თავი 9
რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?
1. როგორი გრძნობები ეუფლებათ ადამიანებს, როცა საყვარელი პიროვნება უკვდებათ?
„როდესაც საყვარელი ადამიანი კვდება, პიროვნება იტანჯება, იმიტომ რომ, სიკვდილი არის საყვარელი პიროვნების დანაკლისი, რომელიც იკარგება არარაობაში“. ეს სიტყვები წარმოთქვა ერთმა ჭაბუკმა, როდესაც მას გარდაეცვალა მამა და მოკლე ხანში დედაც. ტკივილმა და დიდი დანაკლისის გრძნობამ „ემოციურად განადგურებული“ დატოვა. შესაძლოა, შენც განგიცდია მსგავსი ტანჯვა. შეიძლება დაინტერესებულხარ, სად არიან შენი საყვარელი პიროვნებები და ნახავ თუ არა მათ ოდესმე.
2. რომელი რთული კითხვები წამოიჭრება სიკვდილთან დაკავშირებით?
2 მრავალი დამწუხრებული მშობლისთვის უთქვამთ, რომ „ღმერთს საუკეთესო ადამიანები მიჰყავს, რათა მასთან ერთად იყვნენ ზეცაში“. ასეა თუ არა ეს სინამდვილეში? მიდის თუ არა ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი პიროვნება სულთა სამყაროში? არის თუ არა ეს ის, რასაც ზოგიერთები უწოდებენ „ნირვანა“-ს, რომელსაც ტკივილისა და ვნებისგან თავისუფალ მდგომარეობად აღწერენ? ისინი, ვინც გვიყვარს, გადიან თუ არა რაღაც კარიბჭეს, რომ შევიდნენ სამოთხეში და იცხოვრონ მარადიულად? ან როგორც სხვები ამტკიცებენ, არის თუ არა სიკვდილი უსასრულო ტანჯვა-წამებაში ჩავარდნა მათთვის, ვინც ღმერთის წინაშე სცოდავს? შეუძლიათ მკვდრებს ცოცხლებზე ზეგავლენის მოხდენა? ასეთ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები რომ მივიღოთ, გვესაჭიროება რჩევისთვის მივმართოთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას.
რა არის „სული [რუაჰ]“a ადამიანებში?
3. როგორი აზრი ჰქონდათ სოკრატესა და პლატონს მკვდრებთან დაკავშირებით და როგორ გავლენას ახდენს ეს დღეს ადამიანებზე?
3 ძველი ბერძენი ფილოსოფოსები სოკრატე და პლატონი თვლიდნენ, რომ მამაკაცსა და ქალში, არსებითად, უნდა არსებობდეს რაღაცა უკვდავი სული, რომელიც იტანს სიკვდილს და სინამდვილეში, არასდროს კვდება. დღეს მთელ დედამიწაზე მილიონებს სწამთ ეს. ეს რწმენა ხშირად იწვევს ისეთივე დიდ შიშს მკვდრების მიმართ, როგორი შიშიც არსებობს მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ბიბლია სრულიად განსხვავებულ რამეს გვასწავლის მკვდრების შესახებ.
4. ა) რას გვეუბნება „დაბადება“ სულის [ნეფეშ] შესახებ? ბ) რა მისცა ღმერთმა ადამს, რათა ის ცოცხალი გამხდარიყო?
4 იმის განხილვისას, თუ როგორ მდგომარეობაში არიან მკვდრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს თავდაპირველ მამას, ადამს, არ ჰქონდა სული. ის თვითონ იყო სული [ნეფეშ]. მოკრძალების მომგვრელი შემოქმედების აქტით ღმერთმა შექმნა ადამიანი — სული [ნეფეშ] — მიწის მთავარი ელემენტებისგან და შემდეგ შთაბერა მას „სიცოცხლის სუნთქვა“. დაბადების 2:7 გვეუბნება: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [სულად, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა]». ადამის სიცოცხლე ნარჩუნდებოდა სუნთქვით. მაგრამ როდესაც ღმერთმა სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა ადამს, უფრო მეტი იყო მიღწეული, ვიდრე ჰაერის ჩაბერვა ადამიანის ფილტვებში. ბიბლია ლაპარაკობს ‘სასიცოცხლო ძალაზე’, რომელიც ამოქმედებს დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას (დაბადება 7:22, აქ).
5, 6. ა) რა არის „სიცოცხლის ძალა“? ბ) რა ხდება, როდესაც ფსალმუნის 145:4-ში მოხსენიებული „სული [რუაჰ]“ მეტად აღარ აცოცხლებს სხეულს?
