საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ იყო აბრაამი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
    • ვინ იყო აბრაამი?

      მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ შეძლო მსოფლიო რელიგიებზე დიდი გავლენის მოხდენა. აბრაამიa ბიბლიაში მოხსენიებული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია, რომელსაც პატივს სცემენ იუდეველებიც, მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც. მან თითოეულ ჩვენგანს შეუდარებელი რწმენის მაგალითი დაგვიტოვა. ბიბლიაში აბრაამს „ყველა . . . მორწმუნის მამა“ ეწოდება (რომაელები 4:11).

      რატომ სცემს ხალხი აბრაამს ასეთ დიდ პატივს? პირველ რიგში იმიტომ, რომ აბრაამი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბიბლიაში ღვთის მეგობრად არის მოხსენიებული (ესაია 41:8; იაკობი 2:23).

      აბრაამი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორებიც ჩვენ ვართ. ისიც ისეთივე პრობლემებს ხვდებოდა, როგორსაც ჩვენ ვხვდებით, მაგრამ უმკლავდებოდა მათ. გაინტერესებთ, როგორ ახერხებდა ის ამას? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ გამორჩეული ადამიანის შესახებ.

      მისი წარსული

      აბრაამი დაიბადა ძვ. წ. 2018 წელს ქალაქ ურში და ამავე ქალაქში გაიზარდა (დაბადება 11:27—31). ური დიდი და მდიდარი ქალაქი იყო. ამ ქალაქში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა. ალბათ, აბრაამის მამა, თერახიც კერპთაყვანისმცემელი იყო (იესო ნავეს ძე 24:2). მაგრამ აბრაამმა არჩია, რომ მხოლოდ იეჰოვასთვისb ეცა თაყვანი, ვიდრე რომელიმე უსიცოცხლო კერპისთვის.

      რატომ არჩია აბრაამმა, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი ყოფილიყო? ის დაიბადა ნოეს ვაჟის, სემის სიკვდილამდე 150 წლით ადრე. რა გავლენას მოახდენდა სემთან ურთიერთობა აბრაამზე? პირველ რიგში, იგი ალბათ შეიტყობდა სემისგან, როგორ გადაურჩნენ წარღვნას ის და მისი ოჯახი. ის იმასაც გაიგებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვა ღმერთის თაყვანისცემა — ღმერთის, რომელმაც სემი და მისი ოჯახი წარღვნის დროს გადაარჩინა.

      არა აქვს მნიშვნელობა, სემისგან გაიგო აბრაამმა იეჰოვას შესახებ თუ სხვისგან, მასზე დადებითად იმოქმედა იმან, რაც ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ისწავლა. როცა „გულების შემმოწმებელი“ ღმერთი, იეჰოვა, აბრაამს აკვირდებოდა, მასში რაღაც კარგი დაინახა. ის დაეხმარა მას, რომ უკეთესი ადამიანი გამხდარიყო (იგავები 17:3; 2 მატიანე 16:9).

      მისი ცხოვრება

      მართალია, აბრაამი არაერთ სირთულეს ხვდებოდა, მაგრამ მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა ერთფეროვანი და უაზრო. განვიხილოთ რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.

      ▪ აბრაამი ურში ცხოვრობდა, როცა ღმერთმა უთხრა, რომ დაეტოვებინა თავისი მშობლიური მხარე და წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელზეც ის მიუთითებდა. აბრაამმა და სარამ არ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ ან რატომ სთხოვა ღმერთმა ამ მხარის დატოვება. მიუხედავად ამისა, ისინი დაემორჩილნენ მას. აბრაამი და სარა საბოლოოდ მივიდნენ ქანაანში, სადაც მთელი თავიანთი დარჩენილი ცხოვრება ხიზნებივით კარვებში გაატარეს (საქმეები 7:2, 3; ებრაელები 11:8, 9, 13).

      ▪ როცა აბრაამი ჯერ კიდევ უშვილო იყო, ღმერთი დაჰპირდა, რომ მას დიდ ხალხად აქცევდა. იეჰოვა ღმერთმა ისიც დასძინა, რომ დედამიწაზე ყველა ოჯახი მისი მეშვეობით იკურთხებოდა (დაბადება 11:30; 12:1—3). მოგვიანებით, ღმერთმა კიდევ ერთხელ გაუმეორა აბრაამს, რომ ის აუცილებლად შეასრულებდა თავის დანაპირებს. მან აბრაამს უთხრა, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავებივით ურიცხვი იქნებოდა (დაბადება 15:5, 6).

      ▪ როცა აბრაამი 99 წლის იყო და სარა — დაახლოებით 90-ის, იეჰოვა მათ დაჰპირდა, რომ ვაჟი ეყოლებოდათ. ადამიანური თვალსაზრისით ეს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ აბრაამი და სარა მალევე მიხვდნენ, რომ არაფერია „იეჰოვასთვის შეუძლებელი“ (დაბადება 18:14). ერთი წლის შემდეგ, 100 წლის ასაკში, აბრაამი ვაჟის მამა გახდა, რომელსაც ისაკი დაარქვა (დაბადება 17:21; 21:1—5). ღმერთმა აბრაამს პირდაპირ უთხრა, რომ კაცობრიობა ისაკის მეშვეობით იკურთხებოდა.

      ▪ წლების შემდეგ იეჰოვამ აბრაამს საკმაოდ უჩვეულო რამ სთხოვა: მან აბრაამს დაავალა, რომ თავისი საყვარელი ძე, ისაკი შეეწირა მსხვერპლად, მიუხედავად იმისა, რომ ის არც დაქორწინებული იყო და არც შვილები ჰყავდა.c ალბათ, აბრაამს ძალიან დაამწუხრებდა ის, რომ შვილი უნდა დაეკარგა. მაგრამ ის მზად იყო, შეესრულებინა იეჰოვას თხოვნა და მსხვერპლად შეეწირა ისაკი. აბრაამს მტკიცედ სჯეროდა, რომ ღმერთს შეეძლო ისაკი მკვდრეთით აღედგინა, რათა თავისი დაპირებები შეესრულებინა (ებრაელები 11:19). გადამწყვეტ მომენტში, როცა აბრაამს უნდა შეეწირა ისაკი, ღმერთმა შეაჩერა ის. იეჰოვამ აბრაამი შეაქო უსიტყვო მორჩილებისთვის. შემდეგ კი გაუმეორა ის, რასაც ადრე დაჰპირდა (დაბადება 22:1—18).

      ▪ აბრაამი 175 წლის იყო, როცა სიკვდილის ძილით მიიძინა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „მოხუცი და კმაყოფილი“ იყო, როცა „კარგი სიბერით მოკვდა“ (დაბადება 25:7, 8). ამგვარად შესრულდა აბრაამზე ღვთის სიტყვები, რომ ის დიდხანს იცოცხლებდა და მშვიდად მოკვდებოდა (დაბადება 15:15).

      სამაგალითო კაცი

      საუკუნეების წინათ მცხოვრები აბრაამი გაცილებით მეტია ჩვენთვის, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ან ისტორიული ფიგურა. ის დღესაც სამაგალითო კაცია ყველასთვის (ებრაელები 11:8—10, 17—19). განვიხილოთ ოთხი გამორჩეული თვისება, რომელსაც აბრაამი ავლენდა. ჯერ ვისაუბროთ რწმენაზე, რომლითაც ის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა.

      [სქოლიოები]

      a თავდაპირველად აბრაამს ერქვა აბრამი, ხოლო მის ცოლს — სარაი. მოგვიანებით, ღმერთმა აბრამს აბრაამი უწოდა, რაც „მრავალი ერის მამას“ ნიშნავს, ხოლო მის ცოლს სარაის — სარა, რაც „დიდგვაროვან ქალბატონს“ ნიშნავს (დაბადება 17:5, 15). დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად, ამ სტატიათა სერიაში ჩვენ მათ მოვიხსენიებთ, როგორც აბრაამსა და სარას.

      b ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.

      c იხილეთ რუბრიკა „მკითხველები გვეკითხებიან — რატომ სთხოვა ღმერთმა აბრაამს, მისთვის ვაჟი შეეწირა?“ ამავე ჟურნალის 23-ე გვერდზე.

