თავი 6
რა ხდება ჩემს სხეულში?
„ტანი უცებ ავიყარე. მიხაროდა, რომ ვიზრდებოდი, მაგრამ ფეხის კუნთებსა და ტერფებში ტკივილს ვგრძნობდი. ეს საშინელი ასატანი იყო“ (პოლი).
«სხეულში ატყობ ცვლილებებს და ფიქრობ, რომ სხვები ამას ვერ ამჩნევენ. მაგრამ უცებ ვიღაც მოდის და თავისი აზრით კომპლიმენტს გეუბნება: „როგორ დაქალებულხარ“. უხერხულობისგან სად დაიმალო, არ იცი» (შანელი).
გადასულხარ ოჯახთან ერთად სხვაგან საცხოვრებლად? ასეთ ცვლილებასთან შეგუება ადვილი არ არის. გიწევს ყველაფრის — სახლის, სკოლისა და მეგობრების — დატოვება. ახალ გარემოს რომ მიეჩვიო, დრო გჭირდება.
სქესობრივი მომწიფებით „გადადიხარ“ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ამ დროს შენი სხეული ყალიბდება. ერთი მხრივ ეს საინტერესოა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ურთიერთსაპირისპირო გრძნობები დაგეუფლოს. ამასთან შეგუება შეიძლება ადვილი არ იყოს. რა ხდება ამ დროს?
მხოლოდ გოგოებისთვის
მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება. ზოგ ცვლილებას თვალითაც შენიშნავ. მაგალითად, ჰორმონების გამოყოფა განაპირობებს თმის ზრდას ბოქვენზე. აგრეთვე შენიშნავ მკერდის, ბარძაყების, თეძოებისა და დუნდულების ზრდას. ნელ-ნელა ეთხოვები ბავშვობას და ქალდები. სანერვიულო არაფერია, ეს სავსებით ნორმალური პროცესია. ასეთი ცვლილებების წყალობით შენი სხეული დედობისთვის ემზადება.
სქესობრივი მომწიფების ფაზაში შესვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგეწყება მენსტრუალური ციკლი. თუ სათანადოდ არ იქნები მომზადებული, შენს ცხოვრებაში მომხდარმა ამ მნიშვნელოვანმა ცვლილებამ შეიძლება შეგაშინოს. სამანტა იხსენებს: „როცა მენსტრუაცია დამეწყო, საერთოდ მოუმზადებელი ვიყავი. თავი ბინძური მეგონა და სულ შხაპს ვიღებდი. საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა. იმის გაფიქრებაზეც კი ცუდად ვხდებოდი, რომ წლების განმავლობაში ეს ყოველთვე გამიმეორდებოდა“.
მენსტრუალური ციკლის დაწყება იმაზე მეტყველებს, რომ შენი ორგანიზმი იძენს გამრავლების უნარს. დაქალებას აღარაფერი გიკლია, თუმცა შეიძლება წლები გავიდეს, ვიდრე მზად იქნები დედობისთვის. და მაინც, მენსტრუაციის დაწყება შეიძლება უსიამოვნო განცდებთან იყოს დაკავშირებული. კელი ამბობს: „ყველაზე უარესი ის იყო, რომ წამდაუწუმ მეცვლებოდა განწყობა. ვერ ვიგებდი, მთელი დღე კარგ ხასიათზე ყოფნის შემდეგ საღამოთი რატომ ვტიროდი“.
თუ შენც განიცდი ხასიათის ასეთ ცვალებადობას, მოთმინება დაგჭირდება. თანდათანობით ყველაფერს შეეგუები. 20 წლის ანეტი ამბობს: „ბოლოს როგორღაც შევეგუე იმ აზრს, რომ ამის გარეშე დედა ვერ გავხდებოდი. მივხვდი, რომ ეს უნარი იეჰოვასგან მქონდა მოცემული. შეგუებას დრო სჭირდება და ზოგისთვის ეს რთული პროცესია. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერს ეჩვევა“.
თუ შენც განიცდი ზემოხსენებულ ცვლილებებს, ქვედა ორ ხაზზე დაწერე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები, რომლებზეც გაინტერესებს პასუხი.
