ქრისტიანული თვალსაზრისი დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით
საყვარელი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილი განსაკუთრებით ტრაგიკულია. ელდას მძლავრი ემოციური ტკივილი მოსდევს. დიდი ხნის მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ სიკვდილით მიძინებული საყვარელი ადამიანის ყურება არ არის ასეთი, მაგრამ მწუხარება და დიდი დანაკარგის გრძნობა ასეთივეა.
მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაში მოკვდა საყვარელი ადამიანი, ქვრივს მხარდაჭერა და ნუგეში ესაჭიროება. დაქვრივებულმა ქრისტიანმა შეიძლება აგრეთვე განიცადოს დევნა მათგან, ვინც დაჟინებით ითხოვს დაკრძალვის არაბიბლიური წეს-ჩვეულებების დაცვას. ეს გავრცელებულია აფრიკის მრავალ ქვეყანაში და აგრეთვე დედამიწის ზოგიერთ სხვა ნაწილში.
რა დაეხმარება ქრისტიან ქვრივს არაბიბლიური წეს-ჩვეულებებისთვის თავის არიდებაში? როგორ შეუძლიათ ასეთ განსაცდელში თანაქრისტიანებს მხარდაჭერის აღმოჩენა? ამ კითხვებზე პასუხი დააინტერესებს მათ, ვინც ცდილობს ასიამოვნოს იეჰოვას, ვინაიდან „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27).
წეს-ჩვეულებების წყარო
დაკრძალვის ბევრ წეს-ჩვეულებას აერთიანებს რწმენა, რომ მიცვალებული წინაპართა უხილავ სამყაროში ცხოვრობს. ბევრი ჭირისუფალი მათ დასამშვიდებლად ვალდებულად გრძნობს თავს, გარკვეული რიტუალები შეასრულოს. ან კიდევ ისინი შიშობენ, რომ გაანაწყენებენ მეზობლებს, რომლებსაც სწამთ, რომ რაიმე უბედურება დაატყდებათ, თუ რიტუალები არ შესრულდება.
ჭეშმარიტ ქრისტიანს არ უნდა შეეშინდეს ადამიანის და მონაწილეობა არ უნდა მიიღოს წეს-ჩვეულებებში, რომლებიც არ მოსწონს ღმერთს (იგავნი 29:25; მათე 10:28). ბიბლია აჩვენებს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან; ის ამბობს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან. . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10). ამიტომ ძველ დროში იეჰოვა ღმერთმა გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ არ ეცადათ მკვდრების დამშვიდება ან არ დაკავშირებოდნენ მათ (მეორე რჯული 14:1; 18:10–12; ესაია 8:19, 20). ეს ბიბლიური ჭეშმარიტებები ეწინააღმდეგება დაკრძალვის ბევრ გავრცელებულ წეს-ჩვეულებას.
რის თქმა შეიძლება „სქესობრივი განწმენდის“ შესახებ?
ცენტრალური აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, დაქვრივებულმა სქესობრივი კავშირი უნდა დაამყაროს გარდაცვლილი მეუღლის ახლო ნათესავთან. თუ ეს არ სრულდება, ფიქრობენ, რომ მკვდარი ოჯახის წევრებს ავნებს. ამ რიტუალს „სქესობრივი განწმენდა“ ეწოდება. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი ‘სიძვაა’. რადგანაც ქრისტიანები ‘უნდა გაურბოდნენ სიძვას’, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ არაბიბლიურ წეს-ჩვეულებას (1 კორინთელთა 6:18).
მაგალითად, როდესაც 1989 წელს მერსისa ქმარი გარდაეცვალა, ნათესავებს სურდათ, რომ მას „სქესობრივი განწმენდა“ შეესრულებინა ნათესავ მამაკაცთან. მან უარი განაცხადა და ახსნა, რომ ეს რიტუალი ეწინააღმდეგებოდა ღვთის კანონს. გაბრაზებულმა ნათესავებმა გალანძღეს და წავიდნენ. ერთი თვის შემდეგ გაუძარცვეს სახლი და სახურავი აჰყარეს. „შენმა რელიგიამ იზრუნოს შენზე“, — უთხრეს მას.
კრებამ ანუგეშა მერსი და ახალი სახლიც კი აუშენა. ამან მეზობლებზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ზოგმა გადაწყვიტა მიხმარებოდა — მათ შორის იყო ტომის წინამძღოლის კათოლიკე ცოლიც, რომელმაც პირველმა დაიწყო სახურავისთვის ჩალის მიტანა. მერსის ერთგულმა საქციელმა წაახალისა შვილები. ოთხმა მათგანმა იეჰოვას მიუძღვნა თავი და ახლახან ერთ-ერთი სამსახურებრივი დახელოვნების სკოლასაც კი ესწრებოდა.
