საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp2 თ. 19 გვ. 156-163
  • როგორ ვხარჯო ფული?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ ვხარჯო ფული?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ფულის ხარჯვის „ანაბანა“
  • ფულის ხარჯვის სატყუარა
  • ჩემს ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო
  • როგორ ვისწავლო ფულის ყაირათიანად ხარჯვა?
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • როგორ ვაკონტროლო ხარჯები?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • როგორ განვკარგოთ ოჯახის ბიუჯეტი
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ჩემი ჩანაწერები — ფული
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
yp2 თ. 19 გვ. 156-163

თავი 19

როგორ ვხარჯო ფული?

ფიქრობ ხოლმე, რომ საკმარისი ფული არა გაქვს?

□ არასდროს

□ ზოგჯერ

□ ხშირად

ყიდულობ ხოლმე ნივთებს ნასესხები ფულით?

□ არასდროს

□ ზოგჯერ

□ ხშირად

ფასდაკლების დროს ყიდულობ ხოლმე ისეთ რამეს, რაც არ გჭირდება?

□ არასდროს

□ ზოგჯერ

□ ხშირად

სულ იმას ხომ არ უჩივი, რომ ფული არ გყოფნის? უფრო მეტი რომ გქონდეს, ახალ მობილურს იყიდდი. უფრო მეტს რომ გიხდიდნენ, იმ ფეხსაცმელსაც არ გაუშვებდი ხელიდან. ესეც რომ არ იყოს, ჯოანას მსგავსად შეიძლება შენც ვარდები არასასიამოვნო სიტუაციებში: «ზოგჯერ მეგობრები ისეთ გართობას მთავაზობენ, რაც ძვირი სიამოვნებაა, — ამბობს ის. — მინდა, მათთან ერთად გავატარო დრო. თან როგორ გინდა, უთხრა: „ბოდიში, მაგრამ მე მაგის ფული არა მაქვს“».

არ ღირს ხასიათის გაფუჭება იმის გამო, რაც არა გაქვს. ჯობია, ფულის გონივრულად ხარჯვას მიეჩვიო. შეიძლება ამბობ, რომ ამას საცხოვრებლად ცალკე გადასვლის შემდეგაც მოასწრებ. მაგრამ დაფიქრდი: გადმოხტები თვითმფრინავიდან, თუ პარაშუტის გახსნა არ გექნება ნასწავლი? შეიძლება ვინმემ ეს ვარდნის დროს მიწაზე დაშვებამდე მოახერხოს. თუმცა აშკარად უკეთესი იქნება, თუ გადმოხტომამდე ისწავლი მისი გამოყენების ელემენტარულ წესებს მაინც.

მსგავსად ამისა, ფულის გონივრული ხარჯვა უკეთესია მანამ ისწავლო, ვიდრე დამოუკიდებლად მოგიწევს ფინანსური საკითხების მოგვარება. გამოიყენე ეს დრო, სანამ მშობლებთან ერთად ცხოვრობ. მეფე სოლომონი წერდა: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც“ (ეკლესიასტე 7:12). თუმცა ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიცავს, თუ გეცოდინება, რაში ღირს მისი ხარჯვა და რაში — არა. ეს შეგმატებს თვითრწმენას და მშობლებს შენდამი ნდობას განუმტკიცებს.

ფულის ხარჯვის „ანაბანა“

გიკითხია მშობლებისთვის, თუ რა სჭირდება ოჯახს? მაგალითად, იცი, რა თანხის გადახდაა ყოველთვიურად საჭირო იმისათვის, რომ სახლში გქონდეთ სინათლე, სითბო და წყალი? რამდენი მიდის მანქანის მოვლაზე, პროდუქტებზე, ქირის ან სესხის დაფარვაზე? ამ ხარჯებში შენი წილიც არის და, თუ ცალკე გადახვალ, ამაზე ზრუნვა შენ მოგიწევს. ამიტომ წინასწარ უნდა იცოდე, დაახლოებით რა დაგიჯდება საკუთარი თავის შენახვა. სთხოვე მშობლებს, განახონ სხვადასხვა ქვითარი და აგიხსნან, როგორ ახერხებენ გადასახადების გადახდას.

ბიბლიაში წერია: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის; კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს“ (იგავები 1:5). „გონივრული მითითებისთვის“ ანამ მშობლებს მიმართა. იგი ამბობს: „მამამ მასწავლა გეგმის შედგენა ხარჯების გასანაწილებლად. მან ამიხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოჯახში შემოსავალ-გასავლის აღრიცხვა“.