․․․․․
მხოლოდ ბიჭებისთვის
სქესობრივი მომწიფება დიდ გავლენას ახდენს გარეგნობაზე. მაგალითად, კანი უფრო ცხიმიანი ხდება და ამის გამო შეიძლება მუწუკები და ფერიმჭამელები გაგიჩნდესa. 18 წლის მეთი ამბობს: „ნერვებზე მშლის და ხასიათს მიფუჭებს ამდენი მუწუკი. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ზოგჯერ მგონია, რომ ეს მუწუკები არასოდეს მომშორდება ან შრამებს დამიტოვებს. თან იმაზეც ვფიქრობ, ამის გამო სხვები როგორ შემომხედავენ“.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ცვლილება სულაც არ არის უსიამოვნო. შეიძლება ატყობ, რომ სიმაღლეში იზრდები, ძალა გემატება და მხარ-ბეჭი გიფართოვდება. ამ პერიოდში შეიძლება თმა გაგეზარდოს ფეხებზე, გულმკერდზე, სახეზე და იღლიებში. უნდა აღინიშნოს, რომ თმის სიხშირე მემკვიდრეობით ფაქტორებზეა დამოკიდებული და „მამაკაცობა“ ამით არ განისაზღვრება.
სხეულის ყველა ნაწილი ერთი და იმავე ტემპით არ იზრდება. ეს შეიძლება გარკვეულ უხერხულობას გიქმნიდეს. დვეინი იხსენებს: «ისე ვიყავი, როგორც ჟირაფი „როლიკებზე“. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ტვინიდან გაგზავნილ სიგნალს ფეხებამდე მისასვლელად ერთი კვირა სჭირდებოდა».
ამ პერიოდში ხმაც ბოხდება. მაგრამ ეს თანდათანობით ხდება და ზოგჯერ ბოხ ხმას შეიძლება გამკივანი ხმა შეეპაროს. ამან შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს. თუმცა ნერვიულობის მიზეზი არ გაქვს, რადგან დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგეხსნება. მანამდე კი უხერხულობის დაძლევაში დაგეხმარება ერთი რჩევა: ისწავლე საკუთარ თავზე გაცინება.
სქესობრივ მომწიფებასთან ერთად სასქესო ორგანოები დიდდება და მათ გარშემო იზრდება თმა. სასქესო ორგანოებში იწყება სპერმის გამომუშავება. ეს სითხე შეიცავს მილიონობით მიკროსკოპულ სპერმატოზოიდს, რომლებიც გამოიყოფა სქესობრივი კავშირის დროს. სპერმატოზოიდს აქვს კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი. განაყოფიერების შედეგად ხდება ბავშვის ჩასახვა.
გამომუშავებული სპერმის ნაწილი ორგანიზმში იშლება, ნაწილი კი დროდადრო შეიძლება უნებლიედ გამოიყოს ძილის დროს. ამას პოლუცია ეწოდება. ეს ნორმალური პროცესია და ბიბლიაშიც კი არის მოხსენიებული (ლევიანები 15:16, 17). პოლუციები იმის ნიშანია, რომ შენი სასქესო სისტემა ნორმალურად ვითარდება და მალე დაკაცდები.
თუ შენც განიცდი ზემოხსენებულ ცვლილებებს, ქვედა ხაზებზე დაწერე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები, რომლებზეც გაინტერესებს პასუხი.
․․․․․
ახალ გრძნობებთან ბრძოლა
სქესობრივი მომწიფების პერიოდში ბიჭებიც და გოგოებიც ახალი თვალით უწყებენ ერთმანეთს ყურებას. მეთი ამბობს: „ამ პერიოდში უცბად თვალი ამეხილა და დავინახე, რომ ჩემ გარშემო უამრავი ლამაზი გოგო იყო. ეს ხანდახან ხასიათსაც მიფუჭებდა, რადგან ვიცოდი, რომ სანამ არ გავიზრდებოდი, ვინმესთან ურთიერთობაზე არ უნდა მეფიქრა“. ამ წიგნის 29-ე თავში ეს საკითხი უფრო დაწვრილებით იქნება განხილული. შენს ასაკში კი აუცილებელია, რომ ისწავლო სექსუალური სურვილების გაკონტროლება (კოლოსელები 3:5). როგორი რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეს, ეს არ იქნება შენთვის შეუძლებელი.
