რა ხდება მსოფლიოში?
◼ როგორც გაირკვა, ბრაზილიელი ბავშვების 60%-ს სამი წლის ასაკში კბილები აქვს გაფუჭებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური კვებაა. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ღამით აძლევენ ტკბილ სასმელს, რის გამოც მათი პირის ღრუ ჰიგიენურად არ არის დაცული („ფოლა ონლაინი“, ბრაზილია).
◼ შეერთებულ შტატებში ახალშობილთა 25% საკეისრო კვეთის შედეგად იბადება. ნიუ-იორკში ასეთი ბავშვების რიცხვი 1980 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკეისრო კვეთას არჩევენ, ის არის, რომ ასეთი მეთოდი აადვილებს მშობიარობის დღის წინასწარ დაგეგმვას. მაგრამ არასაჭირო ქირურგიული ჩარევით ბავშვის გაჩენა „ძალიან დიდ“ რისკთან არის დაკავშირებული („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).
◼ ბოლო ასი წლის მანძილზე მეხიკოში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 4°C–ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში საშუალო ტემპერატურამ 0.6°C–ით მოიმატა. ამის მიზეზად სპეციალისტები ტყეების გაჩეხვასა და ურბანიზაციას ასახელებენ („უნივერსალი“, მექსიკა).
◼ შეერთებულ შტატებში დაქორწინებულ წყვილთა ნახევარზე მეტი ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა. ასეთ წყვილთა განქორწინების ორჯერ უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე მათი, რომლებსაც ქორწინებამდე ერთად არ უცხოვრიათ („საიქოლოჯი ტუდეი“, აშშ).
ჩვევები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ თანამშრომლებს
„ტელეფონზე ხმამაღალი საუბრები და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შესახებ გაუთავებელი ჩივილი იმ ცუდი ჩვევების სიაში შედის, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევს თანამშრომლების გაღიზიანებას“, — იუწყება „ვაშინგტონ პოსტი“. ცუდი ჩვევების სიაში ასევე შედის: „თანამშრომლებს შორის დაჯგუფებები, სამსახურში დაგვიანება, ხმამაღალი მსჯელობა, თანამშრომლებთან ლაპარაკი, უსუფთაობა და ჭამის ცუდი მანერა“. ეს ჩვევები აგრეთვე ამცირებს მუშაობის პროდუქტიულობას. გამოკითხულთა უმეტესობა დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასოდეს უცდიათ მასთან დაპირისპირება, ვინც აღიზიანებთ. „ამგვარად ერთი მარტივი მიზეზის გამო იქცევიან, — იუწყება ზემოთ მოხსენიებული გაზეთი. — ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები მათაც აქვთ“.
ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი იზრდება
„ორ წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი საცხოვრებლად ქალაქებში გადავა“, — იუწყება სი–ბი–სი. გაეროს მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, ქალაქში მცხოვრებთა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა, სადაც ყოველი 10–დან დაახლოებით 9 ადამიანი ქალაქში ცხოვრობს. ზუსტად 55 წლის წინ მხოლოდ ორ ქალაქში, ნიუ–იორკსა და ტოკიოში, ცხოვრობდა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. დღეს იმ ქალაქების რიცხვი, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია, 20–მდე გაიზარდა. მათ შორისაა: ჯაკარტა, მეხიკო, მუმბაი და სან–პაულუ. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს: „ასეთი ქალაქების მზარდი მატება ბევრ ქვეყანაში საჭიროს გახდის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმა
კორეის რესპუბლიკის ადამიანთა უფლებების დაცვის ეროვნული კომიტეტის განცხადების თანახმად, ადამიანს აქვს უფლება, რელიგიური მიზეზის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ადამიანთა უფლების დაცვის მიზნით კომიტეტმა შემოიტანა წინადადება ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე გაზეთში „კორეა ტაიმზი“ ნათქვამია, რომ ეს წინადადება „ეწინააღმდეგება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას. იგი მხარს უჭერს ამჟამად მოქმედ სამხედრო კანონს და არ ითვალისწინებს არავითარ ალტერნატივას სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ამ უფლების დაკანონებაზე უნდა იზრუნოს არა სასამართლომ, არამედ საკანონმდებლო ორგანომ. ყოველწლიურად კორეის რესპუბლიკაში დაახლოებით 500–დან 700–მდე იეჰოვას ახალგაზრდა მოწმე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში ხვდება. წლების მანძილზე ამ მიზეზით დაახლოებით 10 000–მდე მოწმე იქნა დაპატიმრებული.