ანამ დედისგანაც ბევრი რამ ისწავლა. ის ამბობს: „დედა მეუბნებოდა, რომ სანამ რამეს ვიყიდდი, ფასები შემედარებინა. გაოცებული ვიყავი, როგორ ახერხებდა ყველაფრის ყიდვას მცირე თანხით. დღეს უკვე ვიცი, როგორ ვხარჯო ფული. ფულს ტყუილად არაფერში ვყრი. ვალები არ მაქვს და ამ მხრივ პრობლემებისგან თავისუფალი ვარ“.

ფულის ხარჯვის სატყუარა

სათქმელად ადვილია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ფულის ხარჯვის გაკონტროლება იოლი არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჯერ მშობლებთან ცხოვრობ და შენი შემოსავალიც გაქვს. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ გადასახადების უმეტესობას მშობლები იხდიან და შენ ხელთ არსებული თანხის დიდი ნაწილი შეგიძლია შენს ნებაზე ხარჯო. ზოგს ძალიან სიამოვნებს საკუთარი ფულის ხარჯვა.

ფული შეიძლება შენი თანატოლების გამოც შემოგეხარჯოს. ელენა, რომელიც 21 წლისაა, ამბობს: „ჩემს თანატოლებს ყველაზე მეტად საყიდლებზე სიარული ეხალისებათ. მათ დაუწერელი კანონი აქვთ: თუ გინდა, რომ გაერთო, ფული უნდა დახარჯო“.

გასაგებია, რომ არ გინდა, თანატოლებს ჩამორჩე. მაგრამ დაფიქრდი, რატომ ხარჯავ ფულს: სხვების დასანახად თუ იმიტომ, რომ გაქვს ამის საშუალება? ზოგი იმიტომ ხარჯავს, რომ მეგობრებისა და ნაცნობების ყურადღება მიიქციოს. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ისინი ნივთებით ცდილობენ და არა თავიანთი თვისებებით. ასე მოქცევის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკრედიტო ბარათი გაქვს. რა უნდა გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?

ჩემს ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო

ერთბაშად რომ არ შემოგეხარჯოს მთელი თანხა, შეგიძლია გაითვალისწინო ის, რასაც ელენა ამბობს: „როცა მეგობრებთან ერთად ვაპირებ სადმე წასვლას, წინასწარ ვფიქრობ, რამდენს დავხარჯავ. მთელი ჩემი ფული ბანკში მაქვს და მხოლოდ იმდენს ვხსნი ანგარიშიდან, რამდენიც ამ დროს დამჭირდება. საყიდლებზე მხოლოდ იმ მეგობრებთან ერთად დავდივარ, რომლებიც უაზროდ არ ხარჯავენ ფულს. ისინი მეხმარებიან, რომ არ ავჩქარდე და სხვადასხვა მაღაზიაში ვნახო ფასები“.

ქვემოთ მოცემული რჩევები გამოგადგება იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ბარათი გაქვს.

● რეგულარულად ჩაიწერე, რაში ხარჯავ ფულს, რათა შემდეგ ყოველთვიურ ამონაწერს შეადარო. ამგვარად შეამოწმებ, რომ შენს ანგარიშს ზედმეტი თანხა არ მოაკლდა.

● ნუ დააყოვნებ რეაგირებას ბანკის შეტყობინებაზე. შეძლებისდაგვარად სრულად დაფარე დავალიანება.

● ტელეფონით ან ინტერნეტით დაუფიქრებლად ნურავის შეატყობინებ შენი საკრედიტო ბარათის ნომერს და მოქმედების ვადის გასვლის თარიღს.

● სასურველია, არ გამოიყენო საკრედიტო ბარათი ნაღდი ფულის მისაღებად. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.

● ნურავის ათხოვებ შენს საკრედიტო ბარათს.

შეიცვლება რამე, თუ უფრო მეტი ფული გექნება? საეჭვოა! დავუშვათ, მანქანის ტარების დროს ვერ იმორჩილებ საჭეს ან თვალდახუჭული ზიხარ საჭესთან. მიაღწევ დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ? შეიცვლება რამე, თუ უფრო მეტ საწვავს ჩაასხამ? ფულიც ასეა. თუ გონივრულად ხარჯვას არ ისწავლი, მეტი ფული პრობლემას ვერ გადაგიჭრის.

თუ ამ მხრივ საკუთარი თავით არ ხარ უკმაყოფილო, მაინც დაფიქრდი: „რამდენი დავხარჯე წინა თვეში? რაში დავხარჯე?“. თუ ვერ იხსენებ, ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

1. გააკეთე ჩანაწერები. სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში აღნიშნე, რა თანხას იღებ და როდის. ჩაიწერე, რას ყიდულობ და რამდენად. თვის ბოლოს დაიანგარიშე მთლიანი შემოსავალი და გასავალი.

