სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“
მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი“. შემდეგ მოუწოდა: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14–16).
იტალიაში იეჰოვას მოწმეების შესანიშნავი საქმიანობა არ რჩება შეუმჩნეველი. მაგალითად, როგორც შემდეგი შეტყობინებები ადასტურებს, კონგრესებზე დასწრებისას მათ კარგ საქციელს ღვთისთვის დიდება მოაქვს:
ტერნიში (იტალია) ერთი ქალი წლების მანძილზე ეხმარებოდა ქალიშვილს ქალაქის სტადიონის მახლობლად მდებარე კაფეს გამგებლობაში. ის ყვება: „მე უდიდესი განსხვავება შევნიშნე ფეხბურთის მატჩებიდან მოსულებსა და იეჰოვას მოწმეთა კონგრესების დელეგატებს შორის. მოწმეები უფრო მოკრძალებულად იცვამდნენ და პატიოსნები და ზრდილობიანები იყვნენ. მე ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როგორ შეეძლოთ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს ერთმანეთთან ასე კარგად შეგუება.
ერთხელ ერთმა მოწმემ გამაჩერა ქუჩაში და მკითხა, ვიცი თუ არა ღვთის სახელი. მე ვერ ვუპასუხე და, რადგანაც ვიცოდი, რომ იეჰოვას მოწმეები კარგი ადამიანები არიან, მონახულებაზე თანხმობა მივეცი. მე მქონდა კითხვები მკვდრების მდგომარეობაზე, რომლებზეც მან ბიბლიიდან გამცა პასუხი. მე ყოყმანის გარეშე დავეთანხმე ბიბლიის შესწავლაზე, ორი კვირის შემდეგ კი შეხვედრებზე დასწრება დავიწყე.
თავიდან ჩემი ქალიშვილი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ჩემმა საქციელმა და შეუპოვრობამ შეცვალა მისი განწყობილება. მე შესწავლა ცხრა თვის წინ დავიწყე. დღეს ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე მადლიერებას გამოთქვამენ იეჰოვას მოწმეების წინაშე, რომლებიც მათი კაფეს მუდმივი კლიენტები არიან. რაც შემეხება მე, ამავე სტადიონზე ჩატარებულ კონგრესზე მოვინათლე“.
როსეტ დელი აბრუციში ჩატარებული კონგრესის შემდეგ იმ ადგილის პატრონმა, სადაც ბანაკი იყო განლაგებული, შენიშნა: „მე შევამჩნიე, რომ იეჰოვას მოწმეები ძალიან პატიოსნები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ. გასულ კვირას ჩემს კუთვნილ ადგილზე 40 მათგანი იყო დაბანაკებული და მათ არავითარი პრობლემა არ შეუქმნიათ. პირიქით, მხოლოდ ისინი მოდიან და გეუბნებიან, თუკი თავიანთ ტრეილერში ან კარავში ზედმეტი ადამიანი ჰყავთ. მე თუ მკითხავთ, ისინი საუკეთესო კლიენტები არიან, როგორიც კი შეიძლება გყავდეს“.
იმავე კონგრესის შემდეგ სასტუმროს გამგემ აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებიდან ყველა მშვიდობიანია. ისინი არ არიან ხმაურიანები და ადრე მიდიან დასაძინებლად. ისინი ნამდვილად გულკეთილი, პატიოსანი და კარგი ყოფაქცევის ხალხია. შესანიშნავი იქნებოდა, ყველა რომ მათი მსგავსი ყოფილიყო. სხვები ყველაფერს იპარავენ — ლარნაკებს, საფერფლეებს, ტუალეტის ქაღალდსა და შაქარსაც კი! თქვენს დროს მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა. როცა საღამოს თქვენი ბავშვები მაცივრიდან ნაყინს იღებენ, არ მაწუხებს, რომ წავიდე და შევამოწმო, რა აიღეს. ისინი ანგარიშობენ, რამდენი აქვთ ჩემი ვალი და დაუყოვნებლივ მოდიან გადასახდელად. მე დიდად ვენდობი მათ. რა შესანიშნავი იქნებოდა, სხვებიც რომ ასეთები ყოფილიყვნენ! მე ვისურვებდი, რომ ყველა ჩემი სტუმარი იეჰოვას მოწმე ყოფილიყო“.
იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი იტალიაში, ისევე როგორც დედამიწის მრავალ სხვა კუთხეში. ისინი ‘კარგად იქცევიან წარმართებში’ და ამგვარად დიდება მოაქვთ ჭეშმარიტი ღვთისთვის, ვის სახელსაც ისინი ატარებენ (1 პეტრე 2:12).