5 რა არის „სასიცოცხლო ძალა“? ეს არის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამის უსიცოცხლო სხეულში. ეს ძალა შემდეგ ნარჩუნდებოდა სუნთქვის საშუალებით. მაშინ რა არის „სული [რუაჰ]“, რომელიც მოხსენებულია ფსალმუნის 145:4-ში? ეს მუხლი ლაპარაკობს პიროვნებაზე, რომელიც კვდება: „ამოუვა სული [რუაჰ], დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. როდესაც ბიბლიის მწერლებმა ასეთი სახით გამოიყენეს სიტყვა „სული [რუაჰ] “ მათ მხედველობაში არ ჰქონიათ უსხეულო სული, რომელიც, თითქოსდა, სხეულის სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს.
6 „სული [რუაჰ]“, რომელიც სიკვდილის დროს ტოვებს ადამიანს, არის სასიცოცხლო ძალა, რომელსაც აძლევს ჩვენი შემოქმედი (ფსალმუნი 35:10; საქმეები 17:28). ამ სასიცოცხლო ძალას არა აქვს იმ ქმნილების დამახასიათებელი თვისებები, რომელსაც ის აცოცხლებს, ისევე, როგორც ელექტრობა არ იღებს იმ მოწყობილობის თვისებებს, რომელსაც ის ენერგიით ამარაგებს. როდესაც ადამიანი კვდება, სული [რუაჰ] (სასიცოცხლო ძალა) ვეღარ აცოცხლებს სხეულის უჯრედებს, ისევე როგორც შუქი ქრება, ელექტრობის გამორთვისას. როდესაც სასიცოცხლო ძალა აღარ აძლევს ენერგიას ადამიანის სხეულს, ადამიანი, სული [ნეფეშ] კვდება (ფსალმუნი 103:29; ეკლესიასტე 12:1, 7).
„მტვრადვე მიიქცევი“
7. რა დაემართებოდა ადამს, თუ არ დაემორჩილებოდა ღმერთს?
7 იეჰოვამ გასაგებად ახსნა, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა სიკვდილს ცოდვილი ადამისთვის. ღმერთმა უთხრა: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). სად დაბრუნდებოდა ადამი? მიწაში, მტვერში, რისგანაც შექმნილი იყო. სიკვდილისას ადამი არსებობას შეწყვეტდა.
8. რითი არ უპირატესობენ ადამიანები, როგორც სულები [ნეფეშ], ცხოველებზე?
8 ამ მხრივ ადამიანის სიკვდილი არაფრით განსხვავდება ცხოველის სიკვდილისგან. ცხოველებიც სულები [ნეფეშ] არიან იმავე სულით [რუაჰ], ანუ სასიცოცხლო ძალით, რომელიც ძალას აძლევს მათ (დაბადება 1:24). ეკლესიასტეს 3:19, 20-ში ბრძენი ადამიანი სოლომონი გვეუბნება: „ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული [რუაჰ] უდგას, კაცი [სიკვდილის დროს] პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს. . . ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“. ადამიანი ცხოველზე იმით უპირატესობდა, რომ ღმერთის მსგავსებად იყო შექმნილი და ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს (დაბადება 1:26, 27). მაგრამ სიკვდილისას, როგორც ადამიანები, ასევე ცხოველები უბრუნდებიან მტვერს.
9. როგორ მდგომარეობაშია მკვდარი და სად იმყოფება?
9 სოლომონმა შემდეგ ახსნა, რას ნიშნავს სიკვდილი: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“. დიახ, მკვდარმა აბსოლუტურად არაფერი იცის. ამ საკითხთან დაკავშირებით, სოლომონმა მოგვიწოდა: „რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [შეოლში, აქ], სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10). სად მიდის მკვდარი? შეოლში (ებრაულად „შეʼოლʹ“), საერთო საკაცობრიო სამარეში. ჩვენი საყვარელი პიროვნებები, რომლებიც კვდებიან, ვერაფერს გრძნობენ. ისინი არ იტანჯებიან და მათ არ შესწევთ ძალა რამე სახით მოახდინონ ჩვენზე ზეგავლენა.
10. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილი არ არის დასასრული?
10 მაშ, ჩვენ და ჩვენმა საყვარელმა პიროვნებებმა მხოლოდ რამდენიმე წელი უნდა ვიცხოვროთ და შემდეგ სამუდამოდ შევწყვიტოთ არსებობა? ბიბლიის თანახმად ეს ასე არ არის. ადამის აჯანყების დროიდან, იეჰოვა ღმერთმა დაუყოვნებლივ წამოიწყო ღონისძიებები, რათა გაეუქმებინა ადამიანთა ცოდვის საშინელი შედეგები. სიკვდილი არ შეადგენდა ღმერთის განზრახვების ნაწილს ადამიანებთან დაკავშირებით (ეზეკიელი 33:11; 2 პეტრე 3:9). მაშასადამე, სიკვდილი არ არის ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების დასასრული.