2. შეადგინე შემოსავალ-გასავლის გეგმა. 163-ე გვერდზე მოცემულია სქემა. პირველ სვეტში ჩამოწერე, რა თანხას მიიღებ თვის განმავლობაში. მეორე სვეტში ჩამოწერე, რაში რამდენის დახარჯვას აპირებ. დაგეგმვისას ჩანაწერებით (რჩევა 1) იხელმძღვანელე. თვის განმავლობაში მესამე სვეტში აღნიშნე, რეალურად რა თანხას ხარჯავ. აქვე აღნიშნე გაუთვალისწინებელი ხარჯებიც.

3. მზად იყავი ცვლილებებისთვის. თუ იმაზე მეტი დაგეხარჯა, ვიდრე გეგმავდი და ვალი დაგედო, შეიძლება ჯობდეს რამეზე უარის თქმა. გაისტუმრე ვალები. ყოველთვის აკონტროლე, რამდენს ხარჯავ.

თუ სწორად გამოიყენებ, ფულს კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია. ფულის შოვნა და ხარჯვა ცხოვრების ნაწილია. მაგრამ იყავი გაწონასწორებული. მეთიუ ამბობს: „ფულს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერი ფულით არ განისაზღვრება. ის არასდროს არ უნდა დააყენო ოჯახზე და იეჰოვაზე წინ“.

მომდევნო თავში

რა გამოსავალი უნდა ნახო, თუ შენს ოჯახს მატერიალურად უჭირს?

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12).

რჩევა

საყიდლებზე წასვლამდე ჩამოწერე, რის ყიდვას აპირებ. ფული იმდენი წაიღე, რამდენიც რეალურად გჭირდება და მხოლოდ ის იყიდე, რაც სიაში გაქვს.

იცოდი, რომ . . . ?

როგორც ერთ გამოცემაში ეწერა, თუ საკრედიტო ბარათით აიღებ 2 000 დოლარს 18,5 %-იანი განაკვეთით და მხოლოდ მინიმალურ გადასახადებს გადაიხდი, ვალის დაფარვას 11 წელი დასჭირდება და პროცენტის სახით დამატებით 1 934 დოლარის გადახდა მოგიწევს.

რა უნდა გავაკეთო

ფული უაზროდ რომ არ დავხარჯო ․․․․․

სანამ რამეს საკრედიტო ბარათით ვიყიდი ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ უნდა ისწავლო ფულის გონივრულად ხარჯვა მანამ, სანამ მშობლებთან ცხოვრობ?

● რატომ არ არის ადვილი ფულის გონივრულად ხარჯვა?

● როგორ დაეხმარებოდი სხვებს შენი ფულით?

[ჩანართი 162 გვერდზე]

„როცა მივყვები ჩემს გეგმას, უფრო მეტი ფული მეზოგება. რაც არ მჭირდება, იმას არ ვყიდულობ“ (ლეა).

[ჩარჩო 158 გვერდზე]

ენა ფულსაც ჰქონია

რაში ხარჯავ ფულს? თუ რეგულარულად ეხმარები სხვებს, მაშინ შენს სიტყვებს ფულიც ემოწმება იმაში, რომ მათი მდგომარეობა სულერთი არ არის შენთვის (იაკობი 2:14—17). თუ რეგულარულად სწირავ ფულს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის, ‘პატივს მიაგებ იეჰოვას შენი ქონებიდან’ (იგავები 3:9). და თუ ფულს მარტო საკუთარ თავს ახარჯავ, ამ შემთხვევაში მას სხვა რამ ექნება შენზე სათქმელი.

[ცხრილი⁄სურათები 163 გვერდზე]

სამუშაო გვერდი

ჩემი თვიური ბიუჯეტი

გააკეთე ამ გვერდის ასლი!

შემოსავალი

მშობლები მომცემენ

გამომუშავებული

სხვა

სულ

․․․․․ლარი

სავარაუდო ხარჯები

․․․․․ლარი

პროდუქტები

․․․․․

ტანსაცმელი

․․․․․

ტელეფონი

․․․․․

გართობა

․․․․․

შესაწირავი

․․․․․

დანაზოგი

․․․․․

სხვა

․․․․․

რეალურად დახარჯული თანხა

პროდუქტები

․․․․․

ტანსაცმელი

․․․․․

ტელეფონი

․․․․․

გართობა

․․․․․

შესაწირავი

․․․․․

დანაზოგი

․․․․․

სხვა

․․․․․

სულ

․․․․․ლარი

[სურათი 160 გვერდზე]

მანქანის თვალახვეულად ტარებასა და ფულის დაუფიქრებლად ხარჯვას შორის დიდი განსხვავება არ არის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება