თავი პირველი
არსებობს ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?
1. რა როლს ასრულებს საზოგადოებაში მყარი ოჯახები?
ოჯახი თავის დასაბამს უხსოვარი დროიდან იღებს და უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოების სიძლიერეს ყოველთვის ოჯახის სიძლიერე განაპირობებდა. ბავშვის აღსაზრდელად და ჩამოსაყალიბებლად ოჯახზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.
2—5. ა) რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს ბავშვი ბედნიერ ოჯახში? ბ) რა პრობლემები არსებობს ზოგ ოჯახში?
2 ბედნიერ ოჯახში ოჯახის წევრებს არასდროს ტოვებს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გრძნობა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ იდეალური ოჯახი: საღამოს მზრუნველი მშობლები შვილებთან ერთად ვახშმობენ და საუბრობენ დღის განმავლობაში მომხდარ ავსა თუ კარგზე. ბავშვები დედ-მამას აღტაცებით უყვებიან სკოლის ამბებს. დროის ერთად გატარება ოჯახის თითოეული წევრისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და ისინი განახლებული ძალებით ხვდებიან ახალ დღეს.
3 ბედნიერ ოჯახში ბავშვი დარწმუნებულია, რომ თუ ავად გახდა, დედ-მამა მოუვლის, თუ საჭირო გახდება, ღამესაც კი გაათენებენ მის საწოლთან. მან იცის, რომ თუ თავისი პრობლემით დედას ან მამას მიმართავს, აუცილებლად მიიღებს რჩევასა და თანადგომას. გარეთ ქვეყანაც რომ იქცეოდეს, ასეთ ოჯახში ბავშვი მაინც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.
4 პატარები იზრდებიან და ქორწინდებიან, საკუთარ ოჯახებს ქმნიან. „შვილი მხოლოდ მაშინ დააფასებს მშობლის ამაგს, როცა თვითონ გახდება მშობელი“, — ამბობს ერთი აღმოსავლური ანდაზა. უდიდესი სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი, უკვე ზრდასრული შვილები საკუთარი ოჯახის ბედნიერებაზე იწყებენ ზრუნვას, და უვლიან უკვე ხანდაზმულ მშობლებს, რომელთათვისაც ყველაზე სასიამოვნო საქმე შვილიშვილებთან დროის გატარებაა.
5 შესაძლოა ფიქრობთ: „მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ის სულ არ ჰგავს ზემოთ აღწერილს. მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა სამუშაო განრიგი გვაქვს და თითქმის ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ჩვენი საუბრები კი ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება“. ან შეიძლება ამბობთ: „ჩემი შვილები და შვილიშვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ვერა და ვერ ვახერხებ მათ ნახვას“. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ოჯახური ცხოვრება ხშირად მართლაც არ არის იდეალური. თუმცა არიან ბედნიერი ოჯახებიც. როგორ აღწევენ ისინი ბედნიერებას? არსებობს ოჯახური ბედნიერების საიდუმლო? რა თქმა უნდა! მაგრამ ამ საკითხის განხილვამდე ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა ვუპასუხოთ.
რა არის ოჯახი?
6. როგორ ოჯახებზე იქნება ლაპარაკი ამ წიგნში?
6 დასავლეთის ქვეყნებში ოჯახების უმრავლესობა მშობლებისა და შვილებისგან შედგება. პაპა და ბებია კი, სანამ შეუძლიათ, ცალკე ცხოვრობენ. როგორც წესი, ოჯახს აქვს ურთიერთობა შორეულ ნათესავებთანაც, მაგრამ არანაირი ვალდებულება არ აკისრია მათ წინაშე. ამ წიგნში, ძირითადად, ასეთ ოჯახებზე ვიმსჯელებთ. მაგრამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა იმ ოჯახების რიცხვმაც, სადაც მარტოხელა მშობელია, სადაც დედინაცვალი ან მამინაცვალია, და სადაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობლებს ცალ-ცალკე უწევთ ცხოვრება.
7. რა არის დიდი ოჯახი?