„დაიძინა“
11. როგორ აღწერა იესომ მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა თავისი მკვდარი მეგობარი ლაზარე?
11 იეჰოვას განზრახვაა, გვიხსნას ჩვენ და ჩვენი საყვარელი პიროვნებები, რომლებიც მოკვდნენ, ადამის მიერ შთამომავლობით გადმოცემული სიკვდილისგან. ამიტომ, ბიბლია მკვდრებს მოიხსენიებს, როგორც ძილის მდგომარეობაში მყოფთ. მაგალითად, როდესაც იესო ქრისტემ გაიგო, რომ თავისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, თავის მოწაფეებს უთხრა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. რადგან მოწაფეები მაშინვე ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამის მნიშვნელობას, იესომ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11, 14). შემდეგ იესო წავიდა ქალაქ ბეთანიაში, სადაც იმყოფებოდნენ ლაზარეს მგლოვიარე დები, მართა და მარიამი. როდესაც იესომ უთხრა მართას: „აღდგება შენი ძმა“, მართამ თავისი რწმენა გამოხატა ღმერთის განზრახვისადმი, ჩამოაშოროს ადამიანთა ოჯახს სიკვდილის შედეგები. მან უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24).
12. როგორი იმედი ჰქონდა მართას მკვდრებთან დაკავშირებით?
12 მართას არ გამოუთქვამს აზრი უკვდავი სულის შესახებ, რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც ცოცხლობს. მას არ სწამდა, რომ ლაზარე უკვე წავიდა სადღაც სულთა სამყაროში, რათა იქ გაეგრძელებინა არსებობა. მართასთვის სარწმუნო იყო მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი იმედი. მას ესმოდა, რომ ლაზარეს სხეულს არ გამოჰყოფია უკვდავი სული, არამედ მისმა ძმამ არსებობა შეწყვიტა. სიკვდილიდან ხსნის საშუალება იქნებოდა მისი ძმის აღდგომა.
13. ღმერთის მიერ ბოძებული როგორი ძალა აქვს იესოს და როგორ გამოავლინა მან ეს ძალა?
13 იესო ქრისტე არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც იეჰოვა ღმერთმა აღჭურვა უფლებით, რათა გამოისყიდოს კაცობრიობა (ოსია 13:14). ამიტომ, მართას სიტყვების საპასუხოდ იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25). იესომ უჩვენა ღმერთის მიერ ბოძებული ძალა ამ მხრივ, როდესაც მივიდა სამარხთან და აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე (იოანე 11:38–44). შენ მხოლოდ წარმოიდგინე მათი სიხარული, ვინც ეს იხილა ან იხილა სხვების აღდგომა, რომელიც მოახდინა იესო ქრისტემ! (მარკოზი 5:35–42; ლუკა 7:12–16).
14. რატომ არის ერთმანეთთან შეუთავსებელი აღდგომა და უკვდავი სულის არსებობის იდეა?
14 ახლა, მოდი, ერთი წუთით სერიოზულად დაფიქრდი ასეთ საკითხზე: არავისი აღდგენა, ანუ სასიცოცხლოდ დაბრუნება არ იქნებოდა საჭირო, თუ მისი უკვდავი სული სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს. სინამდვილეში, ნუთუ სიკეთე იქნებოდა ლაზარეს მსგავსად, ვინმეს აღდგენა, არასრულყოფილი სიცოცხლისათვის დედამიწაზე, თუ მან უკვე მიიღო შესანიშნავი ზეციერი ჯილდო. სინამდვილეში, ბიბლიაში არსად გამოიყენება გამოთქმა „უკვდავი სული“. პირიქით, საღვთო წერილი ამბობს, რომ ცოდვილი ადამიანის სული [ნეფეშ] კვდება (ეზეკიელი 18:4, 20). ამიტომ ბიბლია მიუთითებს აღდგომის ღონისძიებაზე, როგორც სიკვდილიდან ხსნის ნამდვილ საშუალებაზე.
„ყველანი, ვინც სამარხებში არიან“
15. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „აღდგომა“? ბ) რატომ არ არის იეჰოვასთვის ძნელი პიროვნების აღდგენა?
