საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 9/1 გვ. 4-7
  • შეგიძლიათ ენდოთ სინდისს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეგიძლიათ ენდოთ სინდისს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სინდისის განსწავლა
  • ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს
  • დახმარება სინდისის განსწავლისთვის
  • ‘ქრისტეს გონების’ შეძენა
  • სარგებლობა, რომელიც განსწავლულ სინდისს მოაქვს
  • როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მოუსმინეთ შინაგან ხმას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • როგორ გავიწაფო სინდისი?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 9/1 გვ. 4-7

შეგიძლიათ ენდოთ სინდისს?

ჩვეულებრივ, კომპასი სანდო ხელსაწყოა. მის მაგნიტურ ისარზე, რომელიც ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული, მოქმედებს დედამიწის მაგნიტური ველი. ამიტომ მოგზაურებს შეუძლიათ დაენდონ კომპასს გზის საჩვენებლად იქ, სადაც ორიენტირები არ არის. მაგრამ რა ხდება, როდესაც კომპასთან ახლოს მაგნიტური სხეულია დადებული? მაგნიტური ისარი, ნაცვლად ჩრდილოეთისა, მაგნიტისკენ გადაიხრება, რის გამოც სანდო მეგზური აღარ იქნება.

ზოგჯერ ადამიანის სინდისსაც მსგავსი რამ ემართება. შემოქმედმა გვიბოძა ის, რომ საიმედო მეგზურობა გაგვიწიოს. რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილი, გადაწყვეტილებების მიღებისას სინდისმა ურყევად უნდა გვიხელმძღვანელოს. მან უნდა აღგვძრას, რომ ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ (დაბადება 1:27). ხშირად ეს ასეა. მაგალითად, ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ზოგი, ვისაც ღვთის მიერ გაცხადებული რჯული არა აქვს, ‘ბუნებით რჯულისმიერს აკეთებ’. რატომ? იმიტომ რომ ‘მათი სინდისი მოწმობს’ მათზე (რომაელთა 2:14, 15).

მიუხედავად ამისა, სინდისი ყოველთვის არ ეხმაურება ადამიანს, როცა საჭიროა. არასრულყოფილების გამო მიდრეკილები ვართ ისეთი რამეების კეთებისკენ, რომლებზეც ვიცით, რომ არასწორია. „ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული, — აღიარა პავლემ. — მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:22, 23). თუ არასწორ მიდრეკილებებს საკმაოდ ხშირად მივცემთ თავისუფლებას, სინდისი შეიძლება თანდათანობით გაუხეშდეს და, საბოლოოდ, შეწყვიტოს კარნახი, რომ ასეთი მოქმედება არასწორია.

მაგრამ, მიუხედავად არასრულყოფილებისა, შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ სინდისი ღვთისმოსაწონ ნორმებს ეხმაურებოდეს. მართლაცდა, ჩვენთვის ასე მოქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სუფთა, სათანადოდ განსწავლული სინდისით არა მარტო თბილ პირად ურთიერთობას ვამყარებთ ღმერთთან, არამედ ის ჩვენი გადარჩენისთვისაც აუცილებელია (ებრაელთა 10:22; 1 პეტრე 1:15, 16). გარდა ამისა, განსწავლული სინდისი ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება, რაც მშვიდობასა და ბედნიერებას მოგვიტანს. ფსალმუნმომღერალმა ასეთი სინდისის მქონე პიროვნებაზე თქვა: „რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები“ (ფსალმუნი 36:31).

სინდისის განსწავლა

სინდისის განსწავლა უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ მთელი რიგი კანონების გაზეპირებასა და მათ მკაცრად დაცვას, რასაც იესოს დღეებში ფარისევლები აკეთებდნენ. ამ რელიგიურმა წინამძღოლებმა იცოდნენ რჯული და ჩამოაყალიბეს დაწვრილმანებული ტრადიციები ვითომცდა ადამიანების დასახმარებლად რჯულის დარღვევის არიდებაში. ამიტომ მათ დაუყოვნებლივ გამოთქვეს უკმაყოფილება, როდესაც იესოს მოწაფეებმა შაბათს თავთავები დაფშვნიტეს და მარცვალი ჭამეს. ისინი შეედავნენ იესოს, როდესაც მან კაცს გამხმარი ხელი განუკურნა შაბათს (მათე 12:1, 2, 9, 10). ეს ორივე მოქმედება, ფარისევლების ტრადიციის თანახმად, მეოთხე მცნების დარღვევა იყო (გამოსვლა 20:8–11).

