-
„განა ღვთისგან არ არის ახსნა?“საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 თებერვალი
-
-
ახლა იოსები 28 წლისაა. თითქმის ათი წელია, რაც მონაა და თანაც პატიმარი. რბილად რომ ვთქვათ, მისი ცხოვრება სულაც არ წარიმართა ისე, როგორც იმედოვნებდა. ეღირსებოდა ოდესმე თავისუფლება? კიდევ ნახავდა თავის მოხუცებულ, საყვარელ მამას და უმცროს ძმას, ბენიამინს? რამდენ ხანს მოუწევდა ამ ჯურღმულში ყოფნა?
თქვენც ხომ არ გაგჩენიათ მსგავსი გრძნობები? ზოგჯერ ცხოვრება ახალგაზრდული ოცნებებისგან საპირისპიროდ, სულ სხვა მიმართულებით მიგვაქანებს. ზოგჯერ ტანჯვასა და გაუსაძლის სიტუაციებს ბოლო არ უჩანს, გამოსავალი არსაიდან ჩანს და ლამის გაგვიწყდეს მოთმინების ძაფი. ასეთ სიტუაციებში ძალიან წაგვადგება იოსების რწმენაზე დაფიქრება.
„იეჰოვა იყო იოსებთან“
იოსებმა იცოდა, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებდა. სწორედ ეს აძლევდა მოთმინების ძალას. სამშობლოდან გადახვეწილს, აქ, საპატიმროშიც კი არ აკლებდა ღმერთი კურთხევას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას და წყალობა აპოვნინა საპყრობილის ზედამხედველის თვალში“ (დაბადება 39:21—23). პატიოსანი შრომით იოსები ღმერთს კურთხევის საფუძველს აძლევდა. წარმოიდგინეთ, როგორ ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მუდამ მის გვერდით იყო!
დაუშვებდა იეჰოვა, რომ იოსები სიკვდილამდე ციხეში დარჩენილიყო? იოსებმა ზუსტად არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა უდავოა, რომ ამ საკითხზე ხშირად ესაუბრებოდა ღმერთს ლოცვებში. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მის ლოცვებს პასუხი მაშინ გაეცა, როცა არ ელოდა. ერთ დღესაც ციხეში დიდი ხმაური ატყდა, მოიყვანეს ორი ახალი პატიმარი, ფარაონის მოხელეები. ერთი მეფის მცხობელთა უფროსი იყო, მეორე — მერიქიფეთა უფროსი (დაბადება 40:1—3).
ციხის ზედამხედველმა იოსებს დაავალა ამ დიდგვაროვან კაცებზე ზრუნვა.b ერთ ღამეს ორივემ ცხადი, თავზარდამცემი სიზმარი ნახა. დილით იოსებმა მათ სახეებზე ამოიკითხა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ჰკითხა: „დღეს რაღაც დაღვრემილი სახეები გაქვთ“ (დაბადება 40:3—7). ალბათ ასეთმა გულისხმიერებამ აღძრა ისინი, თავიანთი საწუხარი მისთვის მოეყოლათ. მაშინ იოსებმა არ იცოდა, რომ ეს საუბარი მის ცხოვრებას წაღმა დაატრიალებდა. შედგებოდა ეს საუბარი, იოსებს ამ მამაკაცების მიმართ თანაგრძნობა და ყურადღება რომ არ გამოევლინა? მისმა მაგალითმა შეიძლება ჩვენც დაგვაფიქროს შემდეგ კითხვაზე: ვავლენ ინტერესს სხვებისადმი, როგორც ამას ღმერთი მოელის ჩემგან?
იოსები პატიმრებს კეთილად და პატივისცემით ეპყრობოდა
მამაკაცებმა იოსებს უთხრეს, რომ საგონებელში იყვნენ ჩაცვენილი სიზმრებისა და იმის გამო, რომ ამხსნელი არ ჰყავდათ. ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს და დიდად იყვნენ დამოკიდებული მათზე, ვისაც მათი ახსნა შეეძლო. იმ ორმა მამაკაცმა არ იცოდა, რომ მათი სიზმრები იოსების ღმერთისგან, იეჰოვასგან მომდინარეობდა, მაგრამ იოსებმა იცოდა და დასამშვიდებლად უთხრა: „განა ღვთისგან არ არის ახსნა? მომიყევით [სიზმარი]“ (დაბადება 40:8). იოსების სიტყვები დღესაც ყურადსაღებია ბიბლიის გულწრფელი მკვლევრებისთვის. ნეტავ ყველა მორწმუნე ავლენდეს მსგავს თავმდაბლობას! ჩვენ უნდა შეგვეძლოს, სიამაყე გვერდზე გადავდოთ და ბიბლიის სწორად გასაგებად თავმდაბლურად მივმართოთ ღმერთს (1 თესალონიკელები 2:13; იაკობი 4:6).