„სქესობრივი განწმენდის“ ჩვეულების გამო ზოგი ქრისტიანი ურწმუნოზე ქორწინდება. მაგალითად, 70 წელს გადაცილებული ქვრივი ნაჩქარევად დაქორწინდა გარდაცვლილი მეუღლის ნათესავ გოგონაზე. ამით მან თავი დაიზღვია „სქესობრივი განწმენდისგან“. მაგრამ ასეთი მოქმედება ეწინააღმდეგება ბიბლიურ რჩევას, რომ ქრისტიანი ‘მხოლოდ უფალში’ უნდა დაქორწინდეს (1 კორინთელთა 7:39).
ღამის გათენების წეს-ჩვეულება
მრავალ ქვეყანაში დამტირებლები იკრიბებიან მიცვალებულის სახლში ღამის გასათენებლად. ამ გათენებას ხშირად თან სდევს პურის ჭამა და ხმამაღალი მუსიკა. სჯერათ, რომ ეს ამშვიდებს მიცვალებულს და ოჯახის წევრებს იცავს ჯადოსგან. დამტირებლები მიცვალებულის შესახებ რიგრიგობით კარგს ამბობენ და შუალედებში რელიგიურ სიმღერებს მღერიან. ეს შეიძლება გარიჟრაჟამდე გრძელდებოდესb.
ჭეშმარიტმა ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს ღამის გათენების წეს-ჩვეულებებში მონაწილეობა, რადგანაც ბიბლია აჩვენებს, რომ მკვდარს ცოცხლისთვის არც დახმარება და არც ზიანის მიყენება არ შეუძლია (დაბადება 3:19; ფსალმუნი 145:3, 4; იოანე 11:11–14). საღვთო წერილი კიცხავს სპირიტიზმს (გამოცხადება 9:21; 22:15). მაგრამ ქრისტიან ქვრივს შეიძლება გაუძნელდეს სხვებისთვის სპირიტულ ჩვეულებებში ხელის შეშლა. მათ შეიძლება დაჟინებით მოითხოვონ ღამის გათენება. რა შეუძლიათ თანამორწმუნეებს გააკეთონ ქრისტიანი ქვრივის დასახმარებლად, რომელიც ამ დამატებით გასაჭირს ხვდება?
კრების უხუცესებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ ქვრივის ქრისტიან ოჯახს ნათესავებთან და მეზობლებთან გასაუბრებით. ასეთი საუბრის შემდეგ ეს პიროვნებები ეთანხმებიან იმას, რომ დატოვონ ოჯახი მშვიდობიანად და პანაშვიდზე სხვა დღეს მივიდნენ. მაგრამ, თუ ვინმე წინააღმდეგია? მსჯელობის გაგრძელებას შეიძლება ძალადობა მოჰყვეს. ‘მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ უნდა იყოს შემწყნარე [„თავშეკავებული“, აქ]’ (2 ტიმოთე 2:24). ასე რომ, თუ შეუთანხმებელი ნათესავები თავისას აკეთებენ, ქრისტიან ქვრივს და ბავშვებს, ალბათ, არაფრის გაკეთება შეეძლებათ ხელის შესაშლელად. მაგრამ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არასწორ რელიგიურ წეს-ჩვეულებაში, რომელიც მათ სახლში მიმდინარეობს, რადგანაც ემორჩილებიან ბიბლიის ბრძანებას: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“ (2 კორინთელთა 6:14).
ეს პრინციპი დასაფლავებასაც ეხება. იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ სიმღერაში, ლოცვაში ან წეს-ჩვეულებებში, რომლებსაც ცრუ რელიიგიის მსახური უძღვება. თუ გარდაცვლილის ოჯახის ქრისტიანი წევრები თვლიან, რომ აუცილებლად უნდა დაესწრონ ასეთ მსახურებას, ამ რიტუალებში მონაწილეობას არ ღებულობენ (2 კორინთელთა 6:17; გამოცხადება 18:4).
