თეოკრატიული მსახურების სკოლა
მიზანი: ასწავლოს მაუწყებლებს, იყვნენ სასიხარულო ცნობის ეფექტური მქადაგებლები და მასწავლებლები.
ხანგრძლივობა: უწყვეტი.
ჩატარების ადგილი: ადგილობრივი სამეფო დარბაზი.
მოთხოვნები: ყველა, ვინც რეგულარულად ესწრება კრებებს, ეთანხმება ბიბლიურ სწავლებებს და ქრისტიანული პრინციპების შესაბამისად ცხოვრობს.
ჩაწერა: სკოლაში მოსწავლეებს თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველი წერს.
შერონი, რომელიც დაავადებულია ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით, ამბობს: „თეოკრატიული მსახურების სკოლამ მასწავლა, როგორ მომეძებნა ინფორმაცია და როგორ გადმომეცა ის ლოგიკურად. აგრეთვე ვისწავლე, ვიფიქრო სხვების სულიერ მოთხოვნილებებზე და არა მხოლოდ საკუთარ თავზე“.
არნი, დიდი ხნის მიმომსვლელი ზედამხედველი, აღნიშნავს: „მე ენის ბორძიკით ვლაპარაკობდი და მხედველობითი კონტაქტის დამყარებაც მიჭირდა. ეს სკოლა დამეხმარა, დამეძლია უღირსობის გრძნობა და მეტი თავდაჯერებულობა შემეძინა. ასეთი განათლების მეშვეობით იეჰოვა დამეხმარა, მესწავლა სწორად სუნთქვა და ყურადღების კონცენტრირება. უაღრესად მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განმედიდებინა ღმერთი როგორც კრებაში, ისე მსახურებაში“.
სკოლა ახალი ბეთელელებისთვის
მიზანი: დაეხმაროს ახალ ბეთელელებს, წარმატებით იმსახურონ ბეთელში.
ხანგრძლივობა: 16 კვირა. კვირაში ერთხელ 45 წუთი.
ჩატარების ადგილი: ბეთელი.
მოთხოვნები: უნდა იყოს ბეთელის ოჯახის მუდმივი წევრი ან დროებითი მოხალისე, რომელიც მოწვეულია ბეთელში მსახურებისთვის ერთი ან მეტი წლით.
ჩაწერა: ბეთელის ოჯახის ახალ წევრებს ავტომატურად იწვევენ.
დემეტრიოსი, რომელმაც ეს სკოლა 1980-იან წლებში გაიარა, ამბობს: „ეს კურსი დამეხმარა, გამეუმჯობესებინა პირადი შესწავლის ჩვევა და მომამზადა ბეთელში დიდი ხნით მსახურებისთვის. ინსტრუქტორებმა, სკოლის პროგრამამ და პრაქტიკულმა რჩევებმა დამარწმუნა იეჰოვას სიყვარულში და იმაში, რომ მას სურდა ჩემი დახმარება, წარმატებით მემსახურა ბეთელში“.
ქეითლინი ამბობს: „ეს სკოლა დამეხმარა, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ვყოფილიყავი სულიერი ადამიანი. მან გამიძლიერა იეჰოვას, მისი სახლისა და ორგანიზაციისადმი მადლიერების გრძნობა“.
სამეფო მსახურების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს მიმომსვლელ ზედამხედველებს, უხუცესებსა და დროდადრო მომსახურეებს, უკეთ უხელმძღვანელონ კრებას და შეასრულონ ორგანიზაციული პასუხისმგებლობები (საქ. 20:28). ამ დროს ითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას, ტენდენციებსა და კრებების მოთხოვნილებებს. ეს სკოლა ტარდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით.
ხანგრძლივობა: ბოლო წლებში მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის ეს სკოლა მიმდინარეობს ორიდან ორდღე-ნახევრის განმავლობაში, უხუცესებისთვის — დღე-ნახევარი, მომსახურეებისთვის კი — ერთი დღე.
ჩატარების ადგილი: ჩვეულებრივ, ახლომდებარე სამეფო ან საკონგრესო დარბაზი.
მოთხოვნები: უნდა იყვნენ მიმომსვლელი ზედამხედველები, უხუცესები ან მომსახურეები.
ჩაწერა: სარაიონო ზედამხედველი იწვევს უხუცესებსა და მომსახურეებს. მიმომსვლელ ზედამხედველებს იწვევს ფილიალი.
