1999 წლის საოლქო კონგრესები „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“
1 როცა ისრაელი ერი აღთქმულ ქვეყანაში შესვლას აპირებდა, მოსე ემუდარებოდა მათ, დაეფასებინათ ღვთის დარიგებები. მან უთხრა მათ: „არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის“ (რჯლ. 32:45–47). ნუთუ არა ვართ იეჰოვას მადლიერები, რომ მისთვის ჩვენი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია და ამ მიზეზით გვხელმძღვანელობს კვლავ თავისი ფასდაუდებელი სიტყვის საშუალებით? აქედან გამომდინარე, ჩვენ მოუთმენლად ველით სამდღიან საოლქო კონგრესს, დევიზით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“, და იმას, რაც იეჰოვამ გაგვიმზადა.
2 წელს კონგრესების ჩატარება 45 ქალაქშია დაგეგმილი: ბელორუსიის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე. გარდა იმისა, რომ კონგრესები რუსულ და ქართულ ენებზე ჩატარდება, პროგრამა გადაითარგმნება ჟესტების ენაზეც. წელს პირველად ჩატარდება ცალკე კონგრესი ამ ენაზე.
3 უეჭველია, შენ უკვე ისე დაგეგმე, რომ კონგრესის სამივე დღეს დაესწრო, რადგან იცი, რომ იეჰოვა მოელის შენგან ამას. დარწმუნებული იყავი, რომ ის ხედავს თავის მსახურთა ძალისხმევასა და მსხვერპლს, რომელზეც ისინი დასწრების გულისთვის მიდიან, იეჰოვა აფასებს და იმახსოვრებს ასეთ ადამიანებს (ებრ. 6:10). კონგრესზე ყოველდღე დასწრებით, პირველი სიმღერიდან ბოლო ლოცვამდე, ჩვენ ვაჩვენებთ იეჰოვას, რომ ვაფასებთ მის სიტყვებს, რომლებიც ნათქვამია ჩვენი მისამართით (რჯლ. 4:10). აგრეთვე ვავლენთ მადლიერებას კონგრესის მომზადებისთვის ძმების მიერ გაწეული მძიმე შრომისთვის.
4 ათასობით ღვთის მსახურის შეკრება თითოეულ კონგრესზე მოითხოვს წინდაწინ დაგეგმვასა და კარგ ორგანიზებას. იმის ცოდნამ, რომ კონგრესის მოწყობაში ძმებმა სიყვარული ჩადეს, თანამშრომლობისკენ უნდა აღგვძრას, რათა „ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40). შემდეგი ინფორმაცია და შეხსენებები მოცემულია იმისთვის, რომ კონგრესზე მომზადებულები მივიდეთ და გავიხაროთ სულიერი საზრდოთი და ქრისტიანული ურთიერთობით.
კონგრესამდე
5 პირადი დახმარება ხომ არ ესაჭიროებათ კონგრესზე დასასწრებად მათ, ვისაც ბიბლიის შესწავლას უტარებ, ან სხვა დაინტერესებულ პირებს? იქ მოსმენილმა და ნანახმა შეიძლება აღძრას ისინი, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ (1 კორ. 14:25). უხუცესებმა უნდა იცოდნენ, ვის ესაჭიროება დახმარება დაბინავებასა და ტრანსპორტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ეს ეხება კრების ხანდაზმულ წევრებს. უხუცესებმა უნდა იზრუნონ, რომ ასეთების საჭიროებები სიყვარულით დაკმაყოფილდეს (გალ. 6:10, აფ).
6 დაასრულე დაბინავებასთან დაკავშირებული მზადებები? ამოირჩიე საცხოვრებელი? თუ დიახ, შეატყობინე ამის შესახებ მდივანს? კრების სამსახურებრივი კომიტეტის მიერ დადასტურებული ნებისმიერი ბლანკი, „განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთა განცხადება“, კრების მდივანმა უკვე უნდა გაგზავნოს კონგრესის სათანადო მისამართზე. თუ გაგანაწილეს, როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე, შენ კი გიწევს ამის გაუქმება, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეატყობინე დაბინავების ადგილობრივ განყოფილებას, რომ შენს ნაცვლად სხვა გაანაწილონ. მისამართისა და ტელეფონის ნომრის ნახვა შეიძლება შენი კონგრესის შემოთავაზებული საცხოვრებელი ადგილების სიის პირველი გვერდის დასაწყისში.