ნათელია, ფარისევლებს შესწავლილი ჰქონდათ რჯული. მაგრამ ეხმაურებოდა მათი სინდისი ღვთის ნორმებს? რა თქმა უნდა, არა! იმ წვრილმანებზე შეკამათებისთანავე, რომლებსაც ისინი შაბათის წესის საშინელ დარღვევად მიიჩნევდნენ, ფარისევლებმა მოითათბირეს იესოს წინააღმდეგ, თუ როგორ „დაეღუპათ იგი“ (მათე 12:14). წარმოიდგინეთ, ეს თვითდაჯერებული რელიგიური წინამძღოლები გაბრაზდნენ შაბათს თავთავების ფშვნეტასა და ჭამაზე, აგრეთვე განკურნებაზე, მაგრამ სინდისიც კი არ ქენჯნიდათ, რომ იესოს დასაღუპავად შეითქვნენ!

მღვდელმთავრებმაც მსგავსი დამახინჯებული აზროვნება გამოავლინეს. ეს სინდისდაკარგული მამაკაცები ერთი წამითაც არ გრძნობდნენ დანაშაულს, როდესაც იუდას იესოს გასაცემად ტაძრის საგანძურიდან 30 ვერცხლი შესთავაზეს. მაგრამ, როდესაც იუდამ მოულოდნელად ფული დაუბრუნა — ტაძარში დაყარა — მღვდელმთავრების სინდისს დაუპირისპირდა რჯულთან დაკავშირებულ პრობლემა. „დაუშვებელია, — თქვეს მათ, — ამის [ამ ფულის] საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია“ (მათე 27:3–6). როგორც ჩანს, მღვდელმთავრებს აწუხებდათ, რომ იუდას ფული ახლა უწმინდური იყო (შეადარეთ მეორე რჯული 23:18.) მაგრამ ისინი ცუდს ვერაფერს ხედავდნენ ღვთის ძის გასაცემად ფულის გადახდაში!

ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს

ზემოხსენებული მაგალითი აჩვენებს, რომ სინდისის განსწავლა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ გონების გავსებას იმ ნუსხით, თუ რა შეიძლება და რა არა. ფაქტია, ღვთის კანონების ცოდნა და მათ თანახმად მოქმედება გადარჩენისთვის აუცილებელია (ფსალმუნი 18:8–12). მაგრამ ღვთის კანონების სწავლის გარდა უნდა განვავითაროთ გული, რომელიც დაგვეხმარება, ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს. მაშინ ვიხილავთ ესაიას მიერ ნათქვამი იეჰოვას წინასწარმეტყველების შესრულებას: „იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:20, 21; 48:17).

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, პირდაპირი გაგებით, ხმა გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ, როცა ყველაფერს ისე ვუყურებთ, როგორც ღმერთი უყურებს, ჩვენი სინდისი უკეთესად იქნება აღჭურვილი იმისთვის, რომ დაგვეხმაროს მივიღოთ ღვთისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებები (იგავნი 27:11).

გავიხსენოთ იოსები, რომელიც ძვ. წ. XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. როდესაც პოტიფარის ცოლი მრუშობისკენ უბიძგებდა, იოსებმა უარი თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:9). იოსების დღეებში არ იყო დაწერილი რჯული, რომ ღმერთი მრუშობას განსჯიდა. გარდა ამისა, იოსები ეგვიპტეში ცხოვრობდა, მოშორებული იყო ოჯახურ, ანუ პატრიარქული წესების მიხედვით, აღზრდას. მაშ, რის საშუალებით შეძლო იოსებმა ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა? მარტივად რომ ვთქვათ, განსწავლული სინდისის საშუალებით. იოსებმა იცოდა ღვთის თვალსაზრისი, რომ ცოლ-ქმარი ‘ერთი ხორცი’ უნდა ყოფილიყო (დაბადება 2:24). ის ხედავდა, რომ ამის გამო არასწორი იქნებოდა, გაკარებოდა სხვა მამაკაცის ცოლს. ამ საკითხს იოსებმა ისე შეხედა, როგორც ღმერთი უყურებს. მრუშობა მისი ზნეობის შემლახველი იყო.

დღეს იოსების მსგავსნი ცოტანი არიან. სექსუალური უზნეობა მძვინვარებს და ბევრი არ გრძნობს პასუხისმგებლობას შემოქმედის, საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშეც კი, რომ ზნეობრივად სუფთები დარჩნენ. ეს ვითარება ძალიან ჰგავს წიგნში „იერემია“ აღწერილს: „არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით“ (იერემია 8:6). ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენთვის საჭიროა, ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს. ამისთვის შესანიშნავი საშუალება გვაქვს.

დახმარება სინდისის განსწავლისთვის

ინსპირირებული საღვთო წერილი „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიის შესწავლა დაგვეხმარება სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად იმის განსწავლაში, რასაც ბიბლია უწოდებს ‘გრძნობებს’ (ებრაელთა 5:14). ეს საშუალებას მოგვცემს შევიყვაროთ ის, რაც ღმერთს უყვარს, და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს (ფსალმუნი 96:10; 138:21).