      [ჩარჩო 4 გვერდზე]

      ბიბლიის გამორჩეული პერსონაჟი

      ბიბლიის წიგნ „დაბადების“ პირველ ათ თავში მოთხრობილია ძლიერი რწმენის მქონე ისეთი მამაკაცების ისტორია, როგორებიც იყვნენ აბელი, ენოქი და ნოე. მაგრამ მომდევნო 15 თავში აღწერილია მხოლოდ ერთი კაცის, აბრაამის, ცხოვრება.

      უფრო მეტიც, ბიბლიაში პირველად მოხსენიებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა სწორედ აბრაამს უკავშირდება. მაგალითად, როცა აბრაამის ისტორიას ვკითხულობთ . . .

      ▪ პირველად სწორედ აქ არის მოხსენიებული ღმერთი, როგორც ფარი ანუ თავისი მსახურების დამცველი (დაბადება 15:1; იხილეთ კანონის 33:29; ფსალმუნის 115:9; იგავების 30:5).

      ▪ პირველად აქ გვხვდება ფრაზა: „ერწმუნა ღმერთს“ (დაბადება 15:6).

      ▪ პირველად აქ გამოიყენება სიტყვა წინასწარმეტყველი (დაბადება 20:7).

      ▪ პირველად აქ არის მოხსენიებული შვილისადმი მშობლის სიყვარული (დაბადება 22:2).

  • აბრაამი — ძლიერი რწმენის მქონე კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
    • აბრაამი — ძლიერი რწმენის მქონე კაცი

      აბრაამი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. მას არ შეეძლო, არ ეფიქრა ღვთის დანაპირებზე, რომლის თანახმადაც მისი შთამომავლობა ვარსკვლავებივით უნდა გამრავლებულიყო (დაბადება 15:5). ვარსკვლავების დანახვაზე მას ყოველთვის იეჰოვას დანაპირები ახსენდებოდა. ციური სხეულები მას იმაში არწმუნებდა, რომ იეჰოვა შეასრულებდა თავის აღთქმას. განა უზარმაზარი სამყაროს შემოქმედი, იეჰოვა, იმას ვერ შეძლებდა, რომ სარასთვის და აბრაამისთვის შვილი ეჩუქებინა?! აი, ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა აბრაამს!

      რა არის რწმენა? ბიბლიაში აღნიშნულია, რომ „რწმენა“ არის იმაში ღრმად დარწმუნება, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ ამ უხილავს მტკიცე საფუძველი გააჩნია. მორწმუნე ადამიანს მთელი ყურადღება ღვთის დანაპირების შესრულებაზე აქვს გადატანილი და იეჰოვას აღთქმებს ისე უყურებს, თითქოს ისინი უკვე შესრულებული იყოს.

      როგორ ავლენდა აბრაამი რწმენას? აბრაამი საქმეებით ამტკიცებდა, რომ სჯეროდა ღვთის დაპირებების. მან რწმენით დატოვა მშობლიური ქვეყანა და სჯეროდა, რომ იეჰოვა შეასრულებდა თავის სიტყვას და აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანდა. ქანაანში ხეტიალის დროს ამ ძლიერი რწმენის მქონე კაცს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მისი შთამომავლობა საბოლოოდ მთელ ქვეყანას დაიმკვიდრებდა. აბრაამი რწმენით დაემორჩილა იეჰოვას და მზად იყო, თავისი ვაჟი მსხვერპლად შეეწირა, რადგან სჯეროდა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ღმერთი ისაკს მკვდრეთით აღადგენდა (ებრაელები 11:8, 9, 17—19).

      აბრაამს მთელი ყურადღება მომავალზე ჰქონდა გადატანილი და არა წარსულზე. მიუხედავად იმისა, რომ სარას და აბრაამს ქანაანთან შედარებით უზრუნველი ცხოვრება ჰქონდათ ურში, „ისინი არ ფიქრობდნენ იმ ქვეყანაზე, რომელიც დატოვეს“ (ებრაელები 11:15, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“). ისინი წარსულს კი არ მისტიროდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ აკურთხებდა ღმერთი მათ და მათ შთამომავლებს მომავალში (ებრაელები 11:16).

      ჰქონდა აბრაამს რწმენის საფუძველი? რა თქმა უნდა. იეჰოვამ ყველა თავისი დანაპირები შეასრულა. აბრაამის შთამომავლები გამრავლდნენ და საბოლოოდ ერად ჩამოყალიბდნენ, რომელსაც ისრაელი ეწოდა. გავიდა დრო და ისრაელები მთელი ქანაანის ტერიტორიაზე დასახლდნენ — მიწაზე, რომელიც იეჰოვამ აბრაამს აღუთქვა (იესო ნავეს ძე 11:23).

      რა შეგვიძლია ვისწავლოთ? ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის აღთქმებს. მაშინაც კი, თუ რომელიმე დანაპირების შესრულება ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს, ჩვენ გვჯერა, რომ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).

      აბრაამისგან იმასაც ვსწავლობთ, რომ ვიფიქროთ არა წარსულზე, არამედ იმაზე, თუ რა შესანიშნავი ცხოვრება გველის მომავალში. სწორედ ამგვარად იქცევა ერთი მამაკაცი, სახელად ჯეისონი. ის მძიმე დაავადების გამო სრულიად პარალიზებულია. „უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ წარსულზე მეფიქრება ხოლმე, — ამბობს ჯეისონი. — არაფერი ისე არ მენატრება, როგორც ჩემს ცოლთან, ამანდასთან, ჩახუტება“.

      მიუხედავად ამისა, ჯეისონს მტკიცედ სჯერა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებებს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც ერთგულ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ესაია 35:5, 6; გამოცხადება 21:3, 4).a ჯეისონი დასძენს: „საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ გველის. მალე სტრესი, მწუხარება, გულგატეხილობა და დანაშაულის გრძნობა აღარავის შეაწუხებს, რადგან ამ ყველაფერს სამუდამოდ მოეღება ბოლო“. რა შესანიშნავად ჰბაძავს ჯეისონი აბრაამს!

      [სქოლიო]

      a თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სამოთხის შესახებ, რომელიც დედამიწაზე იქნება, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 3, 7 და 8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • აბრაამი — გაბედული კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
    • აბრაამი — გაბედული კაცი

      აბრაამი ხედავდა, როგორ ემზადებოდნენ მისი ოჯახის წევრები და მსახურები ქანაანში გასამგზავრებლად (დაბადება 12:1—5). ის უყურებდა ამდენ ხალხს, რომლებიც მის კმაყოფაზე იყვნენ და მათ წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. როგორ იზრუნებდა მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე უცხო ქვეყანაში? ურში, ამ მდიდარ და წყალუხვ მხარეში, სადაც უამრავი საძოვარი და ნაყოფიერი მიწები იყო, მას ხომ უფრო გაუადვილდებოდა მათზე ზრუნვა? რა ეშველებოდა მათ, ამ უცხო ქვეყანაში ცუდად რომ გამხდარიყო აბრაამი ან მომკვდარიყო? ვინღა იზრუნებდა მის ოჯახზე? რომც ჰქონოდა ასეთი უარყოფითი ფიქრები, ის არ მისცემდა შიშს იმის უფლებას, რომ მისთვის ხელ-ფეხი შეეკრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ღმერთს დამორჩილებოდა. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის გაბედული კაცი იყო.