ამ პერიოდში შეიძლება სხვა გრძნობებთანაც მოგიწიოს ბრძოლა. მაგალითად, ზოგს არასრულფასოვნების გრძნობა აქვს, ზოგი კი ვერავისთან ნახულობს საერთოს ან ხშირად არის მოწყენილი. ასეთ დროს კარგია დალაპარაკება მშობელთან ან სხვა მოწიფულ ადამიანთან, რომელსაც ენდობი. ქვემოთ დაწერე, ვის შეგიძლია ესაუბრო შენი გრძნობების შესახებ:
․․․․․
ფიზიკური ზრდა არ კმარა
პიროვნულად რომ ჩამოყალიბდე, საკმარისი არ არის სიმაღლეში ზრდა და ფიზიკური განვითარება. შენ უნდა განვითარდე გონებრივად, ემოციურად და, რაც მთავარია, სულიერად. მოციქულმა პავლემ თქვა: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11). ასე რომ, შენს მოწიფულობაზე გარეგნობის გარდა შენი საქციელი, საუბარი და აზროვნება უნდა მეტყველებდეს. გარეგნობაზე ფიქრმა არ უნდა დაგავიწყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ზრდაა.
გახსოვდეს, რომ ღმერთი „გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მეფე საული „მაღალი და ლამაზი“ იყო, მაგრამ მან არც მეფედ ივარგა და არც კაცად (1 სამუელი 9:2). მისგან განსხვავებით, ზაქე „ტანდაბალი იყო“, მაგრამ მას ეყო შინაგანი ძალა საიმისოდ, რომ ცხოვრება შეეცვალა და იესოს მოწაფე გამხდარიყო (ლუკა 19:2—10). ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ შინაგანად როგორია ადამიანი.
ერთი რამ ცხადია: ფიზიკურ ზრდას ვერც დააჩქარებ და ვერც შეანელებ. ამიტომ გარეგნული ცვლილებების გამო ხასიათის გაფუჭება და ნერვიულობა არ ღირს. იუმორის გრძნობით უყურე იმას, რაც არ მოგწონს. სქესობრივი მომწიფება ავადმყოფობა არ არის. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ეს პერიოდი აუცილებლად ჩაივლის და შენ იქნები ზრდასრული და ყოველმხრივ ჩამოყალიბებული ადამიანი!
[სქოლიო]
a ეს პრობლემა გოგოებსაც აწუხებთ. როგორც წესი, საუკეთესო გამოსავალი კანის კარგი მოვლაა.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14).
რჩევა
„ამ პერიოდიდან განსაკუთრებით მოერიდე გამომწვევ ჩაცმულობას. ყოველთვის ჩაიცვი „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ (1 ტიმოთე 2:9).
იცოდი, რომ . . . ?
სქესობრივი მომწიფება ყველას ერთ დროს არ ეწყება. მინიმალური ასაკი შეიძლება იყოს 8 წელი, მაქსიმალური კი — 14 ან უფრო მეტიც.
რა უნდა გავაკეთო
სანამ სრულწლოვანი გავხდები, აუცილებლად უნდა ვიმუშაო ჩემს თვისებებზე და განვივითარო ․․․․․
სულიერად რომ გავიზარდო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არის რთული გარდატეხის ასაკში ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებთან შეგუება?
● რა გიქმნის ყველაზე დიდ პრობლემას ამ გარდამავალ პერიოდში?
● რატომ შეიძლება გაგინელდეს ღვთის სიყვარული ამ პერიოდში და რა უნდა გააკეთო, ეს რომ არ დაგემართოს?
როგორ უნდა მოიქცე, თუ არ მოგწონს საკუთარი გარეგნობა? რა დაგეხმარება იმაში, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეს გარეგნობაზე?
[ჩანართი 61 გვერდზე]
„როცა მოზარდი ხარ, ბევრი რამ არ მოგწონს და არ იცი, ხვალ როგორი იქნები. მაგრამ, რაც უფრო იზრდები, მით უფრო ეგუები ცვლილებებს და თანდათან მოგწონს კიდეც“ (ანეტა).
[ჩარჩო 63, 64 გვერდებზე]
როგორ დაველაპარაკო დედას ან მამას სექსზე?
„მშობლებს სექსზე ვერაფერს შევეკითხები“ (ბეთი).
„ამ თემაზე ლაპარაკის დაწყება მერიდება“ (დენისი).
შენც ასეთ მდგომარეობაში ხომ არ ხარ? შეიძლება შენც გაქვს კითხვები ამ საკითხზე, მაგრამ მშობლებთან გეუხერხულება ლაპარაკი. არადა, მათზე უკეთესად ვერავინ გიპასუხებს. თავში ათასი აზრი გიტრიალებს:
რას იფიქრებენ ჩემზე?