ღირსეული დაკრძალვა
დაკრძალვები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ხელმძღვანელობენ, არ შეიცავს მკვდრის დასამშვიდებელ წეს-ჩვეულებებს. ბიბლიური მოხსენება ან სამეფო დარბაზში იკითხება, ან განსვენებულის სახლში, ან სამგლოვიარო დარბაზში, ან კიდევ სასაფლაოზე. მოხსენების მიზანი ქვრივის ნუგეშისცემაა იმის ახსნით, თუ რას ამბობს ბიბლია სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომის იმედზე (იოანე 11:25; რომაელთა 5:12; 2 პეტრე 3:13). შეიძლება საღვთო წერილზე დაფუძნებული სიმღერა იმღერონ და დაკრძალვა ნუგეშის მომცემი ლოცვით დაამთავრონ.
ამას წინათ ასე ჩატარდა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის დაკრძალვა, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ნელსონ მანდელას უმცროსი და იყო. დაკრძალვის შემდეგ პრეზიდენტმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა მომხსენებელს. ბევრი წარჩინებული და მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. „ეს ყველაზე ღირსეული დაკრძალვა იყო, რომელზეც კი მე ვყოფილვარ“, — თქვა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.
დაშვებულია სამგლოვიარო ტანსაცმელი?
იეჰოვას მოწმეები გლოვობენ გარდაცვლილ საყვარელ პიროვნებას. იესოს მსგავსად, შეიძლება ტირიან (იოანე 11:35, 36). მაგრამ ისინი აუცილებლობად არ მიიჩნევენ, გამოავლინონ თავიანთი მწუხარება დასანახავად (შეადარეთ მათე 6:16–18). მრავალ ქვეყანაში ქვრივმა მკვდრის დასამშვიდებლად სპეციალური სამგლოვიარო ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას. ეს ტანსაცმელი თვეების ან წლის განმავლობაში უნდა ატაროს დაკრძალვის შემდეგ და მათ გასახდელადაც სპეციალური სუფრა მოაწყოს.
თუ სამგლოვიარო ნიშნებს არ ატარებენ, ამას მკვდრის შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ამ მიზეზით სვაზილენდის ზოგ ადგილში ტომების წინამძღოლებმა განდევნეს იეჰოვას მოწმეები მშობლიური სახლებიდან. მაგრამ ასეთ ერთგულ ქრისტიანებს ყოველთვის მზრუნველობას უწევდნენ სხვაგან მცხოვრები სულიერი ძმები.
სვაზილენდის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასიკეთოდ დაადგინა, რომ მათ ნება უნდა მიეცეთ დაბრუნდნენ მშობლიურ სახლებსა და მამულებში. სხვა შემთხვევაში ქრისტიან ქვრივს ნება მიეცა არ შეესრულებინა ეს წერილისა და ფირზე ჩანაწერის წარდგენის შემდეგ, რომელშიც განსვენებული ქმარი, ნათლად ადგენდა, რომ ცოლს სამგლოვიარო ტანსაცმელი არ ეტარებინა. ამგვარად, მან დაამტკიცა, რომ ქმარი მას პატივს სცემდა.
დიდი მნიშვნელობა აქვს სიკვდილამდე დაკრძალვასთან დაკავშირებულ დაწერილ მითითებებს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც არაბიბლიური წეს-ჩვეულებებია გავრცელებული. განვიხილოთ კამერუნში მცხოვრები ვიქტორის მაგალითი. მან შეადგინა პროგრამა, რომლითაც მის დაკრძალვაზე უნდა ეხელმძღვანელათ. მას ბევრი გავლენიანი ნათესავი ჰყავდა, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ კულტურას, რომელსაც მკვდრის პატივისცემასთან დაკავშირებული მტკიცე ტრადიციები ჰქონდა და ადამიანის თავის ქალას სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ვიქტორს ოჯახში პატივს სცემდნენ, მან იცოდა, რომ მის ქალას ასე მოექცეოდნენ. ამის გამო, მან გასაგები მითითებები დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაძღოლოდნენ იეჰოვას მოწმეები მის დაკრძალვას. ამან მის ქვრივსა და შვილებს მდგომარეობა შეუმსუბუქა და გარეშეებისთვისაც კარგი დამოწმება იყო.
მოერიდე არაბიბლიური წეს-ჩვეულებების მიბაძვას
ზოგს, ვისაც ბიბლიური შემეცნება აქვს, ეშინია, რომ სხვისგან განსხვავებული იყოს. დევნისთვის თავის არიდების მიზნით ისინი ცდილობენ, ასიამოვნონ მეზობლებს იმით, რომ აჩვენებენ, თითქოს მიცვალებულს ტრადიციის მიხედვით უთენებენ ღამეს. თუმცა ქვრივის მონახულება და ნუგეშისცემა საქებარია, ეს არ მოითხოვს დაკრძალვის წინ მიცვალებულის სახლში ყოველ ღამე მცირე პანაშვიდების მოწყობას. ასეთი მოქცევით შეიძლება ბევრი შემსწრე დაბრკოლდეს, შეიძლება იფიქრონ, რომ მონაწილეებს, სინამდვილეში, არ სწამთ ის, რასაც ბიბლია ამბობს მიცვალებულთან დაკავშირებით (1 კორინთელთა 10:32).
ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ღვთის თაყვანისცემა ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენონ და ბრძნულად გამოიყენონ დრო (მათე 6:33; ეფესელთა 5:15, 16). მაგრამ ზოგან დაკრძალვის გულისთვის კვირის ან კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში კრების შეხვედრები არ ტარდება. ეს მარტო აფრიკის პრობლემა არ არის. სამხრეთ აფრიკიდან ცნობა ერთი დაკრძალვის შესახებ იტყობინება: „სამ ქრისტიანულ შეხვედრას ძალიან ცოტა ესწრებოდა. თითქმის ათი დღის განმავლობაში ქადაგება არ მიმდინარეობდა. ბიბლიის შემსწავლელები და გარეშე პირებიც კი გაკვირვებული და გულაცრუებული იყვნენ ზოგიერთი დისა და ძმის ნახვით, რომლებიც პანაშვიდებში იღებდნენ მონაწილეობას“.
ზოგ ადგილში ქვრივის ოჯახმა დაკრძალვის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ახლო მეგობარი სახლში მიიწვიოს წასახემსებლად. მაგრამ აფრიკის მრავალ კუთხეში ასობით ადამიანი, რომლებიც დაკრძალვას ესწრებოდნენ, ბრუნდებიან მიცვალებულის სახლში და ქელეხზე, სადაც ხშირად ცხოველს სწირავენ. ზოგიერთი, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება, ჰბაძავს ასეთ წეს-ჩვეულებას და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მართავს ჩვეულებრივ მკვდრის დასამშვიდებელ ქელეხს.
იეჰოვას მოწმეების მიერ ჩატარებული პანაშვიდები არ ადებს ქვრივს მძიმე ტვირთს. ასე რომ, აუცილებელი არ უნდა იყოს განსაკუთრებული ღონისძიება — დამსწრეთაგან ფულის მიცემა დიდი ხარჯების დასაფარავად. თუ ღარიბ ქვრივს არ შეუძლია გადაიხადოს აუცილებელი ხარჯები, უეჭველია, რომ კრებაში სხვები სიხარულით დაეხმარებიან. თუ ეს დახმარება არასაკმარისია, უხუცესები ყველაფერს აკეთებენ, რომ მატერიალური დახმარება გაუწიონ მათ, ვინც იმსახურებს (1 ტიმოთე 5:3, 4).
დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ყოველთვის არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. როდესაც ეწინააღმდეგება, ქრისტიანები მზად არიან მოიქცნენ საღვთო წერილთან შეთანხმებითc (საქმეები 5:29). თუმცა ამან შეიძლება დამატებითი სირთულე გამოიწვიოს, ღვთის ბევრ მსახურს შეუძლია დაადასტუროს, რომ ისინი ასეთ გამოცდებს წარმატებით გაუმკლავდნენ. მათ ეს შეძლეს იეჰოვას ძალით, ‘ყოველი ნუგეშის ღმერთის’ და თანაქრისტიანების მოსიყვარულე დახმარებით, რომლებიც ანუგეშებდნენ მათ გასაჭირში (2 კორინთელთა 1:3, 4).
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
b ზოგ ენობრივ ჯგუფსა და კულტურაში სიტყვა „გათენება“ გამოიყენება ნუგეშისცემის მიზნით ქვრივთან მცირე ხნით მისვლასთან დაკავშირებითაც, რაშიც არაფერია არაბიბლიური. იხილეთ 1979 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 27, 28 (ინგლ.).