7 თუ ინფორმაცია გჭირდება რომელიმე კონგრესის შესახებ, კრების მდივანი დაგეხმარება იმ კონგრესის კომიტეტის მისამართის გაგებაში.
8 რადგან სასწრაფო დახმარების განყოფილება კონგრესზე მხოლოდ კრიტიკული სიტუაციებისთვის არის გათვალისწინებული, გირჩევთ, წამოიღო ასპირინი, ბინტი, საინგალაციო და საჭმლის გადამამუშავებელი საშუალებები, აგრეთვე სხვა მსგავსი ნივთები, რაც, შენი აზრით, შეიძლება დაგჭირდეს, როგორც სახლში ან შვებულებაში ყოფნისას. თუ შენ ან შენს ახლობელს რაიმე სერიოზული დაავადება გაქვთ, მაგალითად გულის დაავადება, დიაბეტი ან შეტევითი მოვლენები, გთხოვთ მოიტანე საჭირო წამლები კონგრესზე, რომ გამოიყენო საჭიროების შემთხვევაში. გონივრული იქნებოდა, თუ ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი, რომელმაც იცის ამ მდგომარეობის შესახებ, იმ ადამიანის გვერდით იქნებოდა, რადგან ყველაზე უკეთ ის აღმოუჩენდა ავადმყოფს საჭირო დახმარებას.
9 კონგრესზე წასვლისას და შინ დაბრუნებისას არაფორმალური ქადაგების მრავალი შესაძლებლობა გექნება. მზად იქნები იმისთვის, რომ სხვებს გაუზიარო ჭეშმარიტება? ყველა ჩვენგანს, ბავშვების ჩათვლით, შეუძლია შესთავაზოს ტრაქტატები ავტომობილების გასამართი პუნქტების მომსახურეებს, გადასახადების ამკრეფებსა და სხვებს, რომლებსაც მგზავრობისას ვხვდებით. მოგვეცემა ჟურნალების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის შეთავაზების საშუალებები დაინტერესებული პირებისთვის. მზად იყავი არაფორმალურად უქადაგო მათ, ვისაც შეიძლება ჩვეულებრივი ქადაგების დროს ვერ ხვდებიან.
კონგრესის დროს
10 კონგრესის ჩატარების ადგილზე მისვლა დილის 8 საათიდან შეიძლება. ადგილები შეგიძლია დაიკავო მხოლოდ შენი ოჯახის წევრებისთვის ან მათთვის, ვისთან ერთადაც იმგზავრე ავტომობილით. მოსახერხებელი ადგილები გამოყოფილ იქნება ხანდაზმული ძმებისა და დებისთვის, აგრეთვე ინვალიდებისა და მათთვის, ვინც ინვალიდების ეტლებით იქნებიან. მაგრამ მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით ალერგია აქვს, არ იქნება გამოყოფილი სპეციალური ოთახები. ყოველდღე შეამოწმე ადგილი, სადაც იჯექი, ხომ არაფერი დაგრჩა.
11 ჩვენს საოლქო კონგრესებზე დიდი რაოდენობით შეხვედრისთვის საჭიროა დავემორჩილოთ ადგილობრივ კანონებს, ხანძარსაწინააღმდეგო წესებსა და უსაფრთხოებისთვის გაწეულ სხვა ღონისძიებებს. ასე რომ, შესაკრებელ ადგილზე არ უნდა მოვიტანოთ საბავშვო ეტლები და დასაკეცი სკამები. ეს წარმოქმნის ფეხის წამოკვრისა და დაცემის საშიშროებას იქ, სადაც დადიან, ან რიგებს შორის. მაგრამ ბავშვებისთვის შეიძლება ისეთი სკამების მოტანა, რომელთა უსაფრთხოდ დამაგრება შეიძლება დასაჯდომ ადგილზე მშობლის გვერდით.
