თავი 12
მხარი დავუჭიროთ სამეფოს საქმეს
იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას „დედამიწის კიდით კიდემდე“ ვქადაგებთ, რითაც ბოლო დღეებთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველება სრულდება (საქ. 1:8; მათ. 24:14). ჩვენ დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ ხალხისთვის სულიერი დახმარების აღმოსაჩენად და ცხოვრებაში პირველ ადგილს ღვთის სამეფოს ვუთმობთ, რადგან გვჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს თავის მსახურთა საჭიროებებზე (მათ. 6:25—34; 1 კორ. 3:5—9). აშკარაა, რომ იეჰოვა იწონებს და აკურთხებს ჩვენს საქმიანობას.
სამეფოს საქმის მხარდაჭერა მსოფლიო მასშტაბით
2 ხალხი ხედავს, რომ ვქადაგებთ და ბიბლიებსა და ბიბლიურ ლიტერატურას უფასოდ ვავრცელებთ. ზოგს უჩნდება კითხვა, თუ როგორ ვახერხებთ ამას. ცხადია, ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის დაბეჭდვა დიდ თანხებს მოითხოვს. გარდა ამისა, დიდი სახსრებია საჭირო იმისათვის, რომ ავაშენოთ და მოვუაროთ ბეთელის კომპლექსებს, სადაც იბეჭდება ლიტერატურა, ზედამხედველობა ეწევა სამქადაგებლო საქმეს და სხვა საჭირო საქმეებიც სრულდება. გარდა ამისა, სარაიონო ზედამხედველებს, სპეციალური პიონერებსა და სხვა სპეციალურ სრული დროით მსახურებს გარკვეული ოდენობის შემწეობა ეძლევათ. სასიხარულო ცნობის ქადაგება მსოფლიო მასშტაბით დიდ თანხებს მოითხოვს. როგორ ხორციელდება ეს ყოველივე?
3 ბევრი, ვინც იეჰოვას მოწმეთა ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მადლიერია, ამ საქმის მხარდასაჭერად სიამოვნებით იღებს შესაწირავს. თუმცა სამქადაგებლო საქმიანობა, ძირითადად, იეჰოვას მოწმეების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება; მათ მიერ ნებაყოფლობით გაღებული თანხები იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალებში იგზავნება. ძველ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურთა მსგავსად, და-ძმები გულუხვად უჭერენ მხარს იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აგებას (გამ. 35:20—29; 1 მატ. 29:9). შესაწირავის გაღება სხვადასხვა სახით ხდება. ზოგი ანდერძით სწირავს უძრავ ქონებას. შესაწირავს აგრეთვე იღებენ და-ძმები, კრებები და რაიონები. ამ შესაწირავების წყალობით სამეფოს საქმე წინ მიიწევს.
იეჰოვას მოწმეები დიდ პატივად თვლიან ფინანსურად თუ სხვა საშუალებებით სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერას.
4 იეჰოვას მოწმეები დიდ პატივად თვლიან ფინანსურად თუ სხვა საშუალებებით სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერას. იესოს და მის მოწაფეებს ყულაბა ჰქონდათ და შეგროვებულ ფულს სხვადასხვა ხარჯის დასაფარავად იყენებდნენ (იოან. 13:29). ბიბლია მოგვითხრობს იმ ქალების შესახებ, რომლებიც იესოს და მის მოწაფეებს ემსახურებოდნენ (მარ. 15:40, 41; ლუკ. 8:3). პავლე მოციქული მადლიერი იყო იმ და-ძმების, რომლებიც მატერიალურად იხარჯებოდნენ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად და ამ საქმეში საკუთარი წვლილის შესატანად (ფილ. 4:14—16; 1 თეს. 2:9). იეჰოვას ხალხი დღესაც მსგავს გულმოდგინებასა და გულუხვობას იჩენს, რაც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ გულწრფელ ადამიანებს „სიცოცხლის წყლის“ უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს (გამოცხ. 22:17).
კრების საჭიროებებზე ზრუნვა
5 კრების ხარჯებიც ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება. კრებაში ფულს არც ითხოვენ, არც კრეფენ და არც საწევრო შესატანია დაწესებული. დარბაზებში განთავსებულია შესაწირავის ყუთები და თითოეულს შეუძლია იმდენი შესწიროს, რამდენსაც გადაწყვეტს (2 კორ. 9:7).