7 ზოგ ქვეყანაში ტრადიციულად უფრო დიდი ოჯახებია. ასეთ ოჯახებში, ჩვეულებრივ, შვილები ზრუნავენ ხანდაზმულ მშობლებზე და ნათესაური კვანძები და ურთიერთობებიც უფრო მჭიდროა. მაგალითად, ნათესავები ყოველთვის მხარში უდგანან ერთმანეთს, ზრუნავენ დისშვილებისა და ძმისშვილების, თუ უფრო შორეული ნათესავების აღზრდაზე და აღელვებთ მათი სწავლა-განათლება, შესაძლოა სწავლის საფასურიც კი დაუფარონ. ამ პუბლიკაციაში განხილული პრინციპები დიდი ოჯახებისთვისაც გამოსადეგია.
ოჯახი უფსკრულის პირასაა
8, 9. ზოგიერთ ქვეყანაში არსებული რომელი პრობლემები აჩვენებს, რომ ოჯახური ცხოვრება იცვლება?
8 სამწუხაროდ, დღეს ოჯახური ცხოვრება უკეთესობისკენ ნამდვილად არ იცვლება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ინდოეთი, სადაც ქალს ქმრის ნათესავები კარნახობენ, რა როგორ გააკეთოს ოჯახში. დღეს უკვე ინდოელმა ქალმა ტრადიციულ როლს ოჯახის გარეთ მუშაობაც უნდა შეუთავსოს. მრავალ ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება ის, თუ, ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით, რა დატვირთვით უნდა იმუშაოს სახლში ოჯახის გარეთ მომუშავე ქალმა.
9 აღმოსავლური საზოგადოებისთვის ტრადიციულია დიდი და ძლიერი ოჯახები. დასავლური ცხოვრების წესის, ინდივიდუალიზმისა და ეკონომიკური პრობლემების გავლენით კი ასეთი ოჯახები სუსტდება, რის გამოც ბევრი ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვას ტვირთად უფრო მიიჩნევს, ვიდრე მოვალეობად. ზოგიერთი ცუდად ექცევა ხანდაზმულ მშობლებს. ხანდაზმულებისადმი ცუდად მოპყრობამ და მათმა უგულებელყოფამ, არაერთ ქვეყანაში მიიღო სერიოზული ხასიათი.
10, 11. რა ფაქტები მოწმობს, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახური ცხოვრება იცვლება?
10 განქორწინება დღეს აღარავის აკვირვებს. ესპანეთში განქორწინების პროცენტული მაჩვენებელი დიდი ნახტომით გაიზარდა: დაახლოებით 25 წლის წინათ ყოველი მე-100 ქორწინება მთავრდებოდა განქორწინებით, XX საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში კი — ყოველი მე-8. მაგალითად, ბრიტანეთში, რომელიც ევროპაში განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა (ყოველი 10 ქორწინებიდან 4 განქორწინებისთვისაა განწირული), შეინიშნება მარტოხელა მშობლების რიცხვის სწრაფი ზრდა.
11 გერმანიაში ტრადიციული ოჯახის ცნება ნელ-ნელა იკარგება. 1990-იან წლებში გერმანელთა ოჯახების 35 პროცენტი ერთი წევრისგან შედგებოდა, ხოლო 31 პროცენტი — ორისგან. არასახარბიელო მდგომარეობაა საფრანგეთშიც: ქორწინებათა რაოდენობამ იკლო, დაქორწინებულები კი, ადრინდელთან შედარებით, უფრო ხშირ-ხშირად და მალ-მალე ეყრებიან ერთმანეთს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ოჯახური პასუხისმგებლობების გარეშე ერთად ცხოვრებას. ანალოგიური ტენდენციები მთელ მსოფლიოში შეინიშნება.
12. როგორ ზარალდებიან ბავშვები ოჯახებში მომხდარი ცვლილების გამო?
12 როგორ აისახება ეს ბავშვებზე? ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სხვა მრავალ ქვეყანაში ელვის სისწრაფით იზრდება უკანონო შვილების რიცხვი. ხშირად მათი დედები მოზარდები არიან. მრავალ მოზარდ დედას უკვე რამდენიმე შვილი ჰყავს და ყველა სხვადასხვა კაცისგან. მსოფლიოს ყველა კუთხეში მილიონობით უსახლკარო ბავშვი ქუჩაში ცხოვრობს; მრავალი სასტიკი მოპყრობის გამო იპარება სახლიდან, ზოგს კი ვეღარ არჩენენ და ქუჩაში უშვებენ.