c სადაც დაკრძალვის წეს-ჩვეულებები შეიძლება მკაცრ გამოცდაში აგდებს ქრისტიანებს, უხუცესებს შეუძლიათ მოამზადონ ისინი, ვისაც მონათვლა სურთ იმისთვის, რაც შეიძლება შეხვდეთ. ამ ახლებთან შეხვედრისას ბროშურიდან „ბიბლიის სწავლების საწყისები“ კითხვების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მონაკვეთებს: „სული, ცოდვა და სიკვდილი“ და „ერთდროულად სხვადასხვა რელიგიებში მონაწილეობა“. ორივე ნაწილს დართული აქვს განსახილველი კითხვები არჩევნის მიხედვით. სწორედ ამის მეშვეობით შეუძლია უხუცესს მიაწოდოს ინფორმაცია არაბიბლიური დაკრძალვის წეს-ჩვეულებების შესახებ, რომ პიროვნებამ, რომელსაც სურს მოინათლოს, იცოდეს, რას მოითხოვს ღვთის სიტყვა მისგან, თუ ის ასეთ სიტუაციაში მოხვდება.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
მტკიცე პოზიციისთვის კურთხეულნი
სიბონგილი მამაცი ქრისტიანი ქვრივია, რომელიც სვაზილენდში ცხოვრობს. ახლახან, ქმრის სიკვდილის შემდეგ, უარი განაცხადა წეს-ჩვეულებების შესრულებაზე, რომლებიც, ბევრის აზრით, მკვდრის დასამშვიდებლად სრულდებოდა. მაგალითად, მან არ გადაიპარსა თავი (მეორე რჯული 14:1). ამის გამო გაბრაზებულმა ოჯახის რვა წევრმა ძალით გადაპარსა მას თავი. მათ აგრეთვე აუკრძალეს იეჰოვას მოწმეებს სიბონგილის ნუგეშსაცემად მის სახლში მისვლა. მაგრამ სხვებმა, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობით დაინტერესებული იყვნენ, სიამოვნებით მოინახულეს ის და გადასცეს გამამხნევებელი წერილები უხუცესებისგან. იმ დღეს, როდესაც სიბონგილი მოელოდა, რომ სამგლოვიარო ტანსაცმელს ჩააცვამდნენ, რაღაც საოცარი მოხდა. ოჯახის გავლენიანმა პირებმა მოიწვიეს შეხვედრა, რათა განეხილათ, თუ რატომ ამბობდა სიბონგილი ტრადიციული სამგლოვიარო წეს-ჩვეულების შესრულებაზე უარს.
„შემეკითხნენ, მაძლევდა თუ არა ჩემი რელიგია გლოვის ნიშნად შავების ტარების უფლებას. როდესაც ჩემი პოზიცია ავუხსენი, მითხრეს, რომ ძალას არ დამატანდნენ. ჩემდა გასაკვირად, ყველამ ბოდიში მომიხადა უხეშად მოპყრობისთვისა და თავის ძალად გადაპარსვისთვის. ყველამ მთხოვა მეპატიებინა“, — იტყობინება სიბონგილი. მოგვიანებით სიბონგილის დამ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჭეშმარიტი რელიგია აქვთ და ითხოვა დაეწყოთ მასთან ბიბლიის შესწავლა.
განვიხილოთ სხვა შემთხვევა: სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ბენიამინი 29 წლის იყო, როცა უცბად მამამისი გარდაიცვალა. იმ დროს ოჯახში მარტო ის იყო მოწმე. დაკრძალვისას ყველა რიგ-რიგობით უნდა მისულიყო და ერთი მუჭა მიწა დაეყარა კუბოსთვისd. დაკრძალვის შემდეგ ოჯახის ყველა წევრმა თავი გადაიპარსა. რადგან ბენიამინმა ამ რიტუალებში არ მიიღო მონაწილეობა, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მკვდარი მამის სული დასჯიდა მას.
„რადგანაც იეჰოვას მივენდე, არაფერი მომსვლია“, — თქვა ბენიამინმა. ოჯახის წევრებმა ნახეს, რომ არ დასჯილა. დროთა განმავლობაში, რამდენიმე მათგანმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა. როგორ მოიქცა ბენიამინი? მან სრული დროით მსახურება დაიწყო. ამ ბოლო წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეების კრებებში მსახურების შესანიშნავი უპირატესობა აქვს. ის მიმომსვლელი ზედამხედველია.
[ჩარჩოს სქოლიო]
d ზოგი შეიძლება ცუდს ვერაფერს ხედავს ყვავილების ან მუჭა მიწის საფლავზე მიყრაში. მაგრამ ქრისტიანი ამ წესს უნდა მოერიდოს, თუ ამას ამ მხარეში მკვდრის დასამშვიდებლად მიიჩნევენ ან თუ ეს ცრუ რელიგიის მსახურის მიერ შესრულებული ცერემონიალის ნაწილია (იხილეთ 1977 წლის 22 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 15 [ინგლ.]).