6 შეწირული თანხა, ძირითადად, იეჰოვას მოწმეთა დარბაზის მოვლა-პატრონობას ხმარდება. უხუცესთა საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ შეწირული თანხის გარკვეული ნაწილი მსოფლიო სამქადაგებლო საქმის მხარდასაჭერად იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალს გაეგზავნოს. ასეთ შემთხვევაში კრება იღებს რეზოლუციას. ასეთ შესაწირავს ბევრი კრება რეგულარულად გზავნის. როდესაც ყველა სათანადო ყურადღებას აქცევს კრების საჭიროებებს, აღარ იქმნება შესაწირავებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების აუცილებლობა.
შესაწირავის აღრიცხვა
7 თითოეული შეხვედრის შემდეგ ორი ძმა შესაწირავის ყუთიდან იღებს და აღრიცხავს შეწირულ ფულს (2 მეფ. 12:9, 10; 2 კორ. 8:20). უხუცესთა საბჭოს ზედამხედველობით შესაწირავის ყუთიდან ამოღებული თანხა უსაფრთხო ადგილას ინახება, სანამ ფილიალში გაიგზავნება ან კრების საჭიროებებს მოხმარდება. კრების ინფორმირების მიზნით საფინანსო ანგარიშებზე პასუხისმგებელი ძმა ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს, ხოლო სამ თვეში ერთხელ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი ორგანიზებას უწევს საფინანსო ანგარიშების შემოწმებას.
რაიონის ხარჯები
8 სარაიონო კონგრესების თუ რაიონის სხვა ხარჯები იფარება შესაბამისი რაიონის მაუწყებლების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით. კონგრესებზე განთავსებულია შესაწირავის ყუთები და თითოეულს შეუძლია რაიონის ხარჯების დასაფარავად ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. გარდა ამისა, რაიონის სხვა ხარჯების დასაფარავად კრებებს სხვა დროსაც შეუძლიათ შესაწირავის გაღება.
9 რაიონები, როგორც წესი, თავად ფარავენ თავიანთ ხარჯებს და მომეტებულ თანხას მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის გზავნიან. იმ შემთხვევაში, როცა რაიონის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა ჩატარებული კონგრესის ხარჯების დასაფარავად ან მომდევნო კონგრესისთვის წინასწარ საჭირო თანხის გადასახდელად, მაგალითად, შენობის დასაჯავშნად, სარაიონო ზედამხედველი იზრუნებს, რომ კრებებში გაკეთდეს განცხადება შესაწირავის გაღების საჭიროების შესახებ. თითოეული კრების უხუცესთა საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს, რა თანხის შეწირვა შეუძლია მათ კრებას რაიონის ფონდისთვის. ამის შემდეგ ისინი კრებასთან ერთად რეზოლუციას მიიღებენ.
10 როცა ისეთი ფინანსური საკითხი წამოიჭრება, რომელიც რაიონში შემავალი კრებების უხუცესების შეკრებას მოითხოვს, ისინი კონგრესის დღეს შეხვედრას გამართავენ. კონგრესის ხარჯების გარდა სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ უხუცესები რეზოლუციას მიიღებენ. ყოველ ჯერზე, როცა საქმე რაიონის ხარჯების განკარგვაზე მიდგება, რეზოლუცია წერილობითი სახით უნდა შედგეს, მიეთითოს თანხის ზუსტი ოდენობა და დამტკიცდეს.
11 დროდადრო რაიონის საფინანსო ანგარიში მოწმდება.
ღარიბებზე ზრუნვა
12 იესო და მისი მოწაფეები ყულაბაში შეგროვებული თანხით ღარიბებსაც ეხმარებოდნენ (მარ. 14:3—5; იოან. 13:29). ღარიბებზე ზრუნვის ვალდებულება ქრისტიანებს დღესაც გვაკისრია, რადგან იესომ თქვა: „ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან“ (მარ. 14:7). როგორ ზრუნავენ იეჰოვას მოწმეები ღარიბებზე?