მაშასადამე, ბიბლიის შესწავლის მიზანი ჭეშმარიტების ნამდვილი და პრაქტიკული მნიშვნელობის შეძენაა და არა მხოლოდ დაწვრილებით შესწავლა. 1976 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) ნათქვამი იყო: „საღვთო წერილის სწავლისას უნდა ვეცადოთ, გავიგოთ იეჰოვას სიმართლის, სიყვარულისა და სამათლიანობის მნიშვნელობა და გულში ღრმად ჩავინერგოთ, ისე რომ, ჩვენთვის ისინი ჭამასა და სუნთქვასავით გახდეს. იმის ცოდნით, თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტება, უნდა ვეცადოთ, უფრო სრულიად გავაღვივოთ ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. უფრო მეტიც, ჩვენი სინდისი უნდა განვსწავლოთ, რომ გრძნობდეს სრულყოფილი რჯულმდებლისა და მსაჯულის წინაშე პასუხისმგებლობას (ესაია 33:22). ასე რომ, როცა ღვთის შესახებ რაღაცას ვიგებთ, უნდა ვეცადოთ, ცხოვრების ყველა სფეროში მას მივბაძოთ“.

‘ქრისტეს გონების’ შეძენა

ბიბლიის შესწავლა აგრეთვე დაგვეხმარება შევიძინოთ ‘ქრისტეს გონება’ — განვეწყოთ მორჩილებისა და თავმდაბლობისკენ. (1 კორინთელთა 2:16, სსგ). მამამისის ნების შესრულება მისთვის სიხარული იყო და არა, უბრალოდ, დადგენილი წესი, რომელსაც მიჰყვებოდა ავტომატურად, დაფიქრების გარეშე. მისი დამოკიდებულება წინასწარმეტყველურად იყო აღწერილი ფსალმუნმომღერალ დავითის მიერ, რომელმაც დაწერა: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“a (ფსალმუნი 39:9).

‘ქრისტეს გონების’ შეძენა სინდისის განსასწავლად მნიშვნელოვანია. დედამიწაზე ყოფნისას სრულყოფილმა ადამიანმა, იესომ, აირეკლა მამამისის თვისებები და პიროვნება ადამიანის მთელი შესაძლებლობით. ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). დედამიწაზე ყოფნისას იესომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მამამისს სურდა. ამიტომ, როდესაც ვსწავლობთ იესოს ცხოვრებას, ჩვენ თვალწინ იხატება ნათელი სურათი, თუ როგორია იეჰოვა ღმერთი.

ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ‘მწყალობელი, შემბრალებელი, სულგრძელი და დიდმადლიანია’ (გამოსვლა 34:6). იესო ყოველთვის ავლენდა ამ თვისებებს მოწაფეებთან ურთიერთობისას. როდესაც ისინი კვლავ განაგრძობდნენ კამათს იმის შესახებ, თუ ვინ იყო უფრო დიდი, იესომ მოთმინებით ასწავლიდა სიტყვისა და მაგალითის მეშვეობით და უთხრა: „ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:26, 27). ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ იესოს ცხოვრებაზე დაფიქრება დაგვეხმარება, ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს.

რაც უფრო მეტს გავიგებთ იესოს შესახებ, უფრო უკეთესად აღვიჭურვებით, რომ მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას (ეფესელთა 5:1, 2). სინდისი, რომელიც გვეხმარება, ყველაფერს ისე ვუყუროთ, როგორც ღმერთი უყურებს, გვიმეგზურებს სწორი მიმართულებით. იეჰოვა მათ, ვინც მას ენდობა, ჰპირდება: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნი 31:8).

სარგებლობა, რომელიც განსწავლულ სინდისს მოაქვს

რადგან მოსემ იცოდა არასრულყოფილი ადამიანების მერყეობა, ისრაელები გააფრთხილა: „გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა“ (მეორე რჯული 32:46). ღვთის კანონი ჩვენც გულებში უნდა ჩავიწეროთ. თუ ამას გავაკეთებთ სინდისი უფრო მეტად შეძლებს ჩვენი ნაბიჯების სწორად წარმართვას და დაგვეხმარება სწორი გადაწყეტილებების მიღებაში.

რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბიბლიური იგავი ამბობს: „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ (იგავნი 14:12). რატომ არის ხშირად ეს ასე? იმიტომ რომ, როგორც ბიბლია ამბობს, „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). ამიტომ ყველა ჩვენთაგანისთვის საჭიროა, მივყვეთ იგავნის 3:5, 6-ში ჩაწერილ მითითებას: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.

[სქოლიოები]

a პავლე მოციქულმა წერილში ებრაელთა მიმართ 39-ე ფსალმუნიდან გამოიყენა სიტყვები იესო ქრისტეს შესახებ (ებრაელთა 10:5–10).

[სურათი 7 გვერდზე]

კომპასის მსგავსად, ბიბლიით განსწავლული სინდისი სწორ ხელმძღვანელობას გაგვიწევს.

[საავტორო უფლება]

Compass: Courtesy, Peabody Essex Museum, Salem, Mass.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება