რატომ აწარმოებდა ღმერთი ომებს ქანაანელების წინააღმდეგ?
„პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა“ (კანონი 20:17, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).
„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).
ეწინააღმდეგება ეს ბიბლიური მუხლები ერთმანეთს? ბევრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ღმერთს ებრძანებინა ქანაანელებისa განადგურება, მაშინ როცა მისი სიტყვა მოგვიწოდებს, რომ მშვიდობიანები ვიყოთ (ესაია 2:4; 2 კორინთელები 13:11). მათი აზრით, ღვთის ეს ორი მითითება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ღმერთთან ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, რას ჰკითხავდით მას ამ საკითხთან დაკავშირებით? განვიხილოთ ხუთი საყოველთაოდ გავრცელებული კითხვა და ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები.
1. რატომ უნდა განედევნათ ისრაელებს ქანაანელები? ქანაანელები ცხოვრობდნენ მიწაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. დაახლოებით 400 წლით ადრე ღმერთი დაჰპირდა ერთგულ მსახურ აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდა (დაბადება 15:18). ღმერთმა შეასრულა თავისი დაპირება, როცა ისრაელმა ერმა, რომელიც აბრაამის შთამომავლებისგან ჩამოყალიბდა, ღვთის დახმარებით აღთქმული მიწა დაიპყრო. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ იმ დროს ქანაანელები უკვე ცხოვრობდნენ ამ მიწაზე და ეს ტერიტორია მათ ეკუთვნოდათ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს უზენაეს მმართველს უფლება აქვს, დაადგინოს, ვინ სად იცხოვრებს (საქმეები 17:26; 1 კორინთელები 10:26).
2. რატომ არ მისცა ღმერთმა ქანაანელებს იმის ნება, რომ ისრაელებთან ერთად ეცხოვრათ? „არ იცხოვრონ მათ შენს მიწაზე“, — უთხრა ღმერთმა ისრაელებს ქანაანელების შესახებ, — რათა ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ წინააღმდეგ. თუ მათ ღმერთებს ემსახურები, მახედ გექცევა ეს“ (გამოსვლა 23:33). წინასწარმეტყველმა მოსემ მოგვიანებით ისრაელებს უთხრა: „იეჰოვა შენი ღმერთი იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე“ (კანონი 9:5). რამდენად ბოროტები იყვნენ ეს ერები?
უზნეობა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვა ფართოდ იყო გავრცელებული ქანაანში. ბიბლეისტი ჰენრი ჰალეი აღნიშნავს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქანაანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს „დიდი რაოდენობით თიხის ქოთნები, რომლებშიც ბაალისთვის [ქანაანელების მთავარი ღვთაებისთვის] შეწირული ბავშვების ძვლები იყო“. ჰალეი დასძენს: „მთელი ის ტერიტორია, როგორც ჩანს, ახალშობილი ბავშვების სასაფლაო იყო . . . რელიგიური რიტუალის დროს ისინი უზნეობას სჩადიოდნენ, რის შემდეგაც თავიანთ პირმშოებს ღმერთებს სწირავდნენ. როგორც ჩანს, ქანაანმა თავისი საქმეებით სოდომსა და გომორას გადააჭარბა . . . არქეოლოგების აზრით, რომლებიც ქანაანის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებენ, ეს ერი უფრო ადრე იყო გასანადგურებელი“.
3. რატომ არ გაანადგურა ღმერთმა ქანაანელებთან ერთად იმ დროს მცხოვრები სხვა ბოროტი ხალხიც? ღმერთმა ბევრჯერ გაანადგურა შემცოდველები. როცა ნოეს დროს დედამიწა „აივსო ძალადობით“, ღმერთმა ბოროტების გასანადგურებლად წარღვნა მოახდინა, ნოე და მისი ოჯახი კი გადაარჩინა (დაბადება 6:11; 2 პეტრე 2:5). ღმერთმა მოსპო სოდომი და გომორა, როცა იქ მცხოვრებთა ცოდვები „მეტისმეტად მძიმე“ გახდა (დაბადება 18:20; 2 პეტრე 2:6). ასურეთის დედაქალაქს, ნინევეს, რომელიც „სისხლისმღვრელი ქალაქი“ იყო, ღმერთმა განაჩენი გამოუტანა, თუმცა მოგვიანებით დაინდო ის, რადგან მოსახლეობამ მიატოვა ბოროტი გზა და მოინანია (ნაუმი 3:1; იონა 1:1, 2; 3:2, 5—10). ქანაანელები ღმერთმა იმიტომ მოსპო, რომ დაეცვა ისრაელი ერი, რომელშიც მესია უნდა მოსულიყო (ფსალმუნი 132:11, 12).
4. ხომ არ გამორიცხავს ქანაანელების განადგურება ღვთის სიყვარულს? ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასე ჩანდეს (1 იოანე 4:8). მაგრამ, თუ ამ შემთხვევას კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რომ ღმერთმა ეს სიყვარულიდან გამომდინარე გააკეთა.
მან დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ ქანაანელები არასწორ გზას ადგნენ. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე გაენადგურებინა, ღმერთი 400 წელს მოთმინებით იცდიდა, სანამ მათი დანაშაული „ზღვარს არ გასცდა“ (დაბადება 15:16).
როდესაც ქანაანელების საქციელმა ყოველგვარ ბოროტებას გადააჭარბა, იეჰოვამ ისინი გაანადგურა, თუმცა მას ყველა ქანაანელი არ მოუსპია. ღმერთმა წყალობა გამოავლინა რახაბისა და გაბაონელების მიმართ, რადგან ისინი მზად იყვნენ მოსანანიებლად (იესო ნავეს ძე 9:3—11, 16—27; ებრაელები 11:31).
5. როგორ შეეძლო მოსიყვარულე ღმერთს, ადამიანის მოკვლა? ამ კითხვის დასმა სავსებით ლოგიკურია, რადგან ადამიანის მოკვლაზე ფიქრიც კი შემზარავია. თუმცა ღმერთმა სწორედ სიყვარულიდან გამომდინარე მიიღო მკაცრი ზომები, რომ ბოროტები გაენადგურებინა. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როდესაც პაციენტს განგრენა უვითარდება, ექიმებს ხშირად სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ავადმყოფისთვის ინფიცირებული კიდურის მოკვეთა. ცოტას თუ სიამოვნებს ასეთი პროცედურის ჩატარება, მაგრამ კარგმა ექიმმა იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განგრენა გავრცელდეს და შედეგი უარესი იყოს. ამიტომ მზრუნველი ექიმი ამ არასასიამოვნო პროცედურას პაციენტის კეთილდღეობისთვის მიმართავს.
იეჰოვასაც არ ჰგვრიდა სიამოვნებას ქანაანელების განადგურება. მან თქვა: „ბოროტის სიკვდილი არ მახარებს“ (ეზეკიელი 33:11). ამასთანავე, ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ ისრაელ ერში მოსულიყო მესია, რომელიც ხსნას მოუტანდა ყველას, ვინც მისდამი რწმენას გამოავლენდა (იოანე 3:16). ასე რომ, იეჰოვა არ დაუშვებდა, ისრაელში ქანაანელების გამხრწნელი გავლენა გავრცელებულიყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან, რომ ქანაანელები მოეკვეთა, ანუ განედევნა აღთქმული მიწიდან. ასე მოქცევით ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა, რამაც აღძრა ის, ერთგული თაყვანისმცემლების საკეთილდღეოდ არასასიამოვნო „პროცედურისთვის“ მიემართა.
რას ვსწავლობთ?
აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა იმის ცოდნას, რომ ღმერთმა ისრაელები გაანადგურა? რა თქმა უნდა, აქვს. რომაელების 15:4-ში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. რას გვასწავლის ქანაანელების შემთხვევა და რა იმედს გვაძლევს?
ღმერთმა შეიწყალა რახაბი და გაბაონელები, რადგან მათ მიატოვეს არასწორი გზა და ღვთისადმი რწმენა გამოავლინეს. ეს შეგვახსენებს, რომ ნებისმიერ ადამიანს, წარმოშობისა თუ წარსულში ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, შეუძლია ასიამოვნოს ღმერთს (საქმეები 17:30).
ქანაანელების განადგურების შესახებ ჩანაწერი ცხადყოფს, რას გააკეთებს ღმერთი ახლო მომავალში. ეს გვაძლევს იმედს და გვარწმუნებს, რომ ღმერთი არ დაუშვებს, ბოროტებამ სიკეთეს სძლიოს. ბიბლია გვაიმედებს, რომ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს, იხსნის თავის მოყვარულთ და მათ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით აკურთხებს (2 პეტრე 2:9; გამოცხადება 21:3, 4). მაშინ შესრულდება ეს მანუგეშებელი სიტყვები: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34).
[სქოლიო]
a ამ სტატიაში მოხსენიებულ ქანაანელებში იგულისხმება ყველა ერი, რომლებზეც ღმერთმა ისრაელებს უთხრა, რომ განედევნათ.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
იწონებს დღეს ღმერთი ომებს?
ამართლებს დღეს ომებს ის, რომ ღმერთმა ისრაელებს ქანაანელების განადგურება უბრძანა? რა თქმა უნდა, არა. მოვიყვანოთ ამის სულ მცირე სამი მიზეზი.
▪ დღეს არც ერთი ერი არ სარგებლობს ღვთის განსაკუთრებული კეთილგანწყობით. მას შემდეგ, რაც ისრაელებმა უარყვეს იესო, როგორც მესია, ისინი ღვთის წარმომადგენლები აღარ იყვნენ. ღმერთი მათი მეშვეობით უკვე აღარ სჯიდა სხვა ერებს (მათე 21:42, 43). იეჰოვა მათ ისევე უყურებდა, როგორც სხვა ნებისმიერ ერს (ლევიანები 18:24—28). იმ დროიდან მოყოლებული, ღმერთი ომებში არც ერთ ერს არ უჭერს მხარს.
▪ დღეს იეჰოვა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს აღარ აძლევს კონკრეტულ ტერიტორიას დასასახლებლად. მისი მსახურები დედამიწის „ყველა ერიდან და ტომიდან“ არიან (გამოცხადება 7:9; საქმეები 10:34, 35).
▪ იესომ გასაგებად თქვა, რომ მისი მიმდევრები ომებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ისინი არ უნდა დარჩენილიყვნენ ქალაქში და არ უნდა ებრძოლათ, როცა იერუსალიმს მტრები ალყაში მოაქცევდნენ. მოწაფეები იესოს სიტყვების თანახმად მოიქცნენ და ქალაქი დატოვეს (მათე 24:15, 16). ჭეშმარიტი ქრისტიანები იარაღს ხელში არ იღებენ. ისინი სრულად ენდობიან ღვთის სამეფოს, რომელიც მალე დედამიწიდან ყოველგვარ ბოროტებას აღმოფხვრის (დანიელი 2:44; იოანე 18:36).
[სურათი 15 გვერდზე]
რახაბის შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ ნებისმიერს, ვისაც მთელი გულით სურს, შეუძლია ასიამოვნოს ღმერთს