12 აპირებ მონათვლას საოლქო კონგრესზე? შაბათს, დილის პროგრამის დროს, მოსანათლებისთვის გამოყოფილი იქნება სექტორი და მომსახურეები დაგეხმარებიან მის მოძებნაში. თუ შესაძლებელია, გთხოვთ პროგრამის დაწყებამდე დაიკავო ადგილი ამ სექტორში. თან გქონდეს ბიბლია, სიმღერების ბროშურა და ქრისტიანისთვის შესაფერი საცურაო კოსტიუმი. მოკლე შარვლები, წარწერებიანი მაისურები და მსგავსი ტანსაცმელი არ შეეფერება ამ ღირსშესანიშნავ შემთხვევას. უხუცესები, რომლებიც მოსანათლებთან განიხილავენ კითხვებს ბროშურიდან „ბიბლიის სწავლების საწყისები“, უნდა დარწმუნდნენ, რომ თითოეულს ესმის ეს საკითხები. რადგან მონათვლა იეჰოვა ღმერთისადმი პირადი მიძღვნის სიმბოლოა, უადგილო იქნებოდა, თუ მოსანათლები ხელიხელჩაკიდებული მოინათლებოდნენ.
13 შეგიძლია ფოტოაპარატის, ვიდეოკამერისა და აუდიოჩამწერის გამოყენება კონგრესზე. მაგრამ ისინი არ უნდა განალაგო ან გამოიყენო ისე, რომ გადაკეტო გასასვლელები, ჩამოეფარო სხვებს ან ხელი შეუშალო პროგრამის მოსმენაში. არ შეიძლება მათი შეერთება ელექტრო თუ ხმის გამაძლიერებელ სისტემაში.
14 რადგან დღეს მრავალი იყენებს ფიჭურ ტელეფონებსა და პეიჯერებს, გთხოვთ ყურადღება გამოიჩინო, რომ ამ მოწყობილობებმა ხელი არ შეგიშალოს პროგრამის მოსმენაში შენ და შენს გვერდით მსხდომთ. შეეცადე, რომ აუდიტორიაში ამ მოწყობილობებმა არ გამოსცენ ხმამაღალი ზარი. თუ ფიჭური ტელეფონის გამოყენება დაგჭირდა პროგრამის დროს, გთხოვთ დატოვო აუდიტორია.
15 დროის ეკონომიისა და უბრალოების მიზნით, საზოგადოებამ გვთხოვა, ყოველი დღისთვის მოგვეტანა ჩვენთვის რაიმე საჭმელი. მრავალმა ძმამ გაითავისა ეს რჩევა და დაინახა, რომ დილის პროგრამის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი ხდება ოჯახთან ერთად დარჩენა და ერთად სადილობა. მრავალმა თქვა, რომ სასიამოვნო იყო დასვენება და ძმებსა და დებთან დარჩენილი დროის გატარება შესვენებების დროს. ამისთვის კი საჭიროა, წინასწარ შევიძინოთ საკვები და სასმელები, აგრეთვე მოვათავსოთ ეს ყველაფერი თერმოსებში, რომლებიც დასაჯდომი ადგილების ქვეშ ეტევა. ვთხოვთ ყველას, მიყვნენ ამ მითითებას. ბოლო დროს იმ შენობების ადმინისტრაცია, სადაც კონგრესები ტარდებოდა, და საკვების გამყიდველები ამჩნევენ, რომ ზოგი ძმა გადის აუდიტორიიდან რაიმე საჭმლის საყიდლად. ზოგი ასეთი გამყიდველი ახლა მოითხოვს, რომ ნება დართონ კონგრესის ჩატარების ადგილზე ივაჭროს, რომ მოემსახუროს კონგრესის დელეგატებს. თუ მათ ნება დაერთვებათ, მაშინ მრავალი ქვეყნიური ადამიანი აითქვიფება ჩვენ შორის დღის მანძილზე. აგრეთვე ამას მოჰყვება ხალხმრავლობა და გრძელი რიგები, რაც დაძაბულობას წარმოქმნის ჩვენს კონგრესებზე. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ყველას, შეეცადონ თავისი საჭმლისა და სასმელების მოტანას კონგრესის ყოველი დღისთვის. თავიანთი საჭმელი უნდა მოიტანონ დაინტერესებულებმაც, რომლებიც შენთან ერთად მოვიდნენ. შუშის თერმოსებისა და ალკოჰოლური სასმელების მოტანა კონგრესზე აკრძალულია.