15 სიტყვა, რომელიც იესოს მოწაფეებმა გამოიყენეს „აღდგომისთვის“, პირდაპირ ნიშნავს: „აღდგომა“ ან „ადგომა“. ეს არის აღდგომა სიკვდილის უსიცოცხლო მდგომარეობიდან, თითქოს პიროვნება ადგეს საერთო საკაცობრიო სამარიდან. იეჰოვა ღმერთს თავისუფლად შეუძლია აღადგინოს პიროვნება. რატომ? იმიტომ რომ, იეჰოვა სიცოცხლის შემოქმედია. დღეს ადამიანებს შეუძლიათ ვიდეოფირზე ჩაწერონ მამაკაცებისა და ქალების ხმები და გამოსახულებები და პიროვნების სიკვდილის შემდეგ განმეორებით ნახონ ეს ჩანაწერები. ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენს უზენაეს შემოქმედს შეუძლია წვრილმანებში „ჩაიწეროს“ ნებისმიერი პიროვნება და აღადგინოს იგივე პიროვნება, ხელახლა შექმნილი სხეულით.
16. ა) რა დაპირება მისცა იესომ მათ შესახებ, ვინც სამახსოვრო სამარხებში არიან? ბ) რა იქნება განმსაზღვრელი, თუ პიროვნების გაცოცხლება როგორ აღდგომად აღმოჩნდება მისთვის?
16 იესო ქრისტემ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [ქრისტეს] ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). ყველა, ვინც იეჰოვას ჰყავს დამახსოვრებული, აღდგენილი იქნება და დამოძღვრილი მისი გზებით. მისთვის, ვინც ღვთის შემეცნებასთან შეთანხმებულად იმოქმედებს, ეს სასიცოცხლო აღდგომად აღმოჩნდება. მაგრამ მისთვის, ვინც უარყოფს ღვთის სწავლებებსა და მმართველობას, ეს იქნება სამსჯავროს აღდგომა.
17. ვინ იქნება აღდგენილი?
17 რასაკვირველია, ყველა, ვინც იეჰოვას სამართლიან გზას მიჰყვებოდა, როგორც ღმერთის მსახური, აღდგენილი იქნება. სინამდვილეში, აღდგომის იმედი ამაგრებდა მრავალს სიკვდილთან პირისპირ დგომისას და საშინელი დევნების დროსაც კი. მათ იცოდნენ, რომ ღმერთს შეეძლო მათი აღდგენა (მათე 10:28). მაგრამ მილიონობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ არ გამოუმჟღავნებია, დაემორჩილებოდა თუ არა ღმერთის სამართლიან ნორმებს. ისინიც აღდგენილი იქნებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვაში დარწმუნებული მოციქული პავლე წერდა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
18. ა) აღდგომის შესახებ რა ხილვა ჰქონდა იოანეს? ბ) რა განადგურდება „ცეცხლის ტბაში“ და რას ნიშნავს ეს „ტბა“?
18 მოციქულ იოანეს ჰქონდა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანების შესახებ ამაღელვებელი ხილვა, რომლებიც ღვთის ტახტის წინ იდგნენ. შემდეგ იოანემ დაწერა: „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა [ჰადესმა, აქ] მისცეს მათში მყოფი მკვდრები; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი [ჰადესი, აქ] ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“ (გამოცხადება 20:12–14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). გაიფიქრე ამის შესახებ! ყველა მკვდარს, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, აქვს პერსპექტივა გათავისუფლდეს ჰადესიდან (ბერძნულად „ჰაიʹდეს“), ანუ შეოლიდან — საერთო საკაცობრიო სამარიდან (ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31). მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმეებით გამოამჟღავნონ, იქნებიან თუ არა ღმერთის მსახურები. შემდეგ „სიკვდილი და ჯოჯოხეთი“ ჩაყრილი იქნება, ეგრეთ წოდებულ, „ცეცხლის ტბაში“, რომელიც სრულ განადგურებას ნიშნავს და იგივეა, რაც გამოთქმა ‘გეენა’ (ლუკა 12:5). როდესაც აღდგომა დასრულდება, საერთო საკაცობრიო სამარე გამოცარიელდება და აღარ იარსებებს. რა მანუგეშებელია ბიბლიიდან იმის გაგება, რომ ღმერთი არავის ტანჯავს! (იერემია 7:30, 31).
აღდგომა — სად?
19. რატომ იქნება ზოგიერთი ადამიანი ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი და როგორ სხეულს მისცემს მათ ღმერთი?