„არ მინდა, რომ ჩემი კითხვებით ეჭვები გავუჩინო“ (ჯესიკა).
„მათ უნდათ, რომ სულ პატარა იყო. საკმარისია, რამე დაგცდეს სექსზე და უკვე სხვა თვალით გიწყებენ ყურებას“ (ბეთი).
რას მეტყვიან?
„მეშინოდა, რომ მშობლები არ დამამთავრებინებდნენ სათქმელს და ნოტაციების კითხვას დამიწყებდნენ“ (გლორია).
„ვიცოდი ჩემი მშობლების ხასიათი და წარმოდგენილი მქონდა, რა სახეს მიიღებდნენ. მამაჩემი მაშინვე ჭკუის სწავლებას დამიწყებდა“ (პემი).
სწორად გამიგებენ?
«შეიძლება მე ცნობისმოყვარეობით ვკითხო რამე, მაგრამ მშობლებისგან წამოვიდეს კითხვები: „ვინმესთან ხომ არ აპირებ ურთიერთობას? სკოლაში ვინმე ხომ არ გაძალებს რამეს? . .“» (ლიზა).
«რომელიმე ბიჭს რომ ვახსენებ, მამაჩემს მაშინვე სახე ეცვლება. შემდეგ მაინცდამაინც სექსზე მიწყებს ლაპარაკს. გულში ვფიქრობ: „მამა, უბრალოდ ის ვთქვი, რომ კარგი ბიჭია. ვახსენე საერთოდ გათხოვება ან სექსი?!“» (სტეისი).
უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება მშობლებსაც არანაკლებ ეუხერხულებოდეთ შენთან ამ თემაზე ლაპარაკი. ალბათ, ამით უნდა ავხსნათ ერთი გამოკითხვის შედეგები: მშობლების 65-მა პროცენტმა თქვა, რომ ჰქონდათ შვილებთან საუბარი ამ საკითხზე. მაგრამ შვილების მხოლოდ 41-მა პროცენტმა შეძლო ასეთი საუბრის გახსენება.
მშობლები შეიძლება თავს იკავებდნენ შენთან სექსზე საუბრისგან. თავის დროზე შესაძლოა მათ მშობლებსაც არასდროს უსაუბრიათ მათთან ამ თემაზე. როგორც უნდა იყოს, გაუგე მშობლებს და შენ გატეხე ნავსი. ეს შენთვისაც კარგი იქნება და მათთვისაც.
გაბედე და დაიწყე . . .
შენს მშობლებს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და სექსთან დაკავშირებულ საკითხებზეც ბევრი რჩევის მოცემა შეუძლიათ. მთავარია, როგორღაც შეძლო საუბრის დაწყება. მოსინჯე ქვემოთ მოცემული რჩევების გამოყენება.
1 პირდაპირ უთხარი, რომ გეუხერხულება საუბარი. „ცოტა მერიდება ამ საკითხზე საუბარი. შეიძლება იფიქრო, რომ . . .“
2 შემდეგ აუხსენი, თუ რატომ მიხვედი მაინცდამაინც მასთან. „ერთი კითხვა მაქვს და მირჩევნია, შენგან გავიგო პასუხი“.
3 შემდეგ გარკვევით ჰკითხე, რა გაინტერესებს. „მაინტერესებს . . .“
4 საუბრის დასასრულს ნიადაგი მოამზადე მომდევნო საუბრისთვის. „შეიძლება სხვა დროსაც დაგელაპარაკო, თუ კიდევ რამე კითხვა მექნება?“
თუნდაც იცოდე, რომ მშობელი ამაზე უარს არ გეტყვის, თანხმობის შემდეგ უფრო თავისუფლად მიხვალ მასთან სასაუბროდ. ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ შეიძლება შენც დაეთანხმო ტრინას. ის ახლა 24 წლისაა და ამბობს: „მახსოვს, დედასთან საუბრის დროს ისიც კი ვიფიქრე, ნეტა სულ არ დამეწყო-მეთქი ამაზე ლაპარაკი. მაგრამ დღეს მადლიერი ვარ, რომ დედამ პირდაპირ და გარკვევით ამიხსნა ყველაფერი. ამან ბევრ ხიფათს გადამარჩინა“.
[სურათი 59 გვერდზე]
ბავშვობასთან გამომშვიდობება საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას ჰგავს. სირთულეებს ვერ გაექცევი, მაგრამ ყველაფერს შეეგუები.