იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
1 „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფ. 1:14). სოფონია და სხვა 11 ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველი იეჰოვას დღის მოლოდინით ცხოვრობდნენ. ამ თორმეტი წინასწარმეტყველის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნები განხილულია ერთ წიგნში, რომლის სათაურიცაა „იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით“. ამ წიგნს ჩვენ წიგნის შესწავლებზე გავივლით. ზემოხსენებული წინასწარმეტყველური წიგნების განხილვა მოგვამზადებს იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღისთვის (სოფ. 2:2, 3).
2 წიგნის თავისებურებები: წიგნში ყურადღება არ მახვილდება ამა თუ იმ ცნობის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. მასში ეს 12 წინასწარმეტყველური წიგნი არც მუხლ-მუხლ არის გარჩეული. წიგნი „იეჰოვას დღე“ გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ის, რასაც ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ წინასწარმეტყველური წიგნებიდან ვიგებთ. ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ რატომ უნდა ირეკლებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში ის, რომ მოახლოებულია იეჰოვას დღე. წიგნში განხილულია სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ეხება ოჯახურ ცხოვრებას, თანამორწმუნეებთან ურთიერთობას, გართობას, მსახურებასა თუ სამუშაოს.
3 წიგნის პირველი ნაწილი გვაცნობს 12 წინასწარმეტყველსა და მათ წიგნებს. ამ ნაწილიდან ვიგებთ, ვინ იყვნენ ეს წინასწარმეტყველები და რა საერთოა ჩვენს დროსა და იმ დროს შორის, როცა ისინი ცხოვრობდნენ. მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იეჰოვა ღმერთსა და მის თვისებებზე. მესამე ნაწილი ეხება ჩვენს ქცევებსა და სხვებთან ჩვენს ურთიერთობებს. გარდა ამისა, ამ ნაწილიდან ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეოთხე ნაწილში ნაჩვენებია, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიხარული იეჰოვას დღის მოლოდინში.
4 სრულად ისარგებლე ამ წიგნის განხილვით: ამ წიგნის განხილვას დავიწყებთ 2008 წლის 4 აგვისტოდან წიგნის შესწავლებზე. სრული სარგებლობის მისაღებად დაგეგმე, რომ ყოველკვირა დაესწრო წიგნის შესწავლას. თითოეული შესწავლისთვის კარგად მოემზადე. წინასწარ მოძებნე ყველა მითითებული მუხლი და ნახე, როგორ უკავშირდება ისინი განსახილველ მასალას. დაფიქრდი წაკითხულზე და საკუთარ თავს დაუსვი კითხვები: „როგორ შემიძლია გამოვიყენო ნასწავლი სახლში, სკოლაში, სამსახურში, მსახურებაში და ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობისას?“ წიგნის შესწავლაზე მომზადებული მიდი, რომ შეგეძლოს კომენტარების გაკეთება და, ასეთი სახით, და-ძმების გამხნევება (რომ. 1:12).
5 წიგნი „იეჰოვას დღე“ ახლავე მოგვამზადებს, რომ ‘გავუძლოთ იეჰოვას დიდ და შიშის მომგვრელ დღეს’. ეს დღე მართლაც ძალიან ახლოსაა! (იოელ. 2:11).