პირველი სიზმარს მერიქიფე მოჰყვა. მან იოსებს მოუყვა, რომ სიზმარში ნახა ვაზი, რომელსაც სამი ლერწი ჰქონდა. ვაზი გაიფურჩქნა და დამწიფდა მტევნები. მერიქიფემ ყურძენი ფარაონის სასმისში ჩაწურა. იეჰოვას დახმარებით იოსები მაშინვე ჩასწვდა სიზმრის მნიშვნელობას. მან მერიქიფეს უთხრა, რომ სამი ლერწი სამ დღეს ნიშნავდა. ამ დროის გასვლის შემდეგ ფარაონი მას ძველ მდგომარეობას დაუბრუნებდა. როგორც კი მერიქიფეს სახე გაებადრა, იოსებმა მას სთხოვა: „სიკეთე გამიკეთე, მომიხსენიე ფარაონთან“. შემდეგ კი უთხრა, რომ მოტაცებული იყო თავისი ქვეყნიდან და უსამართლოდ იჯდა ციხეში (დაბადება 40:9—15).
გახარებული მერიქიფეს შემხედვარე მცხობელმა იოსებს სთხოვა, მისთვისაც აეხსნა სიზმარი. მან სიზმარში ნახა პურით სავსე სამი კალათა, რომლებიც თავზე ედგა. ერთ-ერთიდან ფრინველები ჭამდნენ. იეჰოვამ ამ სიზმრის ახსნაც გაუმჟღავნა იოსებს, თუმცაღა ეს არ იქნებოდა კარგი ამბავი მცხობელისთვის. იოსებმა მას უთხრა: „ეს არის ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. სამ დღეში წაგიყვანს ფარაონი, თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს და ფრინველები შეჭამენ შენს ხორცს“ (დაბადება 40:16—19). ღვთის ყველა ერთგული მსახურის მსგავსად, იოსებმაც გაბედულად გაამჟღავნა ღვთის გარდაუვალი ცნობა, როგორც კარგი, ისე ცუდი (ესაია 61:2).
სამი დღის შემდეგ იოსების სიტყვები ახდა. ფარაონმა დაბადების დღე გადაიხადა და თავის ორ მსახურს განაჩენი გამოუტანა (ბიბლიურ დროში ღვთის მსახურები არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს). იოსების სიტყვისამებრ, მცხობელი სიკვდილით დასაჯეს, მერიქიფე კი ძველ ადგილზე დააბრუნეს. სამწუხაროდ, ამ უგულისყურო კაცს იოსები არ გახსენებია (დაბადება 40:20—23).
„მე რა სახსენებელი ვარ!“
გავიდა ორი სრული წელიწადი (დაბადება 41:1). წარმოიდგინეთ, როგორ გაუტყდებოდა იოსებს გული! მას შემდეგ, რაც იეჰოვამ სიზმრები აახსნევინა, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ჩასახვოდა გათავისუფლების იმედი. ალბათ ყოველდღე იოსები ამ იმედით იღვიძებდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მომაბეზრებელ ცხოვრებას ბოლო არ უჩანდა. ეს ორი წელიწადი ალბათ ყველაზე რთული ასატანი იქნებოდა, მაგრამ იოსებს ღვთისადმი რწმენა არ განელებია. ის სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა; გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე მოეთმინა, რამაც კიდევ უფრო მეტად განამტკიცა და გამოაწრთო (იაკობი 1:4).
-
-
„განა ღვთისგან არ არის ახსნა?“საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 თებერვალი
-
-
მერიქიფეს შეიძლება დაავიწყდა იოსები, მაგრამ იეჰოვას — არა! ერთ ღამეს იეჰოვამ ფარაონს ორი უცნაური სიზმარი ახილვინა. პირველ სიზმარში მეფემ ნახა, რომ მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი, ხორცსავსე ძროხა ამოვიდა, შემდეგ კი — შვიდი უშნო, გამხდარი ძროხა. უშნო და გამხდარმა ძროხებმა შეჭამეს მსუქანი ძროხები. მეორეჯერ ფარაონს ესიზმრა ღერო, რომელზეც შვიდი მსხვილი და საღი თავთავი ამოვიდა. შემდეგ ღეროდან კიდევ სხვა შვიდი თავთავი ამოვიდა, წვრილი და ქარისგან დახრუკული, რომლებმაც შეჭამეს სავსე თავთავები. დილით ფარაონმა აფორიაქებულმა გაიღვიძა და სიზმრების ასახსნელად თავის ბრძენკაცებსა და გრძნეულ ქურუმებს მოუხმო. ვერავინ შეძლო მათი ახსნა (დაბადება 41:1—8). ჩვენ არ ვიცით, რა დაემართათ მათ — საერთოდ დატყვევდნენ და ხმა ვერ ამოიღეს, თუ ურთიერთსაპირისპირო აზრები გამოთქვეს? მაგრამ ერთი რამ ცხადია: ფარაონი იმედგაცრუებული დარჩა და გამწარებული ეძებდა სიზმრების ამხსნელს.
ბოლოს მერიქიფეს იოსები გაახსენდა. როგორც იქნა, სინდისმა შეაწუხა და ფარაონს მოუყვა იმ ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც ციხეში ორი წლის წინ ზუსტად აუხსნა სიზმრების მნიშვნელობა მასაც და მცხობელსაც. ფარაონმა მაშინვე გამოიხმო იოსები ციხიდან (დაბადება 41:9—13).
წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა იოსებს, როდესაც სამეფო კარის უწყებას გადასცემდნენ. სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი და გაიპარსა, შესაძლოა თავიც გადაიპარსა, ვინაიდან ეგვიპტეში ასეთი წესი იყო. უდავოა, ის მხურვალედ ილოცებდა და იეჰოვას დახმარებას სთხოვდა. მალე ის დიდებულ სასახლეში მონარქის წინაშე წარსდგა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ფარაონმა უთხრა იოსებს: „სიზმარი ვნახე, მაგრამ ამხსნელი არავინაა. შენზე მსმენია, რომ შეგიძლია გაიგო და ახსნა კიდეც“. იოსებმა მიუგო ფარაონს: „მე რა სახსენებელი ვარ! ღმერთი გამოუცხადებს ფარაონს მისივე საკეთილდღეოდ“». იოსების პასუხში კიდევ ერთხელ გამოვლინდა ღვთისადმი რწმენა და თავმდაბლობა (დაბადება 41:14—16).
იოსებმა თავმდაბლურად უთხრა ფარაონს: „მე რა სახსენებელი ვარ!“
იეჰოვას უყვარს თავმდაბალი და ერთგული ადამიანები. ამიტომ მისცა იოსებს სიზმრების ახსნის ძალა, რისი უნარიც არ აღმოაჩნდათ ეგვიპტელ ბრძენკაცებსა და ქურუმებს. იოსებმა ფარაონს უთხრა, რომ ორივე სიზმარს ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდა. სიზმრის ორჯერ გამეორებით იეჰოვამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს საქმე მტკიცედ იყო გადაწყვეტილი და აუცილებლად შესრულდებოდა. ხორცსავსე ძროხები და სავსე თავთავები განასახიერებდა შვიდ მოსავლიან წელიწადს ეგვიპტეში, ხოლო გამხდარი ძროხები და ცარიელი თავთავები — შიმშილობის შვიდ წელიწადს, რომლებიც ბარაქიან წლებს მოჰყვებოდა. შიმშილი გაანადგურებდა ეგვიპტის მიწის მთელ დოვლათსა და ბარაქას (დაბადება 41:25—32).
ფარაონი მიხვდა, რომ იოსებმა სწორად ახსნა სიზმრები. მაგრამ რა უნდა ეღონა? იოსებმა მოქმედების გეგმა შესთავაზა. ფარაონს უნდა მოეძებნა „გონიერი და ბრძენი კაცი“, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა მოსავლის აღებასა და დაბინავებას შვიდი მოსავლიანი წლის განმავლობაში და შიმშილობის წლებში მას სათანადოდ გაანაწილებდა (დაბადება 41:33—36). იოსებს იმაზე მეტი გამოცდილება და უნარი ჰქონდა, ვიდრე ამ საქმისთვის იყო საჭირო, მაგრამ ფარაონის წინაშე საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. ამ თავმდაბალ და ძლიერი რწმენის მქონე ადამიანს წარმოუდგენლად მიაჩნდა ასეთი კადნიერი საქციელი. თუ ღვთისადმი ნამდვილი რწმენა გაგვაჩნია, არ გვექნება ამბიცია და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი. თუ საქმეს იეჰოვას მივანდობთ, ჩვენს სულში მშვიდობა დაისადგურებს.
„განა ვინ მოიძებნება მისნაირი, რომელშიც ღვთის სულია?“
ფარაონმა და მისმა მსახურებმა დაინახეს, რომ იოსების შეთავაზებული გეგმა გონივრული იყო. მეფემ ისიც აღიარა, რომ მისი ბრძნული სიტყვების მიღმა დიდი ძალის მქონე რეალური ღმერთი იდგა. მან თავის მსახურებს უთხრა: „განა ვინ მოიძებნება მისნაირი, რომელშიც ღვთის სულია?“. შემდეგ იოსებს მიუბრუნდა და უთხრა: „ვინაიდან შენ გაგაგებინა ღმერთმა ეს ყველაფერი, შენნაირი გონიერი და ბრძენი არავინ არის. შენ დაგაყენებ ჩემს სახლზე და მთელი ჩემი ხალხი უსიტყვოდ დაგემორჩილება. მე მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული“ (დაბადება 41:38—41).
-