მრავალი ემატება
1 როგორც პირველ საუკუნეში ხდებოდა, ქრისტიანული კრების ზრდა დღესაც ფენომენალურია (საქ. 2:41; 4:4). გასულ წელს 366 579 მოწაფე მოინათლა, ყოველდღიურად საშუალოდ 1 000! გასული სამი წლის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი მოინათლა. რა თქმა უნდა, მორწმუნეთა რიცხვს ზრდის იეჰოვა (საქ. 5:14).
2 მრავალი ახლად მონათლული, რომლებსაც არ ყოფნით გამოცდილება ქრისტიანულ ცხოვრებაში, საჭიროებს დახმარებასა და სწავლებას მათგან, რომლებიც ძლიერები არიან რწმენაში (რომ. 15:1). ადრინდელ ქრისტიანებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მონათვლიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი არ ‘ისწრაფოდნენ სრულყოფისაკენ’ (ებრ. 5:12; 6:1). ამიტომ გაამახვილა პავლემ ყურადღება ებრაელების მიმართ წერილში იმ საკითხებზე, რომლებშიც ქრისტიანები საჭიროებდნენ სულიერ ზრდას. რომლებია ეს საკითხები და როგორ შეიძლება საჭირო დახმარების შეთავაზება?
3 შესწავლის კარგი ჩვევების გამომუშავება. პავლეს მითითების თანახმად, კარგ მოსწავლეობაში შედის აქტიური შესწავლა, გამეორება და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ‘მაგარი საჭმლის’ გამოყენება (ებრ. 5:13, 14; იხილე „სასწავლო სტატიები“ №4 გვ. 8–12). ახალი მორწმუნეების სულიერ საუბრებში ჩართვითა და მათთან ჭეშმარიტების „ძვირფასი ქვების“ გაზიარებით, რომელიც შენ შეისწავლე პირადი გამოკვლევით, შეგიძლია აღძრა ისინი, შესწავლის კარგი ჩვევები გამოიმუშაონ. ალბათ, შეგიძლია, ახალი მორწმუნე დროდადრო მიიწვიო პირად ან ოჯახურ შესწავლაზე.
4 კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება. შენი ერთგულების მაგალითი და სიყვარულით აღსავსე გამამხნევებელი სიტყვები კრების ახალ წევრს დაეხმარება, თავი დააღწიოს პავლეს მიერ მოხსენიებულ სხვა საყურადღებო სფეროს — ‘ჩვევად’ არ გაიხადოს ქრისტიანული შეხვედრების გაცდენა (ებრ. 10:24, 25). დაეხმარე მათ, მიხვდნენ, რომ კრების შეხვედრები მათი სულიერობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინიციატივა აიღე შენს თავზე, რომ თავი ჩვენი საძმოს ნაწილად აგრძნობინო.
5 ნდობით მიმართე იეჰოვას. ხორციელი სისუსტეები და პირადი ნაკლოვანებები რომ გადავლახოთ, იეჰოვას უნდა მოვუხმოთ ლოცვებში, გავუმხილოთ მას ჩვენი უღრმესი ფიქრები და უკიდურესად პირადული გრძნობები. ახლებმა უნდა ისწავლონ, რომ იეჰოვასთან დახმარების თხოვნაზე, როგორც პავლემ გვირჩია, არ უნდა შევიკავოთ თავი (ებრ. 4:15, 16; 10:22). ამასთან დაკავშირებით პირადი შემთხვევების მოყოლა გააძლიერებს ახლის რწმენას, რომ იეჰოვა ისმენს გულწრფელ ლოცვებს.
6 მსახურებისთვის დროის დაგეგმვა. პავლემ აგრეთვე დაგვანახა, რომ სულიერად გამაძლიერებელია, როცა ‘მუდამ ვწირავთ ღმერთს ქების მსხვერპლს’ (ებრ. 13:15). შეგიძლია თუ არა ახალი მაუწყებლების მოწვევა, რომ შემოგიერთდნენ სამქადაგებლო მსახურების ყოველკვირეულ ღონისძიებაში? ალბათ, ორ თქვენგანს შეგიძლიათ, მოამზადოთ შეთავაზებები ან განიხილოთ მსახურების ის სფერო, რომელშიც ახალ მაუწყებელს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა.
7 მორწმუნეთა რიცხვის ზრდა დიდი სიხარულის მიზეზია. კრების ახალი წევრების სწავლებისა და შეგონებისთვის მზადყოფნა დაეხმარება მათ, განავითარონ ძლიერი რწმენა, რომელიც საჭიროა „სულის სახსნელად“ (ებრ. 3:12, 13; 10:39).