13 დროდადრო კრებაში ღვთის ერთგულ მსახურებს ხანდაზმულობის, ავადმყოფობის ან ამა თუ იმ ვითარების გამო შესაძლოა მატერიალური დახმარება დასჭირდეთ. მათთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა თუ სხვებს, ვინც იციან, რომ მათ მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც საშუალება აქვს, მაგრამ ძმის გასაჭირი გულთან ახლოს არ მიაქვს, ვერ იტყვის, ღმერთი მიყვარსო! შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმით, გულწრფელად“ (1 იოან. 3:17, 18; 2 თეს. 3:6—12). ღვთის იმ ერთგულ მსახურებზე ზრუნვა, რომელთაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილია (იაკ. 1:27; 2:14—17).
14 ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში პავლე მოციქულმა დაგვანახვა, თუ როგორ უნდა გაეწიოს მატერიალური დახმარება მათ, ვინც ამას საჭიროებს. ამის შესახებ ვკითხულობთ 1 ტიმოთეს 5:3—21-ში. თითოეული ქრისტიანი ვალდებულია, იზრუნოს ოჯახის წევრებზე. ხანში შესულებსა და ავადმყოფებზე უნდა იზრუნონ შვილებმა, შვილიშვილებმა ან სხვა ახლო ნათესავებმა. ზოგჯერ მატერიალური დახმარების მიღება შესაძლებელია სახელმწიფო ან სოციალური პროგრამებით. ასე რომ, ნათესავებსა თუ სხვებს შეუძლიათ დაეხმარონ მათ, რომ ამ პროგრამებით ისარგებლონ. ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი გახდეს კრების მხრიდან დახმარების გაწევა გასაჭირში მყოფი ძმისთვის ან დისთვის, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება იეჰოვას. თუ ასეთ დას ან ძმას არ ჰყავს ოჯახის წევრები ან სხვა ნათესავები, რომლებიც დაეხმარებოდნენ, და დახმარების მიღება არც სახელმწიფო სამსახურებიდან არის შესაძლებელი, უხუცესთა საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ ასეთი და-ძმები უყურადღებოდ არ დარჩნენ. ქრისტიანები მატერიალურად მხარში უდგანან გასაჭირში მყოფ და-ძმებს.
15 თანაქრისტიანები შეიძლება გასაჭირში აღმოჩნდნენ დევნის, ომების, მიწისძვრების, შიმშილობისა თუ სხვა უბედურებების გამო, რაც ამ მძიმე დროში ხშირად ხდება (მათ. 24:7—9). იმ შემთხვევებში, თუ ადგილობრივი კრებები და-ძმებს დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, ხელმძღვანელი საბჭოს ორგანიზებით მათ დახმარების ხელს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები თანაქრისტიანები გაუწვდიან. პირველ საუკუნეშიც ასე დაეხმარნენ შიმშილობის დროს მცირე აზიაში მცხოვრები და-ძმები იუდეაში მცხოვრებ თანამორწმუნეებს და საკვებით მოამარაგეს (1 კორ. 16:1—4; 2 კორ. 9:1—5). ჩვენ მათ ვბაძავთ, რითაც და-ძმებს სიყვარულს ვუმტკიცებთ და ცხადვყოფთ, რომ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები ვართ (იოან. 13:35).
ლიტერატურის გავრცელება
16 ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში. როგორც წესი, უხუცესთა საბჭოს მიერ დანიშნული მომსახურე ზრუნავს, რომ კრებას ლიტერატურა არ მოაკლდეს. ეს ძმები დაკისრებულ პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან. ისინი აწარმოებენ აღრიცხვას, რათა კრებაში პუბლიკაციები საკმარისი რაოდენობით იყოს.
17 ღვთისადმი მიძღვნილ ქრისტიანებს გვესმის, რომ ჩვენი დრო, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები, მატერიალური სახსრები და თვით სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია და ამ ყოველივეს ღვთის მსახურებას უნდა ვახმარდეთ (ლუკ. 17:10; 1 კორ. 4:7). ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა. გვსურს, პატივი მივაგოთ იეჰოვას ჩვენი ქონებიდან, რადგან ვიცით, რომ მას სიამოვნებს ჩვენ მიერ სულითა და გულით გაღებული შესაწირავი (იგავ. 3:9; მარ. 14:3—9; ლუკ. 21:1—4; კოლ. 3:23, 24). იესომ მოგვიწოდა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). როცა იეჰოვას მსახურებაში ბოლომდე ვიხარჯებით, დიდ სიხარულს ვგრძნობთ (საქ. 20:35).