      რას ნიშნავს გამბედაობა? ეს თვისება ახასიათებს ძლიერ, გაბედულ და მამაც ადამიანს. ეს არის სილაჩრის და სიმხდალის საპირისპირო თვისება. იყო გაბედული, იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის შიში არ გქონდეს. ღვთის დახმარებით ასეთი ადამიანი შიშის მიუხედავად გაბედულად მოქმედებს.

      როგორ ავლენდა აბრაამი გაბედულებას? აბრაამს არ ეშინოდა, ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული. ის ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხალხი უამრავ ღვთაებასა და კერპს ემსახურებოდა. ის სხვების შიშით თავს არ იკავებდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც იცოდა, რომ სწორი იყო. აბრაამმა გაბედულად აირჩია ცხოვრების განსხვავებული კურსი და გადაწყვიტა, თაყვანი ეცა ერთადერთი ღმერთისთვის — „უზენაესი ღვთის“, იეჰოვასთვის (დაბადება 14:21, 22).

      აბრაამმა სიმდიდრეზე წინ ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემა დააყენა. ის მზად იყო, დაეტოვებინა მდიდარი ქალაქი ური და წასულიყო უდაბნოში. აბრაამი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ალბათ, წლების შემდეგ ეს ღვთისმოშიში კაცი გაიხსენებდა იმ უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც ურში ჰქონდა. მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებდა და იზრუნებდა მასზე და მის ოჯახზე. რადგანაც იეჰოვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ეს აბრაამს გაბედულებას მატებდა, რომ ღვთის მოთხოვნებს დამორჩილებოდა.

      რა შეგვიძლია ვისწავლოთ? შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს გაბედულების გამოვლენაში და დავემორჩილოთ იეჰოვას მაშინაც კი, როცა ჩვენ გარშემო მყოფნი ასე არ იქცევიან. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ერთგულნი რჩებიან, წინააღმდეგობებს შეხვდებიან. წინააღმდეგობა ზოგჯერ შეიძლება კეთილმოსურნე მეგობრებმა ან ნათესავებმა გაგიწიონ (იოანე 15:20). მაგრამ, როცა ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რაც იეჰოვა ღმერთზე ვისწავლეთ, მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას, თუმცა ამას სხვებისადმი პატივისცემით ვაკეთებთ (1 პეტრე 3:15).

      ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენს. ეს კი თავის მხრივ გაბედულებას შეგვმატებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი დავაყენოთ და არა მატერიალური (მათე 6:33). განვიხილოთ, თუ როგორ მიაღწია ამას ერთმა ოჯახმა.

      მიუხედავად იმისა, რომ დაგსა და ბეკის ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდათ, სურდათ გადასულიყვნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მათ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, მხურვალედ ილოცეს და გადაწყვიტეს განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები. „დიდი გაბედულება იყო საჭირო, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვით გადავსულიყავით სხვაგან, როცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება იქ. მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, აბრაამისა და სარას მაგალითზე ვიმსჯელეთ. ძალიან დაგვეხმარა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ენდობოდნენ ისინი იეჰოვას და როგორ ზრუნავდა ისიც მათზე“, — ამბობს დაგი.

      „იეჰოვამ დიდად გვაკურთხა“, — ამბობს დაგი. შემდეგ კი დასძენს: „რადგან ცხოვრება გავიმარტივეთ, შესაძლებლობა გვაქვს, დროის უმეტესი ნაწილი ერთად გავატაროთ — ერთად ვიქადაგოთ, ვისაუბროთ და ვეთამაშოთ ბავშვებს. ეს მთელ ოჯახზე კარგად მოქმედებს და ყველანი ბედნიერები ვართ“.

      რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ ღვთისადმი თაყვანისცემა. თუ ასე მოვიქცევით, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ღმერთი ყოველთვის მხარში ამოგვიდგება. ამგვარად, თამამად შევძლებთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების გამეორებას: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:5, 6).

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      ღვთის დახმარებით ადამიანი შიშის მიუხედავად გაბედულად მოქმედებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება