თავი 11
შენობები, სადაც თაყვანს ვცემთ ღმერთს
იეჰოვას თაყვანისმცემლებს ბიბლია ერთად შეკრებისკენ მოგვიწოდებს, რათა მისგან დავიმოძღვროთ და ერთმანეთი გავამხნეოთ (ებრ. 10:23—25). პირველი თაყვანისმცემლობის ადგილი, სადაც ღვთის რჩეული ერი, ისრაელი, იკრიბებოდა, „შეხვედრის კარავი“ იყო (გამ. 39:32, 40). მოგვიანებით, დავითის ძემ, სოლომონმა, ღვთის სადიდებლად ტაძარი ააგო (1 მეფ. 9:3). ძვ. წ. 607 წელს ეს ტაძარი განადგურდა, რის შემდეგაც იუდეველები ღვთის თაყვანსაცემად სინაგოგებად წოდებულ შენობებში იკრიბებოდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ ტაძარი აღდგა და ის კვლავ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრად იქცა. იესო ხალხს სინაგოგებში, ტაძარში და მთაზეც კი ასწავლიდა (ლუკ. 4:16; იოან. 18:20; მათ. 5:1—7:29).
2 ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მისი მოწაფეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სახლებში იკრიბებოდნენ, რათა დამსწრეთათვის წმინდა წერილები ესწავლებინათ და თანამორწმუნეებთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ (საქ. 19:8, 9; რომ. 16:3, 5; კოლ. 4:15; ფლმ. 2). ზოგჯერ პირველი ქრისტიანები ისეთ ადგილებში იკრიბებოდნენ, რომ მათთვის მდევნელებს ვერ მიეკვლიათ. ღვთის ერთგული მსახურები ყოველთვის იკრიბებოდნენ, რათა იეჰოვასგან განსწავლულიყვნენ (ეს. 54:13).
3 ქრისტიანული შეხვედრები დღესაც სახლებსა და დარბაზებში ტარდება. სახლებში ხშირად სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებიც ტარდება. ვინც სახლს ასეთ შეხვედრებს უთმობს, ამას დიდ პატივად თვლის; ეს მათსავე სულიერ კეთილდღეობას ემსახურება.
იეჰოვას მოწმეთა დარბაზი
4 იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილ დარბაზებში იკრიბებიან. როგორც წესი, ძმები ყიდულობენ მიწის ნაკვეთს, რომელზეც დარბაზს აშენებენ, ან ყიდულობენ ძველ შენობას და არემონტებენ. ხშირ შემთხვევაში ერთი დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, რათა ხარჯები შემცირდეს და შენობები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება დარბაზის დაქირავება. იეჰოვას მოწმეთა დარბაზის აშენების ან რეკონსტრუქციის შემდეგ მიძღვნის პროგრამა ტარდება. თუმცა დარბაზში უმნიშვნელო სარემონტო სამუშაოების შემდეგ მიძღვნის პროგრამის ჩატარება საჭირო არ არის.
5 იეჰოვას მოწმეთა დარბაზები ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ შენდება. შესაძლოა ეს შენობები სხვადასხვა პროექტით იყოს აგებული, მაგრამ ყველა შენობა ერთ მიზანს ემსახურება (საქ. 17:24). ქრისტიანული შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზი ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე კეთილმოწყობილი და მოსახერხებელი უნდა იყოს.
6 იეჰოვას მოწმეები დარბაზებს თავადვე უვლიან. იქ ფულს არც ითხოვენ და არც კრეფენ. ისინი, ვინც შეხვედრებს ესწრებიან, საექსპლუატაციო ხარჯების დასაფარავად ნებაყოფლობით იღებენ შესაწირავს და დარბაზში განთავსებულ შესაწირავის ყუთში ყრიან (2 კორ. 9:7).
7 და-ძმები დარბაზის საექსპლუატაციო ხარჯებისთვის შესაწირავის გაღებას და მის მოვლა-პატრონობას დიდ პატივად თვლიან. როგორც წესი, დარბაზში შესასრულებელ სამუშაოებს უხუცესი ან მომსახურე ხელმძღვანელობს. დარბაზს სამქადაგებლო ჯგუფები მორიგეობით ალაგებენ; ამ საქმეს ჯგუფის ზედამხედველი ან მისი დამხმარე ხელმძღვანელობს. იეჰოვას მოწმეთა დარბაზი შიგნიდანაც და გარედანაც ღირსეულად უნდა წარადგენდეს ღმერთსა და მის ორგანიზაციას.
და-ძმები დარბაზის საექსპლუატაციო ხარჯებისთვის შესაწირავის გაღებას და მის მოვლა-პატრონობას დიდ პატივად თვლიან.
8 როცა ერთი დარბაზით ორი ან მეტი კრება სარგებლობს, ამ კრებების უხუცესები ქმნიან დარბაზის საექსპლუატაციო კომიტეტს, რომელიც შენობისა და ეზოს მოვლაზე ზრუნავს. უხუცესთა საბჭოები ირჩევენ ძმას, რომელიც კომიტეტის კოორდინატორად იმსახურებს. საექსპლუატაციო კომიტეტი უხუცესთა საბჭოების ზედამხედველობით მოქმედებს და თავად ხელმძღვანელობს დარბაზის დასუფთავებას, მოვლას და საჭირო ინვენტარის შეძენას. ეს ამ დარბაზით მოსარგებლე კრებებისგან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
9 როცა ერთ დარბაზში რამდენიმე კრება იკრიბება, შეხვედრების გრაფიკი შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს. უხუცესებმა გრაფიკი ურთიერთპატივისცემითა და ძმური სიყვარულით უნდა შეადგინონ (ფილ. 2:2—4; 1 პეტ. 3:8). არცერთმა კრებამ არ უნდა შეადგინოს გრაფიკი ისე, რომ არ გაითვალისწინოს სხვა კრებების საჭიროებები. სარაიონო ზედამხედველის მიერ ერთ-ერთი კრების მონახულებისას სხვა კრებები, რომლებიც იმავე დარბაზით სარგებლობენ, მონახულების კვირაში შეხვედრებს სხვა დროს ჩაატარებენ.
10 კრების სამსახურებრივი კომიტეტის ნებართვით დარბაზის გამოყენება შესაძლებელია საქორწინო ან დაკრძალვის მოხსენების წარმოსათქმელად. უხუცესები თითოეულ შემთხვევას განიხილავენ და გადაწყვეტილებას ფილიალიდან მიღებული მითითებების საფუძველზე მიიღებენ.
11 ვინც დარბაზის ამ მიზნით გამოყენების ნებართვას მიიღებენ, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ქრისტიანებს შეჰფერით. დარბაზში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ და-ძმებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ და, ამასთანავე, იეჰოვას სახელი და კრების რეპუტაცია არ შეილახოს (ფილ. 2:14, 15). ფილიალის ნებართვით დარბაზში შესაძლებელია ისეთი სულიერი ღონისძიებებიც ჩატარდეს, როგორიცაა სამეფო მსახურების სკოლა და პიონერული მსახურების სკოლა.
12 იეჰოვას მოწმეთა დარბაზი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილია; ამიტომ, როცა შეხვედრებს ვესწრებით, ჩვენი გარეგნობა, ჩაცმულობა და საქციელი შესაფერისი უნდა იყოს (ეკლ. 5:1; 1 ტიმ. 2:9, 10). ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებს.
13 შეხვედრების დროს წესრიგის დაცვა აუცილებელია. კარგი იქნება, თუ ბავშვები მშობლებთან ერთად ისხდებიან. უმჯობესია, პატარა ბავშვების მშობლები ისეთ ადგილას დასხდნენ, რომ სხვებს ხელი ნაკლებად შეუშალონ, თუკი ბავშვების გარეთ გაყვანა დასჭირდებათ.
14 კრების შეხვედრებზე შესაფერისი ძმები მომწესრიგებლებად ინიშნებიან. ისინი ყურადღებიანები, მეგობრულები და გონიერები უნდა იყვნენ. მომწესრიგებლებს ევალებათ, გულთბილად მიესალმონ ახლებს, ადგილების მოძებნაში დაეხმარონ დაგვიანებულებს, დათვალონ შეხვედრაზე დამსწრეები და არეგულირონ გათბობა და ვენტილაცია. საჭიროების შემთხვევაში მომწესრიგებელმა მშობლებს უნდა შეახსენოს, ყურადღება მიაქციონ შვილებს, რომ მათ არც კრების დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ არ ირბინონ შენობაში ან შენობის გარეთ, და არც სცენაზე ითამაშონ. მომწესრიგებელმა შეიძლება რბილად და ტაქტიანად სთხოვოს მშობელს, ცელქი ბავშვი გარეთ გაიყვანოს, რომ და-ძმებს ყურადღება არ გაეფანტოთ. მომწესრიგებლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პროგრამის მოსმენაში ხელი არავის შეეშალოს. უმჯობესია, მომწესრიგებლებად უხუცესები ან მომსახურეები დაინიშნონ.
იეჰოვას მოწმეთა დარბაზების მშენებლობა
15 პირველ საუკუნეში ქრისტიანებს განსხვავებული მატერიალური შესაძლებლობები ჰქონდათ. ამიტომ მოციქულმა პავლემ დაწერა: „თანასწორობა იყოს: თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულობა, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა“ (2 კორ. 8:14). იეჰოვას ორგანიზაციაში დღესაც ასეთი თანასწორობაა. მთელ მსოფლიოში კრებების მიერ გაღებული შესაწირავები დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას ხმარდება. ორგანიზაცია და ის კრებები, რომლებიც იყენებენ მთელ მსოფლიოში და-ძმების მიერ გაღებულ შესაწირავებს, დიდად აფასებენ მათ გულუხვობას.
16 ფილიალი კრებებს დარბაზებში მათი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ანაწილებს. გარდა ამისა, ფილიალი წყვეტს, სად და როდის აშენდეს ან გარემონტდეს დარბაზი. როცა სტიქიური უბედურება ხდება, ორგანიზება ეწევა დაზიანებული დარბაზებისა და, ზოგ შემთხვევაში, და-ძმების სახლების შეკეთებასაც.
17 ფილიალის ზედამხედველობით მოხალისეებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ძმებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა, ქონების შეძენა, დარბაზის დაპროექტება, სამშენებლო ნებართვების მიღება, მშენებლობა და შენობების მოვლა. ვინაიდან ბევრ ქვეყანაში დარბაზებზე დიდი მოთხოვნილებაა, მშენებლობისთვის ბევრი მოხალისეა საჭირო. ყველა მონათლულ მაუწყებელს, ვინც მზად არის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად და სათანადო მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, შეუძლია შეავსოს შესაბამისი ბლანკი და გადასცეს თავისი კრების სამსახურებრივ კომიტეტს. მოუნათლავ მაუწყებლებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თავიანთი კრების დარბაზის მშენებლობასა თუ სარემონტო სამუშაოებში.
საკონგრესო დარბაზები
18 პირველი ქრისტიანები, ძირითადად, პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ. თუმცა ზოგჯერ „დიდძალი ხალხიც“ იყრიდა თავს (საქ. 11:26). დღესაც ბევრი ადამიანი იკრიბება იეჰოვას მოწმეთა სარაიონო და რეგიონულ კონგრესებზე. ხშირად ამ მიზნით შენობებს ქირაობენ, მაგრამ სადაც ეს არახელსაყრელი ან შეუძლებელია, საჭირო ხდება საკონგრესო დარბაზის აშენება.
19 ზოგჯერ შენობას ყიდულობენ და საკონგრესო დარბაზად გადააკეთებენ, ხშირად კი მიწის ნაკვეთს ყიდულობენ და დარბაზს აშენებენ. საკონგრესო დარბაზის სიდიდეს ადგილობრივი საჭიროება განსაზღვრავს. სანამ ფილიალი დარბაზის აშენებას გადაწყვეტს, ჯერ ხარჯებს გამოთვლის და განსაზღვრავს, რამდენად ხშირად იქნება შენობა გამოყენებული.
20 ფილიალი ძმებს ავალებს საკონგრესო დარბაზის მოვლა-პატრონობას. საკონგრესო დარბაზის დალაგებაში რაიონში შემავალი კრებები იღებენ მონაწილეობას. წელიწადში ორჯერ ორგანიზება ეწევა გენერალურ დასუფთავებასა და პროფილაქტიკურ შემოწმებას. ამგვარ საქმეებში მონაწილეობის მიღება და-ძმებისთვისვეა სასარგებლო. ამიტომ კრებებმა მთელი გულით უნდა დაუჭირონ მხარი ამ ღონისძიებას (ფსალმ. 110:3; მალ. 1:10).
21 დროდადრო საკონგრესო დარბაზი შეიძლება სხვა თეოკრატიული ღონისძიებებისთვისაც იქნეს გამოყენებული, მაგალითად, ბიბლიური სკოლებისა და სარაიონო ზედამხედველებისთვის გათვალისწინებული სპეციალური შეხვედრებისთვის. ისევე როგორც ყოველკვირეული შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საკონგრესო დარბაზიც ღვთის თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილი შენობაა. ამიტომ, როცა საკონგრესო დარბაზში ვიკრიბებით, ჩვენი ყოფაქცევა, ჩაცმულობა და გარეგნობა ღირსეული უნდა იყოს, როგორც მაშინ, როცა კრების შეხვედრებზე ვიკრიბებით.
22 ბოლო დღეების მიწურულს ღვთის ორგანიზაციას ბევრი მაუწყებელი უერთდება, რაც იეჰოვას კურთხევაა (ეს. 60:8, 10, 11, 22). ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების შეძენასა თუ მოვლა-პატრონობას ემსახურება. ამით მადლიერებას გამოვხატავთ იმისათვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევიკრიბოთ შენობებში, სადაც ერთმანეთს ვამხნევებთ, მით უმეტეს, რომ ვხედავთ იეჰოვას დღის მოახლოებას.