16 შეგიძლია ყოველი დღის პროგრამის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღო საკონგრესო ადგილის დასუფთავებაში? ან შეგიძლია იმუშაო კონგრესის რომელიმე განყოფილებაში? თუ შეგიძლია დახმარების აღმოჩენა, გთხოვთ მოაკითხე ნებაყოფლობითი სამსახურის განყოფილებას კონგრესზე. 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მუშაობა თავიანთი მშობლების ან მათზე პასუხისმგებელი ადამიანის თანხლებით. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დაგვეხმაროს კონგრესის ტერიტორიის დალაგებაში, თუ იზრუნებს, რომ ნაგავი სათანადო ადგილზე გადაყაროს.
17 ჩვენ მშვენიერი მითითებები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რა შედის სათანადო ჩაცმულობასა და გარეგნობაში ჩვენს კონგრესებზე. მაგალითად, ამ მხრივ მითითებებს ვპოულობთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართებში, გვაქვს ილუსტრაციები და ფოტოსურათები ჩვენს ლიტერატურაში და, რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს იეჰოვას სიტყვები ბიბლიაში (რომ. 12:2; 1 ტიმ. 2:9, 10). ხალხმა იცის, ვინ ვართ და რა მიზნით შევიკრიბეთ მათს ქალაქში. ასე რომ, ჩაცმულობა და გარეგნობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე. იეჰოვას ხალხის უმრავლესობა ამ მხრივ კარგ მაგალითს იძლევა. მაგრამ ზოგჯერ შეიმჩნევა, რომ ზოგი დამსწრე წუთისოფლის სულს ირეკლავს ჩაცმულობითა და გარეგნობით. ნებისმიერი ძალიან ამოღებული ან მოკლე ტანსაცმელი ეჭვის ქვეშ აყენებს ადამიანის მტკიცებას, რომ სულიერი პიროვნებაა. კარგ შთაბეჭდილებას მოკრძალებული, სუფთა და აკურატული ტანსაცმელი ახდენს. აქედან გამომდინარე, ოჯახის უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რის ჩაცმას აპირებენ მათი ოჯახის წევრები. ამის გათვალისწინება საჭიროა მაშინაც, როცა კონგრესის ჩატარების ადგილზე არა ვართ. სამკერდე ნიშნების ტარება ყოველდღე კონგრესის დაწყებამდე და მის შემდეგ სხვა შესაძლებლობაა გავაცნოთ ჩვენი თავი ხალხს, რომ იეჰოვას მსახურები ვართ და ვეკუთვნით მის სუფთა ხალხს (შეადარე მარ. 8:38).
18 ბრძენი მეფე სოლომონი შთაგონებული იყო, როცა აღნიშნა, რომ „ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს“ და რომ „მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია“ (იგავ. 22:15; 29:15). პროგრამის დროს უყურადღებოდ მიტოვებული მოზარდი მოწმეები ხელს უშლიდნენ ძმებსა და დებს, რომლებიც ცდილობდნენ ყურადღებით მოესმინა მთელი პროგრამა. გასული წლის კონგრესების დროს ზოგი მოზარდი იჯდა სექტორების ზემოთა რიგებში და ანათებდა ლაზერის პატარა ფარნით. ამ ფარნებიდან გამოსული შუქი ძალიან ძლიერია და დიდი მანძილიდანაც კი შეუძლია თვალები ატკინოს სხვებს. ნათელია, რომ ის მოზარდები არავითარ სარგებლობას არ იღებდნენ პროგრამიდან, რომელიც მათი გათვალისწინებითაც მომზადდა. რადგან შვილების ყოფაქცევაზე იეჰოვას წინაშე მშობლები აგებენ პასუხს დედა თუ მამა შეიძლება დარწმუნებული იყოს იმაში, რომ, თუ ბავშვები მშობლების გვერდით სხედან, მაშინ იქცევიან კარგად და ისმენენ იეჰოვას დარიგებებს. მომსახურეები მივლენ ნებისმიერთან, ვინც სხვებს აწუხებს, სთხოვს, წესიერად მოიქცეს, და შეახსენებს ყურადღებით მოუსმინოს პროგრამას.
