თავი 16
როდემდე დავმალო ჩემი საქციელი?
□ ალკოჰოლური სასმელების დალევა
□ ახლო ურთიერთობა მათთან, ვისთან მეგობრობასაც მშობლები გიშლიან
□ ქრისტიანისთვის შეუფერებელი მუსიკის მოსმენა
□ ისეთ შეკრებებზე სიარული, სადაც ახალგაზრდები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ
□ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა
□ ძალადობისა და უზნეობის ამსახველი კადრების ყურება ან ძალადობრივი ვიდეოთამაშებით გართობა
□ ბილწსიტყვაობა
გადახედე წინა გვერდზე მოცემულ სიას. შენც ხომ არ შეეჩვიე რამეს, ისე რომ მშობლებმა არაფერი იციან? თუ ასეა, ალბათ ხვდები, რომ არასწორად იქცევი. შესაძლოა სინდისიც გაწუხებს (რომაელები 2:15). მაგრამ ამის შესახებ მშობლებთან საუბარზე ფიქრიც კი არ გინდა. შეიძლება თავს იმართლებ და ამბობ: „რაც ნაკლები ეცოდინებათ, ნაკლებს ინერვიულებენ“. გიფიქრია იმაზე, თუ რა ჰქვია შენს საქციელს? რატომ იქცევი ასე?
დამოუკიდებლობის ხიბლი
ბიბლიაში ნათქვამია: „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). ცხადია, იმავეს თქმა შეიძლება ქალზეც. უჩვეულო არაფერია იმაში, თუ გინდა, რომ მალე გაიზარდო და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები. თუმცა ბევრი ახალგაზრდა საერთოდ ვერ ეგუება იმას, რომ მშობლები რაღაცას უშლიან.
ზოგი მშობელი მართლაც მეტისმეტად მკაცრია. კიმი ამბობს: „მშობლები ფილმების ყურების უფლებას ათასში ერთხელ თუ გვაძლევენ. მამა საერთოდ გვიკრძალავს მუსიკის მოსმენას“. როცა ახალგაზრდა ხედავს, რომ მშობელი ზედმეტად ზღუდავს, შენატრის თანატოლებს, რომლებსაც ერთი შეხედვით უფრო მეტი თავისუფლება აქვთ.
როგორც ერთი გოგო, ტამი, ამბობს, მოზარდებზე დიდ გავლენას ახდენს თანატოლების წრეში დამკვიდრების სურვილი. „სკოლაში ცუდი სიტყვებით ლაპარაკს დავეჩვიე, — იხსენებს ტამი. — არ მინდოდა, სხვებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ცოტა ხანში მოწევა დავიწყე. სასმელზეც არ ვამბობდი უარს. მალე ბიჭებთანაც გავაბი ურთიერთობა. ამას მშობლებს არ ვეუბნებოდი, რადგან მკაცრები იყვნენ და ასეთ რამეებს მიშლიდნენ“.
პიტსაც მსგავსი ისტორია ჰქონდა: „მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ. სულ იმის მეშინოდა, რომ ჩემთვის არავის დაეცინა“. როგორ მოიქცა პიტი? „ვცდილობდი, სხვებზე ნაკლები არ ვყოფილიყავი. როცა რელიგიური დღესასწაულების დროს საჩუქრებს არ ვიღებდი, ტყუილებს ვამბობდი და მიზეზებს ვიგონებდი“. პიტმა პატარ-პატარა დათმობებით დაიწყო და მალე ღრმად შეტოპა.
ღმერთს ვერაფერს დავუმალავთ
თუ მალავ შენს საქციელს, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ასე იქცეოდა ძველად ზოგი ებრაელიც იმ იმედით, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა. მაგრამ ესაია წინასწარმეტყველმა თქვა: „ვაი მათ, სიღრმეში რომ უმალავენ იეჰოვას თავიანთ ზრახვას, სიბნელეში რომ აკეთებენ საქმეებს და ამბობენ: ვინ გვხედავს და ვინ იცის ჩვენი ამბავიო?“ (ესაია 29:15). ამ ებრაელებს დაავიწყდათ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავდა. გავიდა დრო და ღმერთმა პასუხი აგებინა მათ.
მას შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. შეიძლება მშობლებს დაუმალო შენი საქციელი, მაგრამ იეჰოვა ღმერთის თვალს ვერაფერს გამოაპარებ. ებრაელების 4:13-ში წერია: „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“. ასე რომ, რამის დამალვას აზრი არა აქვს. ღმერთს ვერ მოატყუებ მოჩვენებითი ერთგულებითა და რელიგიურ შეკრებებზე დასწრებით. იეჰოვა კარგად ხედავს, როცა ‘ხალხი მხოლოდ ბაგეებით სცემს პატივს და გული შორსა აქვთ მისგან’ (მარკოზი 7:6).
გიფიქრია იმაზე, რომ გაორებული ცხოვრებით ადამიანი გულს სტკენს იეჰოვას? ძველ დროს მცხოვრებ ისრაელებზე, რომლებიც არღვევდნენ ღვთის კანონს, ბიბლიაში ნათქვამია: „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმუნი 78:41). იეჰოვასთვის დღესაც ძალიან მტკივნეულია, როცა ‘მის მოსაწონად აღზრდილი’ ახალგაზრდები არასწორად იქცევიან (ეფესოელები 6:4).
იმოქმედე!
შენ პასუხისმგებელი ხარ ღვთის, მშობლებისა და საკუთარი თავის წინაშე, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი თქვა. გასაგებია, რომ ამის გაკეთება ადვილი არ არის და შეიძლება დაისაჯო კიდეც (ებრაელები 12:11). თუ გამუდმებით ატყუებდი და თვალს უხვევდი მშობლებს, მათ გაუჭირდებათ შენი ნდობა. ამიტომ არ გაგიკვირდეს, თუ ადრინდელზე მეტად შეგზღუდავენ. მაგრამ ყველაფრის აღიარება მაინც საუკეთესო გამოსავალია. რატომ?
დაფიქრდი ასეთ მაგალითზე: ვთქვათ, ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ ხარ სასეირნოდ გასული. მშობლებმა გთხოვეს, რომ მათ გვერდით გევლო. შენ არ დაუჯერე და ერთმანეთი დაკარგეთ. უცებ ჭაობიან ადგილზე აღმოჩნდი და ატყობ, რომ იფლობი. არ დაუძახებ საშველად მშობლებს? შეიკავებ ამისგან თავს იმის შიშით, რომ მშობლებმა შეიძლება გისაყვედურონ? არა. შენ მთელი ძალით იყვირებ.
თუ შენს არასწორ საქციელს მალავ, სასწრაფოდ გჭირდება დახმარება. წარსულს ვეღარ დააბრუნებ და ვეღარ შეცვლი, მაგრამ მომავლის შეცვლა შეგიძლია. თუნდაც ძალიან რთული იყოს დახმარების თხოვნა, ნამდვილად ღირს ამის გაკეთება, ვიდრე რამე უბედურებას არ გადაეყრები. თუ გულწრფელად განიცდი ჩადენილ შეცდომებს, იეჰოვა გაპატიებს (ესაია 1:18; ლუკა 6:36).
ამიტომ უთხარი მშობლებს სიმართლე. შეეცადე, გაუგო მათ და დასჯის ნუ შეგეშინდება. ასე მშობლებსაც გაახარებ და იეჰოვა ღმერთსაც. შენც მოგეხსნება ტვირთი, რადგან დაისვენებ სინდისის ქენჯნისგან (იგავები 27:11; 2 კორინთელები 4:2).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).
რჩევა
როცა შეცდომებს უშვებ, ნურც მეტისმეტად ლმობიერი იქნები საკუთარი თავის მიმართ და ნურც ზედმეტად კრიტიკული. იეჰოვა მზად არის პატიებისთვის (ფსალმუნი 86:5).
იცოდი, რომ . . . ?
დანაშაულის გრძნობა ზოგჯერ კარგია. ეს ადამიანს შეიძლება დაეხმაროს გამოსწორებაში. ვინც არ იშლის ცუდის კეთებას, იხშობს სინდისის ხმას. მისი სინდისი გაუხეშებული კანივით უგრძნობი ხდება (1 ტიმოთე 4:2).
რა უნდა გავაკეთო
თუ დღემდე ვმალავდი ჩემს ცუდ საქციელს, უნდა დაველაპარაკო ․․․․․
თუ დამსჯიან ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ იწყებს ზოგი ორმაგი ნორმებით ცხოვრებას?
● რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
● რატომ ღირს ამ პრობლემის მოგვარება?
შენ ხედავ, რომ კლასელებთან ბევრი საერთო გაქვს. მაგრამ რა უნდა გახსოვდეს, როცა საქმე მათთან მეგობრობას ეხება?
[ჩანართი 140 გვერდზე]
„ჩემი აზრით, არ უნდა დამალო, რომ ქრისტიანი ხარ და მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობ. რაც მალე გაიგებენ ამას სხვები, მით უკეთესია. რაც უფრო გაწელავ დროს, მით უფრო გაგიჭირდება ამის გაკეთება“ (ლინდა).
[სურათი 141 გვერდზე]
თუ „გითრევს“ არასწორი ცხოვრების წესი, მოუხმე სხვებს დასახმარებლად.