19 მამაკაცებისა და ქალების განსაზღვრული რიცხვი აღდგენილი იქნება ზეცაში საცხოვრებლად. როგორც მეფეები და მღვდლები, ისინი იესოსთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, სიკვდილის ყოველგვარი შედეგების გაუქმებაში, რომლებიც კაცობრიობას გადმოეცა პირველი ადამიანისგან, ადამისგან (რომაელთა 5:12; გამოცხადება 5:9, 10). რამდენ ადამიანს წაიყვანს ღმერთი იმისთვის, რომ ქრისტესთან ერთად მართონ? ბიბლიის თანახმად, მხოლოდ 144 ათასს (გამოცხადება 7:4; 14:1, აფ). ყველა ამ აღდგენილ ადამიანს იეჰოვა მისცემს სულიერ სხეულს, ისე რომ მათ შეძლონ ზეცაში ცხოვრება (1 კორინთელთა 15:35, 38, 42–45; 1 პეტრე 3:18).
20. რა დაემართება მორჩილ კაცობრიობას იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც აღდგენილი იქნება?
20 ხალხთა უმრავლესობა, ვინც მოკვდა, აღდგენილი იქნება დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (ფსალმუნი 36:11, 29; მათე 6:10). ზოგიერთი პიროვნების ზეცაში აღდგომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბოლომდე შესრულდეს ღმერთის განზრახვა დედამიწისთვის. ზეცაში მყოფი იესო ქრისტე და 144 000 თანდათანობით მიიყვანენ მორჩილ კაცობრიობას სრულყოფილებამდე, რომელიც ჩვენმა პირველმა მშობლებმა დაკარგეს. ეს შეეხება აღდგენილ ადამიანებს, როგორც იესომ ნათელყო, როდესაც მის გვერდით ძელზე გაკრულ მომაკვდავ ადამიანს უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43).
21. რა დაემართება სიკვდილს წინასწარმეტყველი ესაიასა და იოანე მოციქულის სიტყვების თანახმად?
21 სიკვდილი, რომელიც იწვევს სიცარიელის გრძნობას, მოისპობა სამოთხეში დედამიწაზე (რომაელთა 8:19–21). წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა, რომ იეჰოვა ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“ (ესაია 25:8). მოციქულ იოანეს მიეცა ხილვა იმ დროის შესახებ, როდესაც მორჩილი კაცობრიობა გათავისუფლდება ტკივილისა და სიკვდილისგან. დიახ, „თვით ღმერთი იქნება მათთან. და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი“ (გამოცხადება 21:1–4, სსგ).
22. როგორ მოქმედებს შენზე შემეცნება აღდგომის შესახებ?
22 ბიბლიის ნათელი სწავლებები ხსნის გაუგებრობას იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ემართებათ მკვდრებს. საღვთო წერილი პირდაპირ აცხადებს, რომ სიკვდილი არის „უკანასკნელი მტერი“, რომელიც განადგურდება (1 კორინთელთა 15:26). როგორი ძალისა და ნუგეშის მომცემია, იცოდე, რომ არსებობს აღდგომის იმედი! როგორი მოხარულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ჩვენი საყვარელი პიროვნებები, რომლებიც მოკვდნენ და ღმერთის მეხსიერებაში არიან, გამოიღვიძებენ სიკვდილის ძილისგან და დატკბებიან ყოველი სიკეთით, რომელიც იეჰოვას უხვად აქვს შემონახული თავისი მოყვარულებისთვის! (ფსალმუნი 144:16). ასეთი კურთხევები შესრულდება ღვთის სამეფოს მეშვეობით. მაგრამ როდის დაიწყება მისი მმართველობა? მოდი, ვნახოთ.
სქოლიოები]
a ებრაული სიტყვები: „რუაჰ“ (ნიშნავს სასიცოცხლო ძალას) და „ნეფეშ“ (ნიშნავს 1. პიროვნებას, 2. ცხოველს და 3. სიცოცხლეს, რომელიც მათ აქვთ) ქართულ ენაში გადმოიცემა სიტყვით „სული“. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ზოგ შემთხვევაში, სიტყვა „სულთან“ ჩასმულია შესაბამისი ებრაული სიტყვა.
შეამოწმე შენი ცოდნა
რა არის სული [რუაჰ] ადამიანებში?
როგორ აღწერდი მდგომარეობას, რომელშიც მკვდრები იმყოფებიან?
ვინ იქნება აღდგენილი?
[სურათი 85 გვერდზე]
ზუსტად ისე, როგორც იესომ გამოიყვანა ლაზარე სამარხიდან,აღდგენილი იქნება მილიონობით ადამიანი.
[სურათი 86 გვერდზე]
სიხარული იქნება გაბატონებული, როდესაც ‘ღმერთი სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს’.