19 რადგან კონგრესებზე უცხო ხალხსაც ვპატიჟობთ, კარგია თუ გავუფრთხილდებით ბავშვებსა და ჩვენს ნივთებს. შვილები ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან. მაგრამ ვიცით, რომ წუთისოფელი სატანის მძარცველურ მიდრეკილებას ირეკლავს. ამიტომ, გთხოვთ შვილები ყოველთვის მხედველობის არეში გყავდეს. აგრეთვე ფოტოაპარატები, საფულეები და სხვა ძვირფასი ნივთები ყოველთვის თან გქონდეს — ნუ დატოვებ ნივთებს შენს ადგილზე უყურადღებოდ. დარწმუნდი, რომ ავტომობილი ჩაკეტილია და პირადი ნივთები საბარგულში ჩაალაგე ან თან წაიღე. შენს ავტომობილს ეს ნაკლებად მიმზიდველს გახდის ვინმესთვის გასატეხად.
20 დაბინავების ადგილობრივი განყოფილება მზად არის დაგეხმაროს, როცა პრობლემები წამოიჭრება იქ, სადაც ცხოვრობთ. გთხოვთ შეატყობინე დაბინავების განყოფილებას ნებისმიერი პრობლემის შესახებ კონგრესის დღეებში. ძმები სიხარულით დაგეხმარებიან წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტაში, რომ კონგრესმა კვლავ სიამოვნება მოგანიჭოს. იმის გამო, რომ იეჰოვას მრავალი მსახური ცხოვრობს სკოლებსა და საერთო საცხოვრებლებში, შეიძლება ყველას არ შეხვდეს ისეთი საცხოვრებელი, რომელიც კონგრესთან ახლოს მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაშიც მიუთითეთ ამაზე. იგივე ეხება თხოვნას იაფი საცხოვრებლის შესახებ. გთხოვთ მჭიდროდ ითანამშრომლე დაბინავების განყოფილებასთან. ერთ ქალაქში დელეგატებს, რომლებიც საერთო საცხოვრებელში დაასახლეს, განუცხადეს, რომ აბანოს გამოყენებას დამატებით სჭირდებოდა გადახდა. ძმები დათანხმდნენ ამაზე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ხელშეკრულების თანახმად, აბანოს გამოყენების ფასი მთლიან გადასახადში შედიოდა. როცა სხვა საერთო საცხოვრებლებმა გაიგეს ამის შესახებ, მაშინვე აუწიეს ფასებს.
21 გამამხნევებელია იმის დანახვა, როდესაც ძმები და დები ჩანაწერებს აკეთებენ კონგრესის პროგრამების დროს. მოკლე ჩანაწერები ყურადღების გამახვილებასა და მთავარი აზრების გახსენებაში დაგეხმარება. ჩანაწერების გამეორება მოგვიანებით ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან საშუალებას მოგცემთ იფიქროთ კონგრესის ღირსშესანიშნავ მომენტებზე, რათა არ დაგავიწყდეთ ის აზრები.
22 იეჰოვას ხალხი ყოველთვის ავლენდა გულუხვობას შესაწირავებში თეოკრატიული ინტერესებისთვის (გამ. 36:5–7; 2 ნეშტ. 31:10; რომ. 15:26, 27). ნებაყოფლობითი შესაწირავები სამეფოს საქმისთვის გამოიყენება იმის ასანაზღაურებლად, რაც იხარჯება კონგრესებისთვის დიდი შენობების დაქირავებისთვის.
23 როგორც ამოსის 3:7-შია ჩაწერილი, იეჰოვამ თქვა, რომ „არაფერს მოიმოქმედებს . . . თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოს. 3:7). როგორც „საიდუმლოთა გამცხადებელმა“, იეჰოვამ ჩაწერა ბიბლიაში ასობით წინასწარმეტყველება, რომლებიც ზუსტად და სრულად შესრულდა (დან. 2:28, 47). ჯერ კიდევ შესასრულებელია უდიდესი დაპირებები. 1999 წლის საოლქო კონგრესები, დევიზით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“, გააძლიერებს შენს რწმენას ღვთის დაპირებებისადმი. ყურადღებით მოისმინე შენი მისამართით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა. მსახურებაში, კრებასა და პირად ცხოვრებაში გამოიყენე ყველაფერი, რასაც მოისმენ და ნახავ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ დიდად აკურთხოს ყველა შენი გეგმა, რომ დაესწრო მდიდრული სულიერი ნადიმის ყოველ დღეს!
[ჩანართი 3 გვერდზე]
დაგეგმე დასწრება ყოველ დღე — პარასკევს, შაბათს და კვირას!