოგვიანებით ამოიყვანეს (იერემია 37:15; 38:4—6). იერემია გადაურჩა იერუსალიმის განადგურებას, რადგან ის იეჰოვას მორჩილი იყო, იუქალი კი, როგორც ჩანს, მაშინ დაიღუპა, როდესაც განადგურდა სისტემა, რომელზეც ის იმედს ამყარებდა.
საინტერესო დეტალების გარკვევა
შეიძლება ითქვას, რომ იუქალის შესახებ ისტორიის დეტალები იერუსალიმში სულ ცოტა ხნის წინ, 2005 წელს, გაირკვა. არქეოლოგები გათხრებს აწარმოებდნენ იმ ადგილას, სადაც მეფე დავითის სასახლე ეგულებოდათ. მათ აღმოაჩინეს ქვის დიდი ნაგებობა, რომელიც, მათი აზრით, ბაბილონელებმა იერემიას დღეებში იერუსალიმის განადგურების დროს დაანგრიეს.
ჯერაც გაურკვეველია დავითის სასახლე იყო ეს, თუ — არა. მაგრამ არქეოლოგებმა შეძლეს ერთი საგნის ამოცნობა; ეს იყო ერთსანტიმეტრიანი თიხის ბეჭდის ანაბეჭდი, რომელიც მე-14 გვერდზეა ნაჩვენები. ის ერთ დროს დაკრული იყო დოკუმენტზე, რომელიც ჟამთა სვლამ გაანადგურა. ამ ბეჭედზე გაკეთებული იყო წარწერა: „ეკუთვნის იეჰუქალს, შელემიას ძეს, შოვის ძეს“. ეს ანაბეჭდი, როგორც ჩანს, დასმული იყო იერემიას მოწინააღმდეგის, იეჰუქალის ანუ იუქალ შელემიას ძის, მიერ.
არქეოლოგი ეილატ მაზარი, რომელმაც ეს ანაბეჭდი აღწერა, წერს, რომ იეჰუქალი არის სამეფო კარზე მეორე მინისტრი, გემარია შაფანის ძის შემდეგ, გემარიასი, რომლის სახელიც დავითის ქალაქში ნაპოვნ საგანზეა აღბეჭდილიa.
ღვთისადმი რწმენა არქეოლოგიურ აღმოჩენებზე არ არის დამოკიდებული; ბიბლიისადმი რწმენა დაფუძნებულია ღვთის შთაგონებით დაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულებაზე. ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ იერემიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება. იერემიას მტრების სამარცხვინო აღსასრულის შესახებ ცოდნამ უნდა გაგვიძლიეროს იმის რწმენა, რომ, თუ იერემიასავით ერთგულებას შევინარჩუნებთ, მტრები ‘ვერ გვძლევენ, რადგან იეჰოვა ჩვენთან არის’.
[სქოლიოები]
a გემარიასა და შაფანის შესახებ ინფორმაცია იხილეთ 2002 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში: „იცნობთ შაფანსა და მის ოჯახს?“, გვერდები 19—22.
[სურათი 15 გვერდზე]
იერემიას ვერაფერმა შეუშალა ხელი იმაში, რომ ყველასთვის გაბედულად ეუწყებინა ღვთის ცნობა.
[სურათის საავტორო უფლება 14 გვერდზე]
Gabi Laron/Institute of Archaeology/Hebrew University ©Eilat Mazar