ბიბლიის თვალსაზრისი
გაანადგურებს მსოფლიოს კოსმოსური კატასტროფა?
გაზეთების სათაურები, ტელეეკრანები და ინტერნეტის ქსლები 1998 წლის 12 მარტს მთელ მსოფლიოში ავის მომასწავებელ ამბავს ავრცელებდა: „ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც ერთ-ნახევარ კილომეტრს უდრის, დედამიწას უნდა შეეჯახოს“. შეშინებული მეცნიერები და სამოქალაქო პირები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რამდენად დიდი იყო საშიშროება. მალე ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შეჯახების შესაძლებლობა ნულის ტოლი იყო.
ამ აურზაურში წარმოიშვა ახალი დამოკიდებულება ასეთი ცნობებისადმი. „ამ მცდარი განგაშისას ყველაზე აღსანიშნავი ის იყო, რომ, მიუხედავად მისი შემაძრწუნებლობისა, მრავალს არც კი გაუკვირდა, — ნათქვამი იყო ერთ გაზეთში. — აზრი, რომ დედამიწაზე თვალი უნდა ვადევნოთ უფრო მეტ ასეთ ობიექტს — და სათანადოდ ვიმოქმედოთ — ათწლეულების და მეტის ხნის წინ უცნაური იქნებოდა, მაგრამ ახლა მეცნიერები და ზოგი პოლიტიკოსიც კი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება, თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ რეალურია“ (U.S.News & World Report).
ზოგი ასტრონომი ფიქრობს, რომ დაახლოებით 2 000 ციური სხეული, რომლებიც საკმაოდ დიდია და რომლებსაც შეუძლია მსოფლიო კატასტროფის გამოწვევა, ისე მოძრაობს, რომ ან კვეთს დედამიწის ორბიტას, ან ძალიან უახლოვდება. როგორც მკვლევარები ამბობენ, დედამიწას ერთი შედარებით მცირე სხეულიც კი რომ დაეჯახოს, უამრავი ბირთვული ბომბის ერთდროულად აფეთქების ტოლფასი რამ მოხდება. ასეთი შეჯახებით გამოწვეული შედეგი კატასტროფული იქნება ჩვენი პლანეტისთვის და მისი მცხოვრებლებისთვის — როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის.
ასეთი სამწუხარო წინასწარმეტყველებებისა და გამოთვლებისას ხშირად უგულებელყოფენ სამყაროს შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, თვალსაზრისს (ფსალმუნი 8:4; იგავნი 8:27). ბიბლიის მეშვეობით მან გასაგები გახადა თავისი სურვილი და განზრახვა დედამიწასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებით. დაუშვებს ის, რომ კოსმოსურმა კატასტროფამ გაანადგუროს მსოფლიო?
სამყარო ღვთიური მეთვალყურეობის ქვეშ
რადგანაც იეჰოვაა სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, გონივრულია დავასკვნათ, რომ მას შეუძლია მართოს ძალები, რომლებიც ციურ სხეულებს ამოძრავებს. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა, რომ იეჰოვამ „გონიერებით გაამტკიცა ცამყარი“ (იგავნი 3:19). წინასწარმეტყველი იერემია აცხადებდა, რომ ღმერთმა „თავისი გონებით ცა გადაჭიმა“ (იერემია 51:15).
იეჰოვამ აამოქმედა კანონები და ძალები, რის მიხედვითაც მოძრაობენ ზეციური სხეულები, მათ შორის ვარსკვლავები, პლანეტები, კომეტები და ასტეროიდები (ესაია 40:26). მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთი უშვებს, ვარსკვლავებმა და პლანეტებმა გაიარონ, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, მათი დაბადების, ცხოვრებისა და სიკვდილის ბუნებრივი ციკლი მისი მუდმივი ჩარევის გარეშე. ამაში შედის ზეციური სხეულების საშინელი შეჯახებებიც. ამის ერთი მაგალითია 1994 წლის ივლისის შეჯახება, რომლის დროსაც კომეტის, შუმეიკერ-ლევი 9-ის, ნამსხვრევები შეეჯახა პლანეტა იუპიტერს.
