როგორ ავირიდოთ გლობალური ტრაგედია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამას „გლობალური ტრაგედია“ უწოდა და ეს სწორიც არის. მსოფლიოში ყოველ წუთს ფეხმძიმობისა და მშობიარობის გამო ერთი ქალი კვდება.
სიკვდილის შემთხვევების უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. მაშინ, როცა ევროპაში ფეხმძიმობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო 10 000-დან ერთი ქალი კვდება, შეერთებულ შტატებში კი 12 500-ში ერთი, ლათინურ ამერიკაში ეს რიცხვი 73-ზე ერთს, აზიაში 54-ზე ერთს, ხოლო აფრიკაში 21-ზე ერთს აღწევს, რაც ძალზე შემაძრწუნებელია.
რადგანაც ფეხმძიმობასთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველწლიურად 600 000 დაღუპულიდან ბევრის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი კვალიფიცირებულ მეანებს რომ გაეწიათ დახმარება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დახმარების ფონდი (იუნისეფი) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს დიდ ყურადღებას აქცევენ ქალების (და კაცების) სწავლებას, იმისათვის რომ გამოცდილი მეანები იყვნენ.
ქვეყნებში, რომლებშიც ცოტა ექიმები არიან, ადამიანის სიცოცხლე შეიძლება მცოდნე მეანებზე იყოს დამოკიდებული. იუნისეფის წარმომადგენელმა ქალბატონმა ფრანს დონეიმ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ენ ტომფსონმა, ახლახანს განუცხადეს გაეროს რადიომაუწყებლობას, რომ გამოცდილი მეანებისთვის მეტი უფლებამოსილების მიცემას თავისი შედეგები უკვე მოაქვს. მათ თქვეს, რომ, მაგალითად, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დედების სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა, როდესაც მეანებს ნება დართეს ბავშვის დაბადებისას მოეშორებინათ პლაცენტა, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ. მსგავსი წინსვლა შეიმჩნევა ინდონეზიაშიც, სადაც განხორციელდა გეგმა, რომლის მიზანიც იყო ყოველ სოფელში ორი მეანის კვალიფიკაციის ამაღლება. იქ უკვე 55 000 გამოცდილი მეანია.
„მეანობა განვითარებად ქვეყნებშიც მოქმედებს“, — აღნიშნა გაეროს ერთმა რადიო-გადაცემამ (Perspective). ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი, მეანობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ; ხოლო შეერთებულ შტატებში კვლავ აღორძინებას განიცდის. ამ ქვეყნებში აფასებენ მეანებს, — ამბობს გამოცდილი ბებიაქალი ენ ტომფსონი, — რადგან ისინი მუდმივ მეთვალყურეობას სთავაზობენ ხალხს. ბოლოს და ბოლოს მშობიარობა შეიძლება 24 საათის განმავლობაში გაგრძელდეს, რის გამოც ექიმებს მთელი დღის მანძილზე ამოსუნთქვის დრო არ აქვთ“. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მშობიარობას უფრო უსაფრთხოს ხდის, „იმ პიროვნების დასწრებაა, ვინც თანაუგრძნობს, გარკვეულია ამ საკითხში, ესმის ქალის და შეუძლია დაამშვიდოს“.
იმავე რადიო გადაცემაში აღნიშნული იყო, რომ „ყოველ წლიურად მშობიარობის 60 მილიონ შემთხვევაში ქალზე მხოლოდ ოჯახის წევრი, გამოუცდელი მეანი ან საერთოდ არავინ ზრუნავს“. გაერო მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს. დასაწყისისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1998 წლის მსოფლიო ჯანდაცვის დღეს ყურადღება გაამახვილა თემაზე „უსაფრთხო დედობა“. „ჩვენ ვიცით, რომ ამას ვერ მივაღწევთ შემდგომ ორ-სამ წელიწადში,“ — თქვა ქალბატონმა დონეიმ. მაგრამ მათი მიზანია, „ყოველ ქალს მშობიარობისას პროფესიონალი მეანი ეხმარებოდეს“.
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
UN/J. Isaac