«მიუხედავად იმისა, რომ იქ ზღვა ინფორმაცია განიხილება ძალიან მოკლე დროში, ეს ეხმარება უხუცესებს, შეინარჩუნონ სიხარული და იყვნენ გაბედულები იეჰოვას მსახურებაში. როგორც ახალი, ისე გამოცდილი უხუცესები სწავლობენ, როგორ იყვნენ კარგი მწყემსები და გაერთიანებულნი „გონებითა და აზრით“» (ქვინი) (ქვემოთ).
„ასეთი სწავლება გვეხმარება, ვიყოთ გაწონასწორებული სულიერ საკითხებთან დაკავშირებით, გვაფრთხილებს საფრთხეების შესახებ და გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ ვიზრუნოთ სამწყსოზე. რაოდენ კეთილია იეჰოვა, რომ ასე გვეხმარება“ (მაიკლი).
პიონერული მსახურების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს პიონერებს, „ყოველმხრივ შეასრულონ მსახურება“ (2 ტიმ. 4:5).
ხანგრძლივობა: 10 დღე.
ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზი.
მოთხოვნები: უნდა მსახურობდეს პიონერად ერთი ან მეტი წელი.
ჩაწერა: იწვევენ ყველას, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს. ამის შესახებ მათ სარაიონო ზედამხედველი ატყობინებს.
ლილი (მარჯვნივ) გვიზიარებს: „ეს სკოლა დამეხმარა მსახურებაში თუ ცხოვრებაში წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავებაში. ბევრად გავაუმჯობესე პირადი შესწავლა, სწავლების ხელოვნება და ბიბლიის გამოყენება. ახლა შემიძლია უკეთ დავეხმარო სხვებს, მხარი დავუჭირო უხუცესებს და ხელი შევუწყო კრების ზრდას“.
ბრენდა, რომელიც ორჯერ დაესწრო ამ სკოლას, აღნიშნავს: „ამ სკოლამ საშუალება მომცა, რომ 100 პროცენტით ვყოფილიყავი კონცენტრირებული სულიერ საკითხებზე, გამეწაფა ჩემი სინდისი და მეფიქრა სხვების დახმარებაზე. იეჰოვა მართლაც გულუხვი ღმერთია!“.
უხუცესების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს უხუცესებს, უკეთ გაართვან თავი პასუხისმგებლობებს კრებაში და გაიზარდონ სულიერად.
ხანგრძლივობა: 5 დღე.
ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, ახლომდებარე სამეფო ან საკონგრესო დარბაზი.
მოთხოვნები: უნდა იყოს უხუცესი.
ჩაწერა: უხუცესებს იწვევს ფილიალი.
ნახეთ ზოგიერთი უხუცესის კომენტარი, რომლებმაც გაიარეს 92-ე კლასი შეერთებულ შტატებში:
„ეს სკოლა დიდად დამეხმარა საკუთარი თავის შემოწმებაში და დამანახვა, თუ როგორ უნდა მეზრუნა იეჰოვას ცხვარზე“.
„ახლა მზად ვარ ბიბლიურ აზრებზე ყურადღების გამახვილებით უფრო მეტად გავამხნეო სხვები“.
„ამ სკოლაში ნასწავლი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება“.
სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის
მიზანი: სარაიონო და საოლქო ზედამხედველებს ეხმარება, უკეთ მოემსახურონ კრებებს, გაისარჯონ „სიტყვასა და სწავლების საქმეში“ (1 ტიმ. 5:17; 1 პეტ. 5:2, 3).
ხანგრძლივობა: 2 თვე.
ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი.
მოთხოვნები: ძმები უნდა იყვნენ სარაიონო ან საოლქო ზედამხედველები.
ჩაწერა: მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს იწვევს ფილიალი.
„ახლა უფრო ვაფასებთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს იესო ორგანიზაციას. დავინახეთ იმის აუცილებლობა, რომ გავამხნეოთ ძმები, რომლებსაც ვემსახურებით და ხელი შევუწყოთ თითოეულ კრებაში ერთობის სულს. ამ კურსმა ღრმად ჩაგვიბეჭდა გონებაში, რომ როდესაც მიმომსვლელი ზედამხედველი რჩევებს ან, შესაძლოა, ზოგჯერ შენიშვნებსაც კი იძლევა, მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ძმებს იმის დანახვაში, რომ იეჰოვას უყვარს ისინი“ (ჯოელი, 1-ლი კლასი, 1999 წელი).
ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის
მიზანი: ამზადებს დაუქორწინებელ უხუცესებსა და მომსახურეებს დამატებითი პასუხისმგებლობებისთვის იეჰოვას ორგანიზაციაში. კურსდამთავრებულთა უმეტესობას ნიშნავენ თავიანთ ქვეყანაში იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს სხვა ქვეყანაში, თუ ისინი აცნობებენ ფილიალს, რომ მზად არიან ამისთვის. ზოგი კურსდამთავრებული შეიძლება დაინიშნოს დროებით სპეციალურ პიონერად დაშორებულ ტერიტორიებზე, რათა იქ დაიწყონ ან გააფართოონ სამქადაგებლო საქმიანობა.
ხანგრძლივობა: 2 თვე.
ჩატარების ადგილი: წყვეტს ფილიალი. ჩვეულებრივ, საკონგრესო ან სამეფო დარბაზი.
მოთხოვნები: 23-დან 62 წლამდე დაუქორწინებელი ჯანმრთელი ძმები, რომელთაც სურთ, ემსახურონ ძმებს და ხელი შეუწყონ სამეფო ინტერესებს ყველგან, სადაც საჭიროა (მარ. 10:29, 30). ისინი მინიმუმ ორი წელი უნდა მსახურობდნენ პიონერებად და უწყვეტად ორი წელი — უხუცესად ან მომსახურედ.
ჩაწერა: სარაიონო კონგრესზე ამ სკოლაში სწავლის მსურველთათვის ტარდება შეხვედრა, რომელზეც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება.
რიკი, რომელმაც შეერთებულ შტატებში 23-ე კლასი გაიარა, ამბობს: „ამ კურსის წყალობით იეჰოვას სულს საშუალება მივეცი, დიდი ცვლილებები მოეხდინა ჩემში. როცა იეჰოვა რაღაცას გავალებს, მხარს გიჭერს, რომ შეასრულო დავალება. მივხვდი, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი არა პირადი, არამედ ღვთის ნების შესრულება იქნებოდა, იეჰოვა ძალებს შემმატებდა“.
აი, რას ამბობს ანდრეასი, რომელიც გერმანიაში მსახურობს: „მე დავრწმუნდი, რომ ის, თუ როგორ მოქმედებს ღვთის ორგანიზაცია, თანამედროვე სასწაულია. სკოლა დამეხმარა, მზად ვყოფილიყავი იმ საქმისთვის, რომელიც წინ მელოდა. ამასთანავე, არაერთმა ბიბლიურმა მაგალითმა მასწავლა ერთი ძირითადი ჭეშმარიტება: ჩემი ძმებისა და იეჰოვასადმი მსახურებას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს“.
ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის
მიზანი: ამზადებს წყვილებს იმისათვის, რომ უფრო სრულად ემსახურონ იეჰოვას და მის ორგანიზაციას. კურსდამთავრებულთა უმეტესობას ნიშნავენ თავიანთ ქვეყანაში იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. ზოგიერთი შეიძლება დაინიშნოს სხვა ქვეყანაში, თუ ისინი აცნობებენ ფილიალს, რომ მზად არიან ამისთვის. კურსდამთავრებულები შეიძლება დაინიშნონ დროებით სპეციალურ პიონერებად დაშორებულ ტერიტორიებზე, რათა იქ დაიწყონ ან გააფართოონ სამქადაგებლო საქმიანობა.
ხანგრძლივობა: 2 თვე.
ჩატარების ადგილი: ეს სკოლა ტარდება შეერთებულ შტატებში და 2012 წლის სექტემბრიდან ის აგრეთვე ჩატარდება მსოფლიო მასშტაბით ზოგიერთ ქვეყანაში, ძირითადად, საკონგრესო ან სამეფო დარბაზში.
მოთხოვნები: ცოლ-ქმარი 25-დან 50 წლამდე. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობა, მდგომარეობა ნებას რთავდეთ, იმსახურონ იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა და ჰქონდეთ განწყობა: „მე წავალ! მე გამგზავნე“ (ეს. 6:8). ისინი, სულ მცირე, ორი წლის დაქორწინებული უნდა იყვნენ და უწყვეტად სრული დროით მინიმუმ ორი წელი უნდა ჰქონდეთ ნამსახურები. ქმარი უნდა მსახურობდეს უხუცესად ან მომსახურედ მინიმუმ ბოლო ორი წელი.
ჩაწერა: საოლქო კონგრესზე ამ სკოლაში სწავლის მსურველთათვის ტარდება შეხვედრა, რომელზეც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება. თუ თქვენს ქვეყანაში კონგრესზე ასეთი შეხვედრა არ ტარდება, მაგრამ გსურთ სწავლა, ინფორმაციის მისაღებად მისწერეთ ფილიალს.
„ამ რვა კვირამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა იმ წყვილებისთვის, რომელთაც სურთ იეჰოვასთვის მეტის გაკეთება! ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ გაწონასწორებული ცხოვრება, რაც საშუალებას მოგვცემს, გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი დრო“ (ერიკ და კაროლინა, 1-ლი კლასი, 2011 წელი) (ქვემოთ).
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“
მიზანი: სტუდენტებს ამზადებს მისიონერად მსახურებისთვის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მიმომსვლელ ზედამხედველებად ან ბეთელში მსახურებისთვის. ამ სკოლის მიზანია კრებებისა და ფილიალების გაძლიერება და განმტკიცება.
ხანგრძლივობა: 5 თვე.
ჩატარების ადგილი: „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ).
მოთხოვნები: წყვილები, რომლებიც უკვე არიან სპეციალური სრული დროით მსახურები, მაგალითად: მისიონერები, რომლებსაც სკოლა „გალაადი“ არ გაუვლიათ, სპეციალური პიონერები, მიმომსვლელი ზედამხედველები ან ბეთელელები. ისინი უწყვეტად უნდა მსახურობდნენ ასეთი სახით, სულ ცოტა, სამი წელი. უნდა ლაპარაკობდნენ, კითხულობდნენ და წერდნენ ინგლისურად თავისუფლად.
ჩაწერა: ფილიალის კომიტეტი სთხოვს წყვილებს, რომ შეავსონ განცხადება.
ლადეი და მონიკა, რომლებიც შეერთებული შტატებიდან არიან, ახლა მსახურობენ აფრიკაში. ლადეი ამბობს: «სკოლა „გალაადმა“ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მსახურებისთვის მოგვამზადა. ასე რომ, მკლავები დავიკაპიწეთ, რათა ვითანამშრომლოთ ჩვენს ძვირფას ძმებთან».
მონიკა დასძენს: „ღვთის სიტყვიდან ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებამ მსახურებაში დიდი სიხარული მომანიჭა. მივხვდი, რომ ეს სიხარული იეჰოვას ჩემდამი სიყვარულზე მოწმობდა“.
სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის და მათი მეუღლეებისთვის
მიზანი: ეხმარება ფილიალის კომიტეტის წევრებს, უკეთ უხელმძღვანელონ ბეთელის სახლებს, ყურადღება მიაქციონ მსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, უხელმძღვანელონ რაიონებსა და ოლქებს; აგრეთვე ზედამხედველობა გაუწიონ თარგმნას, ბეჭდვასა და ლიტერატურის ტრანსპორტირებას.
ხანგრძლივობა: 2 თვე.
ჩატარების ადგილი: „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ).
მოთხოვნები: ძმები უნდა იყვნენ ფილიალის ან ქვეყნის კომიტეტის წევრები. შეიძლება მოიწვიონ ის ძმებიც, რომლებსაც ახლო მომავალში დანიშნავენ კომიტეტის წევრად.
ჩაწერა: ძმებს და მათ მეუღლეებს იწვევს ხელმძღვანელი საბჭო.
ლოუელი და კარა, რომლებმაც ამ სკოლის 25-ე კლასი დაამთავრეს, მსახურობენ ნიგერიაში. ლოუელი გვიზიარებს: „ძმებმა შეგვახსენეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ვართ ან რა სამუშაოს ვასრულებთ, ყველაფერი იეჰოვას მოსაწონად უნდა ვაკეთოთ. სწავლის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისეთივე სიყვარულით უნდა ვექცეოდეთ სხვებს, როგორსაც იეჰოვა ავლენს თავისი მსახურებისადმი“.
კარა განაგრძობს: „ერთმა აზრმა ძალიან დამაფიქრა. თუ რაიმე საკითხს ვერ ვხსნი მარტივად, აუცილებელია, თავად გამოვიკვლიო ეს საკითხი, სანამ სხვებს ვასწავლი“.