ემზადება შენი ოჯახი გადასარჩენად?
1 შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულიად გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება. ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ. ჩვენი დრო ძალიან ჰგავს წარღვნის წინა პერიოდს (მათ. 24:37—39). ნოე გადაურჩა მაშინდელი ქვეყნიერების განადგურებას, რადგან ის „ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბ. 6:9). აშკარაა, რომ ნოემ თავის ოჯახსაც ასწავლა იეჰოვას გზებით სიარული, რადგან ისინიც გადაურჩნენ წარღვნას. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს და ოჯახის წევრებთან ერთად მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას გადავურჩეთ?
2 სიმართლის მქადაგებელი: ნოე დაახლოებით 40—50 წელი დაუცხრომლად ‘ქადაგებდა სიმართლეს’ (2 პეტ. 2:5). ნოეს გარშემო მცხოვრები ხალხი დასცინოდა მას და ყურს არ უგდებდა მის ქადაგებას. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ, შესაძლოა, მათ ამისკენ ღვთის წინააღმდეგ წასული ხორცშესხმული ანგელოზები აქეზებდნენ. მსახურებაში ხშირად ვხვდებით გულგრილობას და ხშირად დაგვცინიან კიდეც, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა (2 პეტ. 3:3, 4). მაგრამ, ნოეს დროს მცხოვრები ხალხისგან განსხვავებით, დღეს მრავალი დადებითად ეხმაურება ჩვენს ქადაგებას და იეჰოვას თაყვანისმცემლობისკენ ‘იწყებს დენას’ (ეს. 2:2). ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ‘ვიხსნით საკუთარ თავსაც და მსმენელებსაც’, თუ კვლავაც გულმოდგინედ განვაგრძობთ მსახურებას (1 ტიმ. 4:16). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა თავიანთი სიტყვითა და საქმით დაანახვონ შვილებს, რამდენად გადაუდებელი საქმეა ქადაგება! (2 ტიმ. 4:2).
3 მან ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“: ნოესა და მისი ოჯახის გადარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად გულდასმით დაიცავდნენ ისინი იეჰოვას მითითებებს (დაბ. 6:22). ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ‘მზად ვიყოთ, დავემორჩილოთ’ ხელმძღვანელობას, რომელსაც ბიბლიიდან და ერთგული მონისგან ვიღებთ (იაკ. 3:17). ერთ ოჯახში მამა ყოველთვის მიჰყვებოდა იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს. როგორც მისი შვილები იხსენებენ, როცა ისინი პატარები იყვნენ, მამა ყოველკვირა ატარებდა ოჯახურ შესწავლას და ყოველ შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად დადიოდა საქადაგებლად. ის ცდილობდა, რომ ერთ კვირას ერთ ბავშვთან ემსახურა, მეორე კვირას — მეორესთან და ასეთი სახით ყველასთან მონაცვლეობით ექადაგა. ეს კაცი ყოველთვის მზად იყო, ყველაფერი „სწორედ ისე გაეკეთებინა“, როგორც იეჰოვას ორგანიზაცია მიუთითებდა. მისმა მაგალითმა იმდენად იმოქმედა მის ექვსივე შვილზე, რომ ყველანი იეჰოვას ერთგული მსახურები გახდნენ.
4 ამ ქვეყნიერების აღსასრული მოულოდნელად დადგება (ლუკ. 12:40). თუ მივბაძავთ ნოეს და ხსნისთვის საჭირო რწმენას გამოვავლენთ, ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებიც მზად ვიქნებით ამ დღისთვის! (ებრ. 11:7).