13. რომელი საყოველთაო პრობლემები ართმევს ოჯახს ბედნიერებას?
13 უდავოდ, ოჯახი საგანგაშო მდგომარეობაშია. ყოველივე ზემოაღნიშნულს ემატება მოზარდთა თავნებობა, ბავშვებსა თუ მეუღლეებზე ძალადობა, ალკოჰოლიზმი და უამრავი სხვა პრობლემა, რაც ძირს უთხრის ოჯახურ ბედნიერებას. ნათელია, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების უმრავლესობაში სიტყვა ოჯახი არ ბადებს უსაფრთხოებისა და სიმყუდროვის გრძნობას.
14. ა) ზოგიერთის აზრით, რა არის ოჯახური ცხოვრების კრიზისის მიზეზები? ბ) როგორ აღწერა I საუკუნეში მცხოვრებმა კანონმცოდნემ დღევანდელი წუთისოფელი და რა კვალს ატყობს ამ სიტყვების შესრულება ოჯახურ ცხოვრებას?
14 რამ მიიყვანა ოჯახი აქამდე? ზოგის აზრით, ამის მიზეზია ქალების აქტიურად ჩაბმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ზოგი კი თვლის, რომ ეს ზნეობის დაცემამ განაპირობა. არსებობს სხვა მოსაზრებებიც. დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ცნობილმა კანონმცოდნემ იწინასწარმეტყველა, რომ ოჯახებს მძიმე დრო დაუდგებოდათ. მან დაწერა: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ეს სიტყვები ჩვენ თვალწინ სრულდება და გასაკვირი აღარ არის, რატომ არის ოჯახი სავალალო მდგომარეობაში.
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
15—17. რომელ ერთადერთ ავტორიტეტულ წიგნში შეიძლება ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს მიკვლევა?
15 დღეს უამრავ რჩევას მოისმენთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწიოთ ბედნიერებას ოჯახში. დასავლეთის ქვეყნებში უწყვეტ ნაკადად გამოიცემა წიგნები და ჟურნალები, რომლებიც ხალხს რჩევას რჩევაზე სთავაზობს. პრობლემა კი ის არის, რომ მრჩეველებიც ადამიანები არიან და ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რის გამოც დღეს საყოველთაოდ აღიარებული რჩევა, ხვალ შეიძლება მოძველებული აღმოჩნდეს.
16 მაშ, სად ვიპოვოთ სანდო ხელმძღვანელობა ოჯახისთვის? მიმართავდით წიგნს, რომლის წერაც დაახლოებით 1 900 წლის წინათ დასრულდა? თუ ჩათვლიდით, რომ ასეთი წიგნი მოძველებულია და არასაიმედო იქნება? თუმცა სწორედ მის ფურცლებში იმალება ოჯახური ბედნიერების საიდუმლო.
17 ეს წიგნი ბიბლიაა. უამრავი მტკიცება არსებობს, რომ ის ღვთის შთაგონებით დაიწერა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ამ პუბლიკაციის დახმარებით თავად განსაჯეთ, როგორ შეუძლია ბიბლიას ოჯახური პრობლემების ‘გამოსწორებაში’ დაგეხმაროთ.
18. რატომ შეიძლება ჩაითვალოს ბიბლია ქორწინებასთან დაკავშირებული რჩევების ავტორიტეტულ წყაროდ?
18 თუ ეჭვი შეგაქვთ იმაში, რომ ბიბლია ვერ დაეხმარება ოჯახებს ბედნიერების პოვნაში, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტი: ის, ვისი შთაგონებითაც ბიბლია დაიწერა, ქორწინების დამფუძნებელია (დაბადება 2:18—25). ბიბლია ამბობს, რომ მისი სახელია იეჰოვა (ფსალმუნი 83:18). ის არის შემოქმედი და მამა „ვისაც ყოველი ოჯახი . . . უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფესოელები 3:14, 15). იეჰოვა კაცობრიობის დასაბამიდან აკვირდება ოჯახურ ცხოვრებას. მან შესაძლო ოჯახური პრობლემებიც იცის და მათი გადაჭრის გზებიც. ისტორია უტყუარი მოწმეა იმისა, რომ ოჯახები, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, გაცილებით ბედნიერები იყვნენ.
19—21. რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ ბიბლიის დახმარებით შესაძლებელია ოჯახური პრობლემების მოგვარება?
19 ერთი ინდონეზიელი დიასახლისი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. წლების განმავლობაში ის ყურადღებას არ აქცევდა თავის სამ შვილს და გაუთავებელი უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან. ერთ დღეს მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნელ-ნელა გაუჩნდა ღვთის სიტყვისადმი ნდობა. მან გაითვალისწინა ბიბლიის რჩევები ოჯახურ ცხოვრებაზე და უკეთესი ცოლი გახდა. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში გამოეყენებინა, რამაც მის ოჯახს ბედნიერება მოუტანა.
20 ერთი ესპანელი დიასახლისი გვიამბობს: „სულ ერთი წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა სერიოზული პრობლემები წამოგვეჭრა“. მას და მის მეუღლეს საერთო თითქმის არაფერი ჰქონდათ და იშვიათად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თუ არ ჩავთვლით ჩხუბს. ოჯახის რღვევა ვერ შეაჩერა ვერც მათმა პატარა გოგონამ. ამიტომ გადაწყვიტეს, ოფიციალურად განქორწინებულიყვნენ. სანამ ეს მოხდებოდა, მათ ურჩიეს, რომ ბიბლიას გაცნობოდნენ. მათ გაიგეს, რას ურჩევს ბიბლია ცოლსა და ქმარს და ცხოვრებაში გამოიყენეს. სულ მოკლე ხანში შეძლეს უჩხუბრად ურთიერთობა და მათ პატარა ოჯახში ბედნიერებამ დაისადგურა.
21 ბიბლია ხანდაზმულებსაც ეხმარება. განვიხილოთ ერთი იაპონელი ცოლ-ქმრის შემთხვევა. ქმარი ძალიან ფიცხი იყო და დროდადრო ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადადიოდა. მათმა გოგოებმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. შვილებს მალე მამაც შეუერთდა, დედა კი კვლავ უარზე იყო. გადიოდა წლები და ის ამჩნევდა ბიბლიური პრინციპების დადებით გავლენას ოჯახზე: შვილები დედას მზრუნველობას არ აკლებდნენ, მეუღლეც სრულიად შეიცვალა. ასეთმა ცვლილებებმა ქალს ბიბლიისადმი ინტერესი გაუღვიძა. ბიბლიამ მასზეც დადებითად იმოქმედა. მას შემდეგ ეს ხანში შესული ქალბატონი ამბობდა: „ახლა გავიგე, რას ნიშნავს ოჯახი“.
22, 23. როგორ ეხმარება ბიბლია ყველა ეროვნების ადამიანს ოჯახური ბედნიერების პოვნაში?
22 ეს ადამიანები იმ უამრავ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებმაც მიაკვლიეს ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს. მათ მიიღეს და გამოიყენეს ბიბლიური რჩევები, თუმცა სხვებივით, სასტიკ, უზნეო და ეკონომიკურად არასტაბილურ მსოფლიოში ცხოვრობენ. უფრო მეტიც, ისინი არასრულყოფილები არიან, მაგრამ ბედნიერები, რადგან ოჯახის დამაარსებლის ნების შესრულებას ცდილობენ. როგორც ბიბლია ამბობს, იეჰოვა ღმერთი ‘გასწავლის შენ სასიკეთოდ და გატარებს იმ გზით, რომლითაც უნდა იარო’ (ესაია 48:17).
23 მართალია ბიბლიის წერა თითქმის ორი ათასი წლის წინათ დასრულდა, მისი რჩევები არ მოძველებულა. გარდა ამისა, ის ყველასთვის დაიწერა. ბიბლია არც ამერიკული წიგნია და არც დასავლური, რადგან იეჰოვამ „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ და კარგად იცის ადამიანური ბუნება (საქმეები 17:26). ბიბლიური პრინციპები ყველასთვის სასარგებლოა. თუ გამოიყენებთ, ბედნიერება თქვენი ოჯახის კარსაც შემოაღებს.