არსებობს გეოქრონოლოგიური ცნობები იმის შესახებ, რომ კაცობრიობის არსებობამდე კოსმოსიდან უზარმაზარი ლოდები ეცემოდა დედამიწაზე. მაგრამ მოხდება ასეთი რამ ჩვენს დასახლებულ პლანეტაზე? მაგალითად, რა მოხდება, დედამიწას ერთ-ნახევარი კილომეტრი დიამეტრის ასტეროიდი რომ შეეჯახოს? ასტრონომი ჯეკ ჰილსი ამბობს, რომ ეს შეჯახება წარმოშობდა იმ ბომბზე მილიონობით მეტ ენერგიას, რომელმაც მიწასთან გაასწორა ჰიროსიმა. თუ ის ოკეანეში ჩავარდებოდა, მომქცევი ტალღები დატბორავდა სანაპირო ხაზს. ჰილსი ამბობს: „ქალაქების ადგილას მხოლოდ ლაფიანი წყლით დაფარული ვაკე დარჩებოდა“. უარეს შემთხვევაში, ნაწინასწარმეტყველებია კაცობრიობის სრული განადგურება. შეესაბამება ეს წინასწარმეტყველება კაცობრიობის აღსასრულის შესახებ ჩვენი შემოქმედის ნება-სურვილს დედამიწასთან დაკავშირებით? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ამ პლანეტას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იეჰოვას განზრახვაში.
დედამიწა გარკვეული განზრახვისთვისაა შექმნილი
ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა [დედამიწა] მისცა ადამის ძეთ“ (ფსალმუნი 113:24). ესაია ამბობს, რომ იეჰოვამ, რომელმაც „მიწა გამოსახა. . . დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18). დედამიწა არის იეჰოვას მიერ კაცობრიობისთვის მიცემული მემკვიდრეობა. რადგანაც ჩვენს შემოქმედს განზრახული აქვს, მარადიული ცხოვრება მისცეს ღვთისმოშიშ ადამიანებს, დედამიწა, როგორც მათი სახლი, მარადიულად იარსებებს. ფსალმუნის 103:5 გვარწმუნებს: „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე“.
მართალია, ღმერთმა დაუშვა ჩვენს პლანეტაზე ზოგიერთი დიდი უბედურება, რომლებმაც კაცობრიობის დიდი ნაწილის სიკვდილი გამოიწვია. ზოგი მათგანი — მაგალითად: ომი, შიმშილობა და ეპიდემია — სრულად თუ ნაწილობრივ ადამიანის სიხარბის, უგუნურების და სისასტიკის შედეგია (ეკლესიასტე 8:9). დანარჩენი კი — მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები, წყალდიდობები და გრიგალები — გამოწვეულია ბუნების მოვლენებით, რომლებიც კაცობრიობას ბოლომდე ვერ აუხსნია. ღვთის თავდაპირველი განზრახვის საპირისპიროდ, ადამიანები აღარ არიან სრულყოფილები; ისინი ცოდვილები არიან. ამიტომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ასეთ დროს ცალკეული პიროვნებები ეგრეთ წოდებული ბუნებრივი უბედურებებისას ღვთის მიერ იქნებიან დაცული.
მიუხედავად ამისა, იეჰოვა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ დედამიწაზე კაცობრიობის არსებობას საფრთხე დაემუქროს. ადამიანის შექმნის შემდეგ ისტორიას არ ახსოვს ისეთი ბუნებრივი უბედურება, რომელიც კაცობრიობის არსებობას დაემუქრებოდაa.
კაცობრიობის გადარჩენა გარანტირებულია
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ჩვენი შემოქმედის განზრახვა იყო, რომ ადამიანს ‘აევსო დედამიწა და დაუფლებოდა მას’ (დაბადება 1:28; 9:1). ის გვპირდება, რომ „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [დედამიწას] და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:9, 11, 22, 29). ამ დანაპირებთან დაკავშირებით იეჰოვა ამბობს: „აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ“ (ესაია 46:10; 55:11; ფსალმუნი 134:6).
ბიბლია არ გამორიცხავს მცირე უბედურებებს დედამიწაზე, რომელთაც კოსმოსში მიმდინარე მოვლენები იწვევს. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დაუშვებს, რაიმე კოსმოსურმა უბედურებამ შეცვალოს მისი განზრახვა დედამიწასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებით. ბიბლიურ დაპირებებზე დაყრდნობით შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი პლანეტა ყოველთვის იქნება საცხოვრებლად ვარგისი — დიახ, ის კაცობრიობის სახლი იქნება განუსაზღვრელი დროით! (ეკლესიასტე 1:4; 2 პეტრე 3:13).
[სქოლიო]
a ნოეს დროინდელი წარღვნა ღვთისგან მომდინარე სასჯელი იყო, მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ გარკვეული ადამიანები და ცხოველები გადარჩენილიყვნენ